ქადაგება ყოველთა წმიდათა კვირიაკეს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის,

მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის ქადაგება

ყოველთა წმიდათა კვირიაკეს

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა,

ჩვენთან არს ღმერთი!

პატიოსანო მამანო, ჩვენო ძვირფასო სულიერნო შვილნო!

კვირის მადლი შეგეწიოთ, ბრწყინვალე აღგდომის მადლი, რამეთუ სწორედ ბრწყინვალე აღდგომამ აღავსო განსაკუთრებული შინაარსით ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ კაცობრიობის ცხოვრება; რადგან ბრწყინვალე აღდგომამ ჩაუსახა ადამიანებს საოცარი რწმენა და იმედი მომავალი აღდგომისა.

წუთისოფელი, რაოდენ კარგადაც არ უნდა მოაწყო ადამიანმა, არ არის მაინც სრულყოფილი. აქ ერთმანეთშია გადაჯაჭვული ტკივილი და სიხარული, ბედნიერება და უბედურება; კაცს რომ ჰგონია, აი, ახლა მიაღწია ბედნიერებას, საოცარი მოულოდნელობების წინაშე აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ აქ ხედავს და ხვდება, თუ რა მძიმე მდგომარეობა ელოდება წინ. ამიტომაც გჭირდება მტკიცე და ძლიერი რწმენა, რომ გავუძლოთ განსაცდელს, რომ ის არ იყოს ისეთი თავზარდამცემი, პირდაპირ სასოწარკვეთილებისკენ, ყველაფრის და ყოველივეს უარყოფისკენ რომ გიბიძგოს. რწმენაა ის სასწაული, ტკივილს რომ გადაგატანინებს; და ასევე დაგეხმარება, რომ სიხარულშიც ზომიერება შეინარჩუნო, რომ შეიგრძნო ნამდვილი სიხარული, რაც ძალიან სჭირდება ადამიანს, ძალიან სჭირდება საზოგადოებას!

თუ ჩვენ შევეცდებოდით დაკვირვება გვეწარმოებინა ჩვენს განცდებზე და ჩანაწერებს გავაკეთებდით, ვნახავდით, რომ წუთისოფელში ტკივილი უფრო მეტია, ვიდრე სიხარული; მაგრამ სიხარულს ისეთი ძალა აქვს, შენს გულში რომ შემოდის, ყველანაირ ტკივილს გიამებს და განვლილ მძიმე დღეებს, განსაცდელებს, სხვა თვალით დაგანახებს. მითუმეტეს დიდი ძალა აქვს რწმენის წიაღში მოპოვებულ სიხარულს, როცა დარწმუნებული ხარ და განიცდი, რომ ღმერთი შენთან არის; როცა გწამს და გჯერა, რომ უფალს არ მიუტოვებიხარ, რომ იგი არც არასდროს არ მიგატოვებს.

კაცმა კაცი შეიძლება მიატოვოს, ისიც კი გაგვიგია - დედა შვილს რომ მიატოვებს, სასიკვდილოდ რომ გაწირავს, მაგრამ ღმერთი არასდროს გტოვებს; აი, ეს უნდა გწამდეს, გჯეროდეს და გადაულახავი წინააღმდეგობა შენს ცხოვრებაში არც არასდროს იარსებებს.

თქვენ მოისმინეთ დღეს წაკითხული წმიდა წერილის განმარტება, დეკანოზმა ამბროსი ხოშტარიამ იქადაგა ამის შესახებ; აუცილებელია, რომ ყოველივე მოსმენილი ჩვენს გულსა და გონებაში გავატაროთ. ყოველივე, რაც წმიდა წერილშია გადმოცემული, ჩვენდა საცოდნელადაა, ჩვენდა დასახმარებლად, ჩვენდა სასწავლებლად, ჩვენდა დასამოძღვრავად; ის კიდეც გვამხელს და კიდეც გვმოძღვრავს; კიდეც გვანუგეშებს და გვეხმარება, რომ სახარებისეულ სარკეში ჩავიხედოთ და თავი მოვიწესრიგოთ. აი, განსაკუთრებულად გამოკვეთილი მნიშვნელობა წმიდა წერილისა, რომელიც არის სიტყვა განკაცებული ღვთისა, რომელიც მოვიდა და იქადაგა და დაგვიტოვა სწავლება; მოწაფეები აღზარდა, ასწავლა, განამტკიცა რწმენაში, სულიწმიდის მადლით განაბრძნო და გამოგვიგზავნა ჩვენ. მოციქულებრივი კაცნი საუკუნეთა განმავლობაში მოდიან და მოაბიჯებენ და გვმოძღვრავენ და გვასწავლიან ჩვენ; და თუ მათ ზურგს შევაქცევთ, ჩვენი მხრიდან ეს იქნება დიდი უგუნურება, უმეცრებით ან ბოროტი წინააღმდეგობით გამოწვეული.

ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვარი მოვიდა სოფელში და სოფელმა ის არ მიიღო. მოვიდა საცხოვნებლად კაცთა და სოფელმა ის ჯვარს აცვა; და ჩვენ კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ - ქრისტიანი რომ ვარ, რას ველი მე ჩემი რწმენისგან, რისთვის ვარ აქ. დააკვირდით, პეტრე მოციქული როგორ ეკითხება იესოს -

„აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით. რა გვექნება?“ (მთ. 19,27)

ეს ძალიან ბუნებრივი კითხვაა, რომელიც ადამიანს ებადება, რადგან ყოველი ქმედება შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. მას შემდეგ, რაც პეტრე მოციქულმა ეს კითხვა დაუსვა მაცხოვარს, განვლო ორი ათასმა წელმა. ორიათასაწლოვანმა ისტორიამ, ეკლესიის დევნა-შევიწროვებამ, მოციქულთა ტანჯვა-წამებამ და, ასეთ ვითარებაში, მათ მიერ ჭეშმარიტების დამოწმებამ, ჩვენ უნდა გაგვზარდოს და განგვამტკიცოს ღვთისადმი რწმენაში და შეგვაძლებინოს, რომ როცა მსგავსი კითხვა ჩნდება გონებაში, უპასუხოდ არ დატოვო და ისევ წმიდა წერილში, საეკლესიო გარდამოცემაში, წმიდანთა ცხოვრებებში მოიძიო მასზე პასუხი და მას აუცილებლად იპოვი! ამ პასუხს ვერ იპოვი იმ ადამიანებთან, რომლებიც ღმერთთან დაპირისპირებულნი არიან და ცდილობენ, ღმერთს „გაუსწორონ ანგარიში“ საკუთარი სისუსტეებისა და ნაკლოვანებების გამო.

სწორედ ამგვარ უცნაურ ჭიდილში ყალიბდება ერთგვარი მეამბოხე, თავისი არსით, დესტრუქციული და ნიჰილისტი ადამიანი, რომლის მთავარი მოწოდება ყველასა და ყველაფრის ნგრევაა; ასეთები ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან; აქ ახალი არაფერია! უფრო საგანგაშოა ის, რაც არაერთხელ გვითქვამს: არიან ისეთი ადამიანები, ვინც ეკლესიაშია, მაგრამ ქრისტიანი - ვერა და ვერ გახდა! ნათლობით ქრისტიანია, მაგრამ ცხოვრებაში გაუცხოებულია სახარებისეული სწავლებისგან და მისი ქმედებები შეუფერებელია იმ აღთქმისა, რომელიც სულიწმიდის ბეჭდით აღიბეჭდა მის სხეულზე მირონცხებისას.

ისინი ქრისტიანობის მთავარ სიქველეთა მადლს განრიდებულნი არიან. აი, ასეთი ადამიანები უფრო საშიშნი შეიძლება აღმოჩნდნენ!

ჩვენ კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ პიროვნულ პასუხისმგებლობას ღმერთისა და ადამიანის წინაშე და დღენიადაგ განვისწავლებოდეთ.

თანამედროვე ადამიანი ძალიან დიდ დროს უთმობს ვირტუალურ სამყაროსთან ურთიერთობას, მაგრამ იგი არამც და არამც არ უნდა მოწყდეს რეალობას; ადამიანმა რეალურ სამყაროში უნდა იპოვო საკუთარი თავი და დანიშნულება. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის თემა, შენი ყოფნა-არყოფნის საკითხი. ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა და აუცილებელია ასეთ სერიოზულ (საბედისწერო) საქმეს, სერიოზულად მოვეკიდოთ.

დღეს არის ხსენება წმიდა მეფე კონსტანტინესი და მისი დედის, დედოფალი ელენესი. კონსტანტინე მეფის დროს იქნა მიღებული „მილანის რჯულთშემწყნარებლური კანონი“, ანუ მილანის ედიქტი, რომლის თანახმადაც ეკლესიას, ქრისტიანებს მიეცათ თავისუფალი არსებობის საშუალება და ოფიციალურად იქნა აღიარებული ქრისტიანობა, როგორც რელიგია. უფრო მეტიც, შემდგომში ჩვენ ვხედავთ რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქნა გამოცხადებული, თუმც თვით მეფე მოგვიანებით მოინათლა. ხოლო დედოფალი ელენე, დედა კონსტანტინე მეფისა, არის ის ადამიანი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია იერუსალიმში იმ ჯვრის მოძიება და აღმოჩენა, რომელზედაც იესო ქრისტე გააკრეს; ელენეს სახელს უკავშირდება დიდებული ტაძრის მშენებლობა იერუსალიმში; ტაძრისა - რომლის გუმბათქვეშ არის გაერთიანებული გოლგოთა, მაცხოვრის საფლავი. მოციქულთასწორი კონსტანტინეს და ელენეს ლოცვით ღმერთმა დალოცოს ყოველი ღვთის მაძიებელი და მისი ეკლესიისკენ მომავალი ადამიანი.

გვსურს კვლავ შეგახსენოთ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი დღეს წაკითხული სახარებიდან:

„ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.“ (მთ. 10,38).

ეს კარგად დავიმახსოვროთ და როგორც უკვე მოისმინეთ ქადაგებაში, ჯვარი არის შენი ცხოვრება, ჯვარი არის თუნდაც ის განსაცდელები, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგახარ და თვალი უნდა გაუსწორო ამ ყველაფერს, მას ვერსად დაემალები. თვალი გაუსწორე სინამდვილეს და იტვირთე შენი წილი პასუხისმგებლობა; არასდროს არ გაექცე მას, ზურგი არასდროს აჩვენო განსაცდელს, არ დაკარგო შენი ქრისტიანული, შენი ღვთისშვილებრივი სახე და გწამდეს, გჯეროდეს, რომ უფალი შენთან არის! რთული ვითარებიდან გაქცევა, დამალვა, როგორც წესი, უფრო დიდ პრობლემებს წარმოშობს და ეს აჩვენებს ადამიანის რწმენის სისუსტეს (თუ საერთოდაც არის იგი შენში).

ასეთი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ადამთან დაკავშირებულ სამოთხისეულ ისტორიას, როცა იგი (ადამი) ღმერთს „ემალება“. ვიდრე წუთისოფელში ვართ, წუთისოფლის სინამდვილეს ვერსად გავექცევით, ვერსად დავემალებით, ვერც ცაში, ვერც დედამიწაზე, ვერც წყალში და ვერც ვერსად. ყოველი ასეთი დამალვის მცდელობა იქნება სირაქლემას  ქმედების ტოლფასი, თავს რომ ჩარგავს სილაში და ფიქრობს, რომ განსაცდელს დაემალა. არა, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ განსაცდელისგან დამალვა კი არა განსაცდელების დაძლევა და გადალახვა უნდა ვისწავლოთ და ამაში ძალიან გვეხმარება ის სულიერი წვრთნა, რომლითაც გვზრდის და გვრწვთნის ქრისტეს ეკლესია. ეს წვრთნა არის მუდმივი სულიერი ცხოვრება, ეს წვრთნა მიმდინარეობს წმიდა წერილის კითხვისას, წმიდათა ცხოვრების გაცნობისას, საღმრთო ლიტურგიაზე დასწრებისას და მასში ჩართულობისას, როცა შენი გონებით, გულით, რწმენით აქ ხარ და მონაწილეობ ამ ყველაფერში.

და ბოლოს, ძნელია არ გამოეხმაურო იმ მოვლენებს, რაც უკანასკნელ დღეებში ხდება. იმასაც ვფიქრობ, თუ რა შეფასება უნდა მისცე ადამიანმა შექმნილ მდგომარეობას.

უმძიმესია ხვედრი მშობლისა, რომელსაც შვილს უკლავენ, და არანაკლებ მძიმეა უსასოობით გამოწვეული პროტესტის განცდა.

სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მოწოდება სწორედ ის არის, რომ ადამიანს არ აგრძნობინოს, რომ ის მარტოა; უფრო მეტიც - არასდროს დატოვოს ყურადღების გარეშე. აქ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ არსებობს ორმხრივი პასუხისმგებლობა, როცა თითოეულ ადამიანს აქვს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება და პასუხისმგებლობა, როგორც მის მოქალაქეს და ეს არის ძალიან მაღალი წოდება ადამიანისთვის - იყო შენი ქვეყნის მოქალაქე და, მეორე მხრივ, მოქალაქეობა მხოლოდ ვალდებულებებთან არ არის დაკავშირებული, არამედ მოქალაქე რომ ხარ, იმასაც ნიშნავს, რომ შენს წინაშეც, თითოეული ადამიანის წინაშე აქვს ვალდებულებები შენს სახელმწიფოს.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ შექმნილი კრიზისული მდგომარეობა დაიძლევა. დამოუკიდებლობის გზაზე განვლილი 27 წელი გვაფიქრებინებს, რომ ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და პოლიტიკური სიმწიფე დაგვეხმარება, რომ ეს მოვლენები არ გახდეს სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიცით, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა.

დღეს ჩვენს ქვეყანაში თვით კონსტიტუციით არის განსაზღვრული ადამიანების უფლება - გამოთქვან თავისი გულისტკივილი, პრეტენზია, შეიკრიბონ, მოაწყონ აქცია; და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ მოვლენები (არცერთი მხრიდან) არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოს, რაც თვით სახელმწიფოს დააზიანებდა.

არსებითია, ასევე, რომ გვახსოვდეს: სახელმწიფო წარმატებულია მაშინ, თუ მასში რეალიზებულია ორმხრივი პასუხისმგებლობა - მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფოს მიმართ და სახელმწიფოს მხრიდან - მოქალაქეთა მიმართ.

ასეთი სახელმწიფოს აშენება სურს ქართველ ხალხს!

ეს შესაძლებელია; მაგრამ ამას შეძლებენ მხოლოდ სახელმწიფოებრივნი კაცნი და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება არ იქნება მხოლოდ მაყურებლისა და მომლოდინეს როლში, არამედ აქტიურად იქნება ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში თავისი სამოქალაქო აქტივობით, რითაც ასევე კეთილ მაგალითს მისცემს შვილებისა და შვილიშვილების თაობას.

აქ გვსურს ყურადღება შევაჩეროთ ერთ საკითხზე:

ამ დღეებმა, ერთი მხრივ, განსაცდელების წინაშე დაგვაყენა და ნათლად დაგვანახა ჩვენი საზოგადოების სუსტი და მტკივნეული მხარეები, მაგრამ, მეორე მხრივ, ისეთი რამ დაგვანახა და გვაგრძნობინა, რამაც ერთგვარი სიხარულიც კი მოგვგვარა. ეს არის სიხარული იმ ახალგაზრდების გამო, რომლებიც ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ. საოცარი თაობა მოდის; შესაძლოა, ჩვენ არ მოგვწონდეს მათი დახეული ჯინსები, ერთი შეხედვით, უცნაურად შეჭრილი თუ შეკრული თმები, საყურეები და ა.შ. უფროსი თაობისთვის ეს არის რაღაც უცხო, ერთგვარად მიუღებელი სიახლე (ვიცით, რომ თაობათა შორის ურთიერთობის პრობლემა ახალი არ არის!), მაგრამ როგორი ხალასი ცოდნა, როგორი ხედვა აქვთ მომავლისა; ეს ჩვენი შვილების თაობაა, ახალ დროში რომ დაიბადნენ; ეს თაობა იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე უახლოეს წარსულში შეიძლებოდა ამის წარმოდგენა.

 

ჩვენ დავინახეთ და ვიგრძენით ამ ახალგაზრდების მართლაც დიდებულება და ის, რომ საოცარი თაობა გვეზრდება. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ ეპატრონონ და კიდეც განავითარონ ის, რასაც ჩვენ მათ დავუტოვებთ. მთავარია, ღირსეული მაგალითები მივცეთ მათ, რაც არის აღმზრდელობითი პროცესის შემადგენელი ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავი ნაწილი.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ახალგაზრდობა, ღმერთმა დალოცოს შვილებისა და შვილიშვილების თაობა.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!

03 ივნისი, 2018 წელი.

ფოთის საკათედრო ტაძარი

 

 

მიტროპოლიტი გრიგოლი