მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი - საიდუმლოება ეკლესიისა და საიდუმლოება წმინდა სამებისა


           1. შესავალი



ბოლო ხანებში მართლმადიდებელ თეოლოგებშიც ეჭვის ქვეშ დგება ეკლესიის საიდუმლოების ყოველი კავშირი წმინდა სამების საიდუმლოებასთან. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, მართლმადიდებელ და რომის კათოლიკე ეკლესიას შორის თეოლოგიური დიალოგის კომისიაზე, ზოგიერთმა თეოლოგმა დაიჟინა, კომისიის საერთო ტექსტიდან ამოღებულიყო ტრიადოლოგიის ყოველი შეპირისპირება (დაკავშირება) ეკლესიოლოგიასთან.

მათი მთავარი არგუმენტი (რომელიც სერბი თეოლოგისგანაც გამოითქვა), იყო ის, რომ არ  შეიძლება წმინდა სამების თვისებები გადატანილი იყოს  განგებულებაში, ანუ ქმნილ სამყაროსა და ისტორიაში. ამ პოზიციის მიღმა  არის შეხედულება, რომ ღმერთი მხოლოდ მისი ენერგიებით არის დაკავშირებული სამყაროსთან და არა- მისი მყოფობის გზით; ანუ გზით, რომლითაც წმ. სამების სამი პირი ერთმანეთს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ამ თეოლოგთა მიხედვით, შეცდომაა, ვთქვათ, რომ ეკლესია მის არსებობასა და სტრუქტურაში საცნაურ-ყოფს და წარმოაჩენს წმ. სამებას. ეს პოზიცია, ჩემი აზრით, მცდარი და საშიშია.[1] მცდარია, რადგან ეკლესიის დიდი მამები (წმ. ეგნატე, წმ. მაქსიმე), აგრეთვე, ეკლესიის მთელი ღვთისმსახურება, ხატისებურად აკავშირებენ ეკლესიას ღმერთთან; საშიშია, რადგან დასავლური,  ძირითადად პროტესტანტული, და, ამავდროულად, რომაულ-კათოლიკური შეხედულებისკენაც მიემართება, რომ ეკლესია მის ბუნებაში არის ერთი ისტორიული ორგანიზმი, რომელიც გამოხსნის ისტორიის მხოლოდ ამჟამინდელ სტადიას ემსახურება და ესქატონისას ამოიწურება[2]. აქ მოკლედ განვიხილავთ შემდეგ შეკითხვებს: პირველი, შესაძლებელია წმ. სამების თვისებების  შესაქმეში  გამოსახვა? მეორე, შესაძლებელია, ეკლესიაში  წმ. სამების თვისებების გამოსახვა? მაგრამ სანამ ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ, უნდა განვიხილოთ, რას ვგულისხმობთ ტერმინში გამოსახვა (საცნაურ-ყოფა), რადგან ამაზეა (ტერმინზე) დამოკიდებული ღმერთისა და სამყაროს კავშირის შესაძლებლობა. მაშ, რა არის გამოსახვა (საცნაურ-ყოფა)?

       2. გამოსახვა
 

გამოსახვის ცნება ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, ცნობილია წმინდა ხატებიდან, რომელთაც  ეკლესიებში პატივს მივაგებთ და მუხლს ვიყრით მათ წინაშე. თუმცა, ხატის თეოლოგიური მნიშვნელობა ყოველთვის არ გვაქვს მხედველობაში  და აქ აუცილებელია, გავიხსენოთ ამ საკითხის ზოგიერთი ძირითადი მხარე. დასავლური ტრადიციისთვის ხატები ან სკულპტურები, რომლებიც მორწმუნეებს ტაძრებში  თუ თავიანთ სახლებში აქვთ, სხვა არაფერია თუ არა პორტრეტები. ისინი უხილავ ქრისტეს ან წმინდანებს ხილულად გამოხატავენ (რომ გაიხსენონ პიროვნება ან მოვლენა, რომელსაც გამოსახავენ), რათა მათზე იქნას გადატანილი მლოცველის გონება. მათთვის ხატებს არაფერი ესაქმებათ პიროვნების ან მოვლენის მყოფობასთან, რომელსაც გამოხატავენ. საპირისპიროდ, მართლმადიდებლური ტრადიციისთვის ხატი აღნიშნავს მყოფობას. გამოსახული პიროვნება არის აწმყო და მისი ხატი პირდაპირ კავშირს ქმნის ჩვენთან. ხატი მხოლოდ გამოსახულს როდი გვახსენებს, არამედ მას აწმყოში ყოფს ჩვენთან. გამოსახულის  ხატში მყოფობა ხდება იმგვარი გზით, რომ გამოსახული პიროვნება მის ტრანსცენდენტულობას (მიღმიერობას) უნდა ასახავდეს და ხატის მატერიალურ ბუნებაში არ განქარდეს მისი ჰიპოსტასი. ამგვარად, თეოდორე სტუდიელის მიხედვით, ხატის ღირსება და მისდამი პატივი არ მიემართება  ხატის ბუნებას, ხეს, ფერს და ა. შ. არამედ პიროვნებას, რომელსაც გამოსახავს. გამოსახულის მყოფობა არის ჰიპოსტასური, პიროვნული და არა ბუნებითი. ამიტომაც, აუცილებელია, ხატს თავზე ეწეროს სახელი, არ იყოს ანონიმური. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლურ ხატს უნდა ქონდეს ორი ძირითადი ელემენტი : გამოხატავდეს პიროვნებას, რათა პატივი მას მიემართოს და არა ხატის მატერიას (რაც იქნებოდა კერპთაყვანისმცემლობა), და არ იყოს პორტრეტი, რომელიც, როგორც ფოტოგრაფია, ფსიქოლოგიურად გაგვახსენებდა  გამოსახულს, არამედ იყოს ისე, როგორც ის  იქნება ესქატონში: ნათლით, რომელიც არ მოემართება  გამოსახულიდან, არც მისი ბუნებითი გარემოდან თავისივე ჩრდილებით, არამედ მომავლიდან, სამყაროდან რომელიც არ ექვემდებარება ჩრდილსა და სიკვდილს. ამაზე ამახვილებს ყურადღებას განსაკუთრებით მამა სტამატისი, რომელიც დღესაც ჩვენთან არის და რომელსაც ვმადლობთ ხატის კონცეპტში ჩაღრმავებისთვის. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვნახოთ, რა გზით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთი შესაქმესა და ეკლესიაში გამოისახება?



                                           
3. ღმერთის გამოსახვა შესაქმეში


            წმ. მაქსიმე, დიონისე არეოპაგელის თანახმად, განსაკუთრებით ამახვილებს  ყურადღებას იმაზე, რომ არანაირი გზით არ შეიძლება, შესაქმეში გამოისახოს ღმერთის არსი. უცნობი და რთულად წარმოსადგენი რჩება ასევე საიდუმლო, თუ როგორ არის ღმერთი ერთდროულად ერთიც და სამიც. მიუხედავად ამისა, სამპიროვნული არსებობის ფაქტი, არა როგორც საიდუმლო, არამედ ფაქტი, რომ ღმერთი არის სამპიროვანი, ქმნილში სხვადასხვა გზით გამოისახება. აი  რამდენიმე მაგალითი: გრიგოლ ღვთისმეტყველი ტრიადოლოგური ნაწყვეტის კომენტირებისას წმინდა სამებაზე ამბობს, რომ მონადა ამოძრავდა როგორც დიადა (ორობა) და სამობად შემტკიცდა. მაქსიმე აღმსარებელი, ამ ადგილის კომენტირებისას, ტრიპტიქში პოულობს ამ საიდუმლოების ერთ გამოსახვას: გენეზისი-მოძრაობა-მდგომობა, რომელიც შესაქმეს ახასიათებს. სხვაგან, წმ. მაქსიმე არ ერიდება თქვას, რომ „ბუნებაზე ბრძნული ჭვრეტით გულისხმა-ვყოფთ სიტყვას წმინდა სამების შესახებ, ვამბობ მამას, და ძეს, და სულიწმიდას; ესაა ქმნილი სამყაროსაგან ღმერთის უხილავის გონებით განცდა“ ანუ, თუ ამას უფრო მარტივად გავაანალიზებთ, ქმნილების ხედვისას, ამბობს წმინდა მაქსიმე, შეგვიძლია წმინდა სამების ერთგვარი ხატი დავინახოთ - მამის, ძის და სულიწმიდის; ანუ წმინდა მაქსიმე შესაქმეში ხედავს წმინდა სამების არსებობას, გამოსახვითად, მრავალი სახით. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ წმ. სამება მისი არსით ბუნების მიღმა რჩება, სავსებით არ არის გამოუსახველი ქმნილში. დიდი შეცდომა იქნებოდა, წმ. სამება სამყაროში არარსებულად მიგვეჩნია, რადგან ღმერთის არსი ვერ შეიცნობა და ვერ წილმყოფობს ქმნილებებში.


             თუმცა, არის სხვა შეცდომაც, რომელსაც ზოგიერთი მართლმადიდებელი თეოლოგი სჩადის. გატაცებულები ფაქტით, რომ წმ. გრიგოლ პალამა სამყაროს საღვთო ბუნების ენერგიების მეშვეობით აკავშირებს  ღმერთთან და შესაქმეში წმ. სამების გამოსახვას გამორიცხავს, [3] ამტკიცებენ, რომ ღმერთი, მისი უქმნელი ენერგიებითაა სამყაროში მყოფი და არა მისი სამპიროვნული არსებობით. თუმცა, უგულებელყოფენ, რომ გრიგოლ პალამას მიხედვით საღვთო უქმნელი ენერგიები ყოველთვის პიროვნული  და შეგვამოვნებულია, როგორც ეს თავის ნაშრომში აჩვენა ძვირფასმა სტავროს იანგაზოღლუმ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ივიწყებენ, რომ მთავარი კავშირი ღმერთსა და სამყაროს შორის ძისა და ღვთის სიტყვის ჰიპოსტასია, როგორც ამას ხაზს უსვამს, განსაკუთრებით, წმ. მაქსიმე. ღმერთი და სამყარო ერთმანეთს წმ. სამების ერთი პიროვნების მეშვეობით უკავშირდება და არა უბრალოდ უსაფუძვლო საღვთო ენერგიებით. სამყაროში ღმერთის გამოსახვის შესაძლებლობა აიხსნება იმით, რომ შესაქმეში, სამყაროში დასაბამიდან ესქატონამდე არსებობს ღვთის სიტყვის, წმ. სამების  ერთი პიროვნების ჰიპოსტასი. ეს ჰიპოსტასი თავის პიროვნებაში კრებს არსებათა  მიზეზებს, ამბობს წმ. მაქსიმე, და ეს არის ის, რაც შესაძლებელს ხდის სამყაროში ღმერთის გამოსახვას. სამყაროში ღმერთის გამოსახვა ქრისტეთი აიხსნება. ქრისტეს პიროვნებისა და მისი ჰიპოსტასის გარეშე შეუძლებელია, წარმოდგენა ვიქონიოთ ღმერთზე, როგორც მის მყოფობაზე სამყაროში. მაგრამ აქ დგება კრიზისული საკითხი: შესაძლოა ძისა და ღვთის სიტყვის შესაქმეში მყოფობაზე საუბარი,  მთელი წმ. სამების მყოფობის განცხადების გარეშე? ეკლესიის მამები ხაზგასმით ამბობენ, რომ სადაც არის წმ. სამების ერთი პიროვნება, იქ იმყოფება დანარჩენი ორიც. როდესაც გამოისახება ძე, იმავდროულად, მოწმდება (დასტურდება) და მჟღავნდება მამაცა და სულიც: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაი ჩემი, და შენ ვითარ მეტყვი მე: მიჩუენე ჩუენ მამაი შენი?“, ეუბნება უფალი თავის მოწაფეს. ბასილი დიდიც, საღვთო ლიტურგიაში, რომელიც თავად დაწერა, ამბობს, რომ ძე ,, მამის გამომაჩინებელია“. გამოსახვაში ყველაფერი ემყარება იმას, რომ ქრისტე, როგორც ძე და ღვთის სიტყვა, მამის ხატია და ადამიანი სამყაროში ღვთის მყოფობის გამოსახვით მოქმედებს როგორც ხატის ხატი. ამ გამოსახვაში ყველაფერი ჰიპოსტასურია და ყველაფერი ქრისტეს მეშვეობით გადაეცემა წმ. სამებას. ქრისტეს პიროვნებაში მთელი წმ. სამება თანაარსებობს. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ბიზანტიურ პერიოდში ყოველგვარი პრობლემატიკის გარეშე გამოჩნდნენ არა მხოლოდ ქრისტეს, არამედ წმ. სამების ხატებიც. მხოლოდ მოგვიანებით, ჩვენს დროში, გაჩნდა პრობლემა, შესაძლებელი თუ არის მამის გამოსახვა, ვინაიდან ისტორიული ფორმით არ გამოცხადებულა. ეს სქოლასტიკური მიდგომა ბიზანტიაში არ არსებობდა. ეკლესია, ძის ჰიპოსტასის სამყაროში არსებობის წყალობით, წმ. სამებას ყოველთვის მიიჩნევდა როგორც შესაქმეში მყოფს. ამგვარად, მართლმადიდებლურ ტრადიციაში ყოველი გამოსახვა გამოსახულის რეალურ მყოფობას  მოწმობს. შესაბამისად, ქმნილი საშუალებებით ღმერთის გამოსახვა სამყაროში ღმერთის მყოფობას ადასტურებს. ეს ხატისებური მყოფობა შესაძლებელია, რადგანაც შესაქმეს ძე და ღვთის სიტყვა შეამტკიცებს (არსებობას აძლევს), რომელსაც, წმ. მაქსიმეს მიხედვით, ნებავს მისი განკაცების საიდუმლო ყველგან ხდებოდეს შესაქმეში. სამყაროში ღმერთის ყოველი გამოსახვა ერთი ფორმაა ძის საღვთო ჰიპოსტასის განკაცების  საიდუმლოებისა[4]; იმავდროულად კი, მთელი წმ. სამების მყოფობაცაა სამყაროში[5]. შესაბამისად, შესაძლებელია წმ. სამების სამყაროში გამოსახვა, რა თქმა უნდა, არა როგორც თავისი საღვთო არსებით, რომელიც სავსებით შეუცნობელია, არც უბრალოდ, საღვთო ენერგიების მეშვეობით, რომლებიც შეუძლებელია გამოისახოს, არამედ ძის ჰიპოსტასით, რომელიც ეუფლება სამყაროს და მას შემოიკრებს (შემოიერთებს) და რომელიც თავის ამ საქმეში წმ. სამების სხვა ორ პიროვნებასთან ერთად ურღვევად შეერთებული მოქმედებს.

4. ღმერთის გამოსახვა ეკლესიაში



 
წმ. მაქსიმეს მიხედვით, შესაქმეში ღმერთის მყოფობა არ შეიძლება გამოიხატოს ტერმინით analogia entis[6], არც ერთი აზრობრივი მოძრაობით აღმნიშვნელიდან აღნიშნულზე, არამედ იმით, რასაც წმ. მაქსიმე სიმბოლოსა და სახეს უწოდებს. სიმბოლო, სახე და ხატი თითქმის სინონიმებია წმ. მაქსიმეს აზროვნებაში. აღნიშნავენ ერთი საიდუმლოების გამოჩენასა და გამოცხადებას, რომელიც ,,უხილავად მარადის დაფარულია“.  გამოჩენა და გამოცხადება, უხილავი საიდუმლოების ხილულთან და მგრძნობელობითთან  შეხვედრითა და კავშირით ხდება; შეხვედრა და კავშირი, რომელიც ერთ ჰიპოსტასში, ერთ პიროვნებაში აღესრულება. სიმბოლოსა და ხატში ერთმანეთს ხვდება აპოფატიკური, როგორც წმ. სამების საიდუმლოებაში, და კატაფატიკური, რომელიც არის საღვთო განგებულება; და ეს აღესრულება ხორცშესხმული სიტყვის ჰიპოსტასში. ამგვარად, წმ. მაქსიმეს მიხედვით, ქრისტე ხდება საკუთარი თავის სახე და სიმბოლო. სიმბოლო, სახეცა და ხატიც ჰიპოსტასურ მყოფობას ცხადყოფენ; არა ისე, როგორც დღეს გვესმის ტერმინი სიმბოლო, როგორც რაღაც არარეალური, სიმბოლური, როგორც ვამბობთ. ჰიპოსტასი-პიროვნება ანიჭებს ჭეშმარიტებასა და რეალობას სიმბოლოს, რომელშიც უქმნელი ქმნილს ხვდება და თანაშეეწევა  მას. ამ აზრით, წმ. მაქსიმე თავის მისტაგოგიაში  ეკლესიას ღვთის ხატს უწოდებს, თუმცა, ასევე, უწოდებს სამყაროსა და ადამიანის ხატსაც. ეკლესიაში ყველა  განსხვავებულობა ერთ ჰიპოსტასში იყრის თავს. ქმნილი და უქმნელი, ცა და მიწა, სამყარო და სამოთხე, მატერიალური და სულიერი, მამრობითი და მდედრობითი, ყველაფერი, რაც ბუნებას ყოფს, ამბობს წმ. მაქსიმე. ამგვარად, ეკლესიაში, პირველყოვლისა, წმ. სამების გამოუთქმელი საიდუმლოება შესაქმეს ხვდება და მასთან ერთიანდება. ისინი, ვინც  ეკლესიის საიდუმლოს წმ. სამების ხსენების გარეშე გებულობენ, ეკლესიოლოგიას განგებულებით შემოსაზღვრავენ და ეკლესიას მის თეოლოგიურ საფუძველს აცლიან. სიმბოლური, ტიპოლოგიური და ხატისებური ეს შეხედულება ეკლესიის ყველა განზომილებასა და ასპექტში აღწევს. ეს ძირითადად ევქარისტიის მეშვეობით ხდება. პირველ რიგში, აქ გამოიყენება სიმბოლოს მნიშვნელობა უკვე დიონისე არეოპაგელის მიერ. ყველაფერი, რაც  აღესრულება საღვთო ლიტურგიაში ცხადყოფს ქმნილისა და უქმნელის,  გრძნობითისა და გონებრივის, წარსულისა და მომავლის, ისტორიისა და ესქატონის კავშირის საიდუმლოს. ეკლესია სიმბოლოების, სახეებისა და ხატების ერთი ბმაა (წნულია). ეკლესიაში ყველაფერი ქმნილისა და უქმნელის კავშირს  გააცხადებენ ქრისტეს პიროვნება-ჰიპოსტასში, და ამავე გზით, სამყაროს  წილმქონეობას წმ. სამებაში ჩვენი ძეობილობის მეშვეობით, ანუ ღმერთისა და მამის ბუნებით და მხოლოდშობილ ძესთან ჩვენი მადლისმიერი იგივეობის მეშვეობით. ყველა ფორმა, სიმბოლო და ხატი ეკლესიაში გამოხატავენ და ახორციელებენ ქმნილისა და უქმნელის კავშირს ქრისტეს პიროვნებაში. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება, არის ის, რომ არ არსებობს ქმნილისა და ღმერთის კავშირის სხვა გზა, გარდა სიმბოლოებისა და ხატებისა.
 

