ცოდვით დაცემა

 რეზიუმეს წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით გავაკეთებ. ღმერთი ეუბნება ადამიანს: შეხედე ადამ, მე მოგეცი შენ შესანიშნავი სხეული, მაგრამ მე გაძლევ შენ ძალაუფლებას, რომ შექმნა რაღაც უკეთესი, შეიქმენი შენთვის შესანიშნავი სული, აი ეს არის ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს საკუთარი შრომით. ამიტომ, როდესაც ადამი იგზავნება ედემში, მას ეძლევა სამი მცნება, სამი და არა ერთი. პირველი მცნება: „დაამუშავე ედემის ბაღი“. ეს გახლავთ მცნება შრომის შესახებ, სამყაროს ფერიცვალების შესახებ. ნუ დაიჯერებთ ათეიზმის პროპაგანდის ზღაპრებს, როდესაც თქვენ გეუბნებიან, რომ ღმერთმა შრომით დასაჯა ადამიანი ცოდვით დაცემის  გამო, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ცოდვით დაცემამდე, ადამიანის მიმართ თქმული პირველი მცნება შრომას შეეხება. ცოდვით დაცემის შედეგი გახლდათ შრომის სიმძიმე, შრომის ტანჯვა, ეს გახლავთ სასჯელი ცოდვით დაცემის გამო. მაგრამ თავად შრომა გახლავთ მოწოდება ადამიანისა. ადამიანი მოწოდებულია შრომისათვის. მეორე მცნება: „დაარქვი ცხოველებს სახელები“, ეს გახლავთ სამყაროს შემეცნების მცნება. საქმე იმაშია, რომ არქაული გაგებით, თუკი გეცოდინებოდა სახელი, გექნებოდა ძალაუფლებაც. ღირსი ეფრემ ასური განსაცვიფრებლად განმარტავს ძველ აღთქმას. წარმოიდგინეთ, იგი ასურელია, იგი ახლო აღმოსავლეთში ცხოვრობს და ჭეშმარიტად მისი აზროვნება განსაკუთრებით ახლოსაა სემიტურ, ებრაულ, ბიბლიურ აზროვნებასთან. მე მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. იცით თუ რატომ ვდღესასწაულობთ ჩვენ საეკლესიო ახალ წელს ახალი სტილით პირველ, ხოლო ძველი სტილით 14 სექტემებერს? რატომ იწყება ახალი წელი და დღესასწაულების ციკლი მაინც და მაინც სექტემბერში? ეს ეფრემ ასურისაგან მომდინარეობს, იგი განსაცვიფრებელი ადამიანია, იგი აზროვნებს ბუკვალურად, როგორც ბავშვი, სრულად არის მინდობილი ღმერთზე. იგი ფიქრობდა, თუ როდის შეიძლებოდა მომხდარიყო სამყაროს შექმნა და შემდეგნაირად პასუხობს ამ კითხვას: ღმერთი მეოთხე დღეს ქმნის მზეს და მთვარეს, ხოლო მთვარე სხვადასხვანაირია ხოლმე, ხან სავსეა, ხანაც ნახევრად სავსე, ანუ ნაკლული და შეიძლება ღმერთს ნაკლული ქმნილება შეექმნა? რათქმა უნდა არა, ესეიგი სამყარო შეიქმნა სავსე მთვარით და რომელი სავსე მთვარით? დააკვირდით ადამს მცნება მიეცა, რომ მან იკვებოს ედემის ბაღის ნაყოფებით და ნაყოფი ჩვენ როდის გვეძლევა? სექტემბერში, ანუ სექტემბრის სავსე მთვარეობა გახლავთ სამყაროს შექმნის თარიღი. შემდეგ ეფრემ ასური და სვამს კითხვას, თუ რატომ მიეცა ადამს მცნება, რომ ცხოველებისათვის სახელები დაერქმია და იგი გენიალურად პასუხობს: ადამი სამყაროში ყველაზე ბოლოს  შეიქმნა, ცხოველები ადამიანზე უფროსები იყვნენ, ხოლო მიღებულია ისე, რომ უფროსებს უნდა დაემორჩილო და ადამიანი რომ არ დამორჩილებულიყო პირუტყვებს და არ ემსახურა, მასზე ადრე შექმნილ ვარსკვლავებისათვის და ცხოველებისათვის, ღმერთი ეუბნება ადამს, დაარქვას სახელები ცხოველებს, რადგან უფროსი არქმევს სახელს უმცროსს. ადამიანს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მართალია იგი „ასაკით“ ყველაზე უმცროსია, მაგრამ სულიერად აღმატებულია სხვა ქმნილებებზე და რომ იგი ღმერთის საყვარელი ქმნილებაა. ადამიანებს, რომელთაც ოდნავ მაინც ესმით ბიბლია, იციან თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ყოველივე. ძველ აღთქმაში ხომ გახსოვთ ესავი და იაკობი, პირველი ესავი დაიბადა, მაგრამ სულიერი პირველობა მის ძმას განეკუთვნა, ხოლო მოგვიანებით უფლისათვის ვინ იდგა წინ, ვინ იყო პირველი, ისრაელი თუ ქრისტიანები? ისრაელი ნამდვილად უფლის პირმშოა, მას განეკუთვნება ძველი აღთქმა, მაგრამ მოგვიანებით, ის აღთქმები, რომელიც აბრაამს აღუთქვა ღმერთმა, ხორციელი ისრაელისაგან სულიერ ისრაელს გადაეცა, ებრაელი ხალხისაგან, როგორც ნაციისაგან ეს აღთქმები გადაეცა ხალხის ერთობლიობას, რომელთაც ქრისტეს რწმენა აერთიანებდათ განურჩევლად ეროვნებისა. ძველი და ახალი აღთქმის უმნიშვნელოვანესი თემა სწორედ აქ იწყება, როდესაც ახალბედა ადამი სახელს არქმევს სპილოს, შესაძლოა დინოზავრსაც. ამ კომენტარების მეშვეობით, თქვენ ალბათ მიხვდით ეფრემ ასურის აზროვნებას, მე მინდა გითხრათ ისეთი რაღაც, რაც არ გახლავთ დოგმა და აუცილებელი სწავლება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, მე მინდა გითხრათ, რომ ეფრემ ასურს განეცხადა ცოდვით დაცემის ნამდვილი მიზეზი. რატომ? იმიტომ, რომ აქამდე რაც ავღნიშნე, თქვენ დარწმუნდებოდით, რომ ეფრემ ასური გახლავთ ანტიოქიური ღვთისმეტყველების კლასიკური წარმომადგენელი, რომელიც მიისწრაფის იმისაკენ, რომ რაც ბიბლიაში წერია ყველაფერი ბუკვალურად გაიგოს. როდესაც იგი მიდის ცოდვით დაცემასთან, იგი აბსოლუტურად სხვანაირად, ღრმად და სიმბოლურად აზროვნებს. მაშ ასე, რაში მდგომარეობდა ცოდვით დაცემა? მე არ წარმოვადგენ მის ყველა განმარტებას, მაგრამ საერთო კონცეფციას გეტყვით. როგორც იცით, მართლმადიდებლური ტაძარი სამ ნაწილად იყოფა: ეს გახლავთ სტოა, შუა ტაძარი და საკურთხეველი. ტაძარი ეს არის მთელი სამყარო, ედემი გახლავთ შუა ტაძარი,  ედემის ცენტრში მდებარეობს წმიდაი წმიდათა, სადაც ადამს არ ჰქონდა შესვლის უფლება. ადამი და ევა იყვნენ მღვდლები. როგორც მღვდელი, ადამი უნდა შესულიყო წმიდაი წმიდათაში, მაგრამ ხელცარიელი მასში შესვლა არ შეიძლება, აქ მსხვერპლით (შესაწირით) უნდა შეხვიდე, ადამიანმა რაიმე უნდა შესწიროს ღმერთს. არქაულ კულტებში ეს შესაწირი გახლდათ კრავი ან რაიმე ასეთი, ხოლო მოგვიანებით დავით წინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ საღმრთო მსხვერპლი არის შემუსვრილი გული და სული. მორჩილი და მადლობელი გულით, როგორც ამბობს ოქროპირი, სამადლობელი უნდა შეიწიროს, აი ამ მსხვერპლით უნდა შესულიყო ადამი საკურთხეველში. საკურთხეველს შუა ტაძრისაგან კანკელი ჰყოფს და ეფრემ ასური ამბობს, რომ ედემში კანკელს წარმოადგენდა ორი ხე: ხე ცნობადისა და ხე სიცოცხლისა. ამ ხეებთან მისვლა ადამს არ შეეძლო თავისით და ცარიელი ხელებით, მაგრამ მათი გავლით ადამი უნდა შესულიყო საკურთხეველში. ადამი გახლავთ მღვდელი, რომელიც აღასრულებს კოსმიურ ლიტურგიას. რაც შეეხება ევას, როგორც ცნობილია იგი შეიქმნა ადამის ნეკნისაგან, მაგრამ სამწუხაროდ ყველამ არ იცის ბიბლიის ივრითული ტექსტი. როგორც ებრაულ, ისე რუსულ ენაში ტერმინი - „ნეკნი“ ნიშნავს წახნაგს და ამ გაგებით დედაკაცი იქმნება, როგორც  ნაწილი ადამისა, ეს გახლავთ ნაწილი ერთი არსებისა. ებრაულ ენაში მამაკაცი და დედაკაცი თითქმის ერთი დაიგივე ნაირად გამოითქმის „იშ“ და „იშა“, მათგან პირველი მამაკაცის აღმნიშვნელია, ხოლო მეორე - დედაკაცის. ეს გახლავთ ერთადერთი ენა, რომელშიც თითქმის ერთნაირად გამოითქმის მამაკაცის და დედაკაცის შესატყვისი სიტყვები, ეს გახლავთ ბიბლიის ენა. რაც შეეხება ევას შექმნას, ღმერთი აძინებს ადამს და ამ ძილის დროს უქმნის მას ევას. ბიბლიისათვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიზოდია. ჩვენ ბიბლიაში კიდევ ერთ ადამს ვხვდებით, ეს გახლავთ ქრისტე - ახალი ადამი. ქრისტეს საპატარძლოს წარმოადგენს ეკლესია და როგორც ადამის ძილის დროს, შეუქმნა ღმერთმა მას ევა (ცოლი), ასევე იძინებს ქრისტე სასიკვდილო ძილით ჯვარზე და მისი ნეკნიდან - სისხლიდან იქმნება მისი სასძლო - ეკლესია. ეს გახლავთ სიმბოლიკა, რომელმაც გააოცა შუასაუკუნეების ქრისტიანი ავტორები და ისინი ამ თემის შესახებ საკმაოდ ხშირად საუბრობდნენ. მაშ ასე, ადამს მიეცა რამოდენიმე მცნება. შრომა, სახელების დარქმევა ცხოველებისათვის და მესამე - ეს გახლდათ მცნება მარხვის შესახებ. „არ ჭამო“ ეს გახლავთ მარხვის მცნება. მარხვა დასასრულით მართლდება. მარხვა გახლავთ გზა აღდგომისაკენ, ჩვენ მარხვის გამო კი არ ვმარხულობთ, არამედ აღდგომის გამო, ზიარების გამო. მარხვის დროს ადამიანმა უნდა განიწმიდოს თავის გული, იგი ვერ მიეახლება აღდგომას ისე, როგორც ის 2 თვის წინ იყო, მან სინანული უნდა მოიხვეჭოს დიდი მარხვის პერიოდში და აქედან ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა გამოაქვს ეფრემ ასურს და გრიგოლ ღვთისმეტყველიც ამას ამბობს, რომ მცნება ადამს მიეცა დროებით, მცნება - „არ ჭამო ცნობადის ხის ნაყოფი“, დროებით იყო მიცემული. როდესაც ადამიანი იშრომებდა და ღვთის ხატებიდან გადავიდოდა ღვთის მსგავსებაში, მაშინ ეს მცნება აღარ იმოქმედებდა და ღმერთი ეტყოდა მათ: „მიიღეთ და ჭამეთ“. ეფრემ ასური პირდაპირ ამტკიცებს, რომ ცნობადის ხე გახლდათ ევქარისტიის ხე, იგი ამბობს, ნეტავ დაფიქრებულიყო ევა, ვინ იდგა მის წინაშე ქმნილება თუ შემოქმედი? შემოქმედი. ცნობადის ხე გახლავთ გარკვეული ფორმა განღმრთობისა, ეს გახლავთ ღმერთთან თანაზიარების ფორმა. ადამიანმა აღასრულა ევქარისტია, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ, როგორ მოხდა ეს? თავდაპირველად დავფიქრდეთ, კეთილისა და ბორორტის ცნობადის ხეში იყო თუ არა ბოროტება? არა. ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია, ბოროტება არ შეუქმნია, ეს იყო კეთილი დასაწყისი. გავიხსენოთ ზიარების წინა ლოცვა, ჩვენ ვდგავართ წმიდა ბარძიმის წინ, სადაც სიწმიდეა მოთავსებული და ჩვენ ვამბობთ „ღმერთო შენი ხორცის და სისხლის ზიარება ნუ მექმნება დასასჯელად.’’ აქ არ არის ბოროტება, აქ სიკეთეა, მაგრამ თუკი ჩემს გულში მკვიდრობს ბოროტება, მაშინ ამ სიკეთის ნათელთან შეხვედრის დროს, მე თავად დავისჯი ჩემს თავს. იოანესაგან სახარებაში მაცხოვარი ამბობს: მე ვარ ნათლი სოფლისა და ამ სოფლის სასჯელი ესე არს, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად და შეიყვარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი. მეორე საკითხი, იცოდა თუ არა ადამმა რა იყო სიკეთე და რა იყო ბოროტება? იმიტომ, რომ თუკი არ იცოდა მაშინ არც დანაშაული არ მიუძღვის, მაგრამ მან მშვენივრად იცოდა. რა არის სიკეთე? სიკეთე თავად ღმერთია, სიკეთე ადამიანია, სიკეთე გახლავთ სამყარო, რომელმაც არ იცის ცოდვა. გაიხსენეთ, როდესაც ადამი შეიქმნა, პირველი რა მოისმინა? მან მოისმინა ღვთის სიტყვები: იხილა ღმერთმა, რომ სამყარო ყოველმხრივ მშვენიერია, ამიტომ ადამმა იცოდა თუ რა არის სიკეთე, მან ბოროტებაც იცოდა თუ რა იყო, მას ამის შესახებ ღმერთმა უთხრა ევას შექმნის წინ: „არ ვარგა კაცის მარტო ყოფნა“. ეს გახლავთ ბოროტების საკვირველი განსაზღვრება, ადამიანის მარტო ყოფნა. ბოროტება გახლავთ განცალკევება, რომელიც სიცარიელეს შობს. საქმე იმაში გალხავთ, რომ ერთი საქმეა იცოდე გონებით, მეორე საქმეა ეზიარო ბოროტების ან სიკეთის რეალურ გამოცდილებას.  ცოდვით დაცემამდე ადამმა პრაქტიკაში არ იცოდა არც სიკეთე და არც ბოროტება. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღსრულებული არანაირი სიკეთე, რომ გაერთიანებულიყო ღმერთთან და გამტკიცებულიყო მასში, არც ბოროტების გამოცდილება ჰქონდა. ახლა კი ვნახოთ თუ როგორ ხდება ცოდვით დაცემა და რის გამო ხდება. ძალიან ძველი, ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე არსებული ებრაული ლეგენდა, აპოკრიფი გადმოგვცემს, რომ ლუციფერის ცოდვით დაცემა იმ მომენტში მოხდა, როდესაც ადამი სახელებს არქმევდა ცხოველებს. მე კვლავ შეგახსენებთ, რომ სახელის დარქმევა ნიშნავს ძალაუფლების მოპოვებას და გამოვლენას. ბიბლიის ენაზე ცხოველებს რა ეწოდებათ? ეს ის არის, რაც ზოოპარკში ცხოვრობს? ბიბლიის ენაზე ცხოველი ეწოდება ყოველივე იმას, ვინც არსებობს, ცოცხლობს. ანგელოზებიც ცოცხლობენ, ამიტომ საეკლესიო სლავურ ენაზე  ანგელოზებსაც ცხოველები ეწოდებათ, მაგ: ცხოველი ექვსფრთიანი სერაფიმები და ა.შ. (ძველ ქართულ საეკლესიო ენაშიც ასეა, ყველა ცოცხალ არსებას ეწოდება ცხოველი მთარგმ.). თუკი ღმერთმა მოუწოდა ადამს, რომ მას ყოველი ცოცხალი არსებისათვის სახელები ეწოდებინა, ე.ი. ანგელოზებიც იღებენ სახელებს მისგან და აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იჩენს თავს. წარმართული აზროვნება ამტკიცებს, რომ ადამიანი გახლავთ მიკრო კოსმოსი, ანუ რაც არის სამყაროში, ყველაფერი არსებობს ადამიანში, ადამიანი პატარა მსოფლიოა. მამა პავლე ფლორენსკი ამ აზრს ასე გამოხატავდა: ადამიანი გახლავთ სამყაროს შექმნის მცირე კონსპექტი, ეს გახლავთ საფუძველი ასტროლოგიისა, ოკულტური მედიცინისა და ა.შ. მშვენიერი აზრია, მაგრამ ქრისტიანობაში, მართლმადიდებელ ტრადიციაში კიდევ უფრო ღრმა აზრი დევს ამ საკითხთან დაკავშირებით. წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი ამბობს: ადამიანი დიდი სამყაროა, რომელიც მოთავსებულია პატარა სამყაროში, იგი მაკრო კოსმოსია, რომელიც მოთავსებულია მიკრო კოსმოსში. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანში ყველაფერი არსებობს, რაც სამყაროშია და გარდა ამისა, ადამიანში არსებობს ის, რისი დატევნაც არანაირ კოსმოსს არ ძალუძს, ეს გახლავთ შემოქმედის ხატება, თავისუფლების ხატება, რაც არ არსებობს სამყაროში. გარეშეთათვის პატარებად ვჩანვართ.  ეს აზრი, რუსულ რელიგიურ ფილოსოფიაში გენიალურად წარმოაჩინა ბერდიაევმა. იგი ეპაექრებოდა მარქსისტებს, რომელნიც ამბობდნენ, რომ ადამიანი საზოგადოების ნაწილია, ხოლო ბერდიაევი ამბობდა, რომ საზოგადოება არის ადამიანის ნაწილი, რადგან ნამდვილად არსებობს რაღაც, რაც ჩემთან საზოგადოებიდან მოვიდა, მაგრამ მე ამას არ ვიღებ. ღმერთი მოუწოდებს ანგელოზებს, რომ ისინი დაემორჩილონ ადამს და ვინ არის ლუციფერი? ლუციფერი გახლდათ პლანეტური ლოგოსი, დედამიწის მფარველი. როგორც ყველა ადამიანს, ქალაქს, ქვეყანას ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, ლუციფერი მათ შორის ყელაზე დიდი იყო, რადგან იგი დედამიწის მფარველი გახლდათ და წარმოიდგინეთ, მას ეუბნებიან, რომ მივიდეს და ადამს თაყვანი სცეს, დაემორჩილოს. წარმოიდგინეთ ჰეროდე დიდისთვის, რომ ეთქვათ, ბეთლემში, (ბაგაში) ვაჟი დაიბადა მიდი იქ, რათა თაყვანი სცე, რადგან იგია შენი ჭეშმარიტი ბატონი, რას იტყოდა ჰეროდე? იგი იტყოდა, რომ მე ჰეროდე დიდი ვარ, ის ყმაწვილი კი რას წარმოადგენდა, რომ თაყვანი ეცა მისთვის. ამ უძველესი გადმოცემის თანხმად, ლუციფერმაც იგივე თქვა, რომ იგი არ მივიდოდა ადამთან, რათა თაყვანი-ეცა მისთვის და სწორედ ამიტომ მოხდა მისი ცოდვით დაცემა. ლუციფერი  გველის საშუალებით მიმართავს ევას, რატომ ევას და არა ადამს? აქ ორი შესაძლო ახსნა არსებობს: 1) ევა გახლავთ ემოციური, მგრძნობიარე არსება, ამიტომ მასში შეღწევა ადვილადაა შესაძლებელი. გონების მეშვეობით შეიძლება ადამიანის ცდუნება? თუკი გონება განწმედილია, მაშინ ცდუნება შეუძლებელია, რადგან გონება გახლავთ ლოგოსი, ლოგოსი კი ძე ღვთისაა, ამიტომ ღმერთს ვერ გაუმკლავდება ვერავინ. 2) ღმერთმა ადამს მისცა მცნება - „არ ჭამო“, ევას ეს მცნება არ გაუგია, რადგან იგი ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი და მან ეს მცნება გადმოცემით იცოდა და ერთი საქმეა, როდესაც შენი ყურით იგებ რაღაცას და სხვა საქმეა, როდესაც ამას გადმოცემით გეუბნებიან. მართალია მან ეს ყველაფერი მიიღო და ირწმუნა, მაგრამ დამოკიდებულება სხვანაირი ჰქონდა და ეს ყველაფერი გამოჩნდა კიდეც. სატანა ეუბნება მას, მართლა თქვა ღმერთმა, რომ სამოთხეში არსებული არც ერთი ხიდან ჭამა არ შეგიძლიათ? ეშმაკი არ ამტკიცებს, იგი კითხვას სვამს მართალია თუ არა? ევა ეუბნება მას, რომ ასე არ არის, ღმერთმა მოგვცა ნება, რომ ყოველი ხისაგან ვჭამოთ რაც სამოთხეშია, მაგრამ კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხესთან მიკარება აგვიკრძალა. საწყალი ევა, ერთი პასუხით მან 2 ცოდვა ჩაიდინა, ამ ეპიზოდში უკვე მოხდა ცოდვით დაცემა. ერთი ცოდვა თვალსაჩინოა, ევა იტყუება, მან მცნება შეცვალა უკვე. ღმერთმა უთხრა მათ, რომ ცნობადის ხის ნაყოფი არ ეჭამათ, ევა კი ამბობს, რომ მიკარება აგვიკრძალა. წარმოიდგინეთ ტიპური სურათი, თუნდ პროტესტანტული ბიბლიიდან, გველი ცოცდება ვაშლის ხეზე და მასსა და ევას შორის იმართება ეს დიალოგი. მე არ ვიცი საიდან დამკვიდრდა აზრი, რომ ეს ვაშლის ხე იყო, ბიბლიაში და წმ. მამებთან ვერ ვხედავთ ამ შეხედულებას, თუმცა წმ. ამბროსი ოპტინელი შეეცადა გაერკვია თუ რომელ ხესთან შეიძლება ცნობადის ხის გაიგივება და იგი ამბობს, რომ ეს იყო ლეღვი. მე არ ვიცი თუ რას ეყრდნობოდა წმ. ამბროსი და არ ვთვლი, რომ ასე უნდა განვსაზღვროთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამბროსი ოპტინელმა შესანიშნავად იცოდა მართლმადიდებლური