ამერიკის მთავარეპისკოპოსი დიმიტრიოსი- საშობაო ეპისტოლე

 

25 დეკემბერი, 2018

 

,,და ჰრქჳან სახელი მისი...მთავარი მშვიდობისა’’  (ეს. 9,6)

 

ღრმად პატივცემულო იერარქებო, კეთილმსახურო მღვდლებო და დიაკვნებო, ბერ-მონაზვნებო, ბერძნული მართლმადიდებლური თემების ხელმძღვანელებო და წევრებო, დღის, შუადღისა და საეკლესიო სკოლებო, საქველმოქმედო გაერთიანებებო, ახალგაზრდებო, ბერძნულო ორგანიზაციებო და ამერიკის სრულიად მართლმადიდებლურო ოჯახო. 

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,

ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ხორციელი შობა, ჩვენს ტაძრებში ნაცნობი და სხივოსანი ხატით გამოიხატება. სახარებისეული თხრობის თითოეული ელემენტი ისტორიულად და თეოლოგიურად ჩვენს თვალწინ წარმოჩნდება, რათა შთაგვაგონოს გაკვირვება, თაყვანისცემა და მშვიდობა. თითოეულ დეტალში ხატი უსიტყვოდ გადმოსცემს, რომ ამ დღეს, ბეთლემში შობილი ყრმა, სხვა არავინაა თუ არა მეუფე მშვიდობისა. ამგვარად, მისი შობით, მშვიდობა შემოვიდა სიძულვილით, ტკივილითა და დაპირისპირებით დაუძლურებულ მსოფლიოში.

            უფალი ქვეყანას მიწასა და ცას შორის მშვიდობის მოსატანად მოევლინა. ეს მწყემსთა სახეებშია დახატული, მას ვიგებთ მაშინ, როდესაც მათ, ანგელოზის ხმის მსმენელთ ვუცქერთ. ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, რომ ანგელოზის გამოჩენისას ,,გამოუბრწყინდათ დიდება უფლისა და შეშინდნენ დიდი შიშით’’ (ლუკა 2:9). მაგრამ ხატებში მათი სახეები პატივისცემასა და ყურადღებას გადმოსცემენ, არა შიშსა თუ დანაშაულს. ანგელოზთა დიადი გუნდის გალობისას: ,,დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, მწყემსებმა შეითვისეს და ირწმუნეს უწყება- ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ’’ (ლუკა 2:14). ამ სათნოებით ისინი გაემგზავრენ ბეთლემში, რათა აღთქმული ყრმა მოეძებნათ. იქ, მწყემსებმა, ღმერთის პასუხად ცოდვასა და სიკვდილზე, მიტევება, ხელახალი შემოკრება და გამოქვაბულიდან, მშვიდობის მეუფის სახიდან გამოსული მაცოცხლებელი სინათლის კაშკაში დაამოწმეს.

უფალი ქვეყნადმყოფი ხალხისთვის მშვიდობის მოსატანადაც მოვიდა.  ვუცქერთ მოგვების ფიგურებს. მათე მახარებელი მოგვითხრობს, რომ ეს ვარსკვლავთმრიცხველები აღმოსავლეთიდან ვარსკვლავს გამოყვნენ (მათე 2:2), დაუტევეს საკუთარი სახლები, თვეების მანძილზე იმოგზაურეს, რომ ახალშობილი მეფის სამყოფელამდე მიეღწიათ. მოგვები მშვიდობით მოვიდნენ, მოიტანეს ძღვენი, რათა პატივი მიეგოთ ახალშობილი მესიისათვის, როგორც წინასწარმეტყველება ამბობს: ,,ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე’’  (ეს. 60:3).

უფალი მოევლინა, რომ მშვიდობა შემოიტანოს ბუნების სამეფოში. ამას უფლის წინაშე მუხლმოყრილი ცხოველების შეხედვისას ვიგებთ. უცხო საკვირველება აღესრულება მათ წინაშე; უცნობი სტუმრები თავს იყრიან ბაგაში, მაგრამ ცხოველები არ ხმაურობენ, არც გარბიან; ისინი მშვიდად უცქერენ სასწაულს. ,,ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა’’ (ეს. 1:3), როგორც ესაია წინასწარმეტყველებდა. ათასწლეულთა მანძილზე, კაცობრიობის განვითარების ისტორია ცხოველთა მიმართ ძალადობის ისტორია იყო, მაგრამ ამ ღამეს და ქრისტეს შობით, სიმშვიდე და უშფოთველობა დაემკვიდრა.

            უფალი მოვიდა, რომ ადამიანის დაცემული ბუნებისთვის, სისუსტითა და მოკვდავობით შემურვილისთვის, სიმშვიდე მოეტანა. ხატის ცენტრში ჩვენ ვუცქერთ ქალწულ მარიამს, მის ძესა და ღმერთს რომ დახრილი სცემს თაყვანს. ის არ მიგვანიშნებს ტკივილსა თუ ურვაზე, არც გრძელ მოგზაურობასა და შვილის შობაზე, რადგან უფალი ქვეყანას მოევლინა, რადგან იესო ქრისტე მხოლოდ განკურნების, გამოხსნისა და არა დააზიანებისა თუ შემუსვრისთვის მოვიდა. მას, საკუთარი შობით, საკუთარი დედისთვის ტკივილიც არ მიუყენებია. ღვთისმშობლის უბიწო სხეულში, მთელი კაცობრიობის მოწმობა გამოცხადდა: ჯანმრთელობა, აღდგენა და აღდგომა. უფლის შობით, ხატი აცხადებს, რომ ქრისტეა სიცოცხლისა და სიკვდილის მეუფე და რომ მისით შეიმუსრა თავდაპირველი წყევლა (იხ. დაბ. 3:16), რომ მშვიდობის მეუფის მიერ ,,უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკუდილი’’ (1 კორ. 15:26).

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,

ვადიდებთ მშვიდობის მეუფეს იმ მშვიდობის მსოფლიოსადმი მოფენით, რომელიც საკუთარი შობით გვიბოძა. ამ საშობაო პერიოდში- ოჯახთან და მეგობრებთან შეკრებილებმა, უფლის სახლში მსახურებმა, პურის განმტეხველებმა და სიცოცხლის ძღვენის მომფენლებმა, დაე შევედადოთ, რომ მშვიდობის ხალხი ვიყოთ.

ბეთლემის გამოქვაბულის გარეთ ზეციური ბრწყინვალება ასხივებს: დაე ვისწრაფვოთ მიტევებისკენ და მზად ვიყოთ ყველას ჩვენ გარშემო შემოკრებისთვის. იუდეას მოკრძალებული ბაგიდან, მშვიდობა ადამიანზე და ცხოველზე გაბატონდება. ამიტომ, დაე როგორც ღმერთის შესაქმეზე მზრუნველებმა და მისმა მსახურებმა, უხეშად არ მოვეპყროთ და არც ჭარბად მოვიხმაროთ, მატერიალიზმითა თუ ზედმეტი დანაკარგის გამო ბოროტად არ გამოვიყენოთ მისი საჩუქრები. მოგვთა ძღვენისმიერ, ყოველ ადამიანს მშვიდობა მოესწავა: დაე მიტევებითა და  დიდსულოვნებით მტკიცედ ვდგეთ  სამართლიანობის, თანასწორობისა და თანაგრძნობის სამსახურში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახიდან დაუსაბამო და სხივოსანი მშვიდობა მოედინება. ამიტომ, დაე გულში ჩავიკრათ სიწმინდე და სრულად მივუძღვნათ ქრისტეს ჩვენი გონებანი, სხეულნი და სულნი, შევწიროთ დიდება მშვიდობის მეუფეს, რომელიც ჩვენი ხსნისათვის მოევლინა.

 

მამობრივი მზრუნველობითა და გულწრფელი სურვილებით,

განკაცებული უფლის მიერ.

 

დიმიტრიოსი

ამერიკის მთავარეპისკოპოსი

 

წყარო: https://www.goarch.org

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა