1996 წელს, მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, საქმე ეხებოდა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ თავისი კანონიკური ტერიტორიისათვის (ესტონეთის ეკლესიისთვის) ავტონომიური სტატუსის მინიჭებას. მოსკოვის საპატრიარქოს პროტესტის მიუხედავად, მსოფლიო საპატრიარქომ ესტონელი მართლმადიდებელი ქრისტიანების თხოვნა მაინც დააკმაყოფილა და მათ ეკლესიას ტომოსი უბოძა. 1999 წლიდან დღემდე ეკლესიას მიტროპოლიტი სტეფანე ხელმძღვანელობს. გთავაზობთ წერილს, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ს, 1996 წლის 24 თებერვალს მიწერა (მთარგმნ.).
,,არ ხართ სამართლიანი უნეტარესო, როდესაც ესტონელებს ფილეტიზმის საბაბით კიცხავთ. მათ, როგორც ერს, წმინდა მოციქულთა 34-ე კანონის საფუძველზე უფლება აქვთ საკუთარი ეკლესია დააფუძნონ, საკუთარ ეკლესიაშივე ჰყავდეთ ეპისკოპოსები და მათგან (ეპისკოპოსებისგან, გ.ლ.), საკუთარი მოქალაქეებისგან, პირველი (უპირატესი, გ.ლ.) გამოარჩინონ, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ხალხი (ესტონელები, გ.ლ.) უკვე თავისუფალი ერია.[1]
რუსეთის უწმინდესი ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს, რუსეთის ეკლესიის საერთაშორისო საქმეებში წმინდა კანონთა დარღევით ჩარევას სრულიად უსამართლოდ აბრალებს. საპირისპიროდ, რუსეთის საპატრიარქო ამ წლების განმავლობაში მსოფლიო საპატრიარქოს სულიერ იურისდიქციაში შემავალი ქვეყნების, სახელდობრ ესტონეთის, უნგრეთის და სხვების წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირის არმიის ძალის გამოყენებით დანაშაულს ჩადიოდა. რუსეთის ეკლესია არასდროს ცდილობდა მსოფლიო საპატრიარქოს მოსაზრების გათვალისწინებას და მისადმი არც რაიმე სახის პატივისცემას იჩენდა. ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ანექსია რუსეთის უწმინდესი ეკლესიის მიერ თვითნებურად და ანტიკანონიკურად მოხდა. უეჭველია, რომ კონკრეტულ დროში მომხდარი ანტიკანონიკური მოვლენები შეუძლებელია ოდესმე იკურთხოს, ან ძალმოსილად იქნეს აღქმული და პრეცედენტად დადგინდეს.
შესაბამისად, საკითხი თუნდაც იმ ტერიტორიას არ ეხებოდეს, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციას ეკუთვნის კანონთა მკაცრი განმარტების საფუძველზე, მაინც მოვალენი ვიქნებოდით გამოვსარჩლებოდით, რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ ასე გვწადია, არამედ როდესაც ვიღაც ბოროტებას სჩადის, მოწოდებულნი ვართ ამგვარად მოვიქცეთ. ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრებაზე შეკრებილმა წმინდა და ღმერთშემოსილმა მამებმა მე-9 და მე-17 კანონებით[2] კონსტანტინოპოლის ეკლესიას ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა დააკისრეს - ადგილობრივი ეკლესიის საქმეების განსჯა, როდესაც ისინი (ადგილობრივი ეკლესიები, გ.ლ.) ამისათვის მას (კონსტანტინოპოლის საყდარს, გ.ლ.) მიმართავენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქო მასზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობას გამოხატავს, როდესაც ის მართლმადიდებელ ესტონელთა მცირე რაოდენობის დასაცავად, რუსეთის წმინდა და ძვირფასი და ეკლესიას აკრიტიკებს. ის ამ მცირე სამწყსოს პირადი სარგებლის მიღებისთვის არ იცავს, რამდენადაც მსოფლიო საპატრიარქო ამ სიტუაციიდან იმ მორალური ჯილდოს გარდა, რასაც მადლიერი მართლმადიდებელი ესტონელები გამოხატავენ, არაფერს იგებს. ამგვარად, მსოფლიო საპატრიარქო იმ ვალდებულების გამო მოქმედებს, რომელიც მას ტრადიციამ და წეს-ჩვეულებამ დააკისრა; ამასთანავე, საკუთარ თავზე დაკისრებული პასუხისმგებლობის გამოც, რომ წვრილმან დეტალებში გაეცნოს ეკლესიათა და მასში მცხოვრებ მართლმადიდებელთათვის საჭირო დეტალებს.
ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებთ, რომ რუსი მართლმადიდებელი მორწმუნეები, ისევე როგორც ესტონელი მართლმადიდებლები, ჩვენი ეკლესიის საყვარელი შვილები არიან და მათ დასაცავადაც მზად ვართ, თუკი ეს აუცილებელია.''
[1] მოციქულთა 34-ე კანონი: ,,ყოველი ერის ეპისკოპოსები უნდა ცნობდნენ პირველს მათ შორის, აღიარებდნენ მას, როგორც თავს და თავიანთ ძალაუფლებაზე აღმატებული არაფერი მოიმოქმედონ მისი ნებართვის გარეშე. მათ მხოლოდ ის საქმეები აწარმოონ, რაც თავიანთ ეპარქიებსა და მათთან მიმდებარე ადგილებს ეხება. მაგრამ პირველმაც არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად, ვინაიდან, ასე აღესრულება ერთაზროვნება და განიდიდება ღმერთი სულიწმიდის მადლით.’’ (მთარგმნ.).
[2] IV მსოფლიო კრების მე-9 კანონი: ,,თუ რომელიმე კლერიკოსს სამართლებრივი დავა ექნება სხვა კლერიკოსთან, გვერდს ნუ აუვლის თავის ეპისკოპოსს და სამოქალაქო სასამართლოს ნუ მიმართავს. თავდაპირველად თავის ეპისკოპოსთან აწარმოოს საქმე, ან მისი ნებართვით ორივე მხარის მიერ არჩეულმა პირებმა შეადგინონ სასამართლო. ხოლო ვინც ამის საწინააღმდეგოდ მოიქცევა, კანონის ძალით დაისაჯოს; თუ კლერიკოსს თავის, ან სხვა ეპარქიის ეპისკოპოსთან აქვს სამართლებრივი დავა, მაშინ სამთავროს კრებამ გადაწყვიტოს; ხოლო თუ მიტროპოლიტის უკმაყოფილო იქნება ეპისკოპოსი ან კლერიკოსი, მაშინ დიდი სამთავროს ეგზარქოსს მიმართოს, ან კონსტანტინოპოლის სამეუფო საყდარს და მის წინაშე გასამართლდეს.’’ (მთარგმნ.).
IV მსოფლიო კრების მე-17 კანონი: ,,თითოეულ ეპარქიაში, სოფლებსა თუ დაბებში არსებული სამრევლოები უცვლელად უნდა დარჩნენ მათი მმართველი ეპისკოპოსების ხელისუფლების ქვეშ, მით უფრო, თუ ისინი ოცდაათი წლის მანძილზე დავის გარეშე წინამძღვრობდნენ და მართავდნენ აღნიშნულ სამრევლოებს; ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ოცდაათწლიანი ვადის გასვლამდე რაიმე დავას ჰქონდა ან ექნება ადგილი სამრევლოთა განმგებლობის თაობაზე, მაშინ ვინც თავს განაწყენებულად ჩათვლის, ამის შესახებ სარჩელი აღძრას სამთავრო კრების წინაშე; ვინც თავისი მიტროპოლიტის მხრიდან დაიჩაგრება, შეუძლია მიმართოს დიდი სამთავროს ეგზარქოსის, ანდა კონსტანტინოპოლის საყდრის სამსჯავროს; ხოლო, თუ ხელისუფლების ძალისხმევით რომელიმე ქალაქი იქნება დაბრუნებული, ან შემდგომში დაბრუნდება, მაშინ საეკლესიო სამრევლოების დანაწილება, დაე, სამოქალაქო და საერო წესით დადგენილ ტერიტორიულ დაყოფას შეესაბამებოდეს.’’ (მთარგმნ.).
წყარო: JOHN CHRYSSAVGIS, BARTHOLOMEW, Apostle and Visionary. USA 2016
შენიშვნა: თარგმანი შესრულებულია დასახელებული წიგნის ავტორთან შეთანხმების საფუძველზე.
სპეციაურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა