ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

(6 მაისი, 20018 წელი. ფოთის საკათედრო ტაძარში)

 

ქრისტე აღსდგა!

 

ქრისტესმიერ საყვარელნო პატიოსანნო მამანო და დედანო,  ძვირფასო სამწყსოვ,

გილოცავთ დღესასწაულს! დღეს გიორგობაა, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსსახსოვარი დღე.

 

თქვენ იცით, რომ თითოეულ წმიდანს აქვს თავისი ინდივიდუალური სახე, განსაკუთრებული ცხოვრება; ასეა წმინდა გიორგისთან მიმართებაშიც; მის განსაკუთრებულობაზე რომ ვსაუბრობთ, უპირველესად მხედველობაში გვაქვს ამ წმიდანის განსაკუთრებული როლი ქართველი ერის ისტორიაში. დღეს საქართველოს ანგელოზის დღეა, რამეთუ ჩვენი სამშობლო ევროპულ ენებზე გეორგიად ანუ გიორგის ქვეყნად იწოდება. ასე იწერება და ასე გამოითქმის; ქართველთა რელიგიურ აზროვნებაში და ზოგადად ქართულ კულტურაში, გამორჩეულია ამ წმიდანისადმი ხალხის პატივისცემა, რწმენა, ლოცვითი ურთიერთობა.

 

წმიდა გიორგი მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს შობითგან 303 წელს. ეს არის წარმართობის, ქრისტიანთა დევნის პერიოდი, როცა უამრავი წმიდა მოწამე შეიძინა ქრისტეს ეკლესიამ; წმიდა გიორგის ცხოვრებიდან ჩვენ ვიცით, რომ იგი იყო წარმართი იმპერატორის, დიოკლეტიანეს არმიის მხედართმთავარი, რომის იმპერიის სამხედრო მოსამსახურე და, როგორც მისი ისტორიიდან ჩანს, თავისი დროის წარმატებული პიროვნება. იგი ერთგულად ემსახურებოდა კეისარს, დიდ პატივშიც იყო, მაგრამ მის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც ცნობილი გახდა, რომ იმპერატორისგან დიდად დაფასებული გიორგი ქრისტიანი ყოფილა. აქვე უნდა ითქვას, რომ რომის იმპერიაში მრავლად იყვნენ ადამიანები, რომელნიც ჯვარცმულისადმი რწმენას ფარულად ატარებდნენ გულში, რადგან ოფიციალურ დონეზე ქრისტიანობა იკრძალებოდა და იდევნებოდა კიდეც. ...და აი, როდესაც ირკვევა, რომ გიორგი ქრისტიანი ყოფილა, მისგან საჯაროდ ითხოვენ კერპებისადმი მსხვერპლის შეწირვას, რაც თაყვანისცემის ტოლფასი ქმედებაა.

 

რაში გამოიხატებოდა მსხვერპლშეწირვის ფორმა?

 

წარმართული ღმერთის ქანდაკების წინაშე უნდა დაენთოთ საკმეველი (ე.ი. კერპისთვის უნდა ეკმიათ).

 

მსხვერპლის შეწირვაზე წმიდა გიორგიმ უარი თქვა, რითაც დაამოწმა თავისი რწმენისადმი  ერთგულება. მრავალგზის შეგონების მიუხედავად, წმიდანი ვერ დაიყოლიეს, ვერ აიძულეს კერპისადმი მსხვერპლი შეეწირა. ამის შემდეგ უკვე საშინელი, ადამიანისთვის აუტანელი ტანჯვა-წამება მოავლინეს მის თავზე, და მიუხედავად ამისა, მაინც ვერ გატეხეს მისი სიმტკიცე; სასტიკად ნაწამებს, ცოცხლად დაგლეჯილსა და ღონემიხდილ გიორგის დილეგში ჩააგდებენ. ამ უმძიმეს წუთებში წმიდანს ეცხადება იესო ქრისტე, ამხნევებს და ეუბნება - გიორგი, მე შენთანა ვარ! როდესაც ჯალათებისთვის უკვე ცხადი გახდა, რომ საწადელს ვერ მიაღწევდნენ, გიორგი, რომელსაც არანაირი ამსოფლიური პატივი არ აკლდა, ჯვარცმულისადმი ერთგულებისთვის სიკვდილით დასაჯეს.

 

განუზომელია წმიდა გიორგის დამსახურება  მსოფლიო ეკლესიის წინაშე, მთელ საქრისტიანოში. ისტორია წმიდა გიორგის მოწამეობის შესახებ საქართველოში გავრცელებას იწყებს  წმიდა მოციქულთასწორი ქალწული ნინოს შემოსვლიდან. (ორივე მათგანი კაპადოკიელები იყო).

 

მართალია, ჩვენ არ ვიცით, წმიდა გიორგიმ კონკრეტულად რომელ ბრძოლებში გაითქვა სახელი, როგორც ძლიერმა სარდალმა, მაგრამ ნამდვილად ვიცით მისი ცხოვრების იმ მთავარი ბრძოლის შესახებ, საიდანაც იგი გამარჯვებული გამოვიდა; ...და ეს გამარჯვება იყო ისეთი შთამბეჭდავი, ძლიერი და დამაჯერებელი, რომ ჩვენამდე მოვიდა არა მხოლოდ გარდამოცემა მის შესახებ, არამედ ეს წმიდანი დღესაც, ჩვიდმეტი საუკუნის შემდეგაც, აგრძელებს თავის მხედრულ მოვალეობას, გვამხნევებს, გვაძლიერებს და მონაწილეობს ჩვენს ბრძოლაში, ბნელეთის ძალებთან დაპირისპირებაში.

 

წმიდა დიდმოწამე გიორგიმ ისეთი მძლავრი გავლენა მოახდინა ქართველთა ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე და ისე მყარად დამკვიდრდა ქართულ სააზროვნო სივრცეში, რომ იგი გახდა ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. შეიძლება ითქვას, რომ იგი არის შემომკრები ფიგურა, გამაერთიანებელი და გამამთლიანებელი. წმიდა გიორგი არის თანამედროვე საქართველოსერთ-ერთი მთავარი პიროვნება და ბუნებრივად გვებადება კითხვა (მსგავსად, დავით წინასწარმეტყველის მიერ თქმულისა), რით შეიძლება მივაგოთ პატივი წმიდა გიორგის ყოველივე იმისთვის, რასაც ის ჩვენთვის აკეთებს?! აკეთებს კი იმას, რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გვამხნევებს, გვაძლიერებს და ბრძოლისუნარიანობას გვმატებს.

 

საქართველოში მრავალ ადამიანს შევხვდებით, რომლებიც გიორგის სახელს ატარებენ (დაახლოებით 200000-ზე მეტი). უპირველესად მათ და მათთან ერთად სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენთაგანს გილოცავთ, წმინდა გიორგის ხსენებას.

 

დაე, წმიდა დიდმოწამე გიორგის სულიერი შემწეობით ღმერთმა  დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და განგამტკიცოთ მაცხოვნებელ რწმენაში ყოვლადწმიდა სამებისადმი.

 

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო,

სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო,

ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი,

ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა  ჩვენთათვის!

 

ახლა მინდა ორ საკითხს გამოვეხმაურო, რომლებმაც ბოლო დღეებში დიდი ადგილი დაიკავა მედიასივრცეში და ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ესენია:

 

- რელიგიური გრძნობების შელახვის საწინააღმდეგო კანონპროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში.

 

- ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელშიც ასახულია საზოგადოების განწყობები.

 

რელიგიური  გრძნობების შესახებ.

თემა უაღრესად ფაქიზია და დიდი სიფრთხილე გვმართებს, როდესაც მას ვეხებით.

რელიგიურ გრძნობა, შესაძლოა ითქვას, რომ არის რელიგიური მოტივებით განპირობებული შინაგანი მდგომარეობა, რასაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ქმედებაზე. მაგალითისთვის გეტყვით:

            ერთის მხრივ, როცა ვამბობთ, რომ „საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის“, და ამის დასტურია უკანასკნელი ორიათასწლოვანი ისტორია ქართველი ერისა, სწორედ რომ ქართველთა რელიგიური განცდა განაპირობებდა მის შეუპოვრობას უსასტიკეს ისტორიულ ქარტეხილებში და არნახულ გამძლეობას, რამაც დღემდე მოგვიყვანა.

            მეორეს მხრივ, ადამიანის რელიგიურ გრძნობებზე ზემოქმედებით ხდება თვითმკვლელი ტერორისტების გამრავლება, რასაც ეწირება ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე მთელს მსოფლიოში.

            და მესამე: დღეს ქართველთა რელიგიურ გრძნობებზე ზემოქმედებისა და მისით მანიპულირების  მცდელობით მიმდინარეობს ქართული საზოგადოების პოლიტიკური დეზორიენტირებისკენ მიმართული ქმედებები, რაც დიდი რისკების შემცველია ქვეყნისთვის და თვით ჩვენი საზოგადოებისთვის.

 

რელიგიური გრძნობა (განცდა), თავის პოტენციაში დიდ ენერგიებს ინახავს, და ეს ენერგიები შეიძლება იქცეს როგორც დიდი სიკეთის წყაროდ, ასევე დიდი ბოროტებისაც. შესაბამისად, ადამიანის რელიგიურ გრძნობებთან უშნოდ თამაში ძალიან სახიფათოა; და, როცა საუბარი იწყება იმაზე, რომ უნდა შეიქმნას კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შელახვისგან, წარმოუდგენლად გვეჩვენება იმდაგვარი კანონის შექმნა, რომელშიც ზედმიწევნით იქნებოდა განმარტებული რელიგიური გრძნობის ცნება და დადგინდებოდა მისი შელახვა-არშელახვის კონკრეტული საზღვრები; ანუ, კვლავ გავიმეორებ, რომ შეუძლებლად მიგვაჩნია მისი რეგლამენტირება და დიდად დასაფიქრებელია, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში (და სწორედ აქეთ მიემართება სასამართლო სისტემაში განსახორციელებელი რეფორმა), რა შედეგის მომტანი იქნება კანონი, რომელსაც, თავისი ზოგადი ხასიათის გამო, მოსამართლის მიერ სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცემა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ნუ გამოვრიცხავთ, რომ ყოველივე ეს ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდეს, მისგან გამომდინარე შედეგებითურთ.

 

რელიგიური გრძნობების საკითხი, ჩვენი აზრით, არა იმდენად სამართლებრივი საკითხია, რამდენადაც მორალის სფეროს განეკუთვნება. ვიღაცისთვის ეს შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ვიღაცისთვის კი განუზომელი ტკივილისა და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს.

 

როდესაც რელიგიურ გრძნობებს ვეხებით, აქ,  ალბათ, პირველ რიგში, ჩვენ, საზოგადოების წევრები, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად  მოზომილები. მადლობა ღმერთს და ჩვენს წინაპრებს, რომ ჩვენს ქვეყანაში გვაქვს განსხვავებული რწმენისა და აღმსარებლობის ადამიანებისადმი პატივისცემის ისტორიული ტრადიცია. თვით ქართველთა შორის გვყავს ჩვენ მუსლიმები, კათოლიკეები და სხვანი, რომელთა მიმართაც გვაკავშირებს ხორციელი ძმობა და თანამოქალაქეობა.

 

ჩვენ უნდა შევძლოთ ერთი ცის ქვეშ, ერთ სახელმწიფოში, ერთი კონსტიტუციის პირობებში, მშვიდობიანი თანაცხოვრება.

 

ეს უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა ადამიანმა განურჩევლად მისი აღმსარებლობისა, რელიგიური რწმენისადმი ინდიფერენტულობისა ან  თუნდაც რელიგიასთან შინაგანი დაპირისპირებულობისა.

ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს!

 

სოციოლოგიური კვლევის შესახებ .

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და აქტიური მსჯელობის საგნად იქცა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის (NDI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა, სადაც მოტანილია სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა ნდობის პროცენტული მაჩვენებლები. ამ კვლევის თანახმად, ეკლესიისადმი მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელი არის შემცირებული და სწორედ ეს გახდა განსაკუთრებული მსჯელობის საგანი.

 

მოდით, გავიხსენოთ, რომ იყო დრო, არც თუ შორეულ წარსულში, როცა ეკლესიისადმი ნდობის მაჩვენებელი 80-85 %-ის ფარგლებში იყო (და ვგონებ აღემატებოდა კიდეც). საინტერესოა, რამდენად საფუძვლიანი და საიმედო იყო ეს მაჩვენებელი და რას ეფუძნებოდა ასეთი მაღალი სანდოობა?

 

ეს ციფრები ჩვენთვის უკვე მაშინ იყო დამაფიქრებელი, რადგან იგი აღემატებოდა თვით მართლმადიდებელ ქრისტიანთა რაოდენობასაც კი, და რაოდენ გასაკვირიც უნდა ყოფილიყო, აშკარა იყო, რომ ეკლესიას ნდობას უცხადებდა არა მხოლოდ ქრისტიანი, არამედ არაქრისტიანიც და  მოსახლეობის ეთნიკურად არაქართული ნაწილიც; ამის შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს წერილში („ეკლესია და საზოგადოება“ - თბილისი, 2004 წ.).

 

იმჟამად არსებულმა სინამდვილემ ცალსახად გამოკვეთა,  რომ ეკლესიის მიმართ ხალხს გაუჩნდა  გადაჭარბებული მოლოდინები, ანუ მოლოდინი, რომელიც ეკლესიის სულიერ და სოციალურ მისიას სცდებოდა; ადამიანს ეკლესიიდან სურდა მიეღო ის, რასაც სახელმწიფო ვერ აძლევდა, ან ვერ უზრუნველყოფდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საბჭოთა სისტემის ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი საზოგადოების სურვილი ცხოვრების გაჯანსაღებისა და სტაბილურობის მიღწევისა.

 

ხალხმა თავისი იმედი და მოლოდინი დაუკავშირა ღმერთს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომლის პიროვნული ე.წ. „რეიტინგი“ ეკლესიისადმი ნდობის მაჩვენებლის კლების პირობებშიც კი, სტაბილურად მაღალი რჩებოდა.

 

რასაც ზემოხსენებულ კვლევაში საგანგებო ყურადღებას მივაქცევდით, არის არა ეკლესიისადმი ნდობის კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი, არამედ - ნდობის კლების ტენდენცია. ეს ტენდენცია კი ორგვარი შეფასების საშუალებას გვაძლევს:

 

პირველი შეფასება:

საზოგადოება ნელა, მაგრამ მაინც, გამოდის პოსტსაბჭოური მდგომარეობიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარეობს, ერთი მხრივ, ეიფორიული მდგომარეობიდან, მეორე მხრივ, მიღებული გლობალური მასშტაბის სტრესებიდან გამოფხიზლების პროცესი. ამ პირობებში, საზოგადოების ნაწილი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ მისი მოლოდინები ეკლესიის მიმართ იყო გადაჭარბებული, ნაწილი კი თვლის, რომ ეკლესიამ იმედები გაუცრუა და ორივე ნაწილის დამოკიდებულება ერთნაირად აისახება ეკლესიისადმი ნდობის კლების ტენდენციაში.

 

მეორე შეფასება.

ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ საკითხს;

როდესაც ადამიანი მედიასივრციდან თითქმის ყოველდღიურად ისმენს ეკლესიის (როგორც ინსტიტუციის) შესახებ ინფორმაციებს (თუნდაც ნეგატიურს), რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო, იგი ცდილობს გაერკვეს იმაში, თუ რა ხდება; იწყებს ფიქრს, აზროვნებას და ნელ-ნელა ჩვენს თვალწინ იბადება კრიტიკული აზროვნება, რაც ადამიანის ბუნების მნიშვნელოვანი მახასიათებელია, თუმცა კვლავ ისტორიას მოვუხმობ და გეტყვით, რომ საბჭოეთის მემკვიდრე აზროვნებისთვის ყოვლად მიუღებელი იყო და არის კრიტიკული აზრი, რადგან იგი განსხვავებული შეიძლება იყოს უმრავლესობის შეხედულებისგან; ეს ქმედება გუშინ დასჯადი იყო, ხოლო დღეს უკვე  ადამიანებზე სხვადასხვა იარლიყების მიკერების საფუძველი ხდება; ასეა ერში და ასეა ბერში.

საერთოდ კი უნდა ვთქვათ, რომ თუ ადამიანს კრიტიკული აზროვნება არ ექნება, ის ვერ გაიგებს თავისუფლების არსს, ვერასდროს დადებს მიჯნას მონობასა და თავისუფლებას შორის. დღეს, წმიდა სახარებაში ჩვენ წავიკითხეთ ასეთი სიტყვები:

 

„...მოვალს ჟამი, რაითა ყოველმან, რომელმან მოგწყვიდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხვერპლი შეწირა ღმრთისა“(ინ. 16,2).

 

ეს არის მაცხოვრის მიერ გამოთქმული ფრიად საგულისხმო და დამაფიქრებელი შეგონება.

 

მე-20 საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებისგან განსხვავებით, ადამიანი შედარებით აქტიურად სწავლობს  გარჩევას კარგისა და ცუდისა, ნეგატიურისა და პოზიტიურისა; ეს ჯანსაღი პროცესია, თუმცა კი მას ახლავს ტკივილი და უსიამოვნება, რასაც იწვევს თავისუფლება, რომელსაც თან არ ახლავს პასუხისმგებლობა.

 

და მაინც, ჩვენი საზოგადოება იზრდება და ეს არის უაღრესად დადებითი პროცესი.

 

რაც შეეხება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას, რის შესახებაც ხშირად გვესმის, ის ყოველთვის იყო ეკლესიის დაარსების დღიდან და ამ ბრძოლის პირობებში განმტკიცდებოდა რწმენა, რომელმაც უამრავი წმიდანი შესძინა ქრისტეს ეკლესიას და სულიერად გააძლიერა იგი; ამ ბრძოლის პირობებში იბადებოდა დოგმატური კანონები, იქმნებოდა კანონიკური სამართლის ძეგლები; ერთი სიტყვით, ეკლესია იწრთობოდა. ამის გამოხატულებაა თვით წმინდა გიორგი, რომლის ხსენებასაც აღვასრულებთ დღეს.

და განა მარტო წმინდა გიორგი? - ათასობით და ასიათასობით ადამიანი.

 

ამ ტიპის სოციოლოგიურ კვლევებს, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, ჩვენ გონიერი და ანალიტიკური თვალით უნდა შევხედოთ და არა ემოციურად. ისე კი უნდა ითქვას, რომ მსგავს კვლევებს პერიოდულად ჩვენ თვითონ უნდა ვატარებდეთ, რათა ჩვენი საზოგადოების მაჯისცემას ვგრძნობდეთ და ვასწორებდეთ შეცდომებს, რისგანაც არასდროს და არავინ არის დაზღვეული.

 

და ბოლოს:

 

ზოგს არ მოსწონს ეს სიტყვა - კრიტიკული აზროვნება, მაგრამ ახლა მინდა შეგახსენოთ, რომ სამოთხეში არსებობდა ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა, რაც შემთხვევითობას სულაც არ წარმოადგენდა;

 

ღმრთის შემოქმედება არის მიზანდასახული უმაღლესი აქტი.

 

კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი ადამიანისთვის, როგორც ღმერთს მიმსგავსებული არსებისთვის, სუბსტანციურ თვისებას წარმოადგენს. ამ თვისების თუ უნარის განხორციელება შეუძლებელია კრიტიკული აზროვნების გარეშე. მთავარია, თვით კრიტიკული აზროვნების კონკრეტული შემთხვევები არ იყოს ტენდენციური, მიკერძოებული, რაც კრიტიკულობის პროფანაციას ახდენს.

 

მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა არ ნიშნავს დათრგუნულობას, და თავის თავში არ ატარებს გაუაზრებელი ან ძალადობრივი მონობის შინაარსს, არამედ ეს არის ღრმად გააზრებული პიროვნული პასუხისმგებლობა, იმისა, რომ შენ ხარ თანამონაწილე ყოველივესი, რაც შენს ირგვლივ ხდება, შენი წილი პასუხისმგებლობა არის ყველაფერში და ნუ გაექცევი ამ პასუხისმგებლობას, ნუ დაუწყებ დამნაშავეს ძებნას სხვაგან და სხვაში, უპირველესად შენს თავს მოჰკითხე.

 

და აქვე გეტყვით:

 

კარგად დავიმახსოვროთ, მხსნელი, გადამრჩენელი, ერთი გვყავს, და ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის ჯვარს ეცვა, მოიკლა, დაიფლა, აღსდგა მესამესა დღესა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

 

დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს ერთგულებაზე ამ მხსნელის მიმართ, ჩვენს ერთგულებაზე იმ მცნებების მიმართ, რაც მან დაგვიდგინა, იმ სწავლების მიმართ, რასაც ის გვასწავლის იმისთვის, რომ გადარჩენისა და საუკუნო ცხოვრების გზაზე დაგვაყენოს, რათა ნაკლები შეცდომებით განვვლოთ ჩვენი პიროვნული გოლგოთა.

 

სწორედ იმიტომ, რომ „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“, უფალი გვიგზავნის ხსნას, გვიგზავნის ნუგეშს, გვიწვდის ხელს და გვაძლევს საშუალებას, რომ განვთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვებისაგან.  სწორედ ეს გზაა გამოხატული სინანულის საიდუმლოში.

 

ძმებო და დებო, ჩვენო ძვირფასო სულიერო შვილებო!

 გვახსოვდეს, წმინდა გიორგი თავისი მოწამეობით იმარჯვებს... ზუსტად ისევე როგორც უფალი იესო ქრისტე ჯვარზე სიკვდილით ამარცხებს სიკვდილს. ქრისტესადმი მიმბაძველი წმინდა გიორგი, თავისი მოწამეობით ამარცხებს ურჩხულს; იმ ურჩხულს, რომელიც იკონოგრაფიაში გველეშაპის სახით გამოისახება.. ეს ურჩხული ყოველდღიურად, ყოველ წამიერად უპირისპირდება ადამიანს და ლამის არის მოახრჩოს იგი. მასთან გამკლავებას სჭირდება წმინდა გიორგის რწმენა, მისი მსგავსი მოთმინება და თავდადება.

 

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! დღესასწაულს გილოცავთ კვლავ და კვლავ; წმიდა გიორგის ხსენებას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, სრულიად საქრისტიანოს.

 

 

წმიდა დიდმოწამე გიორგის კურთხევა შეგეწეოდეთ მარადჟამ, აწ და უკუნისამდე, ამინ!  

 

 ფოთის საკათედრო ტაძარი 

 

Download
09.05.2018.-გიორგობა_რედაქტირებული-..pdf
Adobe Acrobat Document 263.7 KB