მატერია, სხეული და სიყვარული ქრისტიანულ გარდამოცემაში

არქიმანდრიტი ფილოთეოს ფაროსი

 

შესავალი მთარგმნელისაგან

მამა ფილოთეოს ფაროსი 1930 წელს, პირეაში დაიბადა, შეისწავლა პოლიტიკური მეცნიერებანი, სამართალი და თეოლოგია, მღვდელი 1962 წელს გახდა და სწავლა სამოძღვრო ფსიქოლოგიის მიმართულებით  გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში, სადაც სამეცნიერო და სამოძღვრო მოღვაწეობით გახლდათ დაკავებული. მუშაობდა კლინიკურ ფსიქოლოგიაშიც.

საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ, იგი ათენში შეუდგა მოღვაწეობას.

დღეისათვის, იგი, ხანდაზმულობის მიუხედავად, ნაყოფიერი მწერალი და ცნობილი მოძღვარი და  ფსიქოლოგია, აქტიურად იკვლევს საზოგადოებისთვის აქტუალურ სულიერსა და სოციალურ საკითხებს, რის დასტურადაც ქვემოთ მოყვანილი მცირე თარგმანიც გამოდგება.

მიუხედავად იმისა, რომ მამა ფილოთეოსმა თავად მონაზვნური ცხოვრება აირჩია, იგი ცხადლივ ხედავს თანამედროვე ეპოქის გამოწვევებსა და სირთულეებს, სექსის, ძალადობისა და მატერიალური კეთილდღეობის კულტს თანამედროვე სამყაროში და საფრთხეს ადამიანური ფასეულობისა და მისი ჭეშმარიტი მოწოდების ნიველირებისა; როგორც იგი მოსწრებულად აღნიშნავს, „Playboy-ს ცნობიერებამ,  ლეღვის ფოთოლი სასქესო ორგანოებს მოაშორა და ადამიანს სახეზე ააფარა.“

გამოცდილი მოძღვარი არ სცნობს ტაბუს, იგი გაბედულად საუბრობს ნებისმიერ საკითხზე, რომელიც კი ადამიანის სულსა და სხეულს ეხება, რათა დაეხმაროს ადამიანებს, პრობლემის მოგვარების პირველი ეტაპის - პრობლემის დანახვისა და აღიარების, შეძლებისდაგვარად, უმტკივნეულოდ გადალახვაში.

ქვემორე თავებში, რომელიც მისი ერთ-ერთი ცნობილი ვრცელი ნაშრომიდან გახლავთ, იგი ადამიანური ყოფის ისეთ საკითხს ეხება, როგორიცაა მისი სექსუალობა, სხეულის როლი, მისი ფუნქციები და, ზოგადად,  ადამიანური ურთიერთობების ფსიქოსომატური ხასიათი.

საუბარს ის საკმაოდ შორიდან იწყებს:

 

...ადრეულ წლებში, ეროტიული მიზიდულობა სხვისი სხეულისადმი ინტერესის სახით იჩენს თავს, პატარა ბავშვებმაც იციან, რომ იდუმალი განცდები, რომელნიც მათ ურთიერთგამოკვლევისკენ უბიძგებს, ცუდია. უსიამოვნო განცდა, უხერხულობიდან დაწყებული, სირცხვილითა და დანაშაულის გრძნობით დამთავრებული, ბევრნაირად შეიძლება გამოვლინდეს, ბავშვებს უფროსებისგან აქვთ ჩანერგილი აზრი, რომ ადამიანის სხეული უწმინდურია, სიშიშვლეს ყველაფრის ფასად უნდა ავარიდოთ თავი და თუკი შეხედავ და შემოგხედავენ, ეს ცუდია, გაცილებით უარესი კი შეხებაა - ცუდია, შეეხო და შეგეხონ!

ეს ყველაფერი ადრეულ ასაკში დაისწავლება და ღრმად ინერგება. „არ შეეხო!“- გვესმის გამუდმებით - სხვას არ შეეხო, არავის დართო ნება, შეგეხონ!“ აკრძალვა, ბავშვის ასაკისა და ოჯახური გარემოს შესაბამისად იცვლის ფორმას, მაგრამ „მესიჯი“ ნათელია - შეხება არ შეიძლება, განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის ბავშვებთან. შეხების ცოდვიანობის შეგრძნება მძაფრია,  მშობლების აკრძალვები ბავშვში წარუშლელად აღიბეჭდება.

უმეტესად, „მესიჯი“  უსიტყვოდ გადაეცემა. მშობლები ბავშვებს შეხების არიდების მაგალითს აძლევენ, ერთმანეთს ხელზეც კი არ ეხებიან და თავს თავისუფლად შვილების შეხების დროსაც ვერ გრძნობენ. მაგალითისათვის გამოდგება მამაც, რომელიც, რაღაც მომენტში, გადაწყვეტს ხოლმე, რომ მისი პატარა ქალიშვილი, ან ვაჟი უკვე საკმაოდ დიდია საიმისოდ, რომ მუხლებზე დაისვას, ან აკოცოს, თუ არ ჩავთვლით სავალდებულო ამბორს, ბავშვები კი სინაზის ამგვარ გამოვლინებაზე გიჟდებიან! ასეთი მშობლები საკუთარ თავს ნებას არ რთავენ, სხეულის მეშვეობით, ფაქიზი გრძნობები შეუზღუდავად გამოავლინონ, როგორიც არის ჩახუტება, მოფერება და რომლის მოთხოვნილებაც ყოველ ცოცხალ არსებას აქვს  - სითბო და გამხნევება, ბავშვებისთვის კი პირადაპირ აუცილებლობაა მათი თვითიდენტიფიკაციისათვის.

სარწმუნო წყაროებიდან ცნობილია, რომ ახალშობილის სიცოცხლე დიდწილადაა დამოკიდებული შეხებაზე.  სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია იმ ბავშვთა სახლებში, სადაც ბავშვები საკვებითა და პირობებით უზრუნველყოფილნი არიან, მაგრამ ალერსი აკლიათ. ცხოველებზე დაკვირვებამაც აჩვენა, რომ სხეულის გაღიზიანებისას (რეფლექსები და აღგზნება), სიგნალი ტვინისკენ იგზავნება, რომელიც მთელი ორგანიზმში განუწყვეტლივ  წარმოშობს რეაქციებს. შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეხებით კონტაქტი ჩვილის განვითარებისათვის და მისი დეფიციტი მის ჯანსაღ განვითარებას საფრთხეს უქმნის...

ზუსტი მონაცემები არ არსებობს წინასასკოლო ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ შემთხვევაში, მის სურვილს სხვას შეეხოს, მომავალში უთუოდ სირცხვილი და დანაშაულის გრძნობა ახლავს. იგი დაისწავლის, რომ შეხება არ შეიძლება და თუმც კი, ჯერჯერობით, ამის მიზეზი ვერ გაუგია, ბუნებრივად და ძალდაუტანებლად ჩახუტების უნარი უკვე დაკარგული აქვს და ისიც კი არ შეუძლია, მეგობართან ხელჩაკიდებულმა გაიაროს და, ამით, მისდამი სინაზე გამოავლინოს.

ამგვარად, უმანკოება უკვე დაკარგულია!

ბავშვის ზრდასთან ერთად,  შეხებისკენ მისწრაფება სხვათა შეწუხებისა და კონფლიქტისკენ მიდრეკილებაში გადაიზრდება, რაც, აგრეთვე, ყმაწვილს, ამ სახით ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობას აძლევს. როდესაც იგი იგრძნობს, რომ მშობლების აკრძალვას აღუდგება წინ,  მაშინ თავისავე და საპირისპირო სქესის თანარტოლებთან სექსუალურ თამაშებს იწყებს. ცხადია, მშობელთა პირდაპირ ზეგავლენას იმდენად აღარ განიცდიან, მაგრამ მათი ქცევის ძირითადი მოდელი განპირობებულია იმავე  რწმენა-წარმოდგენებით, რომელთა გავლენის ქვეშაც ბავშვობაში იყვნენ მოქცეული.

შეხება, რომელიც გამომხატველია სინაზისა და კომუნიკაციისა, უპირობოდ აღიქმება სექსუალურ გამოწვევად და საშუალებად, სასურველი შედეგის მისაღწევად. ბიჭებისა და გოგონების ურთიერთობებში,  მოლოდინების მხრივ,  გარკვეული განსხვავებები არსებობს. საზოგადოებაში გავრცელებული მითის თანახმად, გოგონები შეხებისგან სიამოვნების განცდას არც უნდა მოელოდნენ, ყოველ შემთხვევაში, მათ, განვითარების ამ ეტაპზე, პირიქით, უნდა შეეცადონ, რამდენადაც შესაძლებელია, მას თავი აარიდონ, ამიტომ, ბიჭებისთვის შეხებას უფრო სხვა დანიშნულება აქვს, ვიდრე - გოგონებისთვის. ეს საზოგადოებრივი მითი უკვეთავს, ბიჭები ეხებოდნენ და გოგონები შეხების ნებას რთავდნენ, იმიტომ, რომ ბიჭები ამით გოგონებს „შეაბამენ“, გოგონები კი საკუთარ ქალურ მომხიბვლელობას, იმისდა მიხედვით ზომავენ, რამდენად სასურველნი არიან ბიჭებისთვის.

როდესაც ორ ადამიანს შორის სექსუალური ქცევა უკვე ჩამოყალიბებულია, შეხება, როგორც უსიტყვო კომუნიკაციის საშუალება, გარკვეულ ფარგლებში ექცევა (თუ საერთოდ არ წყდება), რადგანაც, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, შეხება  ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც მოსალოდნელი ორგაზმისკენ გვიხსნის გზას და, შესაბამისად, როდესაც ეს გზა უკვე ხსნილია, შეხება დაკარგულ დროდ და ენერგიად აღიქმება.