ე. წ. წარმოსახვითი ლოცვა, რომელიც გვერდს უვლის საეკლესიო ფორმებს, ნაკლოვანია, რადგან ყველა ელემენტში არ შეიცავს სამყაროს: დრო, სივრცე, მატერია და ა. შ. მხოლოდ სიმბოლოების, სახეებისა და ხატების მეშვეობით, რომელთაც ეკლესია სთავაზობს თავისი საიდუმლოებებით, გვაქვს კავშირი ღმერთსა და სამყაროს შორის იმ გზით, რომლითაც ეს თავად ქრისტეში განხორციელდა. ჩვენი ზიარება წმ. სამებასთან მხოლოდ ამ გზით, სიმბოლოებითა და ხატებით   შეიწირვის ქრისტეში. ამას ყოველთვის უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა მართლმადიდებლების ცხოვრებაში, მაგრამ დღესდღეობით ეს გაგება  გაფერმკთალებისკენაა მიდრეკილი. მართლმადიდებელ მორწმუნეებს არასოდეს ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა ღმერთთან, არამედ ყოველთვის სიმბოლოებისა და ხატების შუამავლობით. როდესაც ლოცულობენ, პირჯვარს იწერენ - ესაა სახისა და სიმბოლოს ქმედება, და გარდა ამისა  აქვთ ხატიც სახლში. მაგრამ ამას არ ჯერდებიან და ლოცვისა და ღმერთთან ზიარების უმაღლეს ფორმად მსახურებას მიიჩნევენ რომელიც სახეებითა და სიმბოლოებით აღესრულება ტაძარში. ამიტომ უყურებენ (უნდა ვთქვა, უყურებდნენ?) ეპისკოპოსსა და მღვდელს, როგორც ქრისტეს ხატს, ან წმ. ეგნატეს მიხედვით, მამის ხატს. მხოლოოდენ ის ფაქტი, რომ მიმართვა ,,მამაო“ უძველესი დროიდან დამკვიდრდა თავდაპირველად ეპისკოპოსისთვის, ხოლო მოგვიანებით მღვდლისთვისაც, როგორც ევქარისტიის წინამძღვრისთვის, საკმარისია დასამოწმებლად, რომ ეკლესიაში წმ. სამება ტიპოლოგიურად და სიმბოლურად ანუ რეალურად გამოისახება.
წმინდა სამების ამ ხატობრივ მყოფობას, რომელიც ქრისტოლოგიასა და კოსმოლოგიას ეფუძნება, თავის კოსმოლოგიურ განზომილებაში აქვს სხვა მნიშვნელოვანი მხარეც - იგი გვახსენებს, რომ ეკლესიაში წმ. სამების სრული და რეალური მყოფობა ესქატონში განხორციელდება, რადგან ღმერთს ახლა ვხედავათ, „ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ“ (1კორ.13,12). წმ. მაქსიმე ისევ ღრმა აზრს გვაწვდის ხატის ამ მნიშვნელობის შესახებ და ძალიან მოკლედ  გამოხატავს ამ მნიშვნელოვან ადგილს: „ძველი აღთქმის აჩრდილი, ახალი აღთქმის ხატი, მომავლის ჭეშმარიტება“ . ამ წინადადებაში წმინდა მაქსიმე ორი რამით გამოარჩევს ხატს: აჩრდილს ჭეშმარიტებისაგან. რით განსხვავდება ხატი ამ ორისგან? აჩრდილი არის რაღაც, რაც წარსულს ეკუთვნის, ე. ი. არ გააჩნია შინაარსი, მიმართულია გაქრობისაკენ. ხატი, როგორც უკვე ვთქვით,  ნამდვილ მყოფობას აღნიშნავს, მაგრამ ეს მყოფობა ჩვენთვის შემოთავაზებულია  ქმნილი სამყაროს მეშვეობით, რომელიც ხრწნილებასა და სიკვდილს ექვემდებარება: მატერია, ფერები, ფორმები და სხვ. ამასთანავე, ხატი არის დაფარული მყოფობა ხრწნილ საგნებში, რომლებიც განსაზღვრულები არიან, რომ ამოიწურონ. წმინდა და საუკუნო მყოფობა, რომელსაც ხატი მალავს, მხოლოდ ესქატონში განცხადდება. ამიტომ ამბობს წმ. მაქსიმე, რომ ჭეშმარიტება მომავლის მდგომარეობაა
[7]. თუ ამას ეკლესიის ცხოვრების ქმედებაში განვიხილავთ, შევნიშნავთ შემდეგს: რაც კი ადამიანების მეშვეობით გამოისახება მსახურებაზე, მაგ. ეპისკოპოსი, როგორც ქრისტეს ხატი, არის პირველსახის გახსენება. ამას მოწმობს შესამოსელი, მღვდელმთავრის ტახტი, პატივი, რომელიც ხალხისგან მიეგება და სხვ. ეს ეხება დანარჩენ სამღვდელოებასაც და ხალხსაც. ევქარისტიულ შეკრებაზე, როგორც ამას წმ. მაქსიმე განიხილავს  თავის მისტაგოგიაში, ყველაფერი ღვთის სამეფოს გამოსახავს და ესქატონს მიემართება, ესქატონის ხატები არიან. გარდა ამისა, რაც კი გამოისახება ფერწერული ხელოვნებით, ისევ  ესქატონის ჭეშმარიტებას უნდა მიემართოს. ეს ეხება, როგორც ხატების თემატოლოგიას, ასევე,  მათ სტილსაც. თემატოლოგიის მაგალითია სულთმოფენობის ხატი, რომელზეც პავლე მოციქულიც არის, რომელიც ისტორიულად არ იყო სულთმოფენობაზე. ამ შენიშვნას მამა სტამატისს ვუმადლით. რაც შეეხება სტილს, ქრისტესა და წმინდანების ფორმები გარემოცულნი  არიან ოქროს ფონით, რაც არის სამეფოს დიდების გამოხატულება; ჩრდილები არ გამოიყენება, რადგან  წარსულსა და სიკვდილს მოასწავებენ ამიტომ, ხატმწერი ყველანაირად ცდილობს, ერთი მხრივ, ჩამოაშოროს რეალიზმის ელემენტები, რომლებიც არსებულ ხრწნად სინამდვილეს გადაეცემა და, მეორე მხრივ, ყოველი საშუალებით გააცხადოს  უქმნელი ნათელით გარდაქმნილი მყოფობა, რომელიც აქვთ წმინდანებს ღვთის სამეფოში. იგივე ვრცელდება ტაძრის არქიტექტურასა და მის მორთულობაზე. ბაზილიკის არქიტექტურა ეკლესიის მსვლელობას ცხადყოფს ესქატონისკენ, ამიტომაც არის აღმოსავლეთისაკენ მიმართული, საიდანაც, უძველესი ტრადიციის მიხედვით, ქრისტეს მოსვლაა მოსალოდნელი. გუმბათის შემდეგ ბაზილიკა ეკლესიის  უკვე სამეფოში მყოფობას გამოსახავს წმინდანებით გარშემორტყმულ   აღდგომილ უფალთან.


                                                                   5. დასკვნა



  საერთო ჯამში  შევნიშნავთ შემდეგს: პირველი, წმ. სამება ეკლესიაში მყოფობს და მის საძირკველს წარმოადგენს. წარმოუდგენელია ტრიადოლოგიის გარეშე ეკლესიოლგიის გაგება; მეორე, ღმერთის სამპიროვნული არსებობა თავისი არსით მიღმიერი და რთულად წარმოსადგენი საიდუმლოა - აპოფატიკური თეოლოგიაა, თუმცა ჩვენ, იგი ღვთის სიტყვის პიროვნებაში გვეცხადება, რაც დასაშვებს ხდის  კატაფატიკურ თეოლოგიას. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან მრავალი მართლმადიდებელი თეოლოგი ამას უგულვებელყოფს; მესამე, წმ. სამების ქრისტეში გამოცხადება ხორციელდება ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომელიც არის ეკლესია. ეს გამოცხადება ხდება არა გონებრივი ან ფსიქოლოგიური გზით, როგორც პიროვნული გამოცდილება, არამედ ხატების, სახეებისა და სიმბოლოების მეშვეობით, რომლებშიც სამპიროვნული ღმერთის რეალური მყოფობაა არა უბრალოდ მისი  ენერგიების მეშვეობით, არამედ ჰიპოსტასურად, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ წმ. მაქსიმე და წმ. თეოდორე სტუდიელი. ე. ი. ღმერთისა და წმინდანების მყოფობა მათ გამოსახვაში პიროვნულია და არა ბუნებითი. ეკლესიაში სამპიროვნული ღმერთის მყოფობა ხატებისა და სიმბოლოების მეშვეობით არის შედეგი ქრისტოლოგიის კოსმოლოგიური განზომილებისა. ქრისტეს პიროვნებაში ღმერთი არა მხოლოდ ადამიანში, არამედ მთელ სამყაროშია მყოფი. თუკი ხატებსა და სიმბოლოებს ეკლესიიდან მოვაშორებთ, როგორც ეს პროტესტანტიზმში ხდება, ან თუ მათ მივიჩნევთ არა როგორც ღმერთის რეალურ მყოფობად, არამედ როგორც საშუალებად, რომლებიც პიროვნებებსა და მოვლენებს შეგვახსენებენ, როგორც ეს კათოლიციზმშია, მაშინ  მატერიალურ სამყაროს ჩამოვაშორებთ როგორც ღმერთის ქრისტეში მყოფობისაგან, ასევე, ანთროპოლოგიისგანაც. ბოლოს, ეკლესიაში სიმბოლოებისა და ხატების მეშვეობით ღმერთის მყოფობა მიანიშნებს, რომ ქრისტეში სამპიროვანი ღმერთის სრული და ნამდვილი გამოცხადება მხოლოდ ესქატონში მოხდება, როდესაც ღმერთს პირისპირ ვიხილავთ. ახლა კი, მას ვხედავთ ,,სარკითა და სახითა“, ანუ სიმბოლოებითა და ხატებით. სამწუხაროდ, ჩვენი ეკლესიოლოგიიდან თითქმის გამქრალია ესქატოლოგიური განზომილება. ხშირად ვსაუბრობთ ღვთაებრიობაზე, მაშინ, როდესაც მომავალში არ მოველით უფლის მოსვლას, როგორც სამყაროში ღვთის სრულ გამოცხადებასა და მყოფობას. ამრიგად, ეკლესიაში წმ. სამება მთელი ამ სიმბოლოებით არის ქრისტეში, რომელთაც ეკლესია იყენებს და, ამიტომ, ჩვენს ხალხს არასოდეს არ ქონდა ღმერთთან ურთიერთობის სხვა საშუალება, არამედ მხოლოდ  ეკლესიისა და სიმბოლოების მეშვეობით. ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, რადგან დღეს იკვეთება ზოგიერთი შეხედულება, რომ ეს არის ფორმალისტიკა და რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი მნიშვნელობა. ჩვენი ეკლესია არ იცნობს ღმერთთან ურთიერთობის სხვა საშუალებას, გარდა სიმბოლოებისა და ხატებისა. ეს ჩვენი საუნჯეა, რომელიც მამებისაგან მივიღეთ, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ თაობებს გადავცეთ
.

 

                                                    ბიბლიოგრაფია  


 Zizioulas, J. (2006). Communion and otherness: Further Studies in Personhood

and the Church. NY: T&T Clark.

Zizioulas, J. (2012). Ontology and Ethics. Sabornost, VI, 1-14


წყარო:
Sabornost 8 (2014)

 

 


[1] იხ. : Zizioulas 2006, 26-31 ( Sabornost)

[2] იხ. სტატია Zizioulas 2012, 2. (Sabornost)

[3] იხ. Zizioulas, 2006, 26-31

[4] ,,ქრისტე ყოფიერების ჭეშმარიტებაა. როგორც წმ. მაქსიმე აღმსარებელი უსვამს ხაზს, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი შესაქმე, ანუ ყველა არსება მხოლოდ ქრისტეს საიდუმლოებაში მყოფობს ჭეშმარიტად ...’’ Zizioulas, 2012, 5.

[5] ,,.... ქრისტეს საიდუმლოება იმ დროისა და სხეულის გარეშე შეუძლებელია, რომელშიც სულიწმინდის თავისუფლება ვლინდება ... ’’, Zizioulas, 2012, 5.

[6] analogia entis-ყოფიერების ანალოგია

[7] ... ქრისტოლოგიამ, მისი პნევმატოლოგიური გაგებით, მამები იძულებული გახადა ონტოლოგია საწყისიდან დასასრულში გადაეტანათ და დროში, ისტორიასა და სხეულში გაეერთიანებინათ იგი. სამი ელემენტი, რომელთაც ძვ. ბერძნული აზროვნება შესაძლოა მის ონტოლოგიაში შეიცავდეს. Zizioulas, 2012, 5.

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ პაპავამ