ეკლესია და ესქატონი

 

ავტორი-  იოანე ზიზიულასი (პერგამოს მიტროპოლიტი)

 

            რა არის ეკლესია?  დღეს, ესაა მთავარი შეკითხვა თეოლოგიაში. ამ თემატიკის ყველაზე მარგინალურ განზომილებად ამ დრომდე ეკლესიის ესქატოლოგირი ბუნება რჩება. მოდერნის ეპოქის შემდეგ განსაკუთრებით დასავლეთში, მაგრამ ასევე „ჩვენს აღმოსავლეთშიც“ ანუ მართლმადიდებლობის ფარგლებში, არსებობს ძლიერი ტენდენცია რომ ეკლესია გახდეს ისტორიის ინსტრუმენტი ან მისი გაგრძელება. ამ ტენდენციას „სეკულარიზაციას“ უწოდებენ. მაშ,  საჭიროა ეკლესიისთვის იმის შეხსენება, რომ იგი თავის ჭეშმარიტ არსს ვერ მიიღებს მის ისტორიულ სიმდიდრესა და დიდებაში, ვერც მის სიტყვებსა და მოქმედებებში, არამედ მხოლოდ მომავალში, სამყაროს ისეთ ხედვაში, როგორიც ის იქნება ისტორიის დასასრულს და არა ისეთში როგორც ის იყო ან არის. ეს არ ნიშნავს  ისტორიაზე უარის თქმას, წარსულზე ან იმ აწმყოზე რომელშიც ვცხოვრობთ. უმთავრესად ეს იმ კრიტერიუმს შეეხება, რომლითაც ეკლესია იკავებს პოზიციას წარსულისა და აწმყოს, ანუ ისტორიისა და მსოფლიოს წინაშე.

 

ეკლესიის იდენტობის პრობლემა

რა არის ეკლესია? რა იქნება პასუხი თუ ამ შეკითხვით მივმართავთ საბერძნეთის მოსახლეობას, რომელის 98 პროცენტი მართლმადიდებელია? უმრავლესობა დაიბნევა და გაჩუმდება! ეს ფაქტი გვიჩვენებს რომ კატეხიზაცია და სასკოლო განათლება არ ასწავლის არაფერს უმთავრეს საკითხზე- ეკლესიის იდენტობაზე. თუ იგივე შეკითხვით მივმართავთ ჩვენს სპეციალისტებს, სამღვდელოებას და თეოლოგებს და მივცემთ მათ დროს, რომ გამოხატონ თავიანთი აზრი მათსავე პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვფიქრობ მართლაც ბევრ საინტერესო პასუხს მივიღებთ. თითოეული ჩვენგანი განსხვავებულ განსაზღვრებას მოგვცემს, ხაზს გაუსმევს იმას რაც მისი თვალთახედვით ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველი არსებული თავის იდენტობას განსაზღვრავს, სხვა არსებულისგან სპეციფიკური განსხვავებებით. რომ განვსაზღვროთ თითოეული ადამიანი და მისი იდენტობა, საჭიროა ვიპოვოთ ელემენტი რომლებიც ძირეულად განასხვავებს მას სხვისგან. ეს ელემენტი არ არის სახელი ან გვარი, მისი ფსიქიკური თუ ფსიქოლოგიური დახასიათება, ასევე არც რელიგია. ეს ყველაფერი სხვა ადამიანებშიც არსებობს. იმისათვის რომ ადამიანის ნამდვილი იდენტობა გავიგოთ, უნდა მივმართოთ ისეთ ელემენტებს რომლებიც რადიკალურად განახვებენ მას სხვებისგან, ასეთებია თითის ანაბეჭდები ან მისი დენუმი  (DNA). ეკლესიის იდენტობის განსაზღვრისათვის ჩვენ ეს წესი უნდა გამოვიყენოთ: რომელია ეკლესიის ის გადამწყვეტი მახასიათებელი, რომელიც მას გამოარჩევს სხვა თემებისაგან? რადგან, თუ წარმოდგენილი მახასიათებლები სხვა თემებშიც იქნება, საჭირო გახდება ეკლესიის იდენტობის ძებნა მის გარეთ.

ეკლესიის იდენტობის შესახებ თანამედროვე მართლმადიდებლურ აზროვნებაში  შემდეგი ტენდენციები შეიძლება გამოვყოთ:  

 

1. ეკლესიის გააზრება კონფესიონალური კუთხით

ამ პერსპექტივიდან ის გადამწყვეტი ფაქტორი რომელიც განასხვავებს ეკლესიას სხვა საზოგადოებებისგან, არის დოგმები და რწმენის აღმსარებლობაზე მორწმუნეთა მიერ დაწერილი ფუნდამენტური ტექსტები, რომლებიც ამავე დროს შესაძლოა სულაც არ იყვნენ კავშირში მათსავე ცხოვრებასთან ან მათ ურთიერთობებთან სხვებთან თუ თავად ეკლესიასთან. ეს ეკლესიის იდეოლოგიზირებაა. ამ შემთხვევაში ეკლესია იქცევა იმათ კრებულად რომლებიც რაღაც იდეებს ეთანხმებიან. ამგვარად ცენტრალური მახასიათებელი დოქტრინალური „ორთოდოქსიისა“ ხდება გარკვეული იდეების დაწესება და ეკლესიის იდენტობაში განმსაზღვრელ ფაქტორად მიღება. 

დოგმების შენახვისა და დაცვისათვის ბრძოლა ეკლესიის განსაკუთრებული ნიშანია. ერესს და მრწამსის გადასხვაფერებას ეკლესიის მიღმა გავყავართ. ამ მიდგომის აბსოლუტიზაცია და მისი გააზრება, როგორც ეკლესიის იდენტობის ცენტრალური პრინციპისა წარმოქმნის მრავალ პრობლემას. მაგალითად: დავუსვათ შეკითხვა რომელიმე მოშურნე მართლმადიდებელს, რომლებიც ხშირად ჩნდებიან ამ დროში : ვინ არის თქვენი ეპისკოპოსი? ის გვიპასუხებს: ქრისტე! ეს ადამიანი ალბათ ფიქრობს, რომ შესაძლებელია იყო მართლმადიდებელი ეპისკოპოსთან კავშირის გარეშე. ეკლესიის იდენტობის გაიგივება მხოლოდ დოგმების მიღებასთან, სხვა მრავალთან ერთად ასევე კარგავს ეპისკოპოსის გარშემო ერთობის იდეას.  

ამ შემთხვევაში რწმენის აღმსარებლობა თავისთავად არ არის პრობლემა: იგი ყოველთვის ეკლესიის სრულ ელემენტად დარჩება. პრობლემა იმის დავიწყებაა რომ დოგმა არ არის თავის თავში სრული, არამედ იგი ამოწმებს ჩვენს ხსნას ეკლესიის სხეულში. ყველა მსოფლიო კრება, რომლებმაც განსაზღვრეს დოგმები, დასრულდა ეკლესიიდან მოკვეთით, წმინდა საზოგადოებიდან გარიცხვით. ვერაფერი სარგებელი იქნება ჩვენი ხსნისათვის სწორი დოგმების ქონა თუ კი იმავდროულად შორს ვიქნებით ეპისკოპოსისა და ევქარისტიისგან, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს. სქიზმა გახდება დაბრკოლება ჩვენი ხსნისათვის, თუნდაც სწორი რწმენა გვქონდეს. მაგალითად, ბებიაჩემი არ იცნობდა ეკლესიის დოგმებს, მაგრამ ის ცხოვრობდა და აღესრულა (ცხონდა) ეკლესიის წიაღში. მისთვის ეკლესია არ ყოფილა იდეოლოგია, არამედ რაღაც სხვა, ქრისტეს სხეულთან ზიარება. 

 

2. მიდგომა მორალის პერსპექტივიდან

ამ შემთხვევაში ის  მახასიათებელი რომელიც ფუნდამენტურად განასხვავებს ეკლესიას სხვა საზოგადოებებისაგან, მორწმუნეების მორალური ცხოვრებაა. ამ კრიტერიუმის აბსოლუტიზაციას შეუძლია დოგმების გაუფასურებამდე მიგვიყვანოს, მტკიცებამდე რომ ხშირად ქადაგება უფრო ეთიკურია ვიდრე დოგმატიკა. იგივე ტენდენცია იჩენს თავს კატეხიზაციაშიც, როდესაც სამღვდელოება განსაზღვრავს თავის შეხედულებებს მორწმუნეებზე, და პირიქითაც: მორწმუნეები სასულიერო პირების სწორ, ორთოდოქსულ აღმსარებლობაზე მეტად მათი მორალით ინტერესდებიან. ეკლესია რისკავს როდესაც თავის თავს აიგივებს „უმწიკვლო ქრისტიანებთან“ ივიწყებს რა, პირველი: იმას რომ იგი ცოდვილებსაც მოიცავს და მეორეც (რომელიც უფრო მნიშვნელოვანია), რომ ჩვენ ყველანი სხვადასხვანაირად, მაგრამ მაინც ცოდვილები ვართ. როდესაც ეკლესიას ეთიკის პერსპექტივიდან ვუყურებთ, ვუგულებელვყობთ მის იდენტობას. გვავიწყდება რომ მორალური წესები არსებობს და მათ პატივს სცემენ ეკლესიის გარეთაც (მაგალითად ბუდისტი შეიძლება იყოს უფრო წმინდა, ასკეტური და კაცთმოყვარე ვიდრე ბევრი ქრისტიანი).

 

3. მიდგომა მისიონერობის პერსპექტივიდან

მისიის უმთავრესი მიზანი, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ქრისტესთან მიყვანაა. დასავლელი ქრისტიანებისთვის მისია ეკლესიის ატრიბუტად იქცა. დიდი ხანი არაა რაც მართლმადიდებლებმაც დაიწყეს მსგავსი მოქმედება. ჩვენთან ყველაზე მეტად ვარჯიშობენ ქადაგებებსა და ჰომილეტიკაში, გამოდიან სოციალური ინიციატივებით და ნელ-ნელა მისიონერობაც ინტენსიურ სახეს იღებს. ამ ასპექტებს ეკლესიისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ უნდა მოხდეს მათი კულტივირება. პრობლემა არის არა თავად ამ ელემენტებში, არამედ მათ აბსოლუტურ პრიორიტეტებად დასახვაში. მაგალითად ქადაგების მოთავსება ზიარების წინ იმითაა გამართლებული, რომ სახარების კითხვას მორწმუნეთა დიდი ნაწილი არ ესწრება. ამგვარად, ვანიჭებთ რა პრიორიტეტს მორწმუნეთა განსწავლას, გვავიწყდება წმინდა ლიტურგია, შედეგად კი ვიღებთ მისი სტრუქტურის შეცვლას. ლიტურგიის გადაცემას ტელევიზიით ასევე აქვს მისიონერული და სამოძღვრო კრიტერიუმები. იმ შემთხვევაშიც კი როცა ბერი ხდება მისიონერი, ჩვენ აღმოვჩნდებით იგივე გადახვევის პირისპირ. რასაკვირველია მე არ ვამცრობ მისიონერობის მნიშვნელობაა, მხოლოდ ვამოწმებ პრიორიტეტებს ეკლესიის იდენტობის განსაზღვრისათვის ჩვენს ცნობიერებაში. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ჩვენს არაცნობიერში. მართლაც, ჩვენი პრიორიტეტები ჩვენებს თუ როგორ გვესმის ობიექტის იდენტობა.

 

4. მიდგომა სამკურნალო თუ ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან

ამ შემთხვევაში ეკლესია გაგებულია, როგორც „საავადმყოფო“ (ჩვენს დღეებში ხშირად გაიგონებთ ამ გამოთქმას), სადაც მოვუვლით ჩვენს ვნებებს და სულის განსასვენებელ სავანეს ვიპოვით, და ა.შ. ეკლესიის არსი აღარ უკავშირდება დოგმებს ან მორალს, არამედ აღსარების საიდუმლოს. საბოლოო მიზანი არის ხალხის მოძღვრამდე მიყვანა. აქ უკვე უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ეპისკოპოსი, მქადაგებელი თუ თეოლოგი (მაგალითად, როცა თეოლოგიის სტუდენტები პროფესორებს აფასებენ თავიანთი სულიერი მამის მიხედვით).

დოგმა, ქადაგება, მისიონერობა, ფსიქოთერაპია, ყველა ჩამოთვლილი ელემენტი ეკლესიისთვის საჭირონი არიან და მე ნამდვილად არ ვუკარგავ მათ მნიშვნელობას. მაგრამ ისინი არ ქმნიან ეკლესიას, რადგან მოიპოვებიან ეკლესიის მიღმაც. რაღაც მეტია საჭირო „ეკლესიისათვის.“ ამგვარად შევჯერდეთ კითხვაზე: როგორ შეუძლიათ ამ ელემენტებს გახდნენ ეკლესიის, როგორც მთლიანი არსებულის ნაწილები? როგორ ხდება, რომ დოგმა, ქადაგება, მორალი და ვნებებისგან განკურნება იქცევა ეკლესიად? როგორ ვხდებით ეკლესია?

 

ევქარისტია და ეკლესიის იდენტობა

ჩვენ მართლმადიდებლები, როცა ვამბობთ რომ „ეკლესიაში მივდივართ“ ამით აღვნიშნავთ იმ შენობას სადაც ევქარისტია აღესრულება. ეკლესიისა და ევქარისტიის ასეთი გაიგივების ფესვები ძალიან შორს, პირველ ქრისტიანულ თემებში იკარგება. ამაზე მოწმობს პავლე მოციქულის ეპისტოლეები. კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში მოციქული წერს: „შეკრებასა მას თქვენსა ეკლესიად“ (1. კორ. 11,18). სიტყვა ეკლესიას ამ შემთხვევაში პავლე იყენებს ადგილობრივი, ქალაქის ეკლესიის აღსანიშნავად, ასევე მორწმუნეთა შეკრების აღსანიშნავადაც, რომლებიც ევქარისტიის აღსასრულებლად იკრიბებიან. ეკლესიასა და ევქარისტიას შორის იგივე დამოკიდებულება გვხვდება ეკლესიის მამებთანაც, როგორებიც არიან: წმ. ეგნატე ანტიოქიელი, წმინდა კვიპრიანე, წმინდა მაქსიმე და ა. შ.  ეკლესიის პირველი ნათელი განსაზღვრება მეთოთხმეტე საუკუნით თარიღდება. წმინდა ნიკოლოზ კაბასილა, შეკითხვაზე თუ „რა არის ეკლესია“ შემდეგ პასუხს იძლევა: „ეკლესია გამორჩულია საიდუმლოებებში.“ საიდუმლოებებში ანუ „ევქარისტიაში,“ რადგან მამათა ნაწერები და წმინდა ლიტურგია დღემდე იყენებს „საიდუმლოებებს“ ევქარისტიის აღსანიშნავად. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ციტატა „აღემართენით მიმღებელნი, საღმრთოთა, წმინდათა, უხრწნელთა უკვდავთა, ზეცისა ცხოველთა, საშინელთა ქრისტეს საიდუმლოთა, ღირსებით ვმადლობდეთ უფალსა.“  კაბასილა ცხადად საუბრობს ეკლესიისა და ევქარისტიის გაიგივებაზე: „მსგავსად ამისა, შესაძლებელია ქრისტეს ეკლესიას შევხედოთ როგორც მასთან ერთიანს და თანაზიარებაში მყოფს მის ხორციელ სხეულთან. იგი სხვა არაფერია გარდა მაცხოვრის სხეულისა.“  ეკლესია მხოლოდ ქრისტეს სხეულში არსებობს.

ეს გაიგივება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი თემისთვის. ვცადოთ მცირე ანალიზის გაკეთება. ა) თუ ეკლესიის იდენტობა ევქარისტიაშია, მაშინ ყველა ის ელემენტი, რომელიც უკვე ვახსენეთ დოგმატები, ქადაგება, მორალი, მისიონერობა და ვნებების მკურნალობა, მხოლოდ მაშინ იქცევიან „ეკლესიად“ როცა ევქარისტიაში არიან ჩართულნი. თუ კი მათ ევქარისტიისგან გამოყოფილად მოვიაზრებთ, მაშინ ისინი ვერანაირად ვერ იქნებიან საეკლესიო მოქმედებები.   

ერთი შეხედვით შესაძლოა გვეუცხოოს, თუმცა თუ კი ღრმად ჩავუფიქრდებით, ცხადი გაცდება რომ ეს შეხედულება თანხმობაშია მართლმადიდებლურ ტრადიციასთან. შემთხვევითი როდია რომ ძველი ეკლესიის ყველა საიდუმლო, ნათლობა, მირონცხება, ქორწინება, აღსარება, ხელდასხმა სწორედ ევქარისიაში ჩართულად აღესრულებოდა. მოგვიანებით, ძირითადად პრაქტიკული მიზეზებიდან გამომდინარე საიდუმლოებების აღსრულება ევქარიტიისგან დამოუკიდებლად დაიწყეს. შედეგად ამ აქტებმა დაკარგეს მათი საეკლესიო (როგორც კრებულის) მნიშვნელობა. ამას შესაბამისი სულიერი ძვრები მოჰყვა. საიდუმლოებებს თვისთავად არ შეუძლიათ ადამიანის ხსნა თუ კი ისინი მას ევქარისტიისკენ არ მიმართავენ. ხშირად ვკითხულობ: თუ მარიამ ეგვიპტელი არ მიიღებდა ზიარებას წმინდა ზოსიმეს ხელიდან, იქნებოდა თუ არა ორმოცწლიანი ასკეზა საკმარისი მისი ხსნისათვის? რა თქმა უნდა ეს თავად ღმერთია ვინც გვიხსნის, მაგრამ შემთხვევითი როდია, რომ წმინდა მარიამს სურდა სიკვდილის წინ მიეღო ზიარება. ასკეზა ეკლესიის გარეთაც არსებობს. ევქარისტიაა ის ერთადერთი ელემენტი,  რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ეკლესიაში არსებობს.

ბ) თუ კი ეკლესიის იდენტობა ევქარისტიაშია, მაშინ გასაგები ხდება, თუ რატომ ვერ იარსებებს ეკლესია ევქარისტიის გარეშე. როგორც მოწმობენ ეკლესიის მამები (ეგნატე, იპოლიტე, კვიპრიანე, მაქსიმე, და ა.შ.) ეპისკოპოსი ხელმძღვანელობს ევქარისტიას. ამიტომაა რომ არ შეგვიძლია ევქარისტიის აღსრულება მისი სახელის მოხსენიების გარეშე. თავისი საეპისკოპოსო ძალაუფლებით მხოლოდ მას შეუძლია მისცეს და გაანაწილოს ნიჭები ეკლესიაში, რომელიც წამოადგენენ წმინდა სულს და აფუძნებენ ეკლესიას. ნებისმიერ ქმედებას ეკლესიაში, სჭირდება ეპისკოპოსის კურთხევა და ევქარისტიაში ინტეგრაცია რათა ნამდვილად საეკლესიო აქტებად იქცნენ.  

გ) ეკლესიის და ევქარისტიის გაიგივება ასაჩინოებს იმ კავშირს, რომელიც არის ეკლესიასა და ღვთის სამეფოს შორის.  ამ ჭეშმარიტების გასაგებად საჭიროა გავიაზროთ, რომ ევქარისტია არის ღვთის სამეფოსა და ესქატოლოგიური ერთობის ხატი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევქარისტია ქრისტეს მსხვერპლის განახლებაა. თუმცა თუ უფრო ღრმად შევისწავლით მართლმადიდებლურ ლიტურგიას, ვნახავთ, რომ იგი იწყება და მთავრდება ღვთის სამეფოს ეპიკლეზით. ლიტურგიის მიზანი სამება ღმერთის მარადიულ ცხოვრებაში თანამონაწილეობაა. ამიტომ მარხვის დღეებში  ჩვენ არ აღვასრულებთ ევქარისტიას. ევქარისტია თავად არის სასიხარულო დღესასწაული, რომელიც აღესრულება სინათლით სავსე, ხატებით მორთულ ეკლესიაში, შესაბამისი შესამოსლით შემოსილი ღვთისმსახურების მიერ (თანამედროვე ბრძოლა სამღვდელო და საეპისკოპოსო ლიტურგიკული შესამოსლის წინააღმდეგ თეოლოგიურად გაუმართლებელია).

თავდაპირველად ევქარისტია იდღესასწაულებოდა კვირას ან წმინდანების მოხსენიების დღეებში და დაკავშირებული იყო უფლის აღდგომასა და ღვთის მომავალ სამეფოში შესვლასთან. ევქარისტია არის ადგილი და მომენტი, სადაც ეკლესია აცოცხლებს თავის ესქატოლოგიურ ყოფას. ევქარისტიის დროს ეკლესია წყვეტს იმად ყოფნას, რაც არის და იქცევა იმად რაც გახდება მომავალში. ევქარისტიაში ეკლესია ძლევს ისტორიის ორაზროვნებას. იგი იმგვარად ცხოვროს სამყაროში, როგორც ის იქნება სიკვდილის დამარცხების და ღვთის მეფობის დამყარების შემდეგ. ევქარისტია ერთადერთი საეკლესიო მოქმედებაა რომელიც მაშინაც დარჩება, როცა სხვა ყველა დავიწყებას მიეცემა. არც ქადაგება, არც ასკეზა, არც მონანიება, არც მისიონერობა აღარ იარსებებენ ესქატაში, როცა ყოველივეს შემოკრებს ქრისტე, ღმერთისათვის.  აი რატომაა, რომ ყველა ჩამოთვლილ მიდგომას თავისი ელემენტებითურთ არ შეუძლიათ ეკლესიის იდენტობის გამოხატვა. ამგვარად დაფუძნებული ეკლესია, ესქატაში ვეღარ  იარსებებს. დასავლური თეოლოგიისთვის, ეკლესია ესქატაში შეწყვეტს არსებობას, რადგან იგი მისიასთან და ქადაგებასთანაა დაკავშირებული. მართლმადიდებლური თეოლოგიისათვის ეკლესია მარადიულია. მართლაც, თუ ევქარისტია აძლევს თავის იდენტობას ეკლესიას იგი იცხოვრებს „უკუნით უკუნისამდე“ როგორც ვამბობთ ყოველი წმინდა ევქარისტიის დასასრულს. ეკლესია, მადლი, ევქარისტია, ფორმას შეიცვლიან ღვთის სამეფოში, მაგრამ ეს უკვე ესქატის ნაწილია და არა ისტორიის.

 

ეკლესია და ისტორია  

რა ურთიერთობა არსებობს ეკლესიასა და ისტორიას შორის? არის თუ არა ეკლესია ადამიანური ისტორიის ნაწილი? შეუძლია კი ეკლესიას უარყოს მისი ისტორიული როლი და იცხოვროს მხოლოდ ესქატოლოგიური განზრახულობით? ცხოვრების ესქატოლოგიური ხედვა პარალიზებულს ხომ არ ხდის ეკლესიას ამ მსოფლიოში? ეს ის კითხვებია რომლებიც აუცილებლად უნდა დავსვათ. მას შემდეგ რაც ეკლესიის იდენტობაზე დავწერეთ, მოვხაზოთ რამდენიმე პასუხი.  

1. ეკლესიის ისტორია დაფუძნებულია ღვთის ძის განხორციელებაზე. თუ ეკლესიას შევხედავთ ქრისტოლოგიური პერსპექტივიდან, ანუ როგორც საუკუნეებში განფენილ ქრისტეს სხეულს, დავინახავთ რომ ეკლესიას არ შეუძლია დაშორდეს ისტორიას. როგორც იესო ქრისტე, ისიც ისტორიაშია განხორციელებული. ღმერთს უბრალოდ ადამიანური ბუნება არ მიუღია, არამედ მან ის მიიღო გარკვეულ ისტორიულ მომენტში, კონკრეტულ ხალხში და კონკრეტულ ადგილას. ქრისტეს ეკლესია მახასიათებლებს ფლობს ამ ადგილიდან, ამ ხალხიდან და ზოგადად ამ აქტიდან. მეორეს მხრივ მან თავისი გზავნილით გარდაქმნა ადგილობრივი კულტურა. ეს ხდებოდა ეკლესიის მთელი არსებობის მანძილზე, განსაკუთრებით პატრისტიკულ და ბიზანტიურ პერიოდებში, მაგრამ ასევე ოსმანთა ოკუპაციის პერიოდში და ჩვენს თანამედროვეობაშიც. მხოლოდ დასავლეთმა, განმანათლებლობის სულისკვეთებით აღძრულმა, დააყენა ეჭვქვეშ ეკლესიის კულტურული როლი და „რელიგიურ სფეროში“ ჩაკეტა, თითქოს იგი არ ყოფილიყო კაცობრიობის კულტურაში გადამწყვეტი ფაქტორი.   

2. მართალია უფლის განკაცებამ ერთგვარად მიიღო ისტორია, მაგრამ მაინც არ გაიგივებულა მასთან აბსოლუტურად. განკაცებული ღმერთი მთელი მისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე უცხოდ დარჩა ამ სამყაროში, რომელსაც „თავის მისადრეკიც კი არ ჰქონდა“ (მთ. 8.20) იგი „თავისიანებთან მოვიდა, მაგრა თავისიანებმა არ შეიწყნარეს“ (ინ. 1.11). ხალხმა იგი „უმიზეზოდ მოიძულა“ (ინ. 15.25) და ჯვარს აცვა. ისტორიაში ჩარევა ეკლესიისათვის არ ნიშნავს მისით შთანთქმას. ქრისტე ცხოვრობდა ამ ქვეყნად, მაგრამ „ამ სოფლისაგან“ არ იყო, როგორც ამბობს თავის მოწაფეებზე: „ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არ ვერ ამ ქვეყნიერი“ (ინ.17.14) და რადგან უფალი ჯვარს ეცვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორიაც ჯვარს უნდა ეცვას. ისტორიის გავლენა არ ნიშნავს ისტორიაში დიდებისა და პრივილეგიების ძიებას. ეკლესიის გავლენა ისტორიაში, დაკავშირებულია მის კანონიკურ გზავნილთან, ჯვრის სიტყვასთან. ქრისტიანები ყოველთვის კომფორტულად როდი გრძნობდნენ თავს ამ სამყაროში. მათ იცოდნენ, რომ ეს სოფელი და ისტორია სიკვდილის ბატონობის ქვეშ იყვნენ და საჭიროებდნენ აღდგომასა და გარდაქმნას.

რა არის სეკულარიზაცია? ეს არის ისტორიის აბსოლუტიზაცია, ანუ ისეთი გარდამავალი კონფიგურაციებისათვის, როგორებიცაა, ეროვნულობა, სახელმწიფო თუ სოციალური ინსტიტუტები, აბსოლუტური მნიშვნელობის მიწერა. ეკლესია როდი უარყოფს ამათ, მაგრამ იგი ესქატოლოგიური სულით სუნთქავს. ის ხაზს უსვამს მათ საზღვრებს და აცხადებს იმაზე რაც განსაზღვრულია მარადიული სიცოცხლისათვის ესქატაში. სეკულარიზაცია მხოლოდ მეთოდი არაა, იგი მენტალობაა, მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესია. მხოლოდ ის არ კმარა, რომ ეკლესიამ უარი თქვას  ჩვენი მსოფლიოს საშუალებებზე, ამავდროულად საჭიროა, რომ მან სეკულარული მიზნებიც აიცილოს თავიდან.  

ეკლესიისათვის ყველაზე დიდი განსაცდელი სეკულარიზაციის დაძლევაა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სეკულარული მეთოდების გამოყენებაზე ეკლესიის გზავნილის გადასაცემად. სად არის ზღვარი ასეთი მედიასაშუალებების გამოყენებაში? მაგალითად, როგორიც ინტერნეტია? შეუძლია კი ეკლესიას გამოიყენოს ტექნოლოგიები თავის ცხოვრებასა თუ მსახურებაში? როგორ უნდა დაძლიოს სეკულარიზაციის საფრთხე როცა იგი ამ საშუალებებს გამოიყენებს? ეს კითხვები აქტუალურია სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების გამო. საჭიროა ამ შეკითხვებს თეოლოგიური პერსპექტივიდან გაეცეს პასუხები. 

ამბობენ „მიზანი ამართლებს საშუალებებს“ და შესაბამისად ტექნოლოგიებიც, დაფუძნებული ამ ხედვაზე, განიხილება როგორც ნეიტრალური საშუალებები. ისინი კეთილი მიზნებისათვის უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ შეუძლია კი საშუალებას იყოს ნეიტრალური? მაგალითად, შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ ტელევიზია ხანდახან პოზიტიურ როლს თამაშობ, როცა იგი ქრისტიანულ პროგრამებს, ანაც ლიტურგიას გადმოსცემს? და ამავდროულად მასვე ვაკისრებდეთ პასუხისმგებლობას ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობების დანგრევაში და ვირტუალური რეალობის შემოყვანაში. დაახლოებით მსგავსი და დროულია ინტერნეტის პრობლემაც. როგორ უნდა შეძლოს ეკლესიამ ერთდროულად იყოს გლობალიზაციის წინააღმდეგიც და თან იყენებდეს მისსავე ყველაზე მძლავრ ტექნოლოგიებსა და ყველაზე პრობლემურ განზომილებებს?

სამწუხაროდ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არც იოლია და არც მარტივი. პირველი, რაც სეკულარიზაციის თვიდან ასაცილებლად უნდა გააკეთოს ეკლესიამ, იმის გაცნობიერებაა, რომ ტექნოლოგიური საშუალებები, მაგალითად მასმედია და ა.შ. არ არიან უვნებელნი. ისინი ქმნიან საფრთხეს ეკლესიის გზავნილისათვის როცა ის ამ საშუალებებით გადაიცემა. როგორც ნებისმიერი ისტორიული რეალობა, ეს საშუალებებიც შეიცავენ საფრთხეს. ჩვენს დროში, ტექნოლოგიების განვითარება საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს პიროვნულ ღირსებას და საკრალურობას, ასევე ბუნებრივ გარემოს. ამიტომ ეკლესიას დიდი სიფრთხილე და ყურადღება მართებს ამ საშუალებების გამოყენებისას.  

შემდეგი (სხვა) რაც ეკლესიამ უნდა გააკეთოს არის დისტანციის დაცვა ამ საშუალებებსა და იმ ინსტიტუტებს შორის რომლებიც ამოწმებენ მის ესქატოლოგიურ გზავნილს სამყაროში. ესენია: მონაზვნობა და ლიტურგია. მათგან პირველი, თავის ფესვებით, ეკლესიის სეკულარიზაციისაკენ მიმართული პროტესტის გზაა. შემთხვევით არ არის რომ მონაზვნები შავ ტანსაცმელს ატარებენ  და ამ სოფლის დატოვების და მისთვის სიკვდილის აღთქმას დებენ. ნამდვილი ოქსიმორონია რომ ბერები სეკულარულ საშუალებებს იყენებენ რათა მორწმუნეები ქრისტესთან მიიყვანონ. მისიონერობა მონაზვნების უპირველესი საქმე არ არის. მათი საქმეა „ღაღადება უდაბნოსა ზედა“ (მთ. 3.3) ბერი არის ჩუმი და ამავდროულად ხმაურიანი შეხსენბა იმისა რომ „წარმავალია საწუთროს ხატი: (1კორ. 7,31). თუ მონაზვნობა გასეკულარულდება, ეკლესია დაკარგავს ძალას სეკულარიზაციის წინააღმდეგ.

იგივე ანალიზი ღირებულია ლიტურგიისთვისაც. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ რომ ევქარისტია ყველაზე ესქატოლოგიური ფაქტია ეკლესიაში. თავისი ბუნებით ეკლესია არის ერთად შეკრების ადგილი (მთ. 22,34), ადამიანთა საკრებულო პიროვნული ვალდებულებებით  და ისეთივე მატერიალური, როგორც ღმერთის სამეფო. მატერიალური კონტაქტის დაკარგვით, მაგალითად სატელევიზიო გადაცემებით, ეკლესიის ესქატოლოგიური გზავნილი ატროფირდება. ყველაზე ესქატოლოგიური მომენტი ეკლესიის ცხოვრებაში გასეკულარულდება.   

თუ კი ტექნოლოგიურ საშუალებებს გამოვიყენებთ ეკლესიის გზავნილის გადასაცემად, ეს გზავნილი ამ საშუალებების მიერ შთაინთქმება. ეკლესიას მხოლოდ მაშინ შეუძლია ამ საშუალებების გამოყენება, როცა იგი იმავდროულად იცავს მის ესქატოლოგიურ ხასიათს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკლესია მაშინ იცავს საკუთარ თავს სეკულარიზაციისგან, როცა ინახავს იმ ინსტიტუციებს, რომლებიც გამოხატავენ მის არსს: „არ იყოს ამ სოფლისაგანი.“  სეკულარიზაციისგან სხვა დაცვას ისტორიულად არ უარსებია. ეკლესია ყოველთვის იყენებდა იმ შესაძლებლობებს, რომელსაც სამყარო სთავაზობდა, მაგრამ ამავდროულად ანვითარებდა ესქატოლოგიურ ანტისხეულებს. მაგალითად ეპისკოპოსები რომლებიც ეკლესიის ადმინისტრაციულ მოწყობაზე არიან პასუხისმგებელნი, იყენებენ სეკულარულ ადმინისტრაციულ საშუალებებს. მაგრამ როდესაც ევქარისტიას ხელმძღვანელობენ, ისინი ესქატას გადმოსცემენ ისტორიაში. ამგვარად მათ შეუძლიათ დაიცვან [ეკლესიის] ეს ფუნქცია სეკულარული მედიასაშუალებების გავლენისგან. ეს არის ერთადერთი გზა ეკლესიის გზა სეკულარიზაციისგან დასაცავად.

 

ეკლესიის ესქატოლოგიური ხასიათი

ეკლესია არ არის მხოლოდ ინსტიტუცია, ამასთან ერთად იგი არსებობის ფორმაა. მისი ესქატოლოგიური გზავნილი ეთოსში ტრანსფორმირდება. როგორ უნდა შეძლოს ეკლესიამ, როგორც ესქატოლოგიურმა საკრებულომ მისი წევრების ცხოვრებაში რეალიზება? შევეცდებით, რამდენიმე დელიკატური დაკვირვება განვახორციელოთ ამ საკითხზე.   

1. მომავალი არ არის წარსულით დეტერმინირებული. ესქტოლოგიის ორი ტიპი არსებობოს. ერთი, მომავალს უყურებს როგორც რეზულტატს და შედეგს წარსულისას. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი, როგორც მიზეზის შედეგი რომელიც წარსულშია. ეს ორგვარადაა შესაძლებელი. ძველ ბერძნულ აზროვნებაში, განსაკუთრებით ტრაგედიაში, ყველაფერი რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ღმერთების მიერაა წინასწარ განსაზღვრული. თანამედროვე დასავლურ აზროვენაბში სადაც მარქსისტული ჰუმანიზმი და კაპიტალიზმი დომინირებს, ადამიანს შეუძლია შექმნას საკუთარი მომავალი მისივე ქმედებით. ქრისტიანული მსოფლმხედველობით კი საქმე სხვაგვარადაა. მომავალი არ არის წარსულზე დამოკიდებული: იგი არ არის წარსულის შედეგი. ამის საპირისპიროდ, ესქატა აძლევს მას არსებობის პირველ საწყისებს. დასასრულით იწყება ყველაფერი.  

ეს თეზა აბსურდული ჩანს, თითქოს ვიღაც ისტორიის საზრისის საპირისპიროდ მოგზაურობდეს. ამასთან, ფიზიკამ ცოტა ხნის წინ თავად დაიწყო საუბარი მომავლის დინებაზე წარსულის მიმართულებით. წმინდა მაქსიმე ხშირად წერს, რომ მომავალი არის წარსულის მიზეზი და არა მისი შედეგი, რადგან სამყაროს შექმნის მიზეზი არის ესქატოლოგიური ქრისტე. ამგვარად, უფალი ესქატაში ახორციელებს შექმნილის და უქმნელის ერთიანობას. ეკლესია ამ სისავსეში, წმინდა მაქსიმეს თანახმად ცხოვრობს ევქარისტიაში. ევქარისტიის აღსრულებაში, ის რაც ესქატაში იქნება, ახლა რეალიზდება. შესაბამისად მომავალი იქცევა აწმყოს მიზეზად. ევქარისიტაში ჩვენ დროსა და ისტორიის საზრისის საპირისპიროდ ვმოგზაურობთ: მომავლიდან აწმყოს და წარსულის მიმართულებით. შესაბამისად ეკლესია არის არა ის რაც არის ან რაც იყო, არამედ ის რაც იგი იქნება.

2. მომავალი წარსულისგან თავისუფალია

ძველ ბერძნულ ტრაგედიაში ადამიანი წარსული ტყვეა. იგივეს შეიძლება დავაკვირდეთ დასავლურ ფილოსოფიაშიც, როცა ის საუბრობს დადგენილი წესის ცნებაზე.  რაც არის ფაქტი, არის ისეთი რეალობა რომლის გაუქმებაც არაფერს არ შეუძლია. ის რაც იქნება, იქამდე არ არის რეალური სანამ არ მომხდარა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაიმე იმ მომენტამდე არ არის რეალური სანამ წარსულში არ დასრულდება. ამის საპირისპიროდ, ებრაელთა მიმართ წერილში წერია „რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით’’ (ებრ. 11,1), ეს ნიშნავს, რომ ესქატა რეალობა გახდება. ამ მიდგომის მორალური შედეგები, ნამდვილად შთამბეჭდავია.  

ა) ღმერთის სამეფოს არის ადგილი განუყრელად ცოდვების მოტევებისაგან, ღვთისაგან ადამიანებისაკენ და ადამინებისგან სხვა ადამინებისკენ „მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ  მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა.“ ვითხოვთ ღმერთისგან ლოცვაში, განსაკუთრებით ესქატოლოგიური და ევქარისტიული სულით. მიტევებას შეიძლება შევხედოთ როგორც  ცოდვების წაშლას, მაგრამ მეტწილად მას აღვიქვამთ როგორც მათ განადგურებას. თუკი წარსული წარუშლელი რეალობაა, ღმერთი მოგვიტევებს ცოდვებს მათ წარუშლელად და ამით თავად დარჩება ფაქტების ტყვეობაში. ასევე ადამიანი: ჩვენ ვპატიობთ მაგრამ არ ვივიწყებთ. ხოლო როცა ღმერთი ამბობს „აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს“ (ებრ. 10,17) ეს არის არა იურიდიული, არამედ ონტოლოგიური განაცხადი! ის რასაც ღმერთი დაივიწყებს მომენტალურად შეწყვეტს არსებობას. თავად ცოდვის ფაქტი შეწყვეტს არსებობას, როგორც რელობა. ცოდვილი არ არის დეტერმინირებული იმით რაც ის იყო, არამედ იმით რაც ის იქნება.      

ბ) თუ ცოდვათა მიტევებას განვიხილავთ არა მხოლოდ იურიდიული, არამედ ონტოლოგიური თვალსაზრისით, დავუბრუნდებით ისევ მთლიანად ცოდვის განადგურებას და არა მხოლოდ მისი შედეგებისას. საბოლოო ჯამში ესაა ონტოლოგიური ესქატოლოგია. მორალური ქცევის თვალსაზრისით, ადამიანი პირველ რიგში არის არა ის რაც არის, არამედ ის რაც იგი იქნება ესქატაში. მაგალითად თუკი ვინმე მკვლელობას ჩაიდენს, ეს ქმედება პროტოლოგიური ონტოლოგიის თანახმად არის ფაქტი რომლის წაშლაც შეუძლებელია. დანაშაულის ავტორი არის მკვლელი, როგორც ძირითადად უწოდებენ მას. მაგრამ ესქატოლოგიური ონტოლოგიის თანახმად, რომელიც ჩვენს არსებობას მომავლის პერსპექტივიდან განსაზღვრავს, ეს კაცი არ არის მკვლელი. თუ მოინანიებს და ეპატიება, წმინდანობას მიაღწევს. მომავალი ღმერთის ხელში, ეს მოცემულობაა და ვერც ერთი განსჯა ჩვენი ძმისა ვერ იქნება ონტოლოგიური ხასიათის. პოტენციურად ყველაფერი წმინდაა. სასჯელი და ეკლესიის მიერ ნაბოძები ცოდვათა მიტევება წარმოუდგენელია ესქატოლოგიური ონტოლოგიის მიღმა. მხოლოდ ესქატას ძალუძს ადამიანის განთავისუფლება წარსულისგან.

 

ეკლესიის მორალი და სამყაროს მორალი

ეკლესიის სეკულარიზაცია მხოლო ინსტიტუციონალურ საკითხებს არ ეხება (ეკლესია და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, საზოგადოება და ა.შ.) არამედ მორალის საკითხებსაც. სეკულარიზირებული ეკლესია ბაძავს საზოგადოებას და მის სეკულარულ სამართალს, როდესაც იგი ცუდად ეპყრობა ცოდვილს. მაგალითად, როცა ეკლესია ცოდვის კრიმინალიზაციას მოითხოვს, მას ავიწყდება, რომ ცოდვილს შეუძლია მოინანიოს და წმინდანი გახდეს. ეკლესიას არ შეუძლია ერთდროულად გამოაცხადოს და მიუტევეოს ცოდვები და თან მოითხოვოს ცოდვილების კრიმინალიზაცია. ეკლესიის მისია არ არის, მორალის შესახებ საზოგადოებაში არსებული პოზიციების მიღება, არამედ სიყვარულის და მიმტევებლობის სულის გავრცელება, რითაც  ადამიანის მომავალი განთავისუფლდება წარსულისგან. გულღრძო ეკლესია, არსი სეკულარული ეკლესია, რადგან გულღრძოობა ამ სამყაროს და მისი სეკულარული მორალის დამახასიათებელია. მაგალითად როგორც კრიმინალური ჩანაწერები, სადაც ადამინის წარსული დაღს ასვამს მთელ მის ცხოვრებას.

რა თქმა უნდა ესქატოლოგიური მენტალიტეტიც შეიცავს გარკვეულ საშიშროებებს. თუ კი მკვლელს თავისუფალად დავტოვებთ, ამით მთელს ჩვენ ცხოვრებას რისკის ქვეშ ვაყენებთ. თუ კი ეკლესია მიიღებს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მთაზე ქადაგებას, ამით იგი რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ თავს, რომ ისევე აცვან ჯვარს როგორ უფალი. ვინ მიუშვერს მეორე ლოყას მას ვინც გაარტყა იმ საშიშროების გარეშე რომ სიცოცხლესაც დაკარგავს? თუ ეკლესიას სურს უსაფრთხოდ იგრძნოს თავი ისტორიაში, მან უნდა დაივიწყოს თვისი ესქატოლოგიური არსი. ასეთი უსაფრთხოების სახელით, ეკლესია ამ სამყაროს მენტალობას იღებს, ხან მთლიანად, ხანაც ნაწილობრივ. უნდა გავაცნობიეროთ რომ ესქატოლოგიის ვალი საკმაოდ მძიმეა და ეკლესიას ყოველთვის როდი ყოფნის მისი გადახდის გამბედაობა.   

იმისთვის რომ წარმომედგინა ჩემი თემა, დავიწყე შეკითხვის დასმით ეკლესიის იდენტობის შესახებ, რადგან სწორედ აქაა პრობლემის სათავე. თუ ეკლესია სოფელშია, მაგრამ არ არის ამ სოფლისგან, თუ „არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ,“ (ებრ. 13,14), ეკლესიის იდენტობა, მისი არსი და მისი ონტოლოგია ესქატოლოგიურია. მისი ყოფნა ღმერთის სამეფოშია, მისი ფესვები ესქატაშია გადგმული, შესაბამისად ტოტები და ფოთლები ისტორიულ წარსულში და აწმყოშია. ამის გამო, ყველა მოქმედება ხდება ესქატოლოგიური, ანუ ხდება ეკლესია, როდესაც ისინი ევქარისტიაში არიან ჩართულნი. მსგავსად ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, დროსა და სივრცეში განხორციელებული ეკლესია იღებს მისი ხალხის პრობლემებს, მწუხარებას და ტკივილებს. ეკლესია პირს არ აქცევს შიმშილს, ავადმყოფობას, და ადამიანური ყოფის ტანჯვას, არც მათ ბრძოლებს, ზოგჯერ ძალადობრივსაც, თავისუფლების გამო. როცა ეკლესია ცდილობს, იმედისა და ესქატოლოგიური ხედვის გადაცემის გარეშე უპასუხოს ამ გამოწვევებს, ხშირად იგი ამ სოფელთან იგივდება. თეოლოგია ვალდებულია შემოკრას ბუკსა და ნაღარას, როდესაც სეკულარიზმის საფრთხე დაემუქრება. ეს ის შემთხვევებია როცა ეკლესია ისტორიულ ინსტიტუციებს აბსოლუტურ მნიშვნელობას ანიჭებს. ცხოვრობს რა სამყაროში, ეკლესიას არ შეუძლია სხვაგვარად მოიქცეს და უარი თქვას სეკულარული საშუალებების გამოყენებაზე. მაგრამ სეკულარიზაციისვე ასარიდებლად საჭიროა რომ მან შეინახოს ის უცვლელი ელემენტები, რომლებიც თავისი ბუნებით ესქატაში შემყვანებელნი არიან. ჩვენ უკვე ვახსენეთ ისინი, განსაკუთრებით ეს ეხება მონაზვნობას, წმინდა ლიტურგიას და მიტევების ეთოსს. თუ ეკლესია მათ ჩაანაცვლებს, სეკულარული მეთოდებით, მისი იდენტობის დაკარგვა გარდაუვალი იქნება.

ეკლესია არის ამ სოფელში, მაგრამ არა არის ამ სოფლისაგან. და მან არასდროს უნდა დაივიწყოს ეს!  

 

წყარო- Unité des Chrétiens, N°184, octobre 2016 Dossier : Urgence de l’espérance

 

(თავისუფალი თარგმანი ფრანგულიდან)

თარგმნა საბა კევლიშვილმა

 

საიტზე ასევე განთავსებულია:

მე ჩემი ღვთისმეტყველებით ვემსახურები ეკლესიას

გვჭირდება თეოლოგი მღვდლები და ეპისკოპოსები

მართლმადიდებლური თეოლოგიის ამოცანა თანამედროვე ევროპაში