თანამედროვე მონობა - ერთობლივი დეკლარაცია

 

   1)    ჩვენ, კონსტანტინეპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა და კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა, სრულიად ინგლისის პრიმატმა იუსტინემ, ფანარში, 2017 წლის 6-7 თებერვალს თანამედროვე მონობის შესახებ ერთობლივად მოვაწყვეთ სპეციალური საერთაშორისო ფორუმი- ,,ცოდვები ჩვენს თვალწინ.’’ მისი ჩატარების შესახებ სურვილმა, თავდაპირველად ,,Lambeth Palace-ში’[1]’ მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური ვიზიტის დროს (2015 წლის ნოემბერი) გაიჟღერა, აღნიშნულ მაღალი დონის ღონისძიებაზე ერთად შეიკრიბნენ მსოფლიოს მასშტაბით გამოჩენილი მკვლევრები და გამოცდილი პოლიტური ანალიტიკოსები, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ ადამიანის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ თანამედროვე პრობლემებზე სასაუბროდ.  დასახელებული ფორუმი აგრეთვე მიემართება მსოფლიო პატრიარქის მიერ 2017 წლის ,,ბავშვთა წმინდა ბუნების დაცვის წლად’’ გამოცხადებას.

2)      მსოფლიოში მოქმედ რელიგიური თემისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კავშირებისათვის ადამიანის ღირსებისა და ფუნდამენტური უფლების დაცვა უმაღლესი მნიშვნელობისაა. წმინდა წერილიდან მსოფლიოში ეკლესიის როლი  მკაფიოდ გამოიხატება: ,,სული უფლისა ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსვრილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსვრალთა განტევებითა.’’ ლუკა 4.18-ისაია 61.1)  ეკლესიის როლის შესახებ წმინდა და დიდი კრების (კრეტა, 2016 წლის ივნისი) დასკვნითი ენციკლიკიდანაც ნათლად ვიგებთ: ,,ეკლესია საკუთარი თავისთვის არ ცხოვრობს, ის საკუთარ თავს სთავაზობს მთელ კაცობრიობას, რათა აღდგეს და განახლდეს მსოფლიო ახალ ცასა და ახალ მიწაზე.’’

3)      გვჯერა, რომ საღვთო ნიჭით დაჯილდოებულ ქმნილების შენარჩუნებასა და ყველა ადამიანში ღმერთის ხატების დაცვას შორის არსებობს დაფარული და განუყოფელი კავშირი, განსაკუთრებით კი ადამიანის ექსპლუატაციის უამრავ მოწყვლად ფორმასთან დაკავშირებით, რომელშიც თანამედროვე მონობის ცოდვაა ჩართული. ქედმაღლობა და სიხარბე კვლავ ბრმად ჩაგრავს და ექსპლუატაციას უწევს უდანაშაულო მსხვერპლს, უმეტესად ბავშვებსა და ქალებს, ადამიანის ტრეფიკინგს, კონტრაბანდას, პროსტიტუციას, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას, თითოეული და ყველა პიროვნება იხდის ამ ფაქტის საფასურს და ატარებს მის ტვირთს, რადგან დღეს უფრო მეტი ადამიანია მონობაში ჩართული, ვიდრე კაცობრიობის ისტორიის რომელიმე პერიოდში.

4)      მსოფლიო პატრიარქმა თავის ძირითად აზრად აღნიშნა: ,,მართლმადიდებელ ეკლესიას ლიტურგიკული ღვთისმსახურებისა და სულიერი ცხოვრების გამო ხშირად აბრალებენ ამქვეყნიური საზრუნავის უგულვებელყოფას, უფლის მომავალი სამეფოს პირველხარისხოვნების გამო თანამედროვეობის გამოწვევათა უარყოფას. თუმცა რეალურად, რასაც ეკლესია აკეთებს, რასაც კი ეკლესია მოქმედებს, ღმერთის სახელით, ადამიანის კეთილშობილებისა და ადამიანური ყოფიერების მარადიული ხვედრისათვის კეთდება. ეკლესიას არ შეუძლია თვალები დახუჭოს ბოროტებაზე, არ შეამჩნოს გაჭირვებულის, ჩაგრულისა და შევიწროებულის ტირილი. ჭეშმარიტი რწმენა წყაროა დაუნდობელი ძალის წინააღმდებ მუდმივი ბრძოლისათვის.’’  თავის მიმართვაში მთავარეპისკოპოსი Welby აღნიშნავს: ,,ჩვენს გარშემო ყველგანაა მონობა, მაგრამ იმდენად დავბრმავდით რომ ვეღარ ვამჩნევთ. ჩვენს გვერდით ქუჩებშია დამონების ფაქტები, მარამ ვაიგნორებთ როდესაც გვერდს ვუვლით. ეს ისტორიას არ უნდა გადაეცემოდეს. მონობა კვლავ რეალურად არსებობს  ყველა ჩვენს თემში, დიდ ბრიტანეთშიც. პირადი გამოცდილებიდან როგორც ვამჩნევ მას იმიტომ კი არ ვაიგნორებთ, რომ ვეთანხმებით, არამედ ჩვენივე ცოდვები გვაბრმავებს და ვერ ვამჩნევთ.’’