მწიგნობრული ტრადიცია და როგორც ჩანს იგი არანაირ ვაშლს იქ არ შეხვედრია. რაც შემეხება მე, მე ვთვლი, რომ ეს გახლდათ ყურძნის ვაზი, რადგან ყურძენი და ვაზი ქრისტეს სიმბოლოა. ევას პასუხი, რომ მათ ღმერთმა მიკარებაც კი აუკრძალა ხესთან, იმიტომ არის საშიში, რომ გველი უკვე მიეკარა ამ ხეს და არ მოკვდა და მისი მდგომარეობა უკვე მოწმობდა იმის შესახებ, რომ ევაც იტყუება და მისი ღმერთიც, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაზე საშინელება, ევამ გამოავლინა, რომ იგი არასერიოზულად მიუდგა უფლის მცნებას და თავისებურად (ქალურად) განმარტა იგი. ქალების ღვთისმეტყველება ყოველთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ეკლესიისათვის თუნდ ახლანდელ დროში და თუნდ უწინდელში, გაიხსენეთ თუნდაც ზოია კრახმალნიკოვა ან ოლგა გაზიზოვა. ევას ყველაზე დიდი ცოდვა ის იყო, რომ მან უბრალოდ უპასუხა გველს, თუკი იგი აბსოლუტურად ზუსტად ეტყოდა ღვთის მცნებას, ეს უკვე ცოდვა იქნებოდა, რადგან ბოროტთან ლაპარაკი არ შეიძლება, ბოროტს უნდა ებრძოლო. მოგახსენებთ კიდევ ერთ ეპიზოდს ჩემი ყმაწვილობის ბიოგრაფიიდან: როდესაც სემინარიაში ჩავაბარე, რამოდენიმე თვის შემდეგ ჩვენთან ჩამოვიდა ერთი მოხუცი მღვდელი, მისი პირველი სულიერი მოძღვარი, ოპტინის უდაბნოს უკანასკნელი „სტარეცი“ გახლდათ. ეს მღვდელი - მამა ლეონტი გახლდათ ჩემი პირველი მაკურთხეველი, რომ მე სემინარიაში ჩამებარებინა და როდესაც იგი ჩვენთან ჩამოვიდა, ჩვენ შევხდით ერთმანეთს და სემინარიის ეზოში სეირნობისას მითხრა: „ანდრიუშა“ შენ უკვე სემინარიაში სწავლობ, რომელსაც თავისი საცდურები გააჩნია და შენ ეს საცდურები უნდა განარჩიო ერთმანეთისაგან და ებრძოლო მათ. უპირველესყოვლისა არავინ არ განსაჯო, არც შენი პედაგოგები, არც სემინარიელები, არც მონოზვნები. შენ ღვთისმეტყველების მცოდნე და მასში განსწავლული ადამიანი ხარ და კარგად იცი, რომ განკითხვა ცოდვაა და ისიც კარგად მოგეხსენება, რომ ცოდვიან აზრს ის გაწვდის, ვინც შენს მარცხნივ დგას და რადგან შენ უკვე იცი, რომ ამ აზრს შენს მარცხნივ მდგომი გაწოდებს, როდესაც შენს თავში დაიჭერ ასეთ აზრს „აი იქ რომ „ვანია“ დგას, რას აკეთებს, როგორ შეიძლება ასე“ შენც მიუბრუნდი ამ დროს და ჰკითხე შენს მარცხნივ მდგომს: რა შენი საქმეა? ანუ აზრებთან დიალოგს არ აწარმოებენ, აზრებს ებრძვიან. მართლმადიდებლური ასკეტიკა მკაცრად ექსპერიმენტალური მეცნიერებაა და ამ მეცნიერებაში არსებობს თხრობა, არსებობს თეორია და პრაქტიკა იმის შესახებ თუ ადამიანი როგორ მიდის ასეთ ცხოვრებამდე - ცოდვამდე. როდესაც აზრი მოსდის ადამინს თავში, ის მაშინვე ხომ არ მიდის და ამ აზრის შედეგად არ კლავს სხვა ადამიანს. იმისათვის, რომ გასაგები იყოს თუ რა დაემართა ევას, მე თქვენ ძალიან მოკლედ მოგიყვებით ნებისმიერი ადამიანის ცოდვით დაცემის ძირითად ეტაპებზე. ნებისმიერი ცოდვა სათავეს იღებს პროლოგიდან. პროლოგი გახლავთ, როდესაც რომელიმე ცოდვისმიერი ფიქრი ან აზრი გაიელვებს ჩვენს თავში. წარმოიდგინეთ მე მივდივარ ქუჩაში და უცებ საგაზეთო ჯიხურში რომელიმე სექსუალური ხასიათის ჟურნალი შევნიშნე, მე სულ არ მინდოდა, რომ ეს ჟურნალი მენახა. ან ვთქვათ მეტროთი მგზავრობისას, ჩემს წინ ვიღაცამ შემოატრიალა ვთქვათ „московский комсомолец“ ღმერთო მაპატიე, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, რაც მე აქ ვნახე და გარკვეულწილად ეს არ არის ცოდვა, რადგან მან უბრალოდ გაიელვა ჩემს გონებაში. ცოდვა შემდგომ იწყება, იწყება მომდევნო, ყურადღების გამახვილების ეტაპი, როდესაც მე ვჩერდები და ვამბობ, ეს საინტერესოა! მე არ ვეთანხმები ამას, შესაძლოა მე არც თუ ისე ძალიან დავინტერესდი, მაგრამ ყურადღება მაინც გავამახვილე და დავიწყე მისი განხილვა, ეს უკვე საშიშია. შემდეგ იწყება დიალოგი ცოდვასთან, მე ვამბობ რატომაც არა, ერთხელ გავაკეთებ და მორჩა და იწყება დიალოგი, რომლის გაგრძელებაც ცნობილია. როგორც გვამცნობენ წმ. მამები, ცოდვით დაცემამდე ეშმაკი ეუბნება ადამიანებს, რომ ღმერთი სიყვარულია და ის ყველას აპატიებს, ამიტომ სცოდე და ღმერთი გაპატიებს, ხოლო როდესაც ჩვენ შევცოდავთ, შემდეგ ეშმაკი გვეუბნება, რომ ღმერთი მკაცრია და შენ ისე შესცოდე, რომ არ მოგეტევა ცოდვა, ამიტომ წადი ეკლესიიდან, წადი მონასტრიდან, შენ უკვე ჩემი ხარ. ყველაფერი ცნობილია, ეშმაკი ახალს არაფერს არ იგონებს, რადგან მას არ აქვს მიცემული შემოქმედების ნიჭი. შემდეგი ეტაპი გახლავთ აზრი, როდესაც მე ვფიქრობ გავაკეთო თუ არა და მივიღებ გაკეთების გადაწყვეტილებას, ამ დროს მე ვფიქრობ, რომ ცუდი არ იქნებოდა ამის გაკეთება, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას, მაგრამ თავისებურად რაღაც საინტერესო არის ამაში. შემდგომ მოდის მომდევნო ეტაპი, როდესაც მე ვფიქრობ: მე ამას გავაკეთებ, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ თანხა არ მაქვს საამისოდ. მომდევნო ეტაპზე უკვე მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ მაქვს შესაძლებლობა თუ არ მაქვს, მე ამას მაინც გავაკეთებ და ბოლო ეტაპი გახლავთ ვნება, როდესაც მე ვამბობ, რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს, მე ამას მაინც გავაკეთებ, როდესაც მე სპეციალურად საბაბს ვეძებ, რომ ეს ცოდვა ჩავიდინო, სპეციალურად ვქმნი ისეთ გარემოებებს, რომ შესაძლებლობა მომეცეს ამ ცოდვის აღსრულებისა, მე ამ დროს ვუქვემდებარებ ჩემს ცხოვრებას ამ აქტს. ამასთან დაკავშირებით წაიკითხეთ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ აბსოლუტურად იგივე სქემაა წარმოჩენილი. გაიხსენეთ სამიკიტნოში 2 ოფიცერის საუბარი, შემდეგ მოდის ფიქრი, აქვს კი ზოგადად ადამიანს ამის გაკთების უფლება, შემდეგ მე მაქვს ამის გაკთების უფლება? მე უნდა გავაკეთო ეს, აქ მას უკვე აღარ შეუძლია გაჩერება, ვეღარ იმორჩილებს თავს, მიდის და ყველას კლავს. მაშ ასე, ცოდვასთან დიალოგი არ შეიძლება, მასთან მხოლოდ ბრძოლა შეიძლება და იმისათვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ცოდვის წინააღმდეგ, ღმერთმა ამისათვის ჩვენ მოგვცა დიდი ტალანტი, დიდი ნიჭი და ამ ნიჭს ეწოდება სიძულვილი. სიძულვილმა ჩვენს გულში ისეთივე ფუნქცია უნდა შეასრულოს, რომელსაც იმუნური სისტემა ასრულებს ჩვენს ორგანიზმში. დააფიქსირა ინფექციის - რომელიმე გარეშე ბაქტერიის დიაგნოზი ამ სისტემამ, იგი მაშინვე ანადგურებს ამ ბაქტერიებს. ასეთივე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა უნდა არსებობდეს ჩვენს გულში. ქრისტიანი ლენინისეული მცნებით უნდა ცხოვრობდეს, გაიხსენეთ ლენინის მცნება: უპირველეს ყოვლისა უნდა დაისვას კითხვა, პოლიტიკა ვის მოუტანენ სარგებელს?  გაგიჩნდა თავში აზრი? დაფიქრდი ვის მოუტანს სარგებელს? თუკი მე ამას გავაკთებ, ვინ დაიწყებს სიცილს? ის ვინც ჩემს მარცხნივ არის თუ ის, ვინც მარჯვნივ? და თუკი მარცხენა მხართან მყოფისთვის იქნება სასარგებლო, მაშინ თქვი: განვედ ჩემგან სატანავ. ქრისტე მრისხანებს, გახსოვთ იგი როგორ ეუბნება პეტრეს, როდესაც პეტრე ეუბნებოდა მას, რომ არ წასულიყო იერუსალიმში და არ მიეღო ჯვარი? მან უთხრა პეტრეს: განვედ ჩემგან სატანავ. ქრისტეს სიყვარულიც შეუძლია და მრისხანებაც, მაგრამ სხვა საქმეა, რომ ჩვენ არასწორად გვიყვარს და არასწორად ვმრისხანებთ. ჩვენ ვმრისხანებთ ადამიანზე, იმის მაგივრად, რომ ბოროტებაზე ვმრისხანებდეთ. ჩვენ ვმრისხანებთ სამყაროზე და ღმერთზე, იმის მაგივრად, რომ ცოდვას განვურისხდეთ. ჩვენი სამიზნე დაზიანდა. ევას ცოდვა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი არ განრისხდა. მან ხომ დაინახა, რომ გველმა ტყუილი თქვა, ის კი ფილოსოფიურ დისკუსიას იწყებს მასთან, ეს უკვე ცოდვაა. ეშმაკმა დაინახა, რომ დიალოგი შედგა, ე.ი. ყველაფერი რიგზეა. თქვენ თუ გინდათ გაიგოთ ასეთი დიალოგები როგორ იმართება, მაშინ შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნი კლასიკურ ასკეტიკაში - „ბალამუტის წერილები“, რომლის ავტორიც გახლავთ ინგლისელი მწერალი - კლაივ ლუისი. მე მხოლოდ აღნიშნული წიგნის დასაწყისზე მოგიყვებით. ეს წიგნი თავის თავში მოიცავს ორი ეშმაკის მიმოწერას, სადაც უფროსი ეშმაკი ასწავლის უმცროსს, თუ როგორ უნდა მიიყვანოს „კლიენტი“ სასურველ კონდიციამდე. ეს გახლავთ უდიდესი ინგლისური იუმორით დაწერილი წიგნი და აი ლუისი გადმოგვცემს, რომ უფროსი ეშმაკი - ბალამუტი წერს უმცროს ეშმაკს: თქვენ უმცროსი მაცდუნებლები რატომღაც სულ ფიქრობთ, რომ თითქოს თქვენი დავალება იმაში მდგომარეობს, რომ რაღაცაში დაარწმუნოთ ადამიანები, არაა საჭირო ასე ფიქრი, რადგან გონება მათ მიიღეს ჩვენი მტრისაგან (ღმერთისაგან) და რა თმა უნდა ამიტომაც ჩვენ აქ ვცოფდებით, ამიტომ სხვაგვარადაც შეიძლება გაკეთდეს. მაგალითად, მე მახსოვს, როდესაც მეც პატარა მაცდუნებლად დავიწყე სამსახური, ისე მოხდა, რომ ჩემი კლიენტი ლონდონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუშაობდა და მე დავინახე, რომ იგი ფილოსოფიური ხასიათის ტრაქტატს კითხულობდა და ჩვენ ხომ მაგ პირუტყვების, მაგ მაიმუნების აზრების წაკითხვა შეგვიძლია და მე გავიგე, რომ მისი ფიქრები აბსოლუტურად არასაჭირო მხარეს იხრებოდა, კიდე ცოტაც და იგი მივიდოდა დასკვნამდე, რომ ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს და შენ როგორ ფიქრობ, თუკი მე შემეშინდებოდა და დავიწყებდი მის თავში კონტრ არგუენტების ჩალაგებას და ვეტყოდი წაიკითხე მარქსი, რუსო და ა.შ.  არაფერი არ გამოვიდოდა, ამიტომ მე სხვაგვარად გავაკეთე და მის თავში შეუშვი აზრი: „სადილის დრო ხომ არ მოვიდა“ და წარმოიდგინე, იგი მპასუხობს: არა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რის შესახებაც მე ეხლა ვფიქრობ და არ შეიძლება ეს ფიქრი სადილზე გავცვალო. ხოლო მე უთხარი მას: დიახ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ, მშიერ მუცელზე იფიქრო და იგი ამაზე წამოეგო, ადგა და ქუჩაში გავიდა. შემდეგ მე მისი ყურადღება მივაპყარი გავსებულ ავტობუსს, ასევე ბავშვს, რომელიც გაზეთიდან სიახლეებს ამცნობდა ხალხს და ამის შემდეგ ვუთხარი: აი ეს არის ნამდვილი ცხოვრება, ამიტომ ბიბლიოთეკასთან დაახლოება სარგებელს ვერ მოგიტანს. ახლა ეს კლიენტი მშვიდობით და ბედნიერად მყოფობს ჩვენი მამის სამყოფელში.  მაშ ასე ევამ დაიწყო ფილოსოფიური დისპუტი ეშმაკთან, იმის მაგივრად, რომ ეთქვა: განვედ ჩემგან! ბალამუტი წინ მიიწევს და უკვე პირდაპირ ეუბნება მას, რომ ღმერთმა ტყუილი თქვა, რადგან იცის, რომ რომელ დღესაც შეჭამთ ამ ხის ნაყოფს, გახდებით ღმერთები და გეცოდინებათ სიკეთე და ბოროტება. ამ ფრაზაში სიმართლე დევს, რადგან ყველაზე ძლიერი ტყუილი ის არის, რომელშიც სიმართლის მარცვალი დევს. დიახ ნამდვილად, ცნობადის ხის ზიარების შედეგად, ადამიანი უნდა განიღმრთოს, ეს გახლდათ ღმერთის ჩანაფიქრი, მაგრამ შესაძლებელია გახდე ღმერთი, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ, ღვთის მცნების დარღვევით? არ შეიძლება. ამის შემდეგ ევა თანხმდება ეშმაკს და აქ მოხდა ცოდვა. თქვენ ხომ გესმით, რომ ბიბლიის ენაზე, მართლმადიდებლობის ენაზე ცოდვას ეწოდება ღმერთისაგან დაშორება, ეს არ გახლავთ უბრალო გარე ქმედება. თუკი მე ჩემი გული დავაცილე ღმერთს, ეს უკვე ცოდვაა, ხომ გახსოვთ ქრისტე ამბობს: თუკი შენ უბრალოდ გულისთქმით შეხედე ადამიანს, უკვე შესცოდე შენს გულში. მაშ ასე, ყოველგვარი გარე ქმედებების გვერდის ავლით, ცოდვა უკვე აღსრულდა და დაიწყო თხრობა ცოდვის შესაძლებლობებზე. რაში მდგომარეობენ ისინი, ბიბლია მათ აღწერს: და გაეხსნა ევას თვალები და დაინახა, რომ ცნობადის ხე შესანიშნავია შესახედაობით და სასიამოვნო გემოსია. რომელი თვალები გაეხსნა ევას? იგი ბრმა კნუტი ხომ არ იყო აქამდე? არა. მაგრამ აქამდე, ევა სამყაროს ღვთის დიდებაში ფერიცვალებულს ხედავდა, მაგრამ ახლა მან სამყარო თავისებურად დაინახა. გარდა ამისა, მსოფლიოს უდიდესი სიწმიდე - ცნობადის ხე ახლა რატომ იყო კარგი? იმიტომ არის კარგი, რომ იგი გემრიელია. ეს გახლავთ სუფთა უტილიტარული და მომხმარებლური დამოკიდებულება სამყაროსადმი, ეს აღარ არის მღვდლის დამოკიდებულება, ეს არის მომხმარებლის დამოკიდებულება. კატასტროფა უკვე მოხდა, ადამიანი გამოეყო ღმერთს, გამოეთიშა სამყაროს და უბრალო პარაზიტად და ექსპლუატატორად იქცა ამ სამყაროში, რომელშიც იგი მღვდელი უნდა გამხდარიყო. ევა ეზიარება, მისი გული კი კვდება. შესაძლოა სხეული ადრინდელზე უფრო მეტად ბრწყინავს, მაგრამ გული კვდება. იგი მიდის ადამთან და მასაც აძლევს ხის ნაყოფს. 1993 წელს, იერუსალიმში გამოიცა თალმუდი, რომელშიც ასეთ რაღაცას ვხვდებით, გთხოვთ მე ნუ განმსჯით, ეს თალმუდში წერია, მიხვდა რა ევა, რომ იგი კვდებოდა, იგი პანიკაში ჩავარდა და ფიქრობდა, ეს როგორ თუკი მე მოვკვდები, ღმერთი ადამს სხვა ცოლს მისცემს და იგი სხვაზე დაქორწინდება და სხვა ეყვარება? ნუ იქნება ასე, დაე ერთად დავიღუპოთ. რითიც იყიდა, იმითვე გაყიდა რაც შეეხება ამ ადგილის პატერიკულ ეგზეგეტიკას, აქ საუბარი უპირველესყოვლისა მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ ადამიანის გულში ბოროტების შესვლა, სამყაროოს მგრძნობელობითი შეცნობით დაიწყო, ღმერთის გვერდის ავლით, უღმერთოდ და შემდგომ ეს მივიდა მტკივნეულ ცენტრამდე, გონებამდე. რა ხდება შემდეგ? გახსოვთ მე შეგახსენეთ, რომ  „არ არის  კარგი კაცისათვის მარტო ყოფნა“. განხეთქილება გახლავთ ბოროტება. ცოდვა ისჯება განხეთქილებით. განხეთქილების შედეგი გახლავთ სიკვდილი, ადამიანის ჩამოცილება სიცოცხლისაგან. 3 განხეთქილება ხდება ადამიანში: I. ადამიანი ნაწილდება მამაკაცად და დედაკაცად. ხომ გახსოვთ რაც მოხდა? „და დაინახეს მათ, რომ შიშვლები იყვნენ და შერცხვათ“. რას ნიშნავს შერცხვათ?  ისინი აქამდეც შიშვლები იყვნენ და მაშინ არანაირი საზოგადოებრივი ღირსების წესები არ არსებობდა. როდის გვრცხვენია ჩვენ? როდესაც სხვის მზერას ვხედავთ. თუკი ადამს და ევას შერცხვათ ერთმანეთის, ესეიგი ისინი გაუცხოვდნენ ერთმანეთისათვის. ადამიანები უცხონი გახდნენ ერთმანეთისათვის. II. განხეთქილება მოხდა ღმერთთან მიმართებაში, ღმერთთან ურთიერთობაში. ბიბლია ამას გენიალურად აღწერს: „და ესმა ადამს ღმერთის ხმა, რომელიც მიმოდიოდა ბაღში შუადღეს. ღმერთი სადღაც იქითაა, შორსაა როგორც ჩანს. აქამდე ადამი ღმერთს თავის გულში ხედავდა, ესმოდა მისი და უცებ აღმოჩნდა,რომ ღმერთი სადღაც იქით დადის. ეს უკვე დისტანციაა, უზარმაზარი დისტანცია. რას აკეთებს ადამი ამის შემდეგ? იგი იმალება ბუჩქის ქვეშ. ეს უკვე  III განხეთქილებაა, რომელიც მოხდა გულსა და გონებას შორის. ეს ხომ სრული უგუნურებაა, ადამი ჭკუიდან იშლება. ეს გახლავთ უგუნური საქციელი, რომ ღმერთს ბუჩქის ძირში დაემალო. ხომ გესმით, სანამ ღმერთი რაიმე სასჯელს დაადებს ადამს, ადამი უკვე დასჯილია, იგი დასჯილია შეშლილობით. გაიხსენეთ ძველი ბერძნები ამბობდნენ: „ღმერთებს ვისი დასჯაც უნდათ, ჭკუიდან გადაყავთ იგი“. ადამს ეს უკვე დაემართა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბიბლიის ენაზე სასჯელს, რომელსაც ღმერთი ადებს ადამიანს, წამალი ეწოდება, იგი კურნავს ამა თუ იმ დაავადებისაგან. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სასჯელი, რომელიც ღმერთმა განუკუთვნა ადამიანს ცოდვით დაცემისათვის, ეს იყო წამალი. ხომ გახსოვთ რა ითქვა ევას მისამართით, რომ იგი შობდა და ამასთან ერთად საბოლოოდ ქალის თესლისაგან დაიბადებოდა გამომხსნელი, გამოჩნდებოდა ქრისტე. რა იყო ნათქვამი? რომ ტანჯვით შეჭამს ადამიანი პურს, მაგრამ ამის შემდეგ ფსალმუნებში კურთხევა გვაქვს, სადაც ასე იქნება ნათქვამი: „ნაშრომი ნაყოფთა შენთა სჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ“. ეს არის ძირითადი მოვლენები, რომელიც აღწერილია ბიბლიის ამ თავში. მათი ფუნდამენტალური შედეგი ასეთია: ადამიანსა და ღმერთს შორის წარმოიქმნა უფსკრული, ცასა და მიწას შორის ჩამოწვა შუალედური ბოროტი ძალის სამყარო და აი ეს უფსკრული უნდა შევსებულიყო. თუკი ადამიანსა და ღმერთს შორის უფსკრული წარმოიქმნა, ან თუნდაც ჩვენსა და მეზობელ სახლს შორის წარმოიქმნას უფსკრული, ამ უფსკრულის შევსება სიტყვებით შესაძლებელია? არაა შესაძლებელი. ამიტომაც არანაირი  სარწმუნოებრივი მოძღვრებით და კანონით არ შეიძლებოდა ადამიანსა და ღმერთს შორის არსებული უფსკრულის შევსება. ღმერთი თავად უნდა გამხდარიყო ადამიანი. ადამიანმა სცადა, რომ გამხდარიყო ღმერთი, მაგრამ არ გამოვიდა და მაშინ ღმერთი თავად ხდება ადამიანი.

 

ამონარიდი მამა ანდრეი კურაევის ვიდეო ლექციიდან

წყარო: www.youtube.com

 თარგმნა იოანე შოშიაშვილმა