მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის მიერ ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე წარმოთქმული სიტყვა

(1) განვლილი 27 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, არაერთ განსაცდელთან მოუწია შერკინება ქართულ სახელმწიფოს. დრომ დაგვანახა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად მთელი რიგი პოლიტიკური და სოციალური რყევებისა, ეკლესია იყო ერთადერთი (შედარებით) მყარი ინსტიტუცია და ასეთად რჩება დღემდე. შესაბამისად, მისკენ არის მიპყრობილი ხალხის (და არამარტო მრევლის) მოლოდინით და იმედით აღსავსე მზერა.

(2) დღეს ქართული სახელმწიფო რთულ გზას გადის; არანაკლებ რთულია ეს გზა ეკლესიისთვისაც. უკანასკნელ დროს საზოგადოებაში ხშირად გვესმის შეწუხებული საუბრები ეკლესიაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ეკლესიის მდგომარეობა წუთისოფელში არასდროს ყოფილა ადვილი, არამედ ყოველთვის ურთულეს პირობებში უწევდა თავისი მისიის აღსრულება, მიუხედავად იმისა, იყო დევნილი, თუ - იყო საყოველთაოდ აღიარებული.

ეკლესიის მდგომარეობა უპირველესად ფასდება იმის მიხედვეთ, თუ რამდენად ერთგულებს იგი წმიდა სახარებისეულ სწავლებას, საეკლესიო გარდამოცემას, მამათა მემკვიდრეობას, მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებებს.

ჩვენი (ადგილობრივი) ეკლესიის მდგომარეობა, შიდა საეკლესიო ერთობის ხარისხი, ძირითადად, დამოკიდებულია:

- წმიდა სინოდის წევრთა ერთგულებაზე ზემოაღნიშნული პრინციპებისადმი;

- ეკლესიის ერთიან მიდგომაზე სულიერ სამწყსოს პრობლემებისა და სატკივარისადმი;

- იმაზე, თუ რამდენად სწორად არის აღქმული ეკლესიურ საზოგადოებაში ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისადმი კუთვნილება (მისი წევრობა).

ადგილობრივი ეკლესიის ავტოკეფალობა (დამოუკიდებლობა) ნიშნავს იმას, რომ ეკლესია არის თვითმმართველი, ანუ დამოუკიდებელია ადგილობრივი საეკლესიო ცხოვრების ორგანიზების საკითხებში; .. აქვს თავისი იურიდიული საზღვრები, მოქმედების არეალი, თვითონ ირჩევს ეკლესიის მეთაურს, აკურთხებს სასულიერო დასს და .., მაგრამ იმავდროულად არის განუყოფელი ნაწილი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელთანაც მას აერთიანებს ერთი სწავლება და ერთიანი კანონიკური სამართალი (მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებები);

საკუთრივ, წესდებებიც კი ადგილობრივი ეკლესიებისა, სავალდებულოა, რომ შესაბამისობაში იყოს მსოფლიო ეკლესიის კანონიკური სამართლის ნორმებთან და არ ეწინააღმდეგებოდეს მას.

საეპისკოპოსო ხელდასხმის კანდიდატი კურთხევის წინ პასუხობს საგანგებოდ მის მიმართ დასმულ კითხვებს და პასუხებში მან უნდა დაამოწმოს ერთგულება მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლებისა (მრწამსის) და საეკლესიო კრებათა დადგენილებებისადმი. მხოლოდ ამის შემდეგ სრულდება ხელდასხმა. ამით ხაზგასმულია, რომ ჩვენ ვართ მსოფლიო მართლმადიდებელი ერთობის წევრები. ამ საფუძვლებს ეყრდნობა თავის ცხოვრებაში ყოველი ადგილობრივი ეკლესია.

აღნიშნულიდან დავასკვნით, რომ ეკლესია იმართება კანონიკური სამართლის ნორმებით, რაც არის მყარი გარანტია შიდა საეკლესიო ერთობისა; რაც შეეხება ადგილობრივი ეკლესიის საერთო მართვას, ამას ახორციელებს მღვდელმთავართა კრება (სინოდი) ეკლესიის მეთაურის თავმჯდომარეობით.

ყოველივე ზემოთქმული კარგად უნდა იცოდეს მრევლმა, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს იგი მოვლენების ადეკვატურ შეფასებას და ადვილად არ აჰყვება იაფფასიან ჭორებს, ან პირიქით - ხმას ამოიღებს და განგაშის ზარს შემოკრავს, როცა ამის აუცილებლობა დგება.

საქართველოს ეკლესია არის ღერძი საზოგადოების სულიერი წონასწორობისა და უმნიშვნელოვანესი სულიერი საყრდენი ქართული სახელმწიფოებრიობისა; ამის გაუცნობიერებლობა მათგან, ვისაც ეს განსაკუთრებით ევალება, როგორც წესი, ძალიან ძვირად უჯდება არა თუ ეკლესიას, არამედ მთელს ქვეყანას.

(3) რით არის გამოწვეული ხალხში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ეკლესიაში საქმე რთულად არის? ან რა საფუძველი აქვს საზოგადოებაში არსებულ აზრთა სხვაობას ამ თემის ირგვლივ?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად რამდენიმე საკითხს გამოვყოფთ:

1. ადამიანები არ (ან ცუდად) იცნობენ კანონიკურ სამართალს და ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას; ნაკლებად აცნობიერებენ წმიდა სინოდის როლს და მნიშვნელობას ეკლესიის ცხოვრებაში.

2. არაერთი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში .. ციანიდის საქმემ და ეს კითხვები პასუხგაუცემელია დღემდე.

3. მას შემდეგ, რაც დასახელებულ იქნა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, ეკლესია აღმოჩნდა უჩვეულო მოლოდინის რეჟიმში; ამის ლოგიკური გაგრძელებაა კულუარული თუ მედია სივრცეში გამართული საუბრები და ინტერპრეტაციები იმის შესახებ თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი, როგორია სინოდში ძალთა გადანაწილება და .. რაც ცოცხალი პატრიარქის პირობებში, ერთი მხრივ, დიდ უხერხულობას ქმნის, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს გახლავთ ერთგვარი კანონზომიერი გამოძახილი დაწყებული პროცესისა, მით უფრო, რომ განუზომლად დიდია საკითხის სულიერი და პოლიტიკური მნიშვნელობა.

ზემოთ აღნიშნული და რიგი სხვა საკითხებისა, ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებს ეკლესიაში არსებული მდგომარეობის შესახებ და იწვევს გარკვეულ წუხილსაც. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ეკლესია, მრევლი მუდმივად იმყოფება ერთგვარ სტრესულ მდგომარეობაში, გაურკვეველი მოლოდინის რეჟიმში. ხალხში მუდმივი ინტერესია იმის შესახებ, თუ როდის შეიკრიბება წმიდა სინოდი. ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს, მრავალ მიზეზთა გამო, დიდი ინტერესით და ყურადღებით აკვირდება თვით სახელმწიფოც.

სამწუხაროდ, მოარული ხმებით პერიოდულად ვრცელდება ხოლმე აზრი, თითქოს, სინოდში მდგომარეობა ისეა დაძაბული, რომ ეკლესია შეიძლება განხეთქილების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

წმიდა სინოდის წევრთა შორის რიგ საკითხებზე მართლაც არსებობს ურთიერთგანსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა თემატურ საკითხში, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია და ამისთვისაც იკრიბებიან მღვდელმთავრები, რომ იმსჯელონ ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე, ერთმანეთის პოზიციები დაუახლოვონ და შეაჯერონ; მაგრამ ამის საპირისპიროდ, სავსებით არაჯანსაღ მოვლენასთან გვაქვს ხოლმე საქმე, როდესაც მავანნი მზად არიან ეკლესიის და/ან პატრიარქის პერსონალურ მტრად შერაცხონ ხოლმე ადამიანი, თუ მას აქვს ეკლესიაში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრისადმი განსხვავებული ხედვა ან პოზიცია; ასეთ შემთხვევაში აღარ დაგიდევენ არც ქრისტიანულ ეთიკას, არც კანონიკური სამართლის ნორმებს, არც სუბორდინაციას. ასეთი მიდგომები და, მით უფრო, ქმედებები პირწმიდად არის ავტორიტარული რეჯიმისთვის დამახასიათებელი მენტალობის მანიშნებელი.

ასე რომ, შიშები, .. განხეთქილების საფრთხესთან დაკავშირებით, გახლავთ უსაფუძვლო, არ ასახავს სინამდვილეს და წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს.

ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს არაკეთილმოსურნეთაგან არის მცდელობები, ქართველ ერზე ზემოქმედების უმნიშვნელოვანესი სულიერი მექანიზმები მოიპოვონ, რათა ეკლესიაში მოვლენები ისეთნაირად განვითარდეს, რომ მისი გაკონტროლება შესაძლებელი იყოს მათი მხრიდან, ვის მიზანსაც წარმოადგენს თავისი გავლენების შენარჩუნება საქართველოზე.

თუ ეს მოახერხეს, ნამდვილად აღარ დასჭირდებათ მათი რეკომენდაციებით დანიშნული მინისტრები (როგორც ეს XX საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში იყო!), რადგან, ასეთ შემთხვევაში, სულიერი ზემოქმედების იმ მექანიზმებით და საშუალებებით, რომლებიც ადამიანის გონებას, მის რწმენას უკავშირდება, ნებისმიერ ვითარებაში შეძლებენ ნებისმიერი მთავრობის შეცვლას.

აქ ჩვენ ძალიან გვჭირდება სულიერი სიფხიზლე და დიდი გონიერება.

აღნიშნულის ფონზე, ნიშანდობლივია, რომ უკანასკნელ ხანს საქართველოს სტუმრობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მათთვის სასურველი მიზნობრივი გავლენები მოახდინონ საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე,

ნუთუ სერიოზულად ფიქრობს ვინმე, რომ საქართველოს ეკლესია ერისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დადგენილებებს ოდესმე მიღებს სინოდის წევრთა საფუძვლიანი მსჯელობების გარეშე?!

ნუთუ მართლა ჰგონია ვინმეს, რომ საქართველოს ეკლესია უარს იტყვის სინოდალური მართვის პრინციპებზე, მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებებზე?!

არავინ უნდა მოხიბლოს მსგავსმა ილუზიებმა!!!

მსგავსი მცდელობები შეიძლება შეფასდეს, როგორც კონფრონტაციის დანერგვისკენ მიმართული ქმედებები, რაც ნამდვილად არ განეკუთვნება სულიერი ძმობის კატეგორიას.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დადგენილებები მიიღებოდა მსოფლიო ეკლესიის მამათა ერთობით.

(4) მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთგვარი კრიზისის ნიშნები იკვეთება, იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ დავძლევთ და გადავლახავთ ამ მდგომარეობას.

ნურავის ექნება იმის იმედი, რომ არეულობას და დაბნეულობას შემოიტანს ეკლესიაში და შეძლებს, რომ ამ დაბნეულობაში ჩვენი ქვეყნისთვის ან ჩვენი ეკლესიისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს მიაღწიოს.

მადლობა ღმერთს, ეკლესიას ერშიც და ბერშიც ჰყავს ძალიან ღირსეული ადამიანები და ისინი არ და ვერ შეეგუებიან იმ საფრთხეებს, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.

ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ არსებულ რეალობას, მზად ვიყოთ იმისთვის, რომ ნებისმიერ ფრონტზე დავიცვათ როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ასევე სულიერი დამოუკიდებლობა!

დასასრულს შევთხოვოთ ყოვლადწმიდა სამებას, რათა განამტკიცოს საპატრიარქო საყდარი საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიისა.

ასევე შევთხოვოთ უფალს, რომ გააძლიეროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმიდა სინოდის წევრნი - ყოვლადსამღვდელონი მღვდელმთავარნი, პატიოსანი სამღვდელოება და მონოზონთა დასი!

ყოვლადწმიდა მარიამს შევავედრებთ მის წილხვედრ საქართველოს!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ, ჩვენო ძვირფასო და საყვარელო, პატიოსანნო მამანო!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

Download
მეუფე გრიგოლი- ეპარქიის კრება.pdf
Adobe Acrobat Document 299.4 KB