წყვილების უმრავლესობა, მას შემდეგ, რაც უკვე ერთად სძინავს, შეისისხლხორცებს ხოლმე „როგორ“ სახელმძღვანელოების ფილოსოფიას, სადაც შეხებაზე საკმაოდ ბევრია ნათქვამი, მაგრამ  ეს წიგნები, სქესობრივ სიყვარულსა და ემოციას ერთმანეთისგან აცალკევებენ და  სიყვარულს რაღაც ობიექტად აქცევენ, რაღაცად, რომელიც ცხოვრებით კი არ განიცდება, არამედ გამოიყენება და საჭიროა, მისი გამოყენების ტექნიკა დახვეწო, ეს არის რაღაც, რაც ისწავლება, როგორც რაიმე ხელობა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებ, მთავარია, იცოდე, როგორ ამოძრავო ხელი, პირი და ა.შ  სასიყვარულო კავშირი შემოიფარგლება, მხოლოდ როგორც სხეულის ცალკეულ ნაწილთა კონტაქტი. ასე რომ, საუბრობენ რა, სექსუალურ თავისუფლებაზე, ადამიანები მეორე ადამიანის შეხებას კი არ სწავლობენ, არამედ იმას, თუ როგორ გამოიყენონ სხვისი სხეული.

მოსაზრება, რომ სექსუალური ქცევის ტექნიკა ანი და ჰოეა და სრულყოფილი სასიყვარულო ურთიერთობისთვის, მხოლოდ პრაქტიკაა საჭირო, ახალი არ გახლავთ. ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ, ამ მოსაზრებამ კლასიკური გამოვლინება ჰპოვა ფრანგი მწერალთან, ონორე დე ბალზაკთან, რომელიც ამბობს, რომ როდესაც რომელიმე ქალი მამაკაცთან სასიყვარულო კავშირს მიეცემა, იგი გორილას ხელში ვიოლინოს წააგავს. ბალზაკი ამით შეეცადა, ქალებისთვის ეამებინა, მათთვის ერთგვარი ქათინაური ეთქვა, მაგრამ ფაქტია, იგი ქალს აღწერს, როგორც ინსტრუმენტს, რომელიც უნდა გამოიყენონ, რათა სხვამ კმაყოფილება იგრძნოს, ვიოლინოც ხომ მსმენელის ყურს აამებს. ბალზაკმა გაკიცხა  გორილას უუნარობა, მშვენიერი მუსიკა შექმნას მაშინ, როდესაც ხელთ ესოდენ საუცხოო ინსტრუმენტი უპყრია.

ეს შეხედულება ქალზე, როგორც ინსტრუმენტზე, დღესაც გავრცელებულია და, ხშირად, მას თავად ქალებივე განამტკიცებენ, ქალები, რომლებიც სქესთა თანასწორობისთვის იბრძვიან. ბევრი ქალი ბალზაკის სიტყვებს სრულებით ამართლებს და აცხადებს, რომ მამაკაცები სქესობრივი ურთიერთობის დროს გორილებივით იქცევიან და არც კი იციან, ქალს როგორ მოეპყრან. ამგვარი მოსაზრება, სასიყვარულო კავშირს განაჩენს გამოუტანს ხოლმე, გამოყენების ტექნიკაზე საუბარი, პიროვნებებს საგნებად გარდაქმნის და შეხება ხდება გზა საჭირო აღგზნების მისაღწევად. იმის ნაცვლად, რომ სიყვარული ემოციური ურთიერთგაცვლა იყოს, უსულგულო მომსახურებად იქცევა, რომელიც პიროვნულ კავშირს ძირს უთხრის. მეორე ადამიანის ინდივიდუალობას არავინ დაგიდევს, ერთადერთი, რაც მას მოეთხოვება, საჭირო მოძრაობების შესრულებაა, მაგრამ, როდესაც პარტნიორები ერთმანეთს პატივს სცემენ, როგორც პიროვნებას და ძლიერი პიროვნული კავშირი სურთ, მართებთ, თავი დააღწიონ მოსაზრებას, თითქოსდა, შეხება რაიმე მიზნის მიღწევას ემსახურება - შეხება კომუნიკაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა, მდუმარე ხმა, რომელიც სიტყვათა ხაფანგს გარიდებია და მომენტალურ, იმწამიერ შეგრძნებებს გამოთქვამს.

შეხება ორ ადამიანს შორის არსებულ ფიზიკურ გათიშულობას სძლევს, აერთიანებს რა, მათ მძლავრად. როდესაც შენი საყვარელი ადამიანისკენ ხელს გაიწვდი, ან სიტყვიერად გამოთქვამ რაიმეს, ნდობას ადასტურებ და  საკუთარ თავს მიუძღვნი. ვინაიდან, შეხება შინაგანი დიალოგის ნაწილია, რომელიც სარეცელზე არც იწყება და არც მთავრდება, ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. თავის მხრივ, როდესაც ეს დაცულობის განცდა არ არსებობს, მაშინ ადამიანები შესაძლოა, სხეულებრივად ეხებოდნენ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ემოციურად გათიშულები დარჩნენ და მათი შეგრძნებები არაფრით განსხვავდებოდეს იმ ორი ნაცნობისგან, ერთმანეთს რომ ავტობუსში ეხებიან უხერხულად.

მეუღლეთათვის, ამგვარი მდგომარეობა მთელი სატანჯველია. ძნელია იმაზე მეტად იწვევდეს ბრაზს, მარტოობას, სირცხვილსა და სასოწარკვეთას რაიმე, ვიდრე მომენტი, როდესაც ეხები და გეხებიან მდუმარედ, სიბნელეში, გულგრილად, სინაზის გამოვლინება კი მხოლოდ საშუალებაა ორგაზმის მისაღწევად. ამ შემთხვევაში, შეხება სითბოს სულაც არ გამოხატავს, არამედ, უბრალოდ, რაღაც სახის მომსახურება წააგავს, სასურველის მისაღებად.

ადამიანისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, გააცნობიეროს, რომ შეხება ისეთივე საჭიროება და ორგანიზმის ფუნქციაა, როგორიც - მხედველობა, გემოვნება და სმენა. მეორე ადამიანის შეხება აკმაყოფილებს ჩვენს სიღრმისეულ მთხოვნილებას, ჩვენს ცხოვრებაში სხვათა არსებობისა, შეხება წინარე ეტაპია მეორე პიროვნებასთან  სრულყოფილი ურთიერთობისა.

როდესაც ადამიანი მოყვასს სულიერად და ემოციურად ეხება, ბუნებრივია, მისი ფიზიკურად შეხების სურვილიც გააჩნდეს. ურთიერთობის ნებისმიერი სახე ფსიქოსომატურ ხასიათს ატარებს  და სულიერ-ემოციური მხარის შესაბამისი ფიზიკური განზომილებაც გააჩნია.

მხოლოდ პათოლოგიური და ადამიანის დუალისტურ გააზრებაზე დაფუძნებული თვალთახედვა  აიგივებს შეხებას სქესობრივ ფუნქციასთან. ეს თვალთახედვა, რომელიც, ხშირად, მორალური მოჩანს და უზნეობას ეწინააღმდეგება, თავადვე ხდება მისი მიზეზი.

სხეულის „გასექსუალურებაში“ მრავალმა ფაქტორმა ითამაშა როლი, მათ შორის - ეკლესიამაც, რომელიც ასეთ მოსაზრებას მხარს უჭერს და, ამგვარად, მრავალი მილიონი ადამიანი სრულიად უსაფუძვლოდ იტანჯება, ვინაიდან, ადამიანის ყველაზე ადამიანური მოთხოვნილება - ფსიქოსომატური კონტაქტი, შებილწულად გამოცხადდა და გამტყუნდა.

რაც უფრო იოლად შიშვლდება სხეული, მით უფრო ძნელად შიშვლდება სული და, ეგებ, სწორედ სხეულის სიშიშვლეს ვიყენებთ იმისთვის, რომ, როგორმე, სულის ვინმეს წინაშე გაშიშვლებას გავექცეთ.

სხეულის გასექსუალურების ტენდენციამ, ადამიანის სურვილი, შეეხოს, ვნებად და ჟინად გამოაცხადა, სურვილი და მოთხოვნილება, რომელიც ქრისტეს საყვარელმა მოწაფემაც კი იგრძნო და, საიდუმლო სერობის ჟამს, მოძღვარს მკერდზე მიეყრდნო.

სხეულის სექსუალიზაციამ ეს საუცხოო ადამიანური უნარი, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისგან განუყოფელია, ჟინად, ვნებად აქცია და, საბოლოოდ, ამორალობად და ცხოველურად გამოაცხადა,  ადამიანს კი  არა მხოლოდ მისი უმთავრესი საჭიროების დაკმაყოფილების საშუალება წაართვა, არამედ დანაშაულის გრძნობით, ნევროზებითა და ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებებითაც აავსო, რომელთა ბოლოც, სირცხვილი, მიტოვებულობა, თვითყვედრება და მარტოობა აღმოჩნდება ხოლმე.

ძნელად, რომ რაიმე ისეთი არაადამიანური იყოს, როგორც ფიზიკური შეხების უცაბედი შეწყვეტა, რაც ათიოდე წლის ბავშვის თავს ხდება ხოლმე, რასაც თან ახლავს პირდაპირ ან ირიბად მინიშნება იმის თაობაზე, რომ შეხება A priori სქესობრივი ხასიათის მატარებელია  და მხოლოდ სექსუალური პარტნიორების, ან - პოტენციური სექსუალური პარტნიორების შეხებაა ნებადართული. ბავშვს ენერგება, რომ დაუშვებელია, თავისივე სქესის ადამიანებისადმი ნაზი გრძნობები განიცადოს და გამოხატოს, რადგან ეს სექსუალური გადახრის მაჩვენებლად აღიქმება. ამგვარად, ეს სინაზე გადაგვარებულ სახეს ღებულობს და დესტრუქციულ ქცევაში გამოვლინდება ხოლმე, რომელიც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალადობრივი ქცევა სტადიონებზე. როდესაც ადამიანებს ერთმანეთის შეხება არ შეუძლიათ, ძალადობა იჩენს თავს, ძალადობა და დემონური მოთხოვნილება სხვასთან კონტაქტისა.

სწორედ ამ გადაგვარებულ აზროვნებას ეკისრება პასუხისმგებლობა ჰომოსექსუალთა მთელი არმიის ჩამოყალიბებაში, რადგან, ერთი მხრივ, მათ სქესობრივი ქცევის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩათ, მეორე მხრივ კი ჩვენთვის უკვე ნაცნობი სტერეოტიპის ჩანერგვით, მათ უბიძგებს, ამ სტერეოტიპს განრიდებულნი, მეორე უკიდურესობაში გადაეშვან. სამწუხაროა, რომ ადამიანებიც, რომელბსაც შეეძლოთ, ეჭვი შეეტანათ ამ გავრცელებულ მოსაზრებაში და საკუთარი ინდივიდუალობის ერწმუნათ, ამ მოსაზრების საწინააღმდეგო საკუთარ სტერეოტიპს შექმნიან ხოლმე და მასში იჭედებიან.  ამგვარად, ისინი, იმედის მოცემის ნაცვლად, პრობლემებს ქმნიან.

უნდა ხაზგასმით ითქვას, რომ, ამგვარ წარმოდგენებს, არავითარი კავშირი არ აქვთ ქრისტიანულ  გარდამოცემასთან, რომლის თანახმადაც, სხეული ადამიანურ ურთიერთობებში კანონიერად და დამსახურებულად მონაწილეობს. ამის საილუსტრაციოდ, შეგვიძლია, სოფრონ იერუსალიმელის მიერ აღწერილი ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაც დავიმოწმოთ, სადაც ნათქვამია, რომ როდესაც ამბა ზოსიმა ღირს დედას მეორედ შეხვდა, ისინი ერთმანეთს პირზე ამბორით შეეგებნენ. ახალ აღთქმაში ფიზიკური კონტაქტის ძლიერ ამაღელვებელი შემთხვევებია აღწერილი, როგორიც არის იოანეს სახარებაში ნათქვამი მიეყრდნა მკერდსა მისსა (ინ. 21,20), ე.ი ქრისტეს.

აგრეთვე გულისამაჩუყებელია სინაზე, რომელსაც ქრისტე ცოდვილი დედაკაცის მიმართ ავლენს, რომელმაც იწყო დალტობად ცრემლითა ფერხთა მისთა და თმითა თავისა მისისაითა წარჰხოცდა და ამბორს-უყოფდა ფერხთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა. (ლუკ.7,38)

ეს სცენა რომ დღეს განმეორებულიყო, დიდ სკანდალს გამოიწვევდა.

როდესაც ქრისტემ შეატყო, რომ ფარისეველი სიმონი დაბრკოლდა იმის გამო, რომ მან, იესომ ქალს ასე შეხების ნება დართო, მიუბრუნდა და უთხრა: „შემოვედ სახლსა შენსა და ამბორიყოფაი არა მომეც მე“ (ლუკ.7, 44-45) მიიჩნევს, რა, ამბორს, სტუმართმოყვარეობის აუცილებელ გამოვლინებად.

როდესაც ეფესელები პავლეს ემშვიდობებოდნენ, „მოეხვივნეს ქედსა პავლესსა, ამბორს-უყოფდეს მას.“ (საქმ.20, 37-38)

ახალი აღთქმის ეპისტოლეთა უმრავლესობის ბოლოში ამბორისყოფაა ნახსენები, პეტრესთანაც და - პავლესთანაც: „მოიკითხევდით ურთიერთას ამბორისყოფითა სიყვარულისათა“

ამბროსი მედიოლანელი თავისი ძმის დაკრძალვაზე ამბობს: „რაოდენ ტკბილი იყო ჩვენი უკანასკნელი ამბორნი, რაოდენ მწუხარე ხვევნანი ჩვენნი, ჩემს მკლავებში გახევდა შენი მომაკვდავი სხეული და იქ აღმოგხდა უკანასკნელი ამოსუნთქვა შენი! მაშინ მაგრად ჩაგიკარი გულში, შენი ბაგეებიდან შენი უკანასკნელი ამოსუნთქვა წარვიტაცე, თითქოს, ამგვარად, შენი სიკვდილის თანაზიარი ვხდებოდი, ხელთ მეპყარი და უკვე აღარ მეკუთვნოდი!“

როდესაც ძველ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიაზე დიაკონი წარმოთქვამდა: „განიხარებდით ურთიერთსა, ერთურთს ამბორს უყოფდეთ!“

 მორწმუნენი ერთმანეთს პირზე ეამბორებოდნენ სიყვარულის ნიშნად. „ყოველნი აქა მყოფნი მოეხვიენით ურთიერთას, ამბორს-უყოფდით, მოეხვიენით და იხარებდით“ - ამბობს იოანე ოქროპირიც.

მოგვიანებით, როდესაც სხეულის სექსუალიზაცია დაიწყო და პურიტანულმა „ეთიკამ“, რომელმაც ეკლესიის წიაღშიც შეაღწია, სხეული უწმინდურად შერაცხა,  ამბორისყოფის ტრადიცია დავიწყებას მიეცა და მხოლოდ კლერიკოსთა შორისღა შემოგვრჩა.

ის, რომ უძველესი ეკლესია სხეულს სექსუალობის ნიშნით არ აღბეჭდავდა, კირილე იერუსალიმელიგანაც შევიტყობთ (მე-4 ს.) - შიშველი ქალები და მამაკაცები ერთ საბანელში ჯგუფურად ინათლებოდნენ: „ჰოი, საკვირველება ესე! სახილველად შიშველნი ყოველნი და არა გრცხვენინ! ემსგავსენით ადამსა, შიშველსა სამოთხესა შინა, რომელსა არა ერცხვინებოდა!“

აღსანიშნავია ისიც, რომ კლირიკოსები, რომლებიც ამ ხალხს ნათლავდნენ, მათ ნაკურთხ ზეთს თავიდან ფეხებამდე აცხებდნენ ხოლმე.

მიუხედავად საეკლესიო ეთიკის გადასხვაფერებისა, ლიტურგიკულ ცხოვრებაში დღემდეა შემორჩენილი ძველი ტრადიციის ნაშთები, როგორიცაა: „იყვარებოდით ურთიერთას“, რომელიც ამბორისყოფის ანალოგიურია, რადგანაც, საეკლესიო ენაში, სიყვარული და ამბორისყოფა, ხშირად იდენტური მნიშვნელობით გამოიყენებოდა.  ამბორისყოფის წესი დღემდე სრულდება მონასტრებში, ყველიერის კვირიაკის მწუხრზე, რომელსაც ძალიან ლამაზი და ამაღლვებელი ხალხური ტრადიციაც ახლდა, გავიხსენოთ საგალობლების მოწოდებებიც: „პასქა უფლისა ვხარობდეთ, ურთიერთს მივემთხვიენით“

ეკლესიის ყოველ მნიშვნელოვან განმწმენდელ ქმედებას, როგორიცაა ნათლობა, ხელდასხმა, ქორწინება, ზეთის კურთხევა და ცოდვათა მიტევება, ფიზიკური შეხება სდევდა თან, ხელთა დასხმით აღესრულებოდა, რასაც ახლა ოლარი ჩაენაცვლა, როდესაც პურიტანული გაგება აქაც შემოიჭრა - სხეულის სექსუალიზაცია.

ასეთ შემთხვევაში, სასჯელს განვუწესებთ სხეულს იმისთვის, რაშიც სულმა შესცოდა, ხორციელი აზროვნებით სული სცოდავს და განწმენდაც სულსვე სჭირდება,  სხვაგვარად, რაც არ უნდა განტევების ვაცად ვაქციოთ სხეული, თვითგვემის მეტს ვერარას მოვიგებთ.

  სიყვარულის (ეროს) არსის გასააზრებლად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწავლებას სამყაროს შექმნის შესახებ. განკაცება და ევქარისტიის საიდუმლოს ლიტურგიკული როლი ამ ჭეშმარიტებას განგვიცხადებს, ისევე, როგორც განგვიცხადებს ამას ეკლესიის მთელი დამოკიდებულება ადამიანის მატერიალური საჭიროებებისადმი, ამ ყოველივეს საფუძვლად უდევს სწავლება სამყაროს არარასაგან (ex nihilo) შექმნის თაობაზე. აღმოსავლური რელიგიები, სამყაროს ილუზიად და ბოროტებად აღქვამდნენ, ელინებისთვის კი მატერია მარადიული და მოქნილი გახლდათ და მას ნაირგვარი სახის მიღება შეეძლო, თუმცა, იგი, ფორმას, გარკვეუწილად, ეწინააღმდეგებოდა კიდეც. ხშირად, სამყაროს ბერძნული აზროვნებაც ერთგვარ ბოროტებად მიიჩნევს და მაშინაც კი, როდესაც ეს ასე არ არის, მატერიას, ბერძნული მსოფლმხედველობისთვის, არავითარი ესქატოლოგიური პერსპექტივა არ გააჩნია, სამაგიეროდ, ამ ყველაფერს დრამატულად უპირისპირდება იუდეოქრისტიანული ტრადიცია, რომლისთვისაც სამყარო ღვთის მიერ არარასგან შეიქმნა. ძველი აღთქმის დასაწყისში ნათქვამია, რომ პრეკოსმოგონიურ ვაკუუმში, სულიწმინდა „იქცეოდა ზედა წყალთა“, ხოლო როდესაც ღმერთმა შესაქმე განასრულა, იხილა თავისი ნაქმნარი და თქვა, რომ კარგია!

შესაქმის შესახებ სწავლებაში დაცულია ეკლესიის გარდამოცემის საფუძველი, მიუხედავად ელინისტური დუალიზმის მცდელობისა, მისთვის სახე ეცვალა. „ყოველი დაბადებული ღმრთისაი კეთილ არს და არარაი არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული“ (ტიმ. 4, 4) - ამბობს პავლე.

თანამედროვე ადამიანი, თავის სულიერ სიმშრალესა და გამოფიტულობას თეოლოგიური არგუმენტებით ამართლებს, რომელთა თანახმადაც, სულიერი ცხოვრების მიზანი ვნებათა მოთოკვაა, ყოველი ვნება[1] კი a priori ცოდვასთანაა დაკავშირებული. ამგვარი თვალსაზრისი, ქრისტიანულ სათნოებად მიიჩნევს ანგლოსაქსონურ სტოიციზმსაც, მიუხედავად აპოკალიფსისეული ფრაზის სიცხადისა: „ესრეთ ნელ-ტფილ ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაი შენი პირისაგან ჩემისა“ (აპოკ.3,16)

ნივთიერ საგანთა უგულებელყოფა, ხშირად, ასკეტიზმად წარმოჩინდება, რაც  სამყაროს დუალისტურ გაგებას ეფუძნება, რომელიც გადარჩენას სამყაროს გარეთ მიელტვის, მატერიის უგვანობისგან განრიდებული, სულიერ სამყაროში, ეს კი შესაქმის შესახებ ეკლესიის სწავლების უარყოფა გამოდის, განრიდების ნეოპლატონური მცდელობა, ნეოპლატონიზმი ხომ სამყაროს სიბოროტედ და ილუზორულად მიიჩნევს.  დუალისტური თვალთახედვა ვერ ეგუება იმას, რომ ხსნა სამყაროშიც შეიძლება აღსრულდეს და ამ ყოველივეს ბუნებრივ-დროებით წესთა მიღმა ეძიებს. ბიბლიურმა გარდამოცემა კი ღმერთსა და სამყაროს ისტორიის, დროში ღვთის საქმეთა  მიღმა არ განიხილავს. ღმერთი არ არის განყენებული აბსოლუტი, ცხოვრებისაგან მოწყვეტილი და მისდამი გულგრილი, არამედ იგი ბრძანებს და იქმს სამყაროში, რომელიც მანვე შექმნა. მაყვალი იწვის, მაგრამ ფეხსამოსს მხოლოდ ისინი გაიხდიან, ვისაც ამის სახილველად თვალი ახელილი აქვს. შესაქმის სწავლების ხელახლა გააზრება, საგანთა განწმენდის შეგრძნება ეკლესიის დღევანდელი ყოფისათვის და სიყვარულის საკითხის ჯეროვნად გასააზრებლად მნიშვნელოვანია.

თუკი შესაქმეს სათანადოდ გავიზრებთ, სხეულისა და მისი ყოველი ფუნქციის მიმართ დადებითი პოზიცია გვექნება. ყოველი მოსაზრება, რომელიც გამყოფ ხაზს ავლებს სულსა და სხეულს, როგორც კარგსა და ცუდს შორის, ეკლესიური მოძღვრებას უნდა განეშოროს. ბიბლიური სწავლების მიხედვით, ადამიანი ფსიქოსომატური ერთობაა, სული და სხეული ერთიმეორესთან განუყოფლადაა დაკავშირებული. ძველი აღთქმა არაფერს ამბობს სხეულის სულისადმი დაქვემდებარების შესახებ, პირიქით, სხეულს უგალობს, სასატკბილობას, მდიდრულ ნადიმებს, სანახაობას, ტკბილხმოვან სასმენელთ და სიყვარულის სიტკბოებას. ქრისტე მონაზონი არ ყოფილა, ძე კაცისა ჭამდა, სვამდა, ადამიანური ლხინის თანახიარი ხდებოდა, როგორც ეს გალილეის კანაში, ქორწილის ჟამს მოხდა და სიმკაცრეს იჩენდა მათ მიმართ, ვინც ხისტი სქოლასტიკურობით ეკიდებოდა ქვეყნიურ სიკეთეებს. ქრისტესეული ასკეტიზმი  სიყვარულის ძალით ეგოიზმთან ბრძოლაში ვლინდება და არა - სხეულის დამდაბლებასა  და სულის გამო მატერიის დამცირებაში. პავლეს ასკეტიზმი ესქატოლოგიური გახლდათ და არა - დუალისტური და სასოებას, მოლოდინს ეფუძნებოდა და არა - სამყაროს უარყოფას. სხეული უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ როდი უნდა დავჩაგროთ და დავსაჯოთ. იგი ტაძარია, რომელშიც ღვთის სადიდებელი აღევლინება, მას უსარგებლო და სამარცხვინო არაფერი აქვს, მისი ზოგიერთი ფუნქცია, მაგალითად, გამოყოფის, რომელსაც საჯაროდ არ ვასრულებთ, ესთეტიკის ამბავია და არა - ეთიკის, ხოლო, რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობას, იგი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რადგანაც ორი ადამიანის  პირად კავშირს ეხება და რომელიც პორნოგრაფიას ემსგავსება, როგორც კი პირად სივრცეს სცილდება და საჯარო ხდება.

ადამიანის შიშველ სხეულში უწმინდური და ბინძური არაფერია, უწმინდურად და ბინძურად, მხოლოდ  ამ სხეულის თვითნებურად გამოყენება შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც ოდენ სხეულებრივი აღგზნების გამოწვევას ემსახურება.

პირველი ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიშიშვლეს არ ფარავდნენ, უფრო ზნეობრივები და ნაკლებ უცნაურები იყვნენ, ვიდრე მათი კულტურულად განვითარებული მოძმეები. რაც სხეულზე ითქვა, იგივე შეიძლება ვთქვათ სქესობრივ კავშირზეც, რომელსაც ძველი აღთქმა „შეცნობად“ მოიხსენიებს და მას ღვთის მცნებად, ღვთის ბოძებულ ძღვენად მიიჩნევს და არა - პრობლემად. რაც შეეხება ამგვარი კავშირის მიზანს, ძველი აღთქმა მას ერთხორცად ქმნად მოიხსენიებს.

პლატონის დიალოგში „ხარმიდე“, ხერეფონი ხედავს, რომ პლატონი ხარმიდეს მშვენიერი პირსახეს განცვიფრებით უმზერს და ეუბნება, რომ თუკი ხარმინდე გაშიშვლდება, მისი მთელი სხეული ისე იქნება, თითქოსდა, ერთ სახეს უმზერდე, მისი სხეულის თითოეულ ნაწილში მისი სახე აღიბეჭდება. პლატონი აქ ამბობს იმას, რასაც შემდგომში სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი უფრო გარკვევით განაცხადებს: რომ ჭეშმარიტი სიყვარული, სხვისი სხეულის თითოეულ ნაკვთში, არა მხოლოდ სრულიად ადამიანს ხედავს, არამედ  მეტიც!  - თვით უფალს!  თავის მოძღვარზე, სვიმეონ კრძალულზე (Συμεών ευλαβής) საუბრისას, სვიმეონი ამაღელვებელ რამეს ამბობს - მას არ ერცხვინებოდა არც საკუთარი და არც - სხვათა სიშიშვლისა, საკუთარი და სხვათა სხეულის თითოეული ნაწილს ქრისტესად აღიქვამდა ცალკეულადაც და - მთლიანობაშიც .“

როგორც არ უნდა მოვიხსენიოთ ამგვარი კავშირი, იგი ორი ადამიანის ღრმა პიროვნულ შერწყმას მოიაზრებს.

შესაქმის აღწერა ადასტურებს, რომ ადამიანი შეიქმნა ხატებად და მსგავსებად ღვთისა, ყოველი ადამიანი არის ერთი „შენ“ და არა „იგი“. ფილმის Richard Liewellyn, None but the lonely heart ამბობს: „ერთხელ რომელიღაც ცხოველი დავინახე, მივუახლოვდი და ვხედავ, ადამიანი ყოფილა, უფრო ახლოს მისვლისას კი აღმოვაჩინე, რომ ძმაა ჩემი.“

როდესაც მავანი მეორე ადამიანს ცხოველად, ანდა საგნად აღიქვამს, საკუთარ თავსაც ამავე მდგომარეობაში აყენებს. თუკი სქესობრივ კავშირს მოტივად ეგოისტური ჟინი აქვს, რომელიც მეორე პიროვნებას საერთოდ არ ანიჭებს მნიშვნელობას, როგორც ძმას, რომელიც მათი საერთო შემოქმედის ხატებაა, ასეთი კავშირი ორლესულ მახვილად გვევლინება, ორივე მათგანს რომ მოაკვდინებს. სხვა შემთხვევაში, როდესაც სიყვარული გაუკუღმართებული არ გახლავთ და თავის ჭეშმარიტ ბუნებასა და მიზნებს ეთანხმება, ორი პიროვნების და არა მხოლოდ მათი სხეულების ერთობაა. ამგვარი სიყვარული მომაკვდინებელი ცოდვა კი არა, არამედ ღვთის უდიდესი საჩუქარია და არც ფიზიკურ „აღვსებასა და დაკლებას“ ემსახურება და არც - სქესობრივი ფუნქციაა, არამედ ჭეშმარიტი კავშირის საფუძველი.

ყოველი ჭეშმარიტი სასიყვარულო კავშირი, ქალწულებრივი ხასიათისაა, რამდენადაც, იგი ყოველ ჯერზე ახალია.

სიყვარული პროცესია, რომელიც მიწაზე იწყება, რათა ზეცას მიაღწიოს, მისი საბოლოო მიზანი ღვთის სიყვარულია, მაგრამ ვინც იტყვის, რომ ღვთის სიყვარული ადამიანის შეუყვარებლად იგრძნო, უფლის საყვარელი მოწაფის სიტყვებისამებრ, მატყუარაა!

ეგებ, ჩვენი ეპოქის გამოწვევაა, ეკლესია შესაქმის, მატერიის, სხეულისა და სიყვარულის შესახებ დუალისტური და ნეოპლატონისტური გაგებებისგან გავათავისუფლოთ და ბიბლიურ ფესვებს დავუბრუნოთ, რასაც ეკლესიის მამები ცდილობდნენ.

მხოლოდ ამგვარი განახლება თუ იხსნის დასავლური ცივილიზაციის თანამედროვე ადამიანს  პათოლოგიებისგან, ტანჯვა-წვალებისა და გახრწნისგან, ნეოპლატონურმა დუალიზმმა რომ მოუტანა.

 

ბერძნულიდან თარგმნა და სტატია მოამზადა  ნინო საძაგლიშვილმა, 2018. ათენი

წიგნიდან ΕΡΩΤΟΣ ΦΥΣΥΣ, Π.ΦΙΛΟΘΕΟΣ  ΦΑΡΟΣ, 2009.

 

 

 

 


[1] აქ ავტორი ვნებაში მოიაზრებს ადამიანური ფსიქოსომატურ გამოვლინებებს

 

წყაროhttps://lireusi.wordpress.com

თარგმნა ნინო საძაგლიშვილმა

Download
არქ. ფილოთეოსი.pdf
Adobe Acrobat Document 212.5 KB