5)      ამგვარად:

1)      ვამხელთ ადამიანის დამონების ყველა ფორმას, როგორც ყველაზე საძაგელ ცოდვას, რადგან იგი ძალადობს თავისუფალ ნებაზე და ღვთის ხატად შექმნილ ადამიანის პატიოსნებაზე.

2)      დადებითად ვაფასებთ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას და მოგვწონს გაერთიანებული ერების პროტოკოლი, რომელიც მიმართულია ადამიანთა ტრეფიკინგის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების პრევენციისა და აკრძალვისათვის, ხოლო დამნაშავეთა დასჯისაკენ.

3)  ვლოცულობთ, რომ თანამედროვე მონობის ყველა მსხვერპლი განთავისუფლდეს, რათა ხელახლა შექმნან საკუთარი ცხოვრება, ხოლო დამნაშავეები კი პასუხისგებაში მიეცნენ.

4)      ვწუხვართ, რომ არ ხორციელდება საკმარისად ეფექტური მოქმედებები, თანამედროვე მონობის საზიანო შედეგების ასალაგმავად. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მხრიდან იგნორირება და ინდიფერენუტლობა, ტოლერანტობისა და ურთიერთკავშირის ყველაზე უარესი გამოხატულებაა. ჩვენს შორის მყოფ ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისადმი უყურადღებობით, ყოველდღე განაჩენი გამოგვაქვს, იგივე ხდება როდესაც მათ ვხედავთ და ვერ ვეხმარებით

5)       მოვუწოდებთ ადგილობრივ და ეროვნულ მთავრობებს, რომ გაამკაცრონ კანონები თანამედროვე მონობის წინააღმდეგ, გაითვალისწინონ ეს ყოველივე ბიუჯეტში და შეძლებისდაგვარად უზრუველყონ ის ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენილ მოვლენათა ჯაჭვში თანამედროვე მონობის შესახებ ანგარიშს აწარმოებენ. გაანაწილონ რესურსები და სერვისები ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის, მათთვის ვინც ამგვარი უსამართლობისა და განსაცდელის არსებობის ხილული დადასტურებანი არიან.

6)      ვეხმარებით ჩვენს ლიდერებს, რომ მოიძიონ სათანადო და ეფექტური საშუალებანი, რათა გამოკვლეულ იქნეს ადამიანთა ტრეფიკინგის ყველა საშუალება და აღიკვეთოს თანამედროვე მონობის ნებისმიერი ფორმა, ჩვენს თემში მყოფი მისი მსხვერპლნი დაიცვას, ხოლო ექსპლუატაციაში მყოფ ხალხს კი იმედი ჩაუსახოს.

7)   მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი მართლმორწმუნე საზოგადოება, მართლმადიდებელი და ინგლისის ეკლესიათა წევრები, ისევე როგორც ის გულკეთილი ხალხი, რომლებიც ისურვებენ რომ განისწავლონ, გააცნობიერონ და მზრუნველობით იმოქმედონ თანამედროვე მონობის ტრაგედიაზე, გააძლიერებენ მუშაობასა და ლოცვას კაცობრიობის ამ უბედურების წინააღმდეგ.

8)                        განვაჩინებთ, რომ თანამედროვე მონობის შესახებ დაფუძნდეს  ერთობივი ოპერატიული ჯგუფი, რომელიც მართლმადიდებელ და ინგლისის ეკლესიებს მოგვაწოდებს დროულ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად ვებრძოლოთ ამ ბოროტ ექსპლუატაციას.

 

ფანარი, თებერვალი, 7, 2017

ბართლომეოსი- კონსტანტინეპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი.

იუსტინე- კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი და სრულიად ინგლისის პრიმატი.

 

წყარო:

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

 



[1] Lambeth Palace- კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის ლონდონის ოფიციალური რეზიდენცია, მდინარე ტემზას ნაპირზე. (მთარგმნ. შენიშვნა)

Download
თანამედროვე მონობა.pdf
Adobe Acrobat Document 173.8 KB