ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის სიტყვა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

ფოთის საკათედრო ტაძარი. 2018 წელი, 25 თებერვალი

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

 

ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს კეთილდღეობისათვის, ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, საუკუნეთა განმავლობაში შრომობდა, იბრძოდა და თავისი სიცოცხლის მთავარ ვალდებულებად თვლიდა ერის სამსახურს. ღმერთმა საუკუნო ნათელში დაამკვიდროს მათი უკვდავი სულები!

დღეს ჩვენ ვიხსენებთ 1921 წლის 25 თებერვალს და იმ მოვლენებს, რომლებიც მას წინ უძღოდა. 1921 წელს, დღეის სწორს, საქართველოს თავზე წითელი დროშა აფრიალდა. აქედან მოყოლებული, ეს დღე ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნებოდა საბჭოთა საქართველოში და მას გასაბჭოების დღე ეწოდებოდა. ასე გრძელდებოდა 80-იანი წლების მიწურულამდე, ვიდრე დაიწყებოდა იმის გაცნობიერება, თუ რაოდენი ტრაგიზმით არის აღსავსე მდგომარეობა იმ ქვეყნისა, სადაც მისი მკვიდრნი დღესასწაულობენ საკუთარი ეროვნული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დასრულებას.

ეროვნული გამოფხიზლების შედეგი იყო 1991 წლის 9 აპრილი, როცა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. დღეს უკვე განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნება 26 მაისი, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღე.

ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის სამომავლო ისტორიისთვის აუცილებელია, რომ 25 თებერვლისა და 26 მაისის მოვლენებს შორის გაივლოს მკაცრი მიჯნა და მკვეთრად აღიბეჭდოს იგი საქართველოს მოსახლეობის, მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული მოქალაქეების გონებაში.

ვიხსენებთ რა საქართველოს გასაბჭოების დღეს, პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს და მის მომავალს და ბრძოლის ველზე აღესრულნენ.

1921 წლის 25-მა თებერვალმა შეცვალა საქართველოს ისტორიის ვექტორი: დამოუკიდებელმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა; საქართველო, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, გაქრა მსოფლიო რუკიდან. ეს მზაკვრული და ვერაგული აქტი განახორციელა რუსეთის სახელმწიფომ, რომელმაც მანამდე მცირე ხნით ადრე სცნო საქართველოს სახელმწიფო და მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

რთულია და განსაცდელებით აღსავსე ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ისტორია; განსაკუთრებით მძიმედ გასახსენებელია უკანასკნელი ორსაუკუნოვანი მონაკვეთი. უკიდურეს გასაჭირში მყოფმა ჩვენმა სამშობლომ თავისი არჩევანი გააკეთა და თავისი ბედი დაუკავშირა ჩრდილოელ მეზობელს იმ იმედით, რომ მისი სახელმწიფოებრიობა დაცული იქნებოდა საგარეო მტრებისაგან, რომ მას ამოსუნთქვისა და განვითარების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ ეს იმედი ხანმოკლე აღმოჩნდა და უკვე მეცხრამეტე საუკუნის საწყის ეტაპზე გაუქმებული იქნა საქართველოს სახელმწიფო; ამას მოჰყვა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმებაც. შემდგომი ორასი წლის განმავლობაში, დამპყრობლის წინააღმდეგ ორგანიზებული ამბოხებებისას, პარტიზანული ბრძოლებისას, დამპყრობელი სახელმწიფოს დროშის ქვეშ სხვადასხვა ომებში მონაწილეობისას, დაახლოებით, მილიონ სამასი ათასი ქართველია დაღუპული. ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ქართველები ვართ, ეს არ არის მცირე რიცხვი და მით უფრო არ არის მხოლოდ ციფრი; ეს იყო მილიონ სამასი ათასი ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე და ბრძოლისუნარიანი ადამიანი.

ნებისმიერ ერს აქვს მსგავსი ისტორია, როგორც წარმატებული, ასევე მძიმე პერიოდები და შესაბამისად ჰყავს თავისი გმირები. გაუგებარი იქნებოდა ჩვენ სხვა ქვეყნის გმირებს ვაფასებდეთ და პატივს მივაგებდეთ, ხოლო საკუთარ გმირებს ვივიწყებდეთ და არ ვიხსენებდეთ. ამ კონტექსტში მსურს ერთ საკითხს მივაქციო თქვენი ყურადღება: დაპყრობილი ერის ტრაგიზმის მთელი სიმწვავე მდგომარეობს იმაში, რომ დამპყრობელი ცდილობს დაპყრობილში ისტორიული მეხსიერების წაშლას.

ვიდრე ერს ახსოვს თავისი წარსული, ის ყოვეთვის იბრძვის დაკარგულის დაბრუნებისთვის, დამპყრობელის მარწუხებიდან განთავისუფლებისთვის, საკუთარი მომავლის განსაზღვრაზე უფლების აღდგენისთვის.

თვით ადამის მოდგმის ისტორიაც ხომ ეს არის?!

სამოთხიდან განდევნილ ადამიანს მუდამ ახსოვდა ის სიკეთე, რაც ღმერთმა მას უბოძა, სადაც დაასახლა. დაკარგულ სამშობლოში დაბრუნების რწმენა და დაკარგული თავისუფლების ძიების ვრცელი ისტორიაა მოთხრობილი ბიბლიაში. ამ საქმეში ადამიანს სჭირდება მშველელი, მხსნელი, მაცხოვარი; ...და ბუნებრივია, თუ პარალელებს გავავლებთ ჩვენს ყოფასთან, ჩვენც გვჭირდება შემწეობა ღვთისა, ხსოვნა წინაპართა ჩვენთა და გამოწვდილი ხელი მეგობრებისა,

რომლებიც გვეხმარებიან და დაგვეხმარებიან მომავალშიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება-განმტკიცებაში, ჩვენი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესება-გაკეთილშობილებაში; ...და კიდევ, ჩვენი მომავლის დაცულობისთვის მყარი გარანტიების შექმნაში.

 

ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება დამპყრობელის მიერ ჩვენში ისტორიული მეხსიერების წაშლის მცდელობისა;

ამას ემსახურებოდა:

- ქართულ ენაზე ღვთისმსახურების აკრძალვა ეკლესია-მონასტრებში;

- უძველესი კედლის მხატვრობის გადაღებვა-გადათეთრება;

- ქართული სულიერი განძეულობის დატაცება, ქვეყნიდან გატანა, უგზო-უკვლოდ გაქრობა;

- საქმისწარმოების რუსულ ენაზე გამართვა;

- ქართული ენის განდევნა სასწავლებლებიდან;

ყოველივე აღნიშნულის პარალელურად, იმპერიის ხელისუფლება აფუძნებს სასწავლო დაწესებულებებს, მაგრამ საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში ეს პროცესიც სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ გადააგვაროს შენი აზროვნება და იმ ყაიდაზე, იმ ქარგაზე დააფუძნოს, რომელიც დამპყრობლის ინტერესებში შედის. ამიტომაც არის, რომ ასეთი მძიმე გამოცდილების ქვეყანას, ერს, ყველაზე დიდ მტრად მოევლინება ხოლმე დამპყრობლის მიერ აღზრდილი სოციალური ფენა, რომელიც განსაკუთრებულ პირობებშია, განსაკუთრებული პატივით სარგებლობს მის თანამედროვე საზოგადოებაში, ავტორიტეტულია მისი სიტყვა, გავლენიანია მისი ქმედება და მისაბაძიც კი... და სწორედ ეს ადამიანები ევლინებიან ქვეყანას იმ ინტერესების აშკარა ან ფარულ დამცველად და იმ ხაზის გამტარებლად, რომელიც მათში ჩაინერგა იმ სახელმწიფოს მიერ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მათი აღზრდისათვის, რომელმაც მოახერხა და წაშალა მათში ისტორიული მეხსიერება, დააბლაგვა ცოცხალი აღქმა საკუთარი ვინაობისა.

დიდება და მადლობა ღმერთს, რომ სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებიც ჭეშმარიტად მამულიშვილნი, ღირსეული შთამომავლები იყვნენ თავისი წინაპრებისა, თავისი სიცოცხლე მიიტანეს სამშობლოს თავისუფლების სამსხვერპლოზე; ადამიანებმა, რომელთაც დღეს ვიხსენებთ, რაღაც ეტაპზე მომხდურისაგან ფიზიკურად ვერ დაიცვეს ქვეყანა, მაგრამ მათ შეიძლება უფრო მეტი გააკეთეს: მათ შეგვინარჩუნეს ისტორიული მეხსიერება! დღეს ეს ისტორია ჩვენს შვილებს უნდა გადავცეთ და ვუთხრათ, რომ ვიხსენებთ რა წინაპართ, პატივს მივაგებთ მათ და აღვავლენთ ლოცვებს მათი სულების საოხად, რომ წარსულის პატივისცემა და ქვეყნის მომავლისთვის ზრუნვა არის უაღრესად საპატიო საქმე და ღირსეული საქმე!

ღმერთმა დალოცოს ყოველი ჩვენი წინაპარი და ღმერთმა დალოცოს ყოველი მამულიშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახით, ბრძოლის ველზე თუ შრომის ველზე, იბრძოდა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისათვის.

დიდება და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარსული შეიძლება დაბრუნდეს და თუ ეს მოხდა, მოხდება უფრო უარესი ფორმით, ვიდრე ჩვენ შეძლება წარმოვიდგინოთ.

ჩვენ ვხედავთ გარკვეულ მცდელობებს, რომლის მიზანიც არის ჩვენს საზოგადოებაში ჩაახშონ (ან მოადუნონ) ახალაღმოცენებული ნერგი კრიტიკული აზროვნებისა. ბრძოლა გრძელდება; ეს გახლავთ მძიმე იდეოლოგიური წარსულის გამოძახილი, რომელიც მთლად წარსულადაც ვერ ვაქციეთ. ამდაგვარი საფრთხეების გასანეიტრალებლად მიგვაჩნია, რომ გვმართებს უფრო კვალიფიციური, პრინციპული და გაბედული ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში (სადაც კი ადამიანი მოღვაწეობს) საჭირო ცვლილებებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელების გზაზე, რაც ყოველგვარ საფუძველს გამოაცლიდა მსგავს მცდელობებს.

საქართველოს ირგვლივ არ ბრუნავს სამყარო; არსებობს სხვადასხვა სახელმწიფოები და ყველა მათგანს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას იმით აქვს პოლიტიკური ძალა, რომ თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები ქართული სახელმწიფოსი; ეს საზღვრებია დღეს დარღვეული და არც კი ვთქვათ, თუ ვის მიერ არის ხელყოფილი ქართული სახელმწიფოს ტერიტორიები ან თუნდაც, ვინ უმაგრებს ზურგს არსებულ პრობლემებს, ან ვის მიერ არის ის ინსპირირებული ეს ყოველივე?!

ტაში დავუკრათ ასეთ პოზიციებს? თვალი დავხუჭოთ? ასეთი მიდგომით საქართველოდან არაფერი დარჩება; ამიტომ, მთელი ჩვენი მეცადინეობა, შრომა, ინტელექტი, სხვადასხვა უნარები უნდა მივმართოთ იქით, რომ ეს სახელმწიფო, რაც დღეს გვაქვს, განვავითაროთ პოლიტიკურად, გავაძლიეროთ ეკონომიკურად, დავაბრუნოთ მუდმივი (შეუქცევადი) სულიერი აღმასვლის პროცესში, და ამ გზით შევეცადოთ, რომ საქართველო შედგეს.

ამისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

დღეს სწორედ იმ დროს ვიხსენებთ ზუსტად, როდესაც თვისებრივად ზემოთ მოხსენიებულის მსგავსი მცდელობები, გადაიზარდა მასშტაბურ გამოსვლებში და ბოლოს წითელი არმიის დახმარებით, საბჭოეთის დროშა აფრიალდა საქართველოს თავზე. ის ადამიანები კი, ვინც ქვეყანას იცავდნენ, ბრძოლის ველზე დაეცნენ, ან სამშობლოდან უცხოეთში გადაიხვეწნენ, ან კიდევ სხვადასხვა პერიოდში, მცირე შუალედებით, დახვრეტა, ფიზიკური მოსპობა და განადგურება ხვდათ წილად. შორს, რომ არ წავიდეთ, რა ბედი ეწიათ ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლებს? რა ბედი ეწია ექვთიმე თაყაიშვილს (წმ. ექვთიმე ღვთისკაცს)? რა ბედი ეწია კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას (წმიდა ამბროსი აღმსარებელს)?! კიდევ გავაგრძელოთ?!

ეროვნული საქმისადმი მათი ერთგულება და მათი ზნეობრივი ღვაწლი ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს!!!

სიტყვა გაგვიგრძელდა...

პატივი მივაგოთ ჩვენ გმირებს და არ მივცეთ დავიწყებას მათი სახელები. ეს შეგვაძლებინებს საკუთარ თავში იმ ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებას, რაც ძალიან გვჭირდება.

ღმერთმა დალოცოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულთა და ყოველთა მამულიშვილთა უკვდავი სულები!

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო,

რათა ამ ქვეყანას, თქვენ, თქვენს შვილებს, შვილიშვილებს, მომავალ თაობებს ნამდვილად ჰქონდეთ მომავალი და ნამდვილად ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება.

ჩვენთან არს ღმერთი!

 

Download
მეუფე გრიგოლის სიტყვა-ოკუპაციის-დღესთან-
Adobe Acrobat Document 73.3 KB