ინტერვიუ კორეის მართლმადიდებელ მიტროპოლიტთან

The Orthodox World-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით.

 

თქვენო მეუფებავ, მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსათვის. მედიის საშუალებით შევიტყვეთ, რომ მოსკოვის საპატრიარქომ ახლახან დააფუძნა „სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ეპარქია“. რა კომენტარს გააკეთებდით მომხდარის შესახებ?

მადლობა თქვენც ასევე, ბატონო სოტიროპულოს, ამ შესაძლებლობისათვის.

სამწუხაროა, რომ ჩვენმა რუსმა ძმებმა არ შეისმინეს ჩვენი პროტესტის ხმა, რომელიც დიდი გულისტკივილით რამდენჯერმე გავაკეთეთ, არ დაერღვიათ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურობა კორეაში. დიდად სამწუხარო და განსაცვიფრებელია ადგილობრივი მორწმუნეებისათვის, რომ მსოფლიო საპატრიარქოსთან უთანხმოების ქვეტექსტით, რომელიც შეეხებოდა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს, მოსკოვის საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში, შორეულ აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ აზიის შუაგულში დააფუძნა საეგზარქოსო და ეპარქია.

 

ჩემთვის და, ალბათ, მკითხველისთვისაც პასუხს მოითხოვს ტერმინები „კანონიკურობა“ და „ქვეტექსტი“. გთხოვთ, აგვიხსნათ, რას გულისხმობდით ამ სიტყვებში?

სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენს კითხვას.

„კანონიკურობაში“ ვგულისხმობ იმას, რომ 2018 წლის ქრისტეშობამდე კორეაში იყო ერთი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ექვემდებარებოდა მსოფლიო საპატრიარქოს და რომელიც, ნება მიბოძეთ გამოვიყენო ეს ტერმინი, წარმოადგენდა მართლმადიდებლობის „მოდელს“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იყო ერთი ადგილობრივი ეპისკოპოსი, კორეის მიტროპოლიტი, რამდენადაც ჩვენ, ეკლესია, არ ვყოფთ ქვეყანას ისე, როგორც დიდმა სახელმწიფოებმა გაავლეს საზღვარი სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის 70 წლის წინ. კორეის მიტროპოლიტის ომოფორქვეშ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომლებიც ცხოვრობენ კორეის ნახევარკუნძულზე მიეკუთვნებოდნენ ერთ, ერთიან ეკლესიას მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კორეაში, ათწლეულების განმავლობაში, მივყვებოდით უძველესი ეკლესიის კანონიკურ ტრადიციას, რაც გულისხმობდა თითოეულ გეოგრაფიულ ერთეულში ერთი ეპისკოპოსის ყოფნას, რომელიც, როგორც პასუხისმგებელი სულიერი მამა, ზრუნავდა თავისი მრავალეთნიკური სამწყსოს ლიტურგიკულ და სამოძღვრო საჭიროებებზე. მრავალი ეპისკოპოსის ყოფნა ერთი და იმავე ტიტულით და ერთსა და იმავე რეგიონში წარმოადგენს ანომალიურ ფენომენს, რაც გამოიწვია მე-19 საუკუნეში მართლმადიდებელ მორწმუნეთა ემიგრაციამ ახალ სამყაროში. ყველა, ვისაც აქვს ეკლესიის კანონიკური სამართლის თუნდაც საბაზისო ცოდნა, მიხვდება ყოველივე ამის უწესრიგობას. მეტიც, შამბეზიში, მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრში გამართულ (2009 წლის 6-13 ივნისს) სრულიად მართლმადიდებელთა მეოთხე კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც მართლმადიდებლურ დიასპორას მიეძღვნა და რომელსაც ხელი მოაწერა ყველა ეკლესიამ, მათ შორის, მისმა უნეტარესობამ, მოსკოვის პატრიარქმა კირილმაც, მოწოდებულ იქნა ყველასთვის, რომ აღდგენილიყო უძველესი ეკლესიის კანონიკური წესრიგი. ეს ოფიციალური გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ბოლო ქმედებები კორეაში და შორეული აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ აზიის, ევროპისა და ლათინური ამერიკის სხვა ადგილებში, სრულად ანომალიურია ან წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიასთან და კანონიკურ ტრადიციასთან.

 

გთხოვთ, აგვიხსნათ, აგრეთვე, რატომ გამოიყენეთ სიტყვა „ქვეტექსტი“ და მისი კავშირი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან?

მე ეს ტერმინი შემთხვევით არ გამომიყენებია, რამდენადაც საფუძვლიანად ვარ დარწმუნებული, რომ მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილება მსოფლიო პატრიარქის მოხსენიების შეჩერების შესახებ, იქამდე, სანამ ავტოკეფალია მიენიჭებოდა უკრაინის ეკლესიას, არის მოსკოვის საპატრიარქოს ის ქვეტექსტი, რომ დაიწყოს ათწლეულებით ადრე შემუშავებული გეგმის განხორციელება.

 

თქვენო მეუფებავ, „ადრე შემუშავებული გეგმა“ ზედმეტი შეფასება ხომ არ არის?

ტერმინი „ადრე შემუშავებული გეგმა“ არ წარმოადგენს რიტორიკულ გადაჭარბებას. ხელთ მაქვს არაერთი მტკიცებულება, რაც ადასტურებს, ჩემი აზრით, ამ განაცხადის სიზუსტესა და ჭეშმარიტებას.

 

შეგიძლიათ მოგვითხროთ ამ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც თქვენს სიტყვებს დაადასტურებს?

მე გეტყვით რამდენიმე ფაქტს კორეის შესახებ, რომელიც პირადად მე მეხება. სხვა ძმა-მღვდელმთავრებს, რომლებიც წინამძღვრობენ დიასპორაში არსებული მსოფლიო საპატრიარქოს სამიტროპოლიტოებს, გააჩნიათ ანალოგიური გამოცდილება და მე მოვუწოდებდი მათ, რომ საჯაროდ ისაუბრონ მათ ამის შესახებ, რათა საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს.

 

კომუნისტური რეჟიმის დანგრევისთანავე, როდესაც პირველმა ეკონომიკურმა მიგრანტებმა დაიწყეს რუსეთიდან და სხვა სლავური ქვეყნებიდან კორეაში ჩამოსვლა, მოსკოვის საპატრიარქომ პარალელურ რეჟიმში დაიწყო იურისდიქციის შესახებ პრეტენზიების წამოყენება. მაგალითად, მოსკოვის პატრიარქი კირილი, რომელიც იმხანად სმოლენსკისა და კალინინგრადის მთავარეპისკოპოსი გახლდათ, ეწვია სეულის წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარს, ტაძარს, რომელიც ეკუთვნის კორეელ მორწმუნეებს და ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს. საკვირაო საღმრთო წირვის შემდეგ, მან რუსული წარმოშობის ადგილობრივ მრევლს უთხრა, „ხედავ ყველაფერ ამას? (იგულისხმა ეკლესია და მიმდებარე ნაგებობები). ერთ დროს ესენი ჩვენ გვეკუთვნოდა, მერე კი ბერძნებმა წაგვართვეს!“ როდესაც პისიდიელმა მიტროპოლიტმა სოტირიოსმა, წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის მაშინდელმა არქიმანდრიტმა და დეკანოზმა გაიგონა ეს სიტყვები იმ რუსი ადამიანისგან, ვისთანაც კირილმა წამოაყენა პრეტენზია, უპასუხა: „გთხოვთ, უთხრათ მის მეუფებას, რომ, როდესაც რუსები ომამდელ კორეაში იყვნენ წარმოდგენილი, აქ, სადაც წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარია აღმართული, არცერთი შენობა არ იდგა. ყველა ეს შენობა კორეის ომის შემდეგ აშენდა და მაშინ რუსები უკვე წასული იყვნენ კორეიდან“.

 

გამოდის, რომ პრეტენზიები ბევრად ადრე, 1990-იანი წლებიდან დაიწყო?

რეალურად, ვინც სწავლობს ეკლესიის ისტორიას, იცის, რომ მოსკოვის საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციის მიმართ პრეტენზიების წამოყენება მრავალი საუკუნის წინ დაიწყო. აღნიშნული უკავშირდება რუსეთის მეფეთა სატანურ და იმპერიალისტურ თეორიას „მესამე რომის“ შესახებ. ეს არის გამოგონილი და უსაფუძვლო იდეა იმის შესახებ, რომ რუსეთის იმპერია უნდა გამხდარიყო ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრე, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს კონსტანტინოპოლის საყდარი უნდა ჩაენაცვლებინა, როგორც „მსოფლიო საპატრიარქოს“. აქედან მოყოლებული, ცალკეული ისტორიული წყვეტის გამოკლებით, რუსეთის სახელმწიფო და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ერთობლივად იღვწიან ამ მიზნის მისაღწევად. მათ მოიგონეს ცრუ აზრი, რომ თუკი, ჰიპოთეტურად, შესაძლებელი იქნებოდა, რომ ვინმეს მოსკოვის საპატრიარქოსათვის „მსოფლიო საპატრიარქოს“ ტიტული მიენიჭებინა და თანასწორთა შორის პირველად გამოეცხადებინა, სხვა ყველა პრობლემა სასწაულებრივად და დაუყოვნებლივ გადაიჭრებოდა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თუ ამ მიზანს მიაღწევდნენ, მსოფლიო საპატრიარქოს ბოლო ასწლეულის ყველა პრაქტიკა, რომლებსაც მოსკოვის საპატრიარქო დღეს „უწესრიგობად“ და „არაკანონიკურად“ ნათლავს, მოულოდნელად სრულად კანონიკური აღმოჩნდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსკოვის საპატრიარქოს მესვეურები მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს იმიტომ კი არ აკრიტიკებენ, რომ ისინი ეკლესიოლოგიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ეთოსის საწინააღდეგოდ მიაჩნიათ, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მსოფლიო საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილებები და ქმედებები არ ემსახურება მათ სწრაფვას, გახდნენ „მესამე რომი“.

 

თუმცა, დავუბრუნდეთ თქვენს პირვანდელ კითხვას. მოსკოვის საპატრიარქოს პრეტენზიები კორეაში ადრეული 1990-იანი წლებიდან დაიწყო. ჩვენ გვაქვს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მიერ შედგენილი დოკუმენტები, რითიც ისინი თხოვენ პროტესტანტულ ეკლესიებს სეულში ტაძრის აგებისათვის საჭირო თანხებს. გვაქვს კორეული მედიიდან ამონარიდები, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით, სადაც ისინი „ხსნიან“, რომ რუსებს არ გააჩნიათ მათი საღმრთისმსახურო საჭიროებებისათვის ეკლესია. ამდენად, ისინი ცალსახად უგულებელყოფენ მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი კორეის მართლმადიდებლური სამიტროპოლიტოს არსებობას, სადაც მათ აქვთ ეკლესია და ჰყავთ მღვდელი და გააჩნიათ ყველაფერი, რაც ესაჭიროებათ მათ მშობლიურ ენაზე საღმრთისმსახურო და სამოძღვრო საჭიროებებისათვის. ჩვენ ამ მიზეზის გამო მუდმივ ზეწოლას განვიცდით კორეაში მყოფი რუსი დიპლომატების მხრიდან. მოკლედ რომ გითხრათ, რუს და კორეელ დიპლომატებს შორის ყოველ ოფიციალურ შეხვედრაზე, შედგება ეს კორეაში თუ რუსეთში, ორმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგის მუდმივ საკითხს წარმოადგენს მიწის ნაკვეთის გადაცემა, სადაც უნდა აშენდეს რუსული ეკლესია სეულში. ნება მიბოძეთ, მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან კორეის მართლმადიდებლური სამიტროპოლიტოს წინააღმდეგ წარმოებული არაკანონიკური და ექსპანსიონისტური პოლიტიკის დასტურად შემდეგი ფაქტი მოვიყვანო. ორი წლის წინ, სოლნეჩნოგორსკის მთავარეპისკოპოსი სერგი (ამჟამად – სინგაპურისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიტროპოლიტი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საპატრიარქო ეგზარქოსი) კორეაში გვესტუმრა. როგორც თქვენთან ორი წლის წინ საუბრისას აღვნიშნე, ის და კორეაში რუსეთის ელჩი ეწვივნენ სეულის მერს ერთადერთი თხოვნით, რომ მიეცათ მიწის ნაკვეთი მასზე რუსული ეკლესიის ასაგებად! სეულის მერთან შეხვედრის შემდეგ, მთავარეპისკოპოსი სერგი რუს დიპლომატებთან ერთად ჩვენს რეზიდენციაში მოვიდა. გამონაკლისის სახით, მან მთხოვა მე, რომ სიყვარულით მიმეღო ერთი კორეელი ადამიანი, რომელსაც იგი მღვდელს უწოდებდა, და გვესწავლებინა მისთვის საღმრთისმსახურო და სხვა საეკლესიო წესები, რამდენადაც მას თეოლოგიური განათლება არ გააჩნდა. ეს კორეელი ადამიანი, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო წლების მანძილზე ეძახდა „კორეაში რუსული მისიის წარმომადგენელს“, თან ახლდა მთავარეპისკოპოს სერგის სეულის მერთან შეხვედრის დროს. იმ დროს, როდესაც მათ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გააჩნდათ წინასწარ გაწერილი გეგმა, რომ ეს ადამიანი დაედგინათ მომავალში რუსული ეკლესიის წინამძღვრად, მთავარეპისკოპოსმა სერგიმ დაგვიხასიათა, როგორც უცოდინარი, რომელსაც დახმარება ესაჭიროებოდა, თუმცა ისიც გაირკვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებდათ და ეს იყო რუსული ეკლესიის აშენება აქ.

 

თქვენო მეუფებავ, იცნობთ ამ „მღვდელს“? და თუ დიახ, რატომ არ ამბობთ მის სახელს?

 

რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც არის, მაგრამ მისდამი პატივისცემის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ის უბრალოდ გამოიყენეს, არ ვახსენე მისი სახელი. თუმცა, რაკი კითხვა გაგიჩნდათ, გეტყვით კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ: მთავარეპისკოპოს სერგისთან ხსენებული შეხვედრის შემდეგ, ტელეფონით და შემდგომ წერილობით დაგვიკავშირდა უცნობი პიროვნება, რომელმაც თავი გაგვაცნო, როგორც „ბატონმა სომ“ და ითხოვა ჩემთან შეხვედრა.

შეხვედრისთვის დათქმულ დროს, სამიტროპოლიტოში მორჩილები და მე გავოცდით „ბატონი სოს“ დანახვისას, რომელსაც ეცვა სამღვდელო შესამოსელი და ეკეთა რუსული ოქროს ჯვარი; მის სავიზიტო ბარათზე ეწერა, რომ იგი იყო „დეკანოზი“. მას თან ახლდა კორეელი ერისკაცი, რომელსაც გარკვეული სავაჭრო კავშირები ჰქონდა რუსეთთან და აღნიშნა, რომ წარმოადგენდა ვინმე დმიტრი პეტროვსკის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თანამშრომელს. მისაღებში მას ჩვენი ორი მორჩილი შეუძღვა.

თუმცა, იმის გამო, რომ „ბატონი სო“ შეხვედრაზე სამღვდელო შესამოსელით მოვიდა, ჩვენთვის ამის შესახებ წინასწარ ინფორმირების გარეშე, ჩავთვალეთ, რომ სასურველი არ იქნებოდა მასთან შეხვედრა. ამიტომ, სამიტროპოლიტოს დიაკონმა მას უთხრა: „თქვენ, როგორც სატელეფონო, ისე წერილობითი კომუნიკაციის დროს, მიტროპოლიტთან შეხვედრა ითხოვეთ, როგორც ერისკაცმა და არა სასულიერო პირმა. ჩვენი მსოფლიო საპატრიარქო არ გცნობთ თქვენ, როგორც კანონიკურად ხელდასხმულ მღვდელს, ამდენად, რაკი შეხვედრა ითხოვეთ სხვა პიროვნების სახით და დღეს სხვა პიროვნებად წარმოგვიდექით, მიტროპოლიტი აღარ შეგხვდებათ თქვენ“. დიაკონის მიერ ამ სიტყვების შემდეგ „ბატონი სო“ სასტიკად გაბრაზდა, დაუწყო მას შეურაცხყოფა და ისეთი უწმაწური სიტყვების თქმა, რომ ვერც გავიმეორებ. დიაკონი ამ შეურაცხყოფის მიუხედავად, შეეცადა, რომ მშვიდად აეხსნა ყველაფერი, მაგრამ ის აღარ უსმენდა. ამის ნაცვლად, იმეორებდა ერთსა და იმავე სიტყვებს: „მოკეტე! მე მიტროპოლიტის სანახავად მოვედი. მოკეტე! ნუ მეუბნები ნურაფერს. მარტო ის თქვი, მხვდება თუ არა მიტროპოლიტი!“ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ჩემთან შეხვედრა ვერ შედგებოდა, წამოხტა, მუშტები მოუღერა ჩვენს დიაკონს და გაიქცა. თანმხლები პირი ძალიან შეცბუნებული დარჩა.

 

თქვენს მიერ აღწერილი მდგომარეობა მართლაც განსაცვიფრებელია, თქვენო მეუფებავ.

ნამდვილად სამწუხაროა ყველაფერი ეს, რაც ხდება. იმის სრულად აღსაწერად, თუ რა ძლიერი სურვილი აქვს მოსკოვის საპატრიარქოს, დაარღვიოს კორეის მართლმადიდებელი სამიტროპოლიტოს კანონიკურობა, მოგიყვანთ კიდევ ერთ მაგალითს: სამხრეთ კორეელი ახლად შეუღლებული წყვილი, რომლებიც მიეკუთვნებიან კორეის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და საშიშ სექტას, 2017 წლის მარტში მოსკოვს ეწვივნენ პატრიარქ კირილთან შესახვედრად. მისმა უნეტარესობამ დალოცა ისინი, უსურვა ბედნიერი ქორწინება, საჩუქრად გადასცა ხატი და არ გაუშვია ხელიდან შესაძლებლობა, რომ მათთვისაც არ ეთქვა კორეაში რუსული ეკლესიის ღრმა ფესვებისა და იმის თაობაზე, რომ სურვილი ჰქონდა რუსული მისიის საქმიანობის გაგრძელების, რომელიც პოლიტიკური გარემოებების გამო შეჩერდა. ამის ხილვა შესაძლებელია ინტერნეტში განთავსებულ ვიდეოში, როდესაც მისი უნეტარესობა ამ წყვილს ესაუბრება. აშკარა იყო, რომ მისმა უნეტარესობამ დაკარგა რა სიტუაციის კონტროლი, აჯობა მისმა სურვილმა ელაპარაკა კორეაში მის გეგმებზე. ამ ამბის სამწუხარო მხარე ისიცაა, რომ როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ამ ახალგაზრდა წყვილმა პატრიარქ კირილთან შეხვედრა გამოიყენა თავისი სექტისათვის, რამდენადაც მათი სტრატეგიაა შეხვდნენ უმაღლესი დონის პოლიტიკურ და რელიგიურ პირებს და შემდეგ მათთან გადაღებული ფოტოები და ვიდეოები განათავსონ თავიანთ გვერდზე.

 

დავუბრუნდეთ კორეაში განვითარებულ მოვლენებს, რა სტატუსი აქვთ ამჟამად? დაფუძნდა მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის იურისდიქციის ქვეშ?

სამწუხაროდ, დიახ. განთავსებულია კერძო საკუთრებაში მყოფ ოთახში, სადაც სწორედ ზემოხსენებულმა „ბატონმა სომ“ მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილ მღვდელთან ერთად 2018 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყო ღმრთისმსახურების ჩატარება.

ასევე შესაფერის დროდ მიმაჩნია ზუსტად ახლა მოგითხროთ კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ: 23-დან 25 ნოემბრის ჩათვლით (2018 წ.), ანუ ერთი კვირით ადრე, სანამ კორეაში შედგებოდა კურთხეული და დიდად წარმატებული ვიზიტი მსოფლიო პატრიარქისა, სეულში მდებარე რუსეთის საელჩოში შედგა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები რუსების წარმომადგენელთა შეკრება. შეხვედრას ესწრებოდა ვოლოკალამსკის მიტროპოლიტი ილარიონი. სულ წარმოდგენილი იყო 50-მდე პირი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის კორეიდან. კორეაში მცხოვრებ რუსებს მიტროპოლიტმა ილარიონმა აღუთქვა, რომ ძველი სტილით ქრისტეშობის დღესასწაულამდე მოსკოვის საპატრიარქო მათ მღვდელმსახურს გამოუგზავნიდა. ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, მრავალი მორწმუნე, რომლებიც წლების განმავლობაში კორეის მართლმადიდებელ სამიტროპოლიტოს მიეკუთვნებოდა, უარყოფითად განეწყო. მისმა მეუფებამ „აუხსნა“ მათ, რომ მსოფლიო საპატრიარქო, რომლებსაც ისინი ექვემდებარებიან, წარმოადგენს „სქიზმატურს“ და ამდენად მათ არ აქვთ უფლება, რომ დაესწრონ კორეაში ჩვენს ეკლესიებში მსახურებას ან მიიღონ მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფ სამრევლოებში წმინდა ევქარისტია. ერთმა მრევლთაგანმა მას უთხრა:

                „მეუფეო, ჩვენ უკვე წლებია, რაც კორეაში ვცხოვრობთ. პირველივე დღეებიდანვე, როდესაც აქ ჩამოვედით, მისმა მეუფებამ, პისიდიელმა მიტროპოლიტმა სოტირიოსმა [კორეის სამიტროპოლიტოს პირველი მმართველი მღვდელმთავარი, დ.ჩ.] მიგვიღო სიყვარულითა და ზრუნვით და მოგვცა ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა. ჩვენ გვაქვს ეკლესია, გვყავს მღვდელი, გვაქვს სივრცე შეხვედრებისათვის, ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა და საზაფხულო ბანაკი ჩვენი შვილებისთვის, ჩვენ ყველაფერი გვაქვს. ჩვენ არ გვესაჭიროება ახალი ეკლესია.“ მეორე მორწმუნემ კი უთხრა:

                „მეუფეო, თქვენ აგვიხსენით, რომ ეს ხდება იმ მიზეზით, რომ მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო უკრაინელი სქიზმატები. განა მოსკოვის საპატრიარქომ არ მიიღო რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესია დამატებითი პროცედურების გარეშე?“, რაზეც მისმა მეუფებამ, ილარიონმა უპასუხა:

                „დიახ, ეს გაკეთდა იმიტომ, რომ მოსკოვის საპატრიარქო, რომელიც არის რუსების დედა ეკლესია, სიყვარულით მიუდგა მათ და მიუტევა ყოველივე, რაც მათ მოიმოქმედეს“

                „მაშინ, მსოფლიო საპატრიარქომაც იგივე არ გააკეთა, როდესაც მიიღო სქიზმატი უკრაინელები?“

                ამაზე მეუფე ილარიონმა პასუხი აღარ გასცა და მიმართა დამსწრეებს, ხელმოწერით დაედასტურებინათ კორეაში ახალი ეკლესიის დაფუძნების სურვილი. ძალიან ცოტამ მოაწერა ხელი.

 

როგორც თქვენი სიტყვებიდან გავიგეთ, კორეაში ახალი რუსული ეკლესია კორეაში მცხოვრები რუსების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ დაფუძნდა. ახლა თუ დადიან რუსები ამ ეკლესიაში?

ზოგიერთმა დატოვა ჩვენი ეკლესია და დადიან მათთან, ძირითადად ეთნიკურ-რასობრივი მიზეზი გამო. თუმცა, მორწმუნეების უმრავლესობა კვლავაც კორეის მართლმადიდებელი სამიტროპოლიტოს დაქვემდებარებაშია. სამწუხარო ისაა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები მოუწოდებენ არა მხოლოდ რუსებს და სხვა სლავურენოვან მორწმუნეებს, არამედ კორეელებს, ამერიკელებს და სხვა ინგლისურენოვან მრევლს, ცდილობენ დაარწმუნონ ისინი, რომ იარონ მათ ეკლესიაში. მოუწოდებენ და ხვდებიან ბავშვებსაც კი და ცდილობენ მათი მოწყვლადი ასაკის გათვალისწინებით გადაიბირონ ისინი. სარკასტული ისაა, რომ მოდიან ჩვენი ეკლესიის მრევლთან და თხოვენ, იარონ მათთან და დაეხმარონ მათი იმ კორეელების კატეხიზაციაში, ვისაც მართლმადიდებლობის მიღება სურს! ყველამ, ვინც რუსეთის მხარეს დგას, უნდა ჰკითხოს თავის თავს, არის კი ამგვარი ტაქტიკა სახარებისეულის სულისკვეთების და მისაღებად მიაჩნიათ თანამორწმუნე მართლმადიდებლების პროზელიტიზმი! დალოცავს კი ღმერთი მოძმეთა მიმართ ამგვარ მტრულ დამოკიდებულებას?

ამ თემაზე, რომელიც მხარდამჭერთა გადაბირების მიუღებელ მეთოდებს ეხება, მახსენდება მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსისა და მოსკოვის პატრიარქ კირილის საუბარი, რომელიც მისი უნეტარესობის ფანარში მეორე ვიზიტის დროს, 2018 წლის აგვისტოში გაიმართა. იმის გახსენება, რისი მოწმეც ჩვენ ყველანი, სინოდის წევრები გავხდით [მისი მეუფება ამბროსიოსი 2019 წლის მარტამდე მსოფლიო საპატრიარქოს მცირე სინოდის წევრი იყო და მისი ხელმოწერა დატანილია უკრაინის ეკლესიის ტომოსზე, დ.ჩ.], ახლაც ცუდად მხდის. მოკლედ, ამ შეხვედრაზე, მოსკოვის პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს ასე უთხრა: „თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, თუ თქვენ უკრაინას მისცემთ ავტოკეფალიას, სისხლი დაიღვრება“. ამაზე მსოფლიო პატრიარქმა მიუგო: „თქვენო უნეტარესობავ, ჩვენ არც არმია გვყავს და არც იარაღი გაგვაჩნია. თუ სისხლი დაიღვრება, ესე იგი მას თქვენ დაღვრით და არა ჩვენ!“

ასევე მახსენდება, როდესაც ერთ-ერთ წმინდა ბერთან განვიხილავდით კორეაში მოსკოვის საპატრიარქოს სქემებისა და ინტრიგების თემას, მან ღრმად ამოიოხრა და სხვა რამეებთან ერთად, რისი თქმაც არ მინდა ახლა, მითხრა: „სამწუხაროა, რომ აგერ უკვე ათას წელზე მეტია გასული, მაგრამ რუსეთის ეკლესიის მმართველთა უმრავლესობას ჯერ კიდევ არ გაუგია, სახარება რას გვასწავლის“.

 

ეს სერიოზული კომენტარებია, თქვენო მეუფებავ.

სერიოზულია, ნამდვილად, მაგრამ ეს ფაქტები დასტურდება. როგორც ზემოთ გითხარით, სეულში მათ დააფუძნეს რუსეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი „სამრევლო“, რომელსაც, მიუხედავად მრავალი პროზელიტური მცდელობისა, ოცდაათამდე ადამიანი ესწრება მხოლოდ. შეიძლება დაიჯეროს ადამიანმა, რომ ამ მცირერიცხოვანი სამწყსოსათვის, მათ შექმნეს ცალკე ეპარქია, რომლის მმართველ მღვდელმთავრადაც მოსკოვის საპატრიარქომ სულ ცოტა ხნის წინ, 4 აპრილს, გამოირჩია მთავარეპისკოპოსი, რომლის „აღსაყდრებაც“ კორეაში უნდა მოხდეს? ხედავთ, როგორ „თამაშობენ“ ჩვენი ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებით? როგორც წინა ინტერვიუშიც მოგითხრეთ, რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონიც ასევე მოიქცა, როდესაც რამდენიმე წლის წინ სეულს ესტუმრა. მან მსოფლიო საპატრიარქოს ყოფილი სასულიერო პირი და მისი მეუღლე შემოსა არარსებული მონასტრის ბერ-მონაზვნად! ყველასთვის, ვინც თუნდაც მცირე რამ იცის საეკლესიო სამართალში, ცნობილია, რომ ეპარქიის დაფუძნებისათვის საჭიროა სათანადო წინაპირობების არსებობა. მათგან ერთ-ერთია სამრევლოებისა და მორწმუნეების შესაბამისი რაოდენობის არსებობა. სწორედ ეს წინაპირობები იქნა მხედველობაში მიღებული, კორეაში ჩვენი ეკლესიის შემთხვევაშიც, რის გამოც კორეის სამიტროპოლიტო მხოლოდ 2004 წელს შეიქმნა, მანამდე კი, ათწლეულების განმავლობაში, კორეაში მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენდა საეგზარქოსოს, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს სხვა ეპარქიას ეკუთვნოდა.

 

თქვენი აზრით, რატომ აკეთებენ ამას?

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო რეაგირება მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, რაც მათ ინტერესში არ შედიოდა. შეხედეთ, ბატონო სოტიროპულოს, არცერთი ჩვენგანი, ვინც მსოფლიო საპატრიარქოს მივეკუთვნებით, არ ვთვლით, რომ შეუცდომელნი და უცოდველნი ვართ. პირიქით. ყოველ ჩვენგანს აქვს სულიერი პრობლემა, რისთვისაც ღმერთს შევთხოვთ შეწყალებას. თუმცა, დანამდვილებით ვიტყვი, რომ ბოროტს არავის ვუსურვებთ. იმავდროულად, სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დილას, გაღვიძებისთანავე, იწყებენ იმაზე ფიქრს, რა ავნონ, ავნონ მსოფლიო საპატრიარქოს, რაც შეუძლიათ ყველაზე მეტად, მათი საქმეებითა და გადაწყვეტილებებით. ამ ნატვრაში მყოფებს ვკითხავდი, რას ფიქრობენ, რა პასუხს გასცემენ მათი ქმედებებისათვის საშინელი სამსჯავროს დღეს? ასეთი აგრესიის შემდეგ, როგორ აღასრულებენ საღმრთო წირვას და როგორ მონაწილეობენ წმინდა საიდუმლოებში?

 

თქვენი ნათქვამი მართლაც, დამამწუხრებელია. ნება მიბოძეთ, თქვენო მეუფებავ, გადავიდე შემდეგ საკითხზე: თქვენს ტიტულში აღნიშნულია, რომ ბრძანდებით „იაპონიის ეგზარქოსი“. რას საქმიანობთ იაპონიაში?

ქრისტესმიერი სიყვარულისა და მშვიდობის სახელით, იქ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, ვინაიდან ამის დრო არაა.

 

შეგიძლიათ, უფრო დეტალურად მოგვითხროთ?

1970 წელს, მოსკოვის საპატრიარქომ იაპონიის მართლმადიდებელ ეკლესიას მიანიჭა ავტონომიის არაკანონიკურ სტატუსი, რომელსაც არცერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს [იაპონიის ავტონომია საქართველოს საპატრიარქოს მიერ აღიარებულია, დ.ჩ.]. იაპონიაში მყოფი ჩვენი მართლმადიდებელი ძმები მოიმწყვდიეს ავტონომიის ხაფანგში, რომელიც მათ მისცეს და ამით მოწყვიტეს დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიებთან კავშირისგან. ეს სერიოზული თემაა, რომელიც, როგორც ამის თაობაზე კრეტაში გამართულ წმიდა და დიდ კრებაზე ვიმსჯელეთ, საჭიროებს ჩვენი იაპონელი დებისა და ძმების სულიერი სარგებლის გათვალისწინებით გადაწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ყველანაირი უფლება, ვიმოქმედოთ იაპონიაში, არ ვიყენებთ ამ ძალაუფლებას, ვინაიდან ვისწრაფვით, რომ შევინარჩუნოთ სულიერი მშვიდობა შორეული აღმოსავლეთის ჩვენს მეზობელ მართლმადიდებელ ეკლესიაში. თუმცა, ჩვენი სამშვიდობო მცდელობების ფონზე, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი რუსი ძმები კორეაში მოდიან არა „დამსწყსად“, არამედ რათა „წარიპარონ“ და „მოთხარონ“.

მოსკოვის საპატრიარქო მოქმედებდა და მოქმედებს კიდევ უფრო უარესად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის იმ ქვეყნებში, სადაც მსოფლიო საპატრიარქოს სამიტროპოლიტოები მდებარეობს. ინდონეზიაში, მაგალითად, მათ არა მხოლოდ დაიკავეს ეკლესია, რომელიც ბერძენი მართლმადიდებლების შემოწირულობით აიგო, არამედ პრეტენზია განაცხადეს იმ სამღვდელო პირებზეც, რომლებმაც განათლება და ხელდასხმა მსოფლიო საპატრიარქოში მიიღეს. ეს შეურაცხმყოფელი საქმეები „აღასრულა“ აღმოსავლეთ ამერიკისა და ნიუ იორკის მიტროპოლიტმა ილარიონმა (რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესია), რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს მიუერთდა. მახსოვს, როდესაც მიტროპოლიტ ილარიონის ეს და სხვა არაკანონიკური მოქმედებები მოვუყევი სინგაპურის მოქმედ მიტროპოლიტ სერგის, როდესაც სამი წლის წინ შეხვედრა გვქონდა ჩვენი მისიის ცენტრში, სეულში, მან თქვა, რომ მოსკოვის პატრიარქმა ამ არაკანონიკური მოქმედებების გამო მკაცრი საყვედური გამოუცხადა მიტროპოლიტ ილარიონსო. თუ მან მართლაც გამოუცხადა საყვედური, მაშინ უნდა დაებრუნებინა ყველაფერი, რაც წაართვა მსოფლიო საპატრიარქოს და შეენანებინა ჩადენილი უკანონობანი, მოსკოვის საპატრიარქოსა და საზღვარგარეთულ ეკლესიას შორის ურთიერთობათა აღდგენის შემდეგ მაინც.

 

თქვენო მეუფებავ, ეკლესიის ერთობაზე წუხილი კარგად ჩანს თქვენი საუბრიდან. როგორ ხედავს ამ ერთობას მოსკოვის საპატრიარქო?

სამწუხაროდ, მე არ ვფიქრობ, რომ მოსკოვის საპატრიარქო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობით არის დაინტერესებული. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ იგი ცხოვრობს ანტიქრისტიანული დოქტრინით – „გათიშე და იბატონე“.

მარტივი მაგალითი დაადასტურებს ჩემს ნათქვამს. გეხსომებათ, რომ 2013 წელს, კორეის ქალაქ ბუსანში ჩატარდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მე-10 გენერალური ასამბლეა. როგორც მასპინძელი ქვეყნის თავმჯდომარე და ადგილობრივმა ეპისკოპოსმა, მოვიწვიე მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგაცია, რათა ბუსანის ხარების ტაძარში ერთად აღგვესრულებინა სრულიად მართლმადიდებელთა საკვირაო საღმრთო წირვა. ყველა მართლმადიდებლურმა დელეგაციამ ჩვენი მოწვევა სიხარულით მიიღო, გარდა ვოლოკალამსკელი მიტროპოლიტი ილარიონისა, რომელმაც მონაწილეობაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მან არჩია, რომ გაჰყოლოდა განყოფის დამანგრეველ გზას. კერძოდ, როდესაