ფსევდო-ბარნაბას ეპისტოლე

 

 ძველი ეპოქის მწერლები იცნობდნენ ამ ნაშრომს, მაგრამ ასე ვთქვათ თავშეკავებით ეკიდებოდნენ მას. ევსევი კესარიელი და ნეტარი იერონიმე ამ ეპისტოლეს სადაოს და ხანდახან ნაყალბევსაც კი უწოდებდნენ. კლიმენტი ალექსანდრიელი მის ავტორად მოციქულ ბარნაბას მიიჩნევდა, პატივს სცემდა მას თავისი ალეგორიზმების გამო და  დაკარგულ ნაშრომ ,,იპოტიპოსებში’’ განმარტავდა კიდევაც. ორიგენე ნაშრომს კათოლიკე ეპისტოლედ მოიხსენიებს. ამას ადასტურებს რომ ზოგიერთ ბიბლიურ კოდექსში ეპისტოლე წმ. წერილში იყო შეტანილი და ღვთისმსახურებაზეც იკითხებოდა ახ. და ძვ. აღთქმის წერილთან ერთად.

 თანამედროვე ეპოქაში ტექსტის ავტორად პავლე მოციქულის მეგზური წმ. ბარნაბას მიჩნევა რაც უკვე ეჭვქვეშაა დაყენებული რამოდენიმე შიდა მიზეზის გამო. ზოგი მკვლევარი ეპისტოლეს ავთენტურად მიიჩნევს, მაგრამ რადგან მისი აპოკრიფულობის აზრი უფრო და უფრო მყარდებოდა, ამიტომ მას ფსევდო-ბარნაბას ეპისტოლე უწოდეს.

 1859 წლამდე ჩვენთვის მხოლოდ ნაშრომის მე-4 და მე-5 თავი იყო ცნობილი მე-3 საუკუნის ლათინური თარგმანიდან.  1859 წელს ტიშენდორფმა ეპისტოლეს სრული ბერძნული ტექსტი აღმოაჩინა სინაურ კოდექსში, ხოლო 1875 წელს უკვე იერუსალიმის კოდექსში, რომელიც კონსტანტინოპოლში ინახებოდა - მეორე სრული ბერძნული ტექსტი იყო ნაპოვნი. არასრული ტექსტი ეკუთვნოდა ფრანგ ბენედიქტელ ბერ დაშერის.

 ტექსტის ავტორის დასადგენად აუცილებელია რამოდენიმე ფაქტი იყოს გათვალისწინებული:

 1. - ეს ეპისტოლე არ იყო შეტანილი ახ. აღთქმის კანონიკურ წიგნთა სიაში.

 2. - მოციქული ბარნაბას სახელი ტექსტში არსად არაა მოხსენიებული.

 3. - ავტორი მოციქულებს დიდ ცოდვილ ადამიანებად წარმოაჩენს, რათა ამით ეჩვენებინა რომ ღმერთი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსაწოდებლად მოვიდა. თუმცა მოციქულების სახელზე ასეთ ლაფის დასხმას პავლეს მეგზური ბარნაბა არ გაბედავდა.

 4. - ავტორი ძველ აღთქმაში ისეთ რამეს ხედავს, რასაც სავარაუდოდ ლევიტელი მოციქული ბარნაბა არ დაინახავდა. მართალია მოციქული პავლეც უპირისპირდებოდა იუდეველ ბუკვალისტებს ზოგიერთი ადათ-წესის გამო, მაგრამ მოციქული მოსეს რჯულის წინააღმდეგ არაფერს არ ამბობდა. აღნიშნული ეპისტოლე კი ძველი აღთმის ტრადიციულ გაგებას უპირისპირდება., ასე მაგალითად - ავტორის აზრით ებრაელები ისევე სცემდნენ ღმერთს თაყვანს ტაძარში, როგორც წარმართება და ის რომ იუდეველებმა ტაძარი გააკერპეს, ასევე წინადაცვეთის ალეგორიული გაგება და არა ფიზიკური მასთან ერთად, არაწმიდა ცხოველების დახასიათება და სხვ. ასეთი წარმოდგენები შეუძლებელია გაჩენილიყო ტრადიციულ ებრაულ გარემოში და მოციქული პავლეს სწავლების წინააღმდეგ დგას.

 5. - თავად ავტორი ამბობს, რომ ღმერთი გვაუწყებს ჩვენ არავინ არ შეუდგეს რჯულს პროზელიტთაგანი. ეს ავტორის არაებრაულ წარმოშობაზე მიუთითებს.

 პირველი გარდამოცემა ამ ძეგლის შესახებ ალექსანდრიაში გვხვდება, სადაც ეს ეპისტოლე კანონიკურ კათოლიკე ეპისტოლეთა იყო შეტანილი. ალეგორიული და ტიპოლოგიური მეთოდის სიმრავლეც ალექსანდრიული ვარიანტის სასარგებლოდ მეტყველებს. ასე ჩვენ შეგვიძლია ტექსტიდან გამოვიტანოთ დასკვნა, რომ დაწერის პერიოდში უკვე მომხდარია საბოლოო განცალკევება ქრისტიანთა და იუდეველთა შორის. ტექსტი ნახევრად გნოსტიკურ ხასიათს ატარებს.

 თავად ავტორი მიუთითებს ტექსტში იმაზე, რომ ტაძარი ამ დროს დანგრეულია. ანუ ჩნდება ვერსია რომ ტექსტი ქ.შ.-დან 70 წლის შემდეგ შეიქმნა. აგრეთვე ტექსტში აღნიშნულია, რომ ტაძარი დანგრეულია და ახლა მათი (იუდეველთა) მტრები აგებენ. ეს ალბათ იმპერატორ ადრიანეს ედიქტს უკავშირდება, რომელმაც 130 წელს იერუსალიმის - ელია კაპიტოლინას აღდგენის ბრძანება გამოსცა და იუდეველებს ნება დართო ტაძარი აეშენებინათ. სწორედ ეს თარიღია ეკლესიაში მიჩნეული ეპისტოლის დაწერის დროდ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ რადგან შემდგომ ნახსენები ტაძარი ალეგორიული სახეა და ადამიანთა სულებს აღნიშნავს, ამიტომ ზოგადად ტექსტში ტაძარზე საუბარი ალეგორიული ხასიათისაა და ცდილობენ პარალელი გაავლონ დანიელის ცნობილ ,,მეოთხე მხეცთან’’ და ის რქებთან და ვარაუდობენ რომ ეპისტოლე იმპერატორ ნერვას - მცირე მეფის დროს შეიქმნა,  თუმცა ეს შეუძლებელია რადგან ფსევდო-ბარნაბა მეფეებს საერთოდ არ ახსენებს.

 ნაწარმოები შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ. პირველი ნაწილი 1-17 თავებს მოიცავს და ძველ აღთქმას განმარტავს. მეორე ნაწილი 18-21 უკვე დიდაქტიკურია და,,ორი გზის’’ ლიტერატურის აშკარა გავლენას განიცდის.

 ეპისტოლეს ძირითადი თემაა - ძველ აღთქმასთან დამოკიდებულება. თავისი შინაარსით ძველი აღთმა ქრისტიანებს ეკუთვნის. მასში ყველა ქრისტიანული ჭეშმარიტება დაფარული სახითაა მოცემული. ამ ჭეშმარიტებათა სწორმა გააზრებამ აცხონა ძველაღთმისეული მართლები.  ,,ნურავინ ნუ იტყვის რომ იუდეველთა სული ჩვენიცაა, ის მხოლოდ ჩვენია’’, ,,ძველ აღთქმაში ყველაფერი იესოზეა და ყველაფერი მისია’’. ფსევდო-ბარნაბას აზრით ძველი აღთქმა ეს სიმბოლოთა ერთობაა.

 მისი აზრით მის ბუკვალურ გაგებას აზრი არა აქვს და ასეთი აზროვნება ხალხს ეშმაკმა შთააგონა. რჯულის ყველა დადგენილება გააზრებული უნდა იყოს სულიერად, რადგან ღმერთი მსხვერპლს კი არა შემუსვრილ გულს ითხოვს. არა ხორციელ მარხვას, არამედ კეთილ საქმეებს, არა სხეულებრივ წინადაცვეთას, არამედ სულისა და გულის, არა ღორთა, გარეულ ფრინველთა და მტაცებელთა ხორცის არმიღებას, არამედ არმიმსგავსებას მათდამი. შაბათი აღნიშნავდა მაცხოვნებელ ჟამს, რომელიც მაცხოვრის მეორედ მოსვლას უკავშირდება, ტაძარზე განგებულება კი სულიერ ტაძარს უკავშირდებოდა.

 ძველი აღთქმა, როგორც სიმბოლოთა ერთობა უნდა გააზრებულ იქნას, როგორც ტიპოლოგიური და სულიერი. ისააკი იესო ქრისტეს და მისი მსხვერპლის სიმბოლოა. ჯვრის სახით ხელებაპყრობილი მოსეც ქრისტეს განასახიერებს. სპილენძის გველი ჯვარცმის სიმბოლოა. აბრაამის 318 მსახურიც ქრისტეს სიმბოლოა - რადგან ბერძნულში 300-ს აღნიშნავს ასო ტაუ Т, 10-ს ასო I, ხოლო 8-ს ასო Н. ასე და ამგვარად 318 ქრისტეს ჯვარს (ტაუს) და მისი სახელის პირველ ორ ასოს განასახიერებს.

 ასეთი ციფრობრივი განმარტება კარგად გაითავისა ბიზანტიურმა მწერლობამ. ამისმაგვარი განმარტებები ჩვენ გვხვდება ფილონ ალექსანდრიელთან და უფრო გვიანდელ ალექსანდრიელ ღვთისმეტყველებთან.

 ასევე აღთქმულ მიწას კი იესოს უკავშირებს - ტანჯულ მიწას ადამიანობის სიმბოლოდ მიიჩნევს, რძესა და თაფლს, რომელიც აღთმულ მიწაზე მოედინება ის ჩვილთა საკვებად მიიჩნევს და ამით ქრისტიანთა სულიერ შობაზე მიუთითებს.

 ტექსტის მეორე დიდაქტიკური ნაწილი თითქმის ზედმიწევნით ციტირებს დიდაქეს მრავალ აზრს.  გარდა საერთო პარალელებისა ნაშრომში ასევე საერთო ციტატებია ძველი აღთქმიდან.

 საღვთისმეტყველო იდეების მხრივ ნაშრომი დიდად გამორჩეული არაა, როგორც ამ პერიოდის სხვა ლიტერატურა, თუმცა რამოდენიმე დასკვნის გაკეთება ჩვენ მაინც შეგვიძლია.

 იესო ქრისტეს ღვთაებრიობა დადასტურებულია ძალიან ,,უიღბლოდ“ - ავტორის აზრით ქრისტე არის ძე ღვთისა და არა ძე ადამიანისა.

 ძე ღვთისა განსჯის ცოცხალთა და მკვდართ. ნათლობა წმიდავს ადამიანს ყოველგვარი ცოდვისა და ბიწისგან.

 ზოგიერთი ფსევდო-ბარნაბას ხილიასტად მიიჩნევს. ამას ადასტურებს ის, რომ ავტორი ექვს დღეს ექვსი ათას წლად მოიაზრებს, ამას ამატებს მეშვიდე ათასწლეულს (ცნობილი ხილიასტური აზრი ქრისტეს ათასწლოვანი მეუფების შესახებ ამქვეყნად) და უმატებს მერვე მარადიულ დღეს.

 ტექსტის დიდაქტიკური ნაწილი ქრისტიანებს ამ სოფლის საცდურებისგან და ტყუილისგან გაცლას და ყოველგვარი ტანჯვის დათმენით სასუფევლის მპოვებას მოუწოდებს.

 ტექსტში 86 ციტატაა ძველი აღთქმიდან, 4 ახლიდან და 6 უცნობი წყაროებიდან.

 ამ პერიოდის მოღვაწეთა ნაშრომებში, ჩვენ იმას კი არ უნდა ვუყუროთ, თუ როგორ იყენებენ ისინი სამოციქულო ლიტერატურიდან ციტატებს, არამედ თავად დაწერისა და თხრობის სტილშია შესაძლებელი იმის განჭვრეტა თუ რამდენად ახლოს იყვნენ ისინი სამოციქულო გარდამოცემასა და სტილთან.

  

  წყაროები: 

Писания Мужей апостольских, в рус. пер. с введением и примеч. к ним прот. П. Преображенского, СПб., 1895

 

Керн К.Э. (архим. Киприан) Патрология. Т.1. Свято-Сергиевский православный богословский институт в Париже. М.-Париж, 1996

 

თარგმნა დავით ზაზაშვილმა

 

Download
ფსევდო ბარნაბას ეპისტოლე.pdf
Adobe Acrobat Document 93.9 KB