ზეცა არ არის ქრისტიანთა იმედი

ნიკოლა თომას ვრაითი 

 

როდესაც ქრისტიანები საუბრობენ იმედზე, ხშირია გაურკვევლობა.

თუ თქვენ შეეკითხებით ჩვეულებრივ ქრისტიანებს, რა არის მათი იმედი, დიდი ალბათობით უმრავლესობა გიპასუხოებთ, რომ ეს იმედი არის ზეცაში, სამოთხეში წასვლა, ან იტყვიან, მკვდრეთით აღდგომა.

რა არის აღდგომა ან სად არის სამოთხე? რაზე ვსაუბრობთ? - ეს არის რწმენის საკითხი და შეგვიძლია გვწამდეს სამოთხეც და აღდგომაც, მაგრამ მაინც, ჩვენს იმედს რა კავშირი აქვს დედამიწასთან, ვიმეორებ დედამიწასთან, ღვთის შექმნილ სამყაროსთან, აქ და ახლა?

ყველამ ვიცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: “როდესაც ვკითხულობთ ბიბლიას, ვხედავთ იმედს, ამ სამყაროდან სრულიად წასვლისა, გადასახლებისა იმ საოცარ ქვეყანაში, რომელსაც ზეცას, სამოთხეს ვეძახითდა თუ ჩვენ უკან მოვიტოვებთ ამ ბებერ, ბოროტ სამყაროს, მაშინ აღარ ვიზრუნებთ ეკონომიკურ კრიზისზე, აღარ ვიზრუნებთ სამუშაო ადგილებზე, აღარ ვიზრუნებთ კატაკლიზმებზე”.

ეს ადამიანები, ხშირად ამბობენ, რომ ამ იმედს თავად ბიბლიაში პოულობენ.

ცხადია, ბიბლია გვესაუბრება ადამიანისა და სამყაროს ცხოვრების უამრავ განზომილებაზე და არ გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, თითქოს ეს აწმყო სამყარო, რომელსაც შეგვიძლია შევეხეოთ, შევხედოთ, გავზომოთ, არის ყველაფერი და არაფერი არსებობს მის გარდა, მაგრამ ბიბლია არც საპირისპიროს ამბობს, რომ ეს სამყარო მხოლოდ დროისა და სივრცის უსარგებლო ხარჯვაა და ჩვენ უნდა წავიდეთ სადღაც სხვაგან. ბიბლიას აქვს ძალიან განსხვავებული ხედვა.

ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ბიბლიაში, ძველი აღთქმის შუაში მოთავსებული პოემების კრებული, რომლებსაც ფსალმუნთა წიგნს ვეძახით. ამ ფსალმუნთაგან კი ჩემთვის განსაკუთრებულია ერთ-ერთი, რომელიც გვამცნობს, თუ რას მოიმოქმედებს ერთ დღესაც ღმერთი. ეს ფსალმუნი არ ამბობს, რომ ღმერთი ამ სამყაროს ერთხელაც სანაგვეში მოისვრის, პირიქით, მისი მოსვლით მსფოლიო ხარობს:

“იხმაუროს ზღვამ და სავსებამ მისმა. 

გაიხაროს ველმა და ყოველმა, რაც მასზეა,

მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტყისანი უფლის წინაშე, 

რადგან ის მოდის, 

რადგან ის მოდის ქვეყნიერების განსასჯელად; 

განსჯის სამყაროს სიმართლით 

და ხალხებს – თავისი ჭეშმარიტებით”

(ფს 95:11-13).

აქაც, ზოგიერთი ადამიანი, როდესაც ესმის სიტყვა “განსჯა”, ფიქრობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთი მოდის განრისხებული და აპირებს სამყარო გადაწვას და გადააგდოს, მაგრამ ძველი აღთქმის ებრაულ წერილში, სიტყვა “განსჯა” იყო პოზიტიური რამ.წარმოიდგინეთ ვინმე, ვისაც ძალიან აწყენინეს - როგორც წესი ბიბლიაში ვხვდებით ასეთ ისტორიებს ობლების, მოხუცებისა და ქვრივების შესახებ, რომლებსაც წაართვეს თავიანთი უფლებები, რომლებიც დაიჩაგრნენ, გაირიყნენ და გაიძარცვნენ.ასეთი ადამიანი მიდის სასამართლოში და ამბობს: “მე მჭირდება სამართალი, მჭირდება ვინმე, ვინც დამიბრუნებს ჩემს უფლებებს”. და თუ მოსამართლე ღირსეულად ასრულებს თავის საქმეს, ის იტყვის: “ეს ადამიანი მართალია, მას უნდა აღუდგეს თავისი უფლებები და დაუბრუნდეს თავისი საკუთრება”!როდესაც ეს ქვრივი ან მოხუცი გამოვა სასამართლოდან იდღესასწაულებს, გამართავს წვეულებას, იმიტომ რომ განსჯა აღესრულა “სიმართლითა და ჭეშმარიტებით”. 

