გამოცხადება, ფილოსოფია და თეოლოგია

 

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

I. გამოცხადება

 რელიგიური ცოდნის ორი ასპექტი: გამოცხადება და ემპირია (გამოცდილება). გამოცხადება არის ღვთის ხმა ადამიანისადმი. ადამიანს ესმის მისი ხმა, უსმენს მას, იღებს ღვთის სიტყვას და იმეცნებს მას. სწორედ ამ განზრახზვით ესაუბრება ღმერთი ადამიანს და მან უნდა შეიმეცნოს მისი მოწოდება. გამოცხადებით სათანადო მნიშვნელობით ჩვენ გვესმის ღვთის ეს სიტყვა ისე, როგორც ჩვენ შევიმეცნეთ. წმინდა წერილი არის იმ გამოცხადების დაწერილი ნაკრები, რომელიც ჩვენ გვეუწყა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა წმინდა წერილის ხასიათი განიმარტოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლია წარმოგვიდგენს ღვთის ხმას, რომელიც ადამიანური ენითაა გადმოცემული. გამოცხადება არის თეოფანია. ღმერთი გარდამოდის ადამიანთან და ადამიანს უცხადებს საკუთარ თავს. ადამიანი ხედავს და იმეცნებს ღმერთს და ის აღწერს იმას, თუ რასაც ხედავს და ესმის. ის ამოწმებს იმას, რაც მას განეცხადა. ბიბლიის უდიდესი მისტერია და სასწაული მდგომარეოს იმ ფაქტში, რომ ღვთის სიტყვა არის ნაუწყები ადამიანური ენით. ადრეული ქრისტიანი განმმარტებლები ძველი აღთქმის ტექსტებში ხედავდნენ ღვთის განკაცების მოლოდინსა და პროტოტიპს. უკვე ძველ აღთქმაშივე საღვთო სიტყვა ხდება ადამიანური. ეს ამტკიცებს გამოცხადების ავთენტურ ანთროპომორფიზმს. ადამიანური ენა არ ამცრობს გამოცხადების აბსოლუტურობას, არც ღვთის სიტყვის ძალმოსილებას შემოსაზღვრავს. ღვთის სიტყვა შესაძლოა ადეკვატურად გამოიხატოს ადმიანური ენით, რადგანაც ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად. სწორედ ამ მიზნითაა, რომ ადამიანმა მიიღოს ღმერთი მისი ნაუწყები სიტყვის მიღებითა და დაცვით. ღვთის სიტყვა არ იქნება დამცრობილი ადამიანური ენით ხელახლა გამოხატვისას. ამის საწინააღმდეგოდ, ადამიანური სიტყვა გარდაიქმნება (ტრანსფორმირდება), რადგანაც ღმერთმა ინება საუბარი ადამიანური ენით. ადამიანს ძალუძს ღმერთი გულისხმაჰყოს, ჩაწვდეს, მიიღოს და დაიცვას ღვთის სიტყვა. ყოველ მიზეზგარეშე, წმ. წერილში გვესაუბრება არამხოლოდ ღმერთი, არამედ ადამიანიც. ამასთანავე, თავად ღმერთი გვესაუბრება გამოცხადებაში არამხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ადამიანზეც. ამგვარად ისტორიული გამოცხადება აღსრულებას პოულობს ღმეთისა და ადამიანის ურთიერთობაში. არამხოლოდ ძველ, არამედ ახალ აღთქმაშიც ვხედავთ არამხოლოდ ღმერთს, არამედ ადამიანსაც. ჩვენ ვწვდებით ღმერთს, რომელიც მოგვეახლება და გვეცხადება და ვხვდებით პიროვნებებს რომლებმაც შეიმეცნეს ღმერთი და მოწიწებით იმეცნებდნენ მის სიტყვას და უფრო მეტიც, მის მოწოდებას დაეთანხმნენ. წმ. წერილში ასევე გვესმის ადამიანის ხმაც, რომელიც პასუხობს ღმერთს ლოცვით ან სამადლობელის აღვლენით ან (უფლის) განდიდებით და ღმერთიც მოელის, სურს და მოითხოვს ამ პასუხს. ღმერთს სურს რომ ადამიანმა არამხოლოდ მოისმინოს მისი სიტყვები, არამედ უპასუხოს კიდეც მას. უფალს სურს ადამიანი ჩართოს ამ `დიალოგში”. ღმერთი გარდამოდის ადამიანთან, რათა აღამაღლოს ადამიანი თავისთან. წმ. წერილში ნაუწყებია ღვთის სიახლოვის განსაცვიფრებელი განცხადება, ღვთის მყოფობით მთელი ადამიანური ცხოვრების განწმენდა, რაც გამოიხატება საღვთო მეოხების მიფენით დედამიწაზე. წმ. წერილში ჩვენ გვაოცებს თავად წმინდა ისტორია. წმ. წერილში გაცხადებულია, რომ თავად ისტორია ხდება საკრალური, რომ ისტორია შესაძლოა იყოს კონცენტრირებული, ხოლო სიცოცხლე განწმენდილი. გამოცხადება ჭეშმარიტად აღსრულდა ეკლესიის დაარსებითა და სულიწმინდის გარდამოსვლით სამყაროში. მას შემდეგ სული ღვთისა მყოფობს სამყაროში, რომელშიც მყისიერად მარადიული ცხონების სათავე დამკვიდრდა და გამოცხადება საბოლოოდ აღსრულდება ახალი ცისა და ახალი მიწის გამოჩინებით, ყოველი ქმნილების კოსმიური და უნივერსალური გარდაქმნით (ტრანსფორმაციით). შესაძლოა ვინმემ აღნიშნოს, რომ გამოცხადება არის ღვთის ისტორიის გზა, ჩვენ ვხვდებით თუ როგორ დადის ღმერთი ადამიანთა შორის. ჩვენ ვხედავთ ღმერთს არა ტრანსცედენტური (მიღმიერი) დიდებულებითა და ყოვლისშემძლეობით, არამედ ასევე თავისი სიახლოვით და ქმნილებისადმი სიყვარულით. ღმერთი გვიცხადებს საკუთარ თავს არამხოლოდ როგორც უფალსა და პანტოკრატორს, არამედ როგორც მამას და უმთავრესი ფაქტი რაც დაიწერა გამოცხადებაში არის სამყაროს, როგორც ღვთის ქმნილების ისტორია. წმ. წერილი იწყება სამყაროს ქმნადობით და სრულდება ახალი ქმნადობის აღთქმით. და არის ერთი დინამიკური პროცესი ამ ორს შორის: საღვთო `განგებულებასა” და მომავალ ეპოქას შორის: `აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ” (აპოკ. 21:5).

საჭირო არ არის ბიბლიური საფუძვლიანი საკითხების განმარტებას მოვეპყრათ დეტალურად. თუმცაღა ერთი რამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, წმინდა წერილი აუცილებლად უნდა განვიხილოთ ორმაგი პერსპექტივით: ისტორიის მიღმა ან როგორც ისტორია. პირველ შემთხვევაში ბიბლია არის განმარტებული როგორც მარადიული, საკრალური სახეებისა და სიმბოლოების წიგნი. შესაძლოა ვინმემ განმარტოს ის, როგორც სიმბოლური ან ალეგორიული მეთოდის შესაბამისად. ადრეულ ეკლესიაში ალეგორიული მეთოდის მიმდევრები ბიბლიას განმარტავდენენ აღნიშნული მეთოდით. შუა საუკუნეების მისტიკოსებსა და რეფორმაციის ეპოქის ხალხს ბიბლია მსგავსი მანერით ესმოდათ. მრავალი თანამედროვე თეოლოგი, განსაკუთრებით რომის კათოლიკე თეოლოგები ასევე იყენებდნენ მსგავს გაგებას. ბიბლია წარმოჩნდება როგორც რჯულის წიგნი, როგორც საღვთო მცნებებისა და განკარგულებების კოდექსი. ასევე ' Loci Theologici[1] (სისტემური თეოლოგიის) კრებულის ტექსტებად ან როგორც სახე-სიმბოლოების ანდა ილუსტრაციების კომპილაციად. მაშასადამე, ბიბლია ხდება თვითკმარი და თვითმომცველი წიგნთა წიგნი, რომ აღვნიშნოთ, რომელიც არავინ დაწერა და რომელსაც გააჩნია შვიდი ბეჭედი... მსგავსი მიდგომა არ უნდა იქნას უარყოფილი; რადგანაც არსებობს კონკრეტული ჭეშმარიტება მსგავს განმარტებაში, თუმცაღა წმინდა წერილის სულის სავსება ეწინააღმდეგება მსგავს განმარტებას. მსგავსი გაგების ძირითადი შეცდომა ადამიანისათვის მდგომარეობს აბსტრაქციაში. ჭეშმარიტად ღვთის სიტყვა არის მარადიული ჭეშმარიტება და ღმერთი (ადამიანს) ნებისმიერ ეპოქაში გამოცხადებით ესაუბრება, მაგრამ თუკი ვინმე დაამატებს წმინდა წერილის სხვადასხვა მნიშვნელობის შესაძლებლობას და აღნიშნავს, რომ წმინდა წერილში არის გარეგანი მნიშვნელობა, რომელიც დროისა და ისტორიისაგან აბსტრაქტული და დამოუკიდებელია, ეს ნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომით ის გამოცხადების რეალურობის გამანადგურებელ საფრთხეს ქმნის. მსგავსი მოსაზრება, რომ ღმერთი ესაუბრა პირველ ადამიანებს და მისი მიმართვა იყო პირდაპირი, თუმცაღა მათაც ვერ შეიმეცნეს საბოლოოდ ის, რაც ღმერთს ჰქონდა განზრახული, ესეთი მსჯელობა ამცრობს ისტორიას მითოლოგიამდე და, საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ გამოცხადება არ არის საღვთო სიტყვების სისტემა, ის საღვთო მოქმედებათა სისტემაა და, შესაბამისად, ამ მიზეზით, ის აღმატებულია ყველაფერზე _ ისტორიაზე, საკრალურ ისტორიაზე, ხსნის ისტორიასა და ღვთის ადამიანისადმი აღთქმის ისტორიაზე. მსგავსი ისტორიული პერსპექტივა ავსებს წმინდა წერილს და ამ სისავსეს განგვიცხადებს ჩვენც. წმ. წერილის სტრუქტურა ისტორიული აგებულებისაა. ღვთის სიტყვები ყოველთვის ყოველივეზე აღმატებულია, მათ გააჩნიათ პირდაპირი მნიშვნელობა. ღმერთი ხედავს ყოველივეს თვალწინ, როგორც იყო და ის ესაუბრება იმგვარად როგორც მას შეიმეცნებენ და გაუგებენ. რადგანაც ის მარადის საუბრობს კაცთათვის. წმ. წერილში არის სიმბოლიზმი, მაგრამ უფრო მეტი წინასწარმეტყველური (პროფეტული), ვიდრე ალეგორიული. წმ. წერილში არის სახებანი და სიმბოლონი, თუმცაღა წმ. წერილისეული სისავსე სახებასა და სიმბოლოს არ გულისხმობს, არამედ ისტორიასაც. უნდა განვასხვავოთ სიმბოლიზმი და ტიპოლოგია. სიმბოლიზმში ასხვავებენ აბსტრაქციას ისტორიისაგან. ტიპოლოგია ყოველთვის ისტორიულია; ეს არის წინასწარმეტყველების მსგავსი, როდესაც თავად მოვლენები წინასწარმეტყველებენ. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ წინასწარმეტყველება არის სიმბოლურიც, რომელიც მომავალზე მიანიშნებს, მაგრამ ეს არის ისტორიული სიმბოლო, რომელიც მომავლისეულ მოვლენებზე მიმართავს ყურადღებას. წმ. წერილს გააჩნია თავისი ისტორიული ტელეოლოგია, ყოველივე მიისწრაფვის ისტორიული მიჯნის წერტილისაკენ, ისტორიული ტელოსისაკენ. ამ მიზეზით არსებობს წმ. წერილში მსგავსი მიდგომა. ძველი აღთქმა არის ეპოქა მესიანური მოლოდინისა, რაც ძველი აღთქმის მთავარი თემაა, ხოლო ახალი აღთქმა არის ყოველივეზე აღმატებული, ღვთის სიტყვის სახარებისეული ისტორია, რაც გულისხმობს ეკლესიის ისტორიის დასაწყისს, რომელიც მიმართულია ახალი აპოკალიფტური აღსრულებისაკენ. `აღსრულება” არის გამოცხადების მთავარი ხარისხი.

გამოცხადება არის ღვთის სიტყვა და უწყება ღვთის შესახებ. მაგრამ ამასთანავე, გამოცხადება არის ადამიანისადმი მიმართული სიტყვა, რომელიც მოიხმობს და მოუწოდებს მას. გამოცხადებაში ადამიანის ბედია გაცხადებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ღვთის სიტყვა გვებოძება ადამიანური ენით. ჩვენ ვიცით, რომ ეს გამოცხადების არსი და ობიექტურობა გაგებულია არა როგორც ადამიანის მეობის აბსტრაგირება ან დეპერსონალიზაცია, არც მისი მათემატიკურ წერტილამდე დაპატარავება და, ამგვარად, “ტრანსცენდენტურ სუბიექტად” გარდაქმნა. ეს აშკარა წინააღმდეგობრიობაა, ვინაიდან “ტრანსცედენტურ საგანს” არ შეუძლია ისმინოს ღვთის ხმა. `ცოცხალთა ღმერთი”, გამოცხადების ღმერთი ესაუბრება ცოცხალ პიროვნებებს ემპირიულ საგნებზე. ღვთის სახე განეცხადება მხოლოდ ცოცხალ პიროვნებებს. რამდენადაც აშკარად ხედავს ადამიანი ღვთის სახეს, იმდენად ცხადი და ცოცხალი ხდება თავისივე საკუთარი სახე, იმდენად სავსედ და ნათლად წარმოჩინდება და რეალიზდება მასში `ღვთის ხატება”. უმაღლესი ობიექტურობა გამოცხადების შემეცნებასა და გაგებაში მიიღწევა უდიდესი ძალისხმევით პიროვნების შექმნისა, სულიერი აღმატებით პიროვნების ფერისცვალებით, რაც აღემატება `ხორციელ სიბრძნეს” და `ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა” (ეფ. 4:13).  იმდენად რამდენადაც ადამიანი არ არის საკუთარი თავის უარმყოფელი, არამედ ის უნდა მიისწრაფვოდეს დიდებული გამარჯვებისაკენ და არა საკუთარი თავის განადგურებისაკენ, ფერისცვალების ან ხელახალი შობისაკენ, განღმრთობისაკენ. ადამიანის გარეშე გამოცხადება შეუძლებელი იქნება, რადგანაც არავინ იქნება ღვთის სიტყვის მიმღები. ღმერთმა ადამიანი შექმნა, რათა ადამიანს ყურადეღო მისი სიტყვები, მიეღო ის, გაზრდილიყო მასში და მისი მეშვეობით `მარადიული ცხონების” თანაზიარი გამხდარიყო. ადამიანის ცოდვით დაცემამ არ შეცვალა ღვთის თავდაპირველი განზრახვა. ადამიანს არ დაუკარგავს ღვთის შემეცნებისა და მისი განდიდების შესაძლებლობა. საბოლოოდ ცოდვის ძალაუფლება და ძლიერება დამარცხდება `და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის... დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა” (იოან. 1:14). ცხონებისა და ნათლის გზა ღიაა ყველასათვის. ადამიანის სულს გააჩნია ახალი შესაძლებლობა სრულად შეიმეცნოს ღვთის უწყება მისი სიტყვების მიღებით.

 

II. ფილოსოფია

ღმერთი ესაუბრება ადამიანს არამხოლოდ ისე, რომ მას ახსოვდეს და გონებაში მოიხმოს მისი სიტყვები. შესაძლოა ვინმემ ღვთის სიტყვა დაიხსომოს და ყოველივეზე მაღლაც კი დააყენოს თავის მგზნებარე გულში. ღვთის სიტყვა ადამიანის სულში დამარხული თესლია, რომელიც აღმოცენდება და ნაყოფს გამოიღებს. ეს გულისხმობს იმას, რომ საღვთო გამოცხადების ჭეშმარიტება უნდა გაიხსნას ადამიანის გონებაში, უნდა განვითარდეს როგორც სრული სისტემა რწმენის აღმსარებლობისა, რელიგიური სისტემის პერსპექტივაში. შესაძლოა ვინმემ ეს წარმოიდგინოს რელიგიური ფილოსოფიის სისტემის და გამოცხადების ფილოსოფიის სახით, თუმცაღა ამაში ვერ ვხედავთ სუბიექტივიზმს. რელიგიური ცოდნა ყოეველთვის წარმოჩდება თავისი არსებით როგორც ჰეტერონომიური, რადგანაც საღვთო რეალობის მჭვრეტელობა და აღწერილობა გაცხადებულია ადამიანისადმი სამყაროში ღმრთაებრივის შემოსვლით. ღმერთი გარდამოდის სამყაროში და არამხოლოდ აუწყებს, არამედ რეალურად ეცხადება მას. გამოცხადება შეიძლება შეიმეცნო სარწმუნოებით, რაც გულისხმობს ჭვრეტასა და სრულყოფილებას. ღმერთი ეცხადება ადამიანს და ადამიანი ეფუძნება ღმერთს. რწმენის ჭეშმარიტება არის გამოცდილებითი. აშკარაა, რომ ეს დამყარებულია სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე. სარწმუნოება არის მომხდარი ფაქტების დადასტურება: `მაშასადამე ეს ესეა”, `მაშასადამე ეს ასე იყო” და `მაშასადამე ეს ასე იქნება”. აშკარაა, რომ ამ მიზეზით სარწმუნოება არის აგრეთვე არათვალსაჩინოებითი რელიგია, ის არის გამოცდილების ცხადყოფა. შესაძლოა ვინმემ გამოცხადებათა მიხედვით დაყოს ეპოქები და ვინმემ საერთოდ უკუაგდოს ქრისტიანული სარწმუნოების ძველი აღთქმის პრეცედენტზე დაფუძნების სწავლება. ძველი აღთქმა იყო მოლოდინის ჟამი. მთელი ძველი აღთქმის პათოსით ადამიანი მიმართული იყო `მომავლისაკენ”, რომელიც იყო ძირთადი კატეგორია ამ რელიგიური გამოცდილებისა და ცხოვრებისა. ძველი აღთქმის ადამიანის რწმენა იყო იმის მოლოდინი, რაც ჯერ არ იყო დამდგარი და ასევე იყო `უხილავი”. ჭეშმარიტად მოლოდინის ხანა დასრულდა, წინასწარმეტყველებები აღსრულდა, უფალი მოვიდა, რათა შეეხსენებინა თავისი მორწმუნეებისადმი `ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა” (მათ. 28:20). მან ადამიანებს მიანიჭა `ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად” (იოან. 1:12). მან გამოგზავნა სულიწმინდა სამყაროში, რათა წარუძღვეს მორწმუნეებს ჭეშმარიტებისაკენ (იოან. 16:13) და ასევე ასწავლა გაეხსენებინათ ყოელივე, რაც უფალმა მათ ასწავლა (იოან. 14:26). სწორედ ამ მიზეზით მორწმუნეებს `ცხორებაჲ გაქუს წმიდისა მისგან და იცით ყოველივე... და თქუენცა ცხებულებაჲ იგი რომელი მიიღეთ მისგან, თქუენ თანა ჰგიეს და არა გიჴმს, ვითარმცა ვინ გასწავა თქუენ, არამედ თჳთ იგივე ცხებულებაჲ გასწავებს თქუენ ყოვლისათჳს. და ჭეშმარიტ არს და არა არს ტყუილ; და ვითარცა-იგი გასწავა თქუენ, ეგენით მას ზედა” (I იოან 2:20, 27). მათ გააჩნიათ ჭეშმარიტების მადლი [charisma veritatis], როგორც წმინდა ირინეოსი ბრძანებს. ქრისტეში სულიერი ცხოვრების შესაძლებლობა და სარბიელი ცხადდება ადამიანისადმი. სულიერი ცხოვრების სიმაღლე, რაც გამოხატულია ცოდნასა და შემეცნებაში _ gnosis -სა და theoria -ში. ქრისტიანული სარწმუნოება არ არის მიმართული მომავლისაკენ, იგი მიმართულია, რაც აღსრულდა, მარადიული მყოფობისაკენ, საღვთო სისავსისაკენ, რომელიც გაცხადდა ქრისტეს მიერ. ამგვარად ვინმემ შესაძლოა აღნიშნოს, რომ ქრისტემ რელიგიური მცოდნეობა შესაძლებელი გახადა თავდაპირველი ეტაპისათვის, რაც გახლავთ ღმერთის შემეცნება და ამგვარად მან აღასრულა არა როგორც მქადაგებელმა ან წინასწარმეტყველმა, არამედ როგორც `სიცოცხლის მეუფემ” და ახალი აღთქმის მღვდელმთავარმა. ღვთის შემეცნება შესაძლებელი გახდა ადამიანური ბუნების განახლებით, რაც ქრისტემ აღასრულა თავისი სიკვდილითა და აღდგომით. ეს გახლდათ ადამიანის აზროვნებისა და სულისკვეთების განახლებაც, რაც გულისხმობდა ადამიანის ხედვის განახლებასაც.

ღვთის შემეცნება შესაძლებელია ეკლესიაში, ქრისტეს სხეულში, როგორც მადლისმიერი ცხოვრების ერთობაში. ეკლესიაში გამოცხადება ხდება გარეგანი გამოცხადება. სხვაგვარად რომ ითქვას, გარკვეულწილად გამოცხადება ეკლესიის აღსარება ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ახალი აღთქმის შრომები უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ეკლესია. ეს ნაწერები გახლავთ ის დაწერილი წიგნი, რომელიც ეკლესიაში შეიქმნა. ეს გახლავთ ეკლესიის, სარწმუნოების, აღნუსხულის უწყება, რაც დაცულია ეკლესიაში და ის ამოწმებს წმინდა წერილის ჭეშმარიტებას, ამტკიცებს მის ავთენტურობას, ამტკიცებს რა სულიწმინდის ავტორიტეტს, რომელიც მკვიდრობს ეკლესიაში. არ უნდა დაავიწყდეს არავის, ამით სახარებას რომ უნდა მიაგოს პატივი. დაწერილ სახარებებში მაცხოვრის სახე არის მყარად დაცული არამხოლოდ ისტორიულ მეხსიერებად, არამედ სარწმუნოებისა. ეს გახლავთ არსებითი განსხვავება, რადგანაც ჩვენ ვუწყით, რომ ქრისტე არ არის მხოლოდ მეხსიერებიდან, ან ცნობებიდან. არამხოლოდ მისი სახეა მორწმუნეთა მეხსიერებაში, არამედ ის მკვიდრობს მათ შორის, დგას რა თითოეულის სულის კართან. აშკარაა, რომ ეს გამოცდილება ცოცხალი კრებულისა ქრისტესთან, აცოცხლებს სახარებას, როგორც წმინდა წიგნს. საღვთო გამოცხადება ცოცხლობს ეკლესიაში, სხვაგვარად როგორ შეიძლება ის იქნას დაცული? მაგრამ დარწმუნებით რომ ითქვას, ეს სიტყვები ვერ ამოწურავს გამოცხადების სისრულეს, ვერც ქრისტიანულ ემპირიას. ასევე ახალი და სხვა სიტყვების შესაძლებლობაც არ არის გამორიცხული. წმინდა წერილი თავად გვიხმობს განმარტებისაკენ.

გამოცდილებითი უცვლელი ჭეშმარიტებები შესაძლოა გამოხატული იქნას განსხვავებული გზებით. საღვთო ჭეშმარიტება შეიძლება აღიბეჭდოს სახეებსა და იგავებში, რელიგიური პოეზიის ენითა და რელიგიური ხელოვნებით. ასეთი იყო წინასწარმეტყველთა ენა ძველ აღთქმაში, ანალოგიური მანერით ხშირად საუბრობდნენ მახარებლები, მსგავსადვე ქადაგებდნენ მოციქულები და მსგავსი სტილით ეკლესია ქადაგებს დღესაც თავის ლიტურგიკულ საგალობლებსა და საკრამენტალური მოქმედებების სიმბოლიზმში. ეს გახლავთ კეთილი უწყების დიდაქტიკური ენა, ლოცვის ენა და მისტიკური გამოცდილება, `კერიგმატული” თეოლოგიის ენა. არსებობს სხვა ენაც _ დოგმისა. დოგმა არის გამოცდილების დამმოწმებელი.  დოგმის სრული პათოსი მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ ის მიუთითებს საღვთო რეალობაზე, ამგვარად დოგმის დამოწმება სიმბოლურია. დოგმა არის დამოწმება აზროვნებისა, რაც განგვეცხადა, ის რაც განჩინებულია კონცეპტებსა და განსაზღვრებებში. დოგმა არის `ინტელექტუალური ჭვრეტა”, ჭეშმარიტების აღქმა. შეიძლება ვინმემ თქვას: ეს არის ლოგიკური სახება, საღვთო რეალობის `ლოგიკური ხატი” და ამავე დროს დოგმა არის განსაზღვრება, ამის გამო ლოგიკური ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია დოგმისათვის, რადგან `გარეშე სამყარო” იძენს ძალმოსილებას თავის ეგზოთერულ (გარეგან) გამოხატულებაში. ამიტომაცაა, რომ დოგმის გარეგანი ასპექტი თავისი საზრისით არის არსებითი.

დოგმა არის ახალი გამოცხადება. ის მხოლოდ ამოწმებს. დოგმატური განსაზღვრების სრული მნიშვნელობა მდგომარეობს უცვლელ ჭეშმარიტებაში, რომელიც გაცხადდა და დასაწყისიდანვე არის დაცული. `დოგმის განვითარება” არის სრული გაუგებრობა. დოგმებს არ ავითარებენ, ისინი უცვლელია და ურღვევია, მათი გარეგანი, სიტყვიერი ასპექტით. საბოლოოდ რომ ითქვას შესაძლებელია კი დოგმატური ენის ან ტერმინოლოგიის შეცვლა. რა უცნაურიც არ უნდა იყოს შესაძლოა ვინმემ თქვას: დოგმები წარმოიშვება, დოგმა მტკიცდება, მაგრამ ისინი არ ვითარდებიან. და ერთხელ დადგენილი დოგმა არის მარადიული და უქცევი `სარწმუნოების კანონი” (“regula fidei”). დოგმა ინტუიტიური ჭეშმარიტებაა, დისკურსიული აქსიომა, რომელიც მისაღებია ლოგიკური განვითარებისათვის. დოგმის მნიშვნელობა მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ ის არის გადმოცემული ჭეშმარიტება. გამოცხადება გვაუწყებს საკუთარ თავს მდუმარე რწმენაში, ეს არის თავდაპირველი და აპოფატური ნაბიჯი ღვთის შემეცნებაში. ჭეშმარიტების სისავსე მდგომარეობს აპოფატურ ჭვრეტაში, მაგრამ ჭეშმარიტება უნდა გადმოიცეს. ადამიანი მოწოდებულია რათა არ იყოს მდუმარედ, მან უნდა ისაუბრობს, იურთიერთოს. silentium mysticum[2]  ვერ გადმოსცემს ადამიანის რელიგიურ მოწოდებას. აღსანიშნავია ასევე ქების აღვლენაც. ეკლესია თავის დოგმატურ აღსარებაში წარმოაჩენს საკუთარ თავს და ქადაგებს აპოფატურ ჭეშმარიტებას, რომელსაც ის იცავს. დოგმატურ განსაზღვებათა ძიება არის ყოველივეზე აღმატებული, ესაა ძიება ტერმინებისათვის. სწორედ ამიტომაც იყო დოქტრინალური განსაზღვრებები საკამათო ტერმინებზე. უნდა განესაზღვრათ და ეპოვათ მკაფიო სიტყვები, რომლებიც აღწერდნენ და გამოხატავდნენ ეკლესიის გამოცდილებას. მათ უნდა ეთქვათ, რომ `სულიერი ხედვა” წარმოაჩენს საკუთარ თავს მორწმუნე სულის გამოცდილებასა და მჭვრეტელობაში.

სარწმუნოების ჭეშმარიტება არის ფაქტი, აუცილებლობა, ვინაიდან ის არის აგრეთვე გონების, აზროვნების ჭეშმარიტებაც. აზროვნების არსება თავისთავად გარდაქმნილი და განწმენდილია. ეკლესიამ ეს დაამოწმა მაშინ, როდესაც აპოლინარიზმი უარყო. აპოლინარიზმი თავის ღრმა მნიშვნელობით ცრუ ანთროპოლოგიაა, ეს არის მცდარი მოძღვრება ადამიანის შესახებ და მაშასადამე ეს ასევე არის სიმცდარე ღმერთკაცის, ქრისტეს შესახებაც. აპოლინარიზმი არის ადამიანური გონების უარყოფა, შიში იმ აზრისა, რომ შეუძლებელია ადამიანურ აზროვნებაში ცოდვა იყოს (“adynaton de estin en logismois antropois hamartian me einai ” – იხ. გრიგოლ ნოსელი, აპოლინარის წინააღმდეგ, II, 6, 6; I, 2) და ეს აღნიშნავს, რომ ადამიანური გონება არის განუკურნებელი atherapeuton esti.. – რაც უარყოფილი უნდა იქნას. აპოლინარიზმის უარყოფა გულისხმობს ფუნდამენტურ გამართლებას აზროვნებისა და ფიქრისა. არა იმ მნიშვნელობით, რომ ბუნებითი გონება არის უცოდველი და მართალი არამედ იმ მნიშვნელობით, რომ გახსნილია გარდაქმნისათვის, რომ შესაძლოა განიკურნოს, რადგან შესაძლოა განახლდეს. `ფილოსოფოსობა” ღმერთზე არის მხოლოდ ცნობისწადილის შედეგი. სხვაგვარად, ეს არის ადამიანის რელიგიური მოწოდებისა და მოვალეობის აღსრულება. არა როგორც დამატებითი მიღწევადობა, არამედ opus superogatorium, აუცილებლობა და რელიგიური ზნის ორგანული მოძრაობა და ამ მიზეზით ეკლესია `ფილოსოფოსობს” ღმერთზე. `დაადგინეს დოგმები, რომელ მეთევზურთა უწინ წარმოსთქვეს უბრალოჲთა სიტყვითა” (საკითხავი სამი იერარქის მსახურებიდან), `მამების დოგმები” წარმოგვიდგენენ `სამოციქულო ქადაგების” უწყვეტ კონტექსტს ინტელექტუალურ კატეგორიებში. ჭეშმარიტების გამოცდილება არ იცვლება და არც იზრდება, უეჭველია, ის აღწევს `ჭეშმარიტების შემეცნებაში” და თავად გარდაიქმნება ამ პროცესში.

შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ეკლესია დოგმების განმტკიცებაში იყენებდა ბერძნული ფილოსოფიის ენას, ან შესაძლოა თქვას, რომ ებრაული პოეტური და წინასწარმეტყველური ენიდან გადავიდა ბერძნულზე. ამ მნიშვნელობით იგულისხმება, რომ მოხდა გამოცხადების `ელინიზაცია”. სინამდვილეში, ეს გახლავთ ელინიზაციის `გაეკლესიურება” (`churchification”). შესაძლოა ვინმემ ამგვარად განიხილოს ეს საკითხი, რამაც შესაძლოა კამათიც გამოიწვიოს. ძველი აღთქმა აღსრულდა. ისრაელმა არ მიიღო ქრისტე და არ აღიარა ის აღთქმულად, ამიტომაც საღვთო მოწოდება წარმართებზე გადავიდა. ეკლესია ყოველივეზე აღმატებულია ecclesia ex gentibus. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ეს ძირითადი ფაქტი ქრისტიანობის ისტორიაში, რაც აღსრულდა ხალხების ისტორიული ხვედრით. `წარმართთა მოწოდება” გულისხმობდა იმას, რომ ელინიზმი ღვთისაგან კურთხეული გახდებოდა. რელიგიურ ბედისწერაში არ არსებობს `შემთხვევითობა”. ფაქტი ისაა, რომ სახარება ყველას მიენიჭა ბერძნულ ენაზე. სწორედ ამ ენაზე ვისმენთ სახარების სისავსეს. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება მისი თარგმნა, არამედ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ბერძნულიდან მისი თარგმნა. ბერძნული ენა უწყვეტად არის ქრისტიანული სახარების პროტოენა. ღვთის განჩინებით ებრაელი ხალხი გამოყო ყველა სხვა ანტიკური ხალხისაგან, როგორც ღვთის რჩეული ხალხი. ბერძნული ენის გამორჩევისას იყო აშკარად მცირე შემთხვევითობა, იმდენად, რამდენადაც ფაქტია, რომ `ხსნა ებრაელთაგან არს” (იოან. 4:22). ჩვენ ვიღებთ ღვთის გამოცხადებას ისე, როგორც ის აღსრულდა და უადგილო იქნებოდა შემდეგი კითხვა, რომ შემთხვევითი ყოფილიყო გამოცხადება. `ელინთა” გამორჩევაში ჩვენ უნდა დავინახოთ ღვთის ფარული განზრახვა. ნებისმიერ შემთხვევაში გამოცხადების წარმოჩენა ისტორიული ელინიზმის ენით ვერანაირად ამცრობს თავად გამოცხადებას. პირიქით, ეს საწინაღმდეგოს ამტკიცებს, რომ ამ ენას გააჩნდა განსაკუთრებული ძალმოსილება, რათა გადმოეცა გამოცხადებითი ჭეშმარიტება.

საღვთო ჭეშმარიტება როდესაც გადმოიცემა ადამიანური ენით, თავად სიტყვები გარდაიქმნებიან. ლოგიკურ სახეებსა და კონცეპტებში განმტკიცდება სიტყვისა და აზროვნების ტრანსფორმაცია. სიტყვები ხდებიან განწმენდილნი თავისი გამოყენებით. დოგმატურ განსაზღვრებათა სიტყვები არ არიან `უბრალო სიტყვები”, ისინი არ არიან `შემთხვევთი” სიტყვები, რომლებიც ვინმემ შესაძლოა შეცვალოს სხვა სიტყვებით. ისინი მარადიული სიტყვებია და შეუძლებელია მათი შეცვლა. ეს გულიხმობს იმას, რომ კონკრეტული სიტყვები კონკრეტული კონცეპტებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებობს `გამარადიულება” ერთი განსაკუთრებული ფილოსოფიური სისტემისა. უფრო კონკრეტულად რომ დავაზუსტოთ, ქრისტიანული დოგმები თავისთავად არიან ჭეშმარიტი ფილოსოფიური სისტემები. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ დოგმები არის გამოხატული ფილოსოფიური ენით ან რომელიმე კონკრეტული ფილოსოფიური სკოლის ენით. ამის საწინააღმდეგოდ შესაძლოა ვინმემ აღნიშნოს ქრისტიანული დოგმების ფილოსოფიურ `ეკლექტიციზმზე” და ამ `ეკლექტიციზმს” გააჩნია ბევრად სიღრმისეული მნიშვნელობა. მისი მნიშვნელობა მოიცავს ელინისტური ფილოსოფიის განსაკუთრებულ თემებს, რომელიც მიიღწევა მისი მიღებით; ისინი გარდაიქმნებიან და არ არიან აღსაქმებლები, რადგანაც ახლა ბერძნული ფილოსოფიის ტერმინოლოგიით სრულიად ახალი გამოცდილებაა წარმოჩენილი. ბერძნული აზროვნების თემები და მოტივები შემოსაზღვრულია და პრობლემებზე პასუხი სრულიად განსხვავებულია, მათზე პასუხი მოცემულია ახალი გამოცდილებით. ამ მიზეზით, ელინიზმმა ქრისტიანობა მიიღო, როგორც რაღაც უცხო მოვლენა და ქრისტიანული სახარება ბერძნებისათვის `სისულელე” იყო (1 კორ. 1:23).

