კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

(I ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

 

 

1.შესავალი სიტყვა

 

მეხუთე მსოფლიო კრების ოქმებში ვკითხულობთ: „ეკლესიის იმედი არ უნდა ემყარებოდეს ადამიანებს, მაშინაც კი თუ ისინი კეთილნი   არიან, ხოლო თუ ისინი ბოროტნი არიან არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკლესია დაირღვა.

მიუხედავად ამისა ჩვენ ვიღებთ მათ ბრალდებას, რადგან ჩვენი ძმები არიან. და თუ დამტკიცდება რომ დამნაშავენი არიან, შევაჩვენებთ იმავე დღეს. ხოლო ეკლესიას, რომელიც ღმერთმა  აღგვითქვა და გვიბოძა, არც ვყიდით და არც არასოდეს  მივატოვებთ“.

ზემოთ წარმოდგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვები, კართაგენის კრების (411) ოქმებში[1]  მიეკუთვნებიან ნეტარ ავგუსტინეს.  შემთხვევითი არ არის, რომ მოცემული ნაწყვეტი წაიკითხეს მეხუთე მსოფლიო კრებაზე [2], როდესაც საჭირო გახდა  ემსჯელათ საკითხზე: შესაძლებელი იყო თუ არა გარდაცვილი ერეტიკოსების შეჩვენება.  

ნიკოპოლეის აწგანსვენებული მიტროპოლიტი მელეტიოსი [3], რომელმაც გამოსცა მეხუთე მსოფლიო კრების ოქმები შენიშნავს: „წმიდა მამის ეს სიტყვები მიგვითითებენ, თუ როგორი უნდა იყოს საეკლესიო შეხედულება  სქიზმის შესახებ. ავგუსტინეს ზემოთ მოყვანილი სიტყვები არა მხოლოდ გმობენ ძველი კალენდრის მიმდევრების სქიზმატურ მიდრეკილებებს[4], არამედ წარმოადგენენ  პირველ-მორე  კრების შესაბამისი კანონების განმარტების  საფუძველს.

უფრო ადრე, მეხუთე მსოფლიო კრებაზე ეპისკოპოს ცეცილიანეს საკითხთან დაკავშირებით, წაიკითხეს ნეტარი ავგუსტინეს  სხვა ნაწყვეტი[5], რომელიც ეხება როგორც  ცეცილიანეს (რომლსაც რწმენისთვის არასდროს უღალატია) ასევე მათ რომლებიც მისი მიზეზით  ჩამოშორდნენ ეკლესიას: „თუ  მართალი აღმოჩნდება მათი ბრალდებები ცეცილიანეს მიმართ, მას მაინც შევაჩვენებთ, მიუხედავად იმისა რომ გარდაცვლილია;  ხოლო ქრისტეს ეკლესია, რომელიც შფოთის სავანედ არასოდეს იქცევა, არამედ საღმრთო მითითებებს მიჰყვება, ადამიანის გამო არ უნდა დავუტევოთ“.

აუცილებელია მოვიხმოთ  კიდევ ერთი ნაწყვეტი ნეტარი ავგუსტინეს ნაშრომიდან[6], რომელიც ასევე აუცილებლად ჩათვალეს  წაეკითხათ მეხუთე მსოფლიო კრებაზე[7]. ამ ნაწყვეტში ნეტარი მამა მიუთითებს: „მე ვიმყოფები  ეკლესიაში, რომლის წევრებიც არიან ის ეკლესიები რომელთა შესახებაც ვიცით, რომ იშვნენ მოციქულთა გარჯის წყალობით... და უფლის თანამოღვაწე, არასოდეს შევწყვეტ კავშირს მათთან, არც აფრიკაში და არც სადმე სხვაგან. თუ ამ კავშირში ზოგიერთი მოღალატეა (რომელთაც ახლა არ ვიცნობ), როდესაც მათ ვინაობას გამიმხელ, მე მათ დავწყევლი, არამხოლოდ  ბაგეებით, არამედ გულითაც. ზოგიერთი „მკვდრის“ გამო არასოდეს არ განვეშორები „ცოცხლებს“, რომლებიც იმყოფებიან წმიდა ეკლესიის ერთობაში“.

ნათელია, რომ ნეტარი ავგუსტინეს ეს სიტყვები, რომელთაც ადასტურებს და ამკიცებს მეხუთე მსოფლიო კრება, ზოგიერთისთვის დღეს  არაფერს  ნიშნავს. მათ ჰგონიათ, რომ უფლება აქვთ არაფრად ჩააგდონ  სინოდალური, საეკლესიო შეგნება და ავთენტურობა, როგორც ეს გამოიხატა კრეტის წმიდა და დიდ კრებაზე, გასული წლის ივნისში. მათ ვინც ხელი მოაწერეს სინოდის გადაწყვეტილებებს ერეტიკოსებად და მართლმადიდებლური რწმენის მოღალატეებად მიიჩნევენ. უშედეგოდ მოუწოდებენ სხვებსაც იგივე მოიმოქმედონ.  გაოცებულნი ვრჩებით როდესაც ვხედავთ, რომ საბერძნეთის საზღვრებს შიგნით თუ გარეთ არსებოს ამდენი თვითმარქვია დოგმატოლოგი, ეკლესიოლოგი, კანონოლოგი,  ისტორიკოსი, მღვდელი, ერისკაცი,  ბერი,  რომელებშიც ხშირად ვხედავთ არა მხოლოდ იმას, რომ არ გააჩნიათ არსებითი თეოლოგიური განათლება (ისე რომ არცაა საჭირო მათ აზრს ყურადღება მიექცეს), არამედ მათ აკლიათ სულიერი თავშეკავებაც.  ვერ ახერხებენ დაგაფიქრონ შენი შეხედულებების მართებულებაზე და დაგეხმარონ  სულიერად გაძლიერდე.  როდესაც ამ ორიდან ერთ-ერთს ან ორივეს (ნაკლოვანებებს) თან ახლავს ჭკუის სიმცირე, მაშინ რთულად სამკურნალო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როდესაც ვხედავთ თვითშემეცნების და ქრისტიანული თავმდაბლობის სიმცირეს, გვახსენდება პერიკლეს სიტყვები თუკიდიდეს საფლავის ქვაზე: „უცოდინარობა-თავხედობას, ხოლო აზროვნება, სიბრძნეს შობს“, ან უფრო ცნობილი და ამ შემთხვევისთვის შესაფერისი ადგილი“ „ღმერთს, ვისი სიკვდილიც სურს მას აგიჟებს“ [8]. შესაძლოა ყველაზე შესაფრისია მოციქული პავლეს სიტყვები: „...იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს“ (რომ. 1,22).  ბიბლიური სიტყვების  ღირსების დაკინინება  თეოლოგიური განათლების ქონის შემთხვვაში როგორც წესი არ ხდება, მაგრამ ხშირად ჭარბობს ქედმაღლობა.

კრეტის წმიდა და დიდი კრების მონაწილე ეპისკოპოსები მართლაც ერეტიკოსები არიან? კონსტანტინოპოლის ბართლომეოსი, ალექსანდრიის თეოდორე, ათენის იერონიმე, ტირანის ანასტასიოსი, დანარჩენი პირველიერარქები, მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები, რომლებმაც  მონაწილეობა მიიღეს და ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, განსაკუთრებით იმ დიკუმენტს რომელიც ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას დანარჩენ  ქრისტიანულ სამყაროსთან, მწვალებლები არიან? როგორ ხდება  რომ   კრიტიკისაგან თავის არიდებას ახერხებენ ის ეკლესიები რომელთაც ხელი მოწერილი აქვთ იმავე დოკუმენტებზე, რომლებიც მომზადდნენ  წინა სინოდალურ თათბრიზე  და მიუხედავად იმისა, რომ  შედარებით ცუდ ვერსიას წარმოადგენდნენ, ეს ეკლესიები  კრების გამართვას დაეთანხმნენ, როგორც ეს მოხდა მაგ. მოსკოვის საპატრიარქოს შემთხვევაში 2016 წლის იანვარში.  ხოლო იმ ეკლესიების (მაგ. ანტიოქიის), რომლებიც ასევე თანხმობას აცხადებდნენ კრების გამართვაზე,  ურთიერთობები ჰტეროდოქსებთან [9]  სცდებიან იმ საზღვრებს რომელთაც ადგენს კრეტის კრება. 

მძიმე და იმავდროულად უსამართლო ბრალდებაა: კრების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიოლოგიას და აღიარებს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის გარდა სხვა ეკლესიების არსებობას.  კრების დოკუმენტები არ საუბრობენ ერეტიკოსებზე არამედ ეხებიან ჰეტეროდოქსებს. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის გარდა სხვა ეკლესიების აღიარება, აკნინებს ჭეშმარიტებას და ეკუმენიზმის მეშვეობით მიდის პან-რელიგიამდე [10]. ისმის კითხვა, წმიდა და დიდი კრების დოკუმენტები უკავშირდებიან ბაპტიზმატურ თეოლოგიას (βαπτισματική Θεολογία),  განშტოებების თეორიას (θεωρία των κλάδων) და შეერთების ეკუმენიზმს (Οικουμενισμός της ενσωμάτωσης)?

 



[1] Actes de la Conference de Cartage, (Serge Lancel), SC 224 (1975) 1132-1134.

Mansi IV, 220CD.

[2] Μητρ. Νικοπόλεως Μελέτιος, Ἡ πέμπτη Οἰκουμενικὴ Σύνοδος, Ἀθῆναι 1985, 345.

[3] Μητρ. Νικοπόλεως Μελέτιος, ὅπ, παρ., 345, ὑποσ. 60.

[4] იგულისხმებიან ბერძენი სქიზმატიკოსები.

[5] Μητρ. Μελέτιος, ὅπ. παρ., 344. Mansi 9, 577 DE.

[6] C. S. E. L 52, 446-450.

[7] Μητρ. Μελέτιος, ὅπ. παρ., 346.

[8] ძველი ბერძნული ანდაზა.

[9] სხვაგვარად მადიდებელი.

[10] Ἡ Σύνοδος τῆς Κρήτης: Ἁγία καὶ Μεγάλη Σύνοδος, Ἐπισημάνσεις καὶ Σχολιασμοὶ ἐν Συνειδήσει καὶ Ἀληθείᾳ, Ἔκδοση Συνάξεως Ὀρθοδόξων Ρωμηῶν «Φώτης Κόντογλου», Τρίκαλα (Σεπτέμβριος) 2016

  

წყაროhttp://www.romfea.gr

 

Download
ახალი ეკლესიოლოგია თუ...1.pdf
Adobe Acrobat Document 210.5 KB