ასე იქნება მთელი სამყაროსთვისაც. ბიბლიის ისტორია, თავიდან ბოლომდე მოგვითხრობს იმას, თუ როგორ ქმნის ღმერთი საოცარ სამყაროს, რომელიც რაღაცნაირად ცუდ გზას ადგება, მაგრამ ღმერთი გვპირდება, რომ ერთ დღესაც ყველაფერს მოაწესრიგებს.

ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ფსალმუნთა წიგნში მთელი რიგი სტროფებისა, თუნდაც ისაიას წიგნი, რომელიც სავსეა დიდებული განცხადებებით, ქმნილებისადმი ღმერთის მიზნების შესახებ, მგელთან ერთად მობალახე კრავის შესახებ, ყველა გამოსწორებული ქმნილების შესახებ, იმის შესახებ, რომ ნარ-ეკალს ჩაანაცვლებენ ყვავილოვანი ბუჩქები.

ძველი აღთქმის ამ სტროფებს შეგვიძლია გავყვეთ ახალი აღთქმის ბოლომდე, გამოცხადების წიგნამდე, სადაც აღწერილია უკანასკნელი სცენა კაცობრიობის ისტორიისა, რომელშიც ადამიანები კი არ ტოვებენ დედამიწას და მიდიან სხვა ადგილას, რომელსაც სამოთხე ჰქვია, არამედ პირიქით, ზეციური იერუსალიმი ჩამოდის დედამიწაზე, რათა იყოს აქ, რათა შეერთდეს ზეცა და მიწა. ეს არის უდიდესი იმედი,რომლითაც გვკვებავს მთელი ბიბლია, თუ ვიცით, როგორ წავიკითხოთ ის.

თავად სახარებებშიც, მათესთან, მარკოზთან, ლუკასთან და იოანესთან, როდესაც იესო ქადაგებს, ის არ ასწავლის ხალხს, თუ როგორ მიატოვონ ეს სამყარო და წავიდნენ სადმე სხვაგან, ის გვასწავლის ყველაფრის შემდეგ ვილოცოთ “მოვიდეს შენი სამეფო, როგორც ზეცაში, ასევე მიწაზე” და ის ამას აკეთებს კიდეც.

ადამიანები ხშირად იბნევიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველად კითხულობენ ახალ აღთქმას. მათეს სახარებაში იესო საუბრობს ზეციურ სამეფოზე, მაგრამ ლუკსათან და მარკოზთან ის საუბრობს ღვთის სამეფოზე.ებრაელებისათვის ეს ორი სიტყვა იყო საშუალება გამოეთქვათ ერთი და იგივე რამ, რადგანაც ისინი ერიდებოდნენ ხშირად ეხსენებინათ სიტყვა “ღმერთი”, ამიტომ მის ნაცვლად ახსენებედნენ “ზეცას”, გულისხმობდნენ რა ღმერთს.

 სამწუხაროდ, ბევრი ქრისტიანი, როდესაც უყურადღებოდ კითხულობს მათეს სახარებას, ნახულობს რომ იესო ასწავლის ზეციურ სამეფოზე, ამიტომ მრავალ მათგანს ჰგონია, რომ რადგანაც ამ ადგილის სახელი არის ზეციური სამეფო, იესო საუბრობს სხა სამყაროზე, სადაც უნდა წახვიდე დროის დასასრულს, შენი ცხოვრების დასასრულს, მაგრამ თავად იესოს შემოაქვს სიცხადე იგივე პასაჟებში, რომ ეს ასე არ არის. მათეს სახარების მე-6 თავში, მთაზე ქადაგების შუაში, იესო ასწავლის ლოცვას: “მოვიდეს შენი სამეფო, აღსრულდეს შენი ნება, როგორც მიწაზე, ასევე ზეცაში”, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზეციური სამეფო არ არის ადგილი, ზეცა, სამოთხე, სადაც შეგიძლია გაექცე დედამიწას, ზეციური სამეფო ნიშნავს უზენაეს, ზეციურ წყობას, რომელიც მოდის დედამიწაზე.

 

ვიდეოლექციიდან თარგმანი შეასრულა მღვდელმონაზონმა ლეონიდე ებრალიძემ

წყარო: https://www.youtube.com