ელნიზმი ცეცხლში გამოიწრთო ახალი გამოცდილებითა და ახალი სარწმუნოებით; ელინური აზროვნება გარდაიქმნა. ხშირად ჩვენ არ აღვნიშნავთ ამ გარდაქმნას, რომელიც ქრისტიანობამ შემოიტანა აზროვნების რეალობაში. ჩვენ ხშირად ანტიკურ ბერძნულ ფილოსოფიას ვეყრდნობით, არ განგვიცდია რა ნათლისღება ცეცხლით. ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენ მიჩვეულნი ვართ ახალ ხედვას, როგორც `თანდაყოლილ ჭეშმარიტებას”, მაშინ, როდესაც ის რეალურად მოგვენიჭა ჩვენ გამოცხადებით. შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი: სამყაროს ქმნადობის იდეა კი წარმავალი ასპექტი არ არის, არამედ თავდაპირველი პრინციპია. ბერძნული აზროვნებისათვის `ქმნილი იდეების” კონცეპტი შეუძლებელი იყო, ხოლო როდესაც ის დაუკავშირდა ისტორიის ქრისტიანულ ინტუიციას, როგორც უნიკალური, ერთხელ მომხდარი ქმნადობის აღსრულება, რეალურად, დასაწყისიდან საბოლოო დასასრულამდე შეიგრძნობა ისტორია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაუკავშირდეს ანტიკური ბერძნული აზროვნების სტატიკურ პათოსს. ადამიანის გაგება, როგორც პიროვნებისა, სავსებით შეუთავსებელი იყო ელინისათვის, რომელსაც პიროვნება მიაჩნდა მხოლოდ ნიღბად [3] . საბოლოოდ არსებობს აღდგომის უწყება, რომ ისინი (აღდგომილნი) განდიდდებიან ჭეშმარიტად ხორცში. ამ მოსაზრებას შესაძლოა ბერძნები დაეფრთხო, რადგან ისინი ცხოვრობდნენ სამშვინველის მომავალი დემატერიალიზაციის სასოებით. არსებობდა ახალი შთამბეჭდავი უწყება, რომლებიც გადმოიცა ახალი გამოცდილებით. არსებობს ვარაუდები და კატეგორიები ახალი ქრისტიანული ფილოსოფიის შესახებ. ეს ახალი ფილოსოფია შემოსაზღვრულია ეკლესიის დოგმებით. სარწმუნოების ემპირია სამყაროს უცხადებს საკუთარ თავს `ბუნებითი კაცის” გამოცდილებისაგან განსხვავებულად. გამოცხადება არ არის მხოლოდ ღვთის შესახებ უწყება, არამედ ესაა უწყება სამყაროს შესახებაც. გამოცხადების სისავსე არის ღმერთკაცის ხატებაში, რაც გახლავთ აღუწერელი ერთობა ღმერთისა და ადამიანისა, საღვთოსი და ადამიანურისა, შემოქმედისა და ქმნილებისა, რომელიც არის მარადიული დაურღვეველი კავშირი. ქალკედონის დოგმა ღმერთკაცის ერთობის შესახებ ჭეშმარიტებაა, გამოცხადების საბოლოო საზრისია და ქრისტიანული მჭვრეტელობისა და სარწმუნოების გამოცდილებაა. უფრო კონკრეტულად, ღვთის აშკარა შემეცნება შეუძლებელია ადამიანისთვის, თუკი ის სამყაროს ამქვეყნიური გაუგებარი და ცრუ კონცეპტების ერთგულია. ამაში გასაოცარი არაფერია, რადგან სამყარო არის ღვთის ქმნილება და მაშასადამე თუკი ვინმეს აქვს სამყაროზე ცრუ გაგება, მაშინ ის მიაწერს ღმერთს იმ ნამუშაკარს, რაც მას არ აღუსრულებია; სხვა ადამიანს კი შესაძლოა ღმერთის მოქმედებასა და ნებაზე დამახინჯებული მსჯავრი გააჩნდეს. მაშასადამე, სარწმუნოებისათვის ჭეშმარიტი ფილოსოფია აუცილებელია და, მეორე მხრივ, სარწმუნოება არის სპეციფიკური მეტაფიზიკური მოსაზრებებით გადმოცემული. დოგმატური ღვთისმეტყველება როგოც საღვთოდ განცხადებული ჭეშმარიტების განმარტება, არის ქრისტიანული სარწმუნოების, საკრალური ფილოსოფიის, სულიწმნდის ფილოსოფიის საფუძველი.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ დოგმა ქმედითი გამოცდილებაა და მხოლოდ მჭვრეტელობისა და სარწმუნოების გამოცდილებით ძალუძს მიაღწიოს თავის სისავსეს და გაცოცხლდეს. კვლავ რომ აღვნიშნოთ, დოგმა არ ამცრობს ამ გამოცდილებას, ისე, როგორც გამოცხადება ვერ შემოიფარგლება მხოლოდ წმინდა წერილის სიტყვებით. ეკლესიის გამოცდილება და მცოდნეობა არის უფრო მეტად აღსავსე, ვიდრე მისი დოგმატური უწყება. ეკლესია ამოწმებს მრავალ საგანს, რაც არ არის დოგმატური განცხადებები, რაც უფრო მეტად არის სახესიმბოლური, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დოგმატური ღვთისმეტყველება არ განაგდებს და არ ცვლის კერიგმატულ ღვთისმეტყველებას. ეკლესიაში ცოდნისა და გაგების სისავსე არის მონიჭებული, მაგრამ ეს სისავსე არის მხოლოდ თანდათანობითი და ნაწილობრივ გახსნილი, ზოგადად რომ აღვნიშნოთ, მცოდნეობა ამ სამყაროში არის მხოლოდ ნაწილობრივი ცოდნა და სრულად იქნება გაცხადებული Parousia[4] 4 -ში. `აწ ვიცი მცირედ” (I კორ. 13:2). ცოდნის ეს `არასრულობა” დამყარებულია იმ ფაქტზე, რომ ეკლესია `მსხემობს”, კვლავ გასრულყოფილების პროცესშია, ის ამოწმებს დროის მისტიკურ არსზე, რომელშიც კაცობრიობის ზრდა არის აღსრულებული ქრისტეს ხატების საზომის თანახმად და რომ დავამატოთ, ეკლესია არ ცდილობს გამოხატოს და საჯაროდ განაცხადოს ყველაფერი. ეკლესია არ ცდილობს, თავისი გამოცდილების შემოსაზღვრას კონცეპტების დახურულ სისტემად. მიუხედავად ამისა, ცოდნის ამჟამინდელი `არასრულობა” არ ამცრობს მის ავთენტურ ხასიათს. ერთმა რუსმა თეოლოგმა ეს მდგომარეობა შემდეგნაირად აღწერა: `ეკლესია არ იძლევა მუდმივ გეგმას თავის წევრებისადმი, ის აძლევს ღვთის ქალაქის გასაღებს და ვინც შევა მუდმივი გეგმის გარეშე, მან შესაძლოა შემთხვევით დაკარგოს თავისი გზა, იმდენად, რამდენადაც ის ყოველივეს ხედავს, ის დაეყრდნობა ისე, როგორც იყო სრულ სინამდვილეში. ვინც შეისწავლის ქალაქს გეგმის შესაბამისად, მაგრამ არ გააჩნდება რა რეალური ღვთის ქალაქის გასაღები, ვერასოდეს შევა მასში” (Melioranskii B.M. The Lectures on the History of the Ancient Christian Church, "Strannik", 1910, p. 931 - რუსულად).

 

III. თეოლოგია

გამოცხადება ეკლესიაშია დაცული. იგი ღვთისაგან მიენიჭა ეკლესიას, არა იმისათვის, რომ ინდივიდუალები გაეცალკევებინა. ძველი აღთქმის მსგავსად `სიტყუანი ღმრთისანი” (რომ. 3:2) მიენიჭა არა ცალკეულ ინდივიდუალებს, არამედ ღვთის ხალხს. გამოცხადება მინიჭებული აქვს და მიღებულია მხოლოდ ეკლესიაში, ცოცხალი ქრისტეს სხეულის მისტიკურ ორგანიზმში. ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ცოდნა არის შესაძლებელი ტრადიციის ელემენტით. ტრადიცია მნიშვნელოვანი კონცეფტია, რაც ხშირად ვიწროდ გაიგება: როგორც ზეპირსიტყვიერი წერილის საპირისპიროდ. წმინდა ტრადიცია, როგორც წმ. ირინეოს ლიონელი უწოდებს, არის `ჭეშმარიტების ტრადიცია” – traditio veritatis, ის არ არის მხოლოდ ისტორიული მეხსიერება, ასევე არც ანტიკურობისადმი მიდგომა და ემპირიული უცვალებლობა. ტრადიცია არის გარეგანი, ეკლესიის მისტიკური ხსოვნა. რაც ყოველივეზე აღმატებულია `სულის ერთიანობით” (unity of the Spirit), რაც სულიერი გამოცდილების ერთიანობა და უწყვეტობა და ასევე მადლისმიერი ცხოვრებაა. ეს არის ცოცხალი დამაკავშირებელი სულთმოფენობის დღესთან, როდესაც სულიწმინდა გარდამოხდა სამყაროში როგორც `სული ჭეშმარიტებისა”. ტრადიციის დაცვა არ არის მხოლოდ სიძველისადმი ერთგულება, არამედ ეს არის ცოცხალი კავშირი ქრისტიანული ცხოვრების სავსებასთნ. ტრადიციაზე დაყრდნობა არ არის მხოლოდ ადრეული მიდგომა, როგორც ეკლესიის კათოლიკე გამოცდილება მის სრულ ცოდნაზე. რამდენადაც ცნობილია წმ. ბიკენტი ლერინელი აღნიშნავდა შემდეგ ფორმულას: quod simper, quod ubique, quod am omnibus creditum est ” – ამ ფორმულაში, რომელშიც ხშირად ჩანს არსებითი ორაზროვნება. “Semper” და “ Ubique ” არ უნდა იყოს გაგებული ლიტერატურულად და ემპირიულად. “Oმნეს” არ მოიცავს ყველას, რომლებიც საკუთარ თავს განუკუთვნებენ ქრისტიანებს, არამედ `ჭეშმარიტ ქრისტიანებს”, რომლებიც ინარჩუნებენ ჭეშმარიტ დოქტრინებს და სწორად განმარტავენ მას. ხოლო `ერეტიკოსები” უმეცარები არიან სარწმუნოებაში და არ არიან ჩართულები `ყველას” კონცეფციაში. წმინდა ბიკენტის ფორმულა ეყრდნობა ტავტოლოგიას. ტრადიციის თვალთახედვა არ შეიძლება იყოს დადგენილი მხოლოდ ისტორიულ კვლევაში, რაც შეიძლება ძალიან სახიფათო გზა იყოს და შესაძლოა გულისხმობდეს ეკლესიის სულიერი მხარის სრულ უარყოფას. ტრადიცია გაიგება მხოლოდ `კათოლიკე” ცხოვრების თანაზიარებასთან ერთად. ტერმინ `კათოლიკეს” ხშირად არასწორად განმარტავენ. The Katholikos of kath’ holou არ ნიშნავს მხოლოდ გარეგან საყოველთაოობას, ის არის არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი მახასიათებელი. `კათოლიკე” არ ნიშნავს საყოველთაოს; Katholikos არ არის oikoumenikos -ის იდენტური. კათოლიკური ეკლესია შეიძლება ისტორიულად შემობრუნდეს `მცირე სამწყსოში”. არსებობს უფრო მეტად მრავალი `ერეტიკოსი”, ვიდრე `მართლმადიდებელი მორწმუნე” თანამედროვე სამყაროში და შესაძლოა აღინიშნოს, რომ `ერეტიკოსები” ყველაგან არიან “ ubique ” და ჭეშმარიტი ეკლესია ისტორიული ფონიდან `უდაბნოშია” განგდებული. ეს ემპირიული შემოსაზღვრულობა და მდგომარეობა არ გაანადგურებს ეკლესიის `კათოლიკურ” ბუნებას. ეკლესია არის კათოლიკე რადგანაც ის არის ქრისტეს სხეული, სადაც ხდება მის წევრთა ურთიერთ აღზრდა. განმარტოება და იზოლაცია არის დაძლეული და ჭეშმარიტი კრებული, ანუ თანაზიარი ცხოვრება Koinonia ან Koinobia აღსრულებულია. ეკლესიის ერთიანობაში კათოლიკობის განგრძობადობაა რეალიზებული. ამგვარად, მასში ეკლესიის ჭეშმარიტი მისტერია არის გადმოცმეული `რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ... რაჲთა იყვნენ სრულ ერთობითა” (იოან. 17:21, 23).

უფლის სამღვდელმთავრო ლოცვის განმარტებისას მიტროპოლიტი ანტონი კიეველი აღნიშნავდა: `ეს ლოცვა სხვა არაფერს ამკვიდრებს თუ არა ახლის დადგინებას, დედამიწაზე ეკლესიის ერთიან არსებობას. ამ რეალობას გააჩნია თავისი სახება არა დედამიწაზე, რომელშიც ერთიანობის ნაცვლად განხეთქილებაა, არამედ ზეაცაში, სადაც მამის, ძისა და სულიწმინდის ერთობა აერთიანებს სამ პიროვნებას ერთ არსებაში. ეს აღნიშნავს, რომ არ არის სამი ღმერთი, არამედ ერთი ღმერთი, რომელიც ცხოვრობს ერთი სიცოცლით. ეკლესია არის სრულიად ახალი, განსაკუთრებული, უნიკალური არსებობა დედამიწაზე, რომელიც შესაძლოა ვინმემ განმარტოს აშკარად, როგორც თუნდაც ამ ცოდვილი ცხოვრებისეული კონცეპტებით. ეკლესია არის ტრინიტარული მყოფობის ხატება, რომელშიც მრავალი პიროვნება ხდება ერთი არსება. რატომ არის მსგავსი არსებობა ყოვლადწმინდა სამების არსებობის სიმბოლო, როგორც ახალი თანამედროვე, ისე ძველი ხალხისათვის მიუდგომელი? ეს იმ მიზეზით, რომ პიროვნების ბუნებითი თვითშემეცნება არის გადმოცემული თავად მასში, რაც რადიკალურად საწინააღმდეგოა ნებისმიერი სხვა პიროვნებისა” (Archbishop Antony Khrapovitskti, Collected Works, II, 2, St. Petersburg, 1911, “The Moral Idea of the Dogma of the Church”, pp. 17-18, რუსულად). სხვა ადგილას მიტროპოლიტი ანტონი კვლავ აღნიშნავს: `ქრისტიანმა უნდა გაითავისუფლოს საკუთარი თავი სრულყოფილების საზომის შესაბამისად, გარკვეული ურთიერთშეპირისპირებისაგან, რაც გახლავთ `მე” და `არა მე”, რათა გარდაქმნას ის ადამიანური თვითშეგნების დაფუძნების სტრუქტურაზე” (Ibid, p. 65).

ადამიანის თვითშეგნების მსგავსი გარდაქმნა ასევე ხდება ეკლესიაში, `კათოლიკე” ანუ `საზოგადო” შეგნებაში. კათოლიკე შეგნება არ არის არც კოლექტიური და არც უნივერსალური პროფანაცია. ის არ არის არც ცალკეულ შეგნებულ პიროვნებათა კონგლომერატი და არც ასევე შთაბეჭდილებითი. კათოლიკობა არის კონკრეტული `აზროვნებათა ერთიანობა” და `პიროვნებათა კრებული”. კათოლიკეობა არის სტრუქტურა და სტილი `პიროვნული შეგნების განსაზღვრებისა”, რომელიც აღემატება თავის შემოსაზღვრულობასა და იზოლაციას და მუშავდება კათოლიკობის სიმაღლით, რაც არის იდეალური სტანდარტი ან მიკუთვნებულობის წერტილი, პიროვნული თვითშეგნების  telos (სასრული), რომელიც რეალიზდება პიროვნულობის დამტკიცებით და არა გაუქმებით. კათოლიკობის საზომი შესაძლოა აღსრულდეს მხოლოდ ქრისტეში ცხოვრებით, არა იმიტომ, რომ ჩვენ აღვასრულებთ ჩვენს შემეცნებაში როგორც ზოგადად აბსტრაქტულ თვითშემეცნებას ან ლოგიკური აზროვნების იმპერსონალურ ბუნებას, არამედ იმიტომ, რომ კათოლიკობა რეალიზდება კონკრეტული გამოცდილებით ანუ ჭეშმარიტების შემეცნებით. ერთიანობა რეალიზდება ჭეშმარიტებაში თანაზიარებით და ეს აღსრულდება ქრისტეში, ჭეშმარიტებაში და თავად თვითშემეცებაც გარდაქმნის მას. ისე, როგორც აშკარა გამოხატულება ამ გარდაქმნისა, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ დროის მისტერიული დაძლევა, რომელიც აღესრულება ეკლესიაში. ქრისტეში ყველა თაობისა და ეპოქის მორწმუნეები ერთიანდებიან, ხვდებიან რა ერთმანეთს ისე, როგორც თანამედროვე ერთიანობაში. ამ მოცემულობაში აშკარად რელიგიური და მეტაფიზიკური მნიშვნელობაა წმინდანთა `კრებულისა” _ communion sanctorum.. ამას გარდა ეკლესიის მეხსიერება ორიენტირებულია არა წარსულზე, რომელიც აღსრულდა, არამედ იმაზე, რაც მიიღწევა ქრისტეს სხეულის ეკლესიის სისავსეში, რომელიც ყოველივეს და ყველა ეპოქას გარემოიცავს. ტრადიცია არის ამ `ყველა დროის” სიმბოლო. ტრადიციის ცოდნა ანუ შეცნობა გულისხმობს ყველა დროის გამოცდილების სისავსის შეგნებას და ეს შესაძლოა შემეცნებული იყოს მხოლოდ ეკლესიაში, თითოეულ პიროვნებაში თავისი გამოცდილებით, მისი სულიერი სიმწიფის საზომის შესაბამისად. თვითშეგნების `კათოლიკე გარდაქმნა” საშუალებას აძლევს თითოეულ პიროვნებას არამხოლოდ საკუთარი თავი შეიცნოს ფაქტიურად, არამედ ყველა, - ეს შესაძლებელს ხდის გამოცდილების სისავსეს. ეს ცოდნა თავისუფალია ნებისმიერი შეზღუდვისაგან. ეკლესიის კათოლიკე ბუნებაში არსებობს თეოლოგური ცოდნის შესაძლებლობა, რომელიც არ არის დაყრდნობილი თეოლოგიურ მოსაზრებებზე. მე ვგულისხმობ, რომ თითოეულ პიროვნებას შეუძლია კათოლიკური სტანდარტის საკუთარ თავში რეალიზება. მე არ ვგულისხმობ, რომ თითოეული პიროვნება ამას აღასრულებს, ეს დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის სიმწიფის ხარისხზე. თითოეული პიროვნება მოწოდებულია ამისათვის და  იმათ, რომლებმაც ეს აღასრულეს, ჩვენ ვუწოდებთ ეკლესიის მამებსა და მოძღვრებს, რამდენადაც ჩვენ გვესმის მათგან არამხოლოდ პიროვნული მოსაზრებები, არამედ თავად ეკლესიის დამოწმება, რადგანაც ისინი გვესაუბრებიან კათოლიკე სისავსით, რომელიც არის ამოუწურავი და ულევი. ჩვენ კი მოწოდებულნი ვართ დავამოწმოთ ეს. ღმერთმა განუცხადა და უცხადებს საკუთარ თავს ადამიანსდა ჩვენ მოწოდებულნი ვართ დავამოწმოთ ის, რაც დავინახეთ და ვხედავთ.

 

 

 



[1] პირველად აღნიშნული ტერმინი 1521 წელს შემოიღო ფილიპ მელანხტონმა, ლუთერანული თეოლოგიის სისტემატიზატორმა, Loci communes rerum theologicarum seu hypotyposes theologicae, რომელშიც ავტორმა გადმოსცა სისტემური თეოლოგიის კონცეპტები (მთარგმ. შენიშ.).

[2]საიდუმლო დუმილი (მთარგმ. შენიშ.).

[3] აღნიშნული საკითხის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის სტატია ნიღბიდან პიროვნებამდე, [თარგმ. ბარნოვი .], რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალი გული გონიერი, #7, გვ. 25-66 (მთარგმ. შენიშ.).

[4] parousi/a (Parousia) ნიშნავს: ყოფნას, მოლოდებას, ასევე მეორედ მოსვლას (მთარგმ. შენიშ.).     

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გიორგი გველესიანმა

 

წყარო:  Revelation, Philosophy and Theology* Chapter II of Collected Works of Georges Florovsky, Vol. III: Creation and Redemption (Nordland Publishing Company: Belmont, Mass., 1976), pp. 21-40.     

 

საიტზე განთავსებულია პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკის სხვა სტატიებიც:

 

 

Cur Deus Homo? განკაცების მოტივი

ეკლესიის საზღვრების შესახებ

დაკარგული ბიბლიური გონება

წმინდა გრიგოლ პალამა და მამათა ტრადიციები ნაწილი 1 

 ეკლესიის მამები და ძველი აღთქმა

მართლმადიდებლური სწავლება  ღვთისმშობლის შესახებ

Download
ფლოროვსკი- გამოცხადება, ფილოსოფია....pdf
Adobe Acrobat Document 287.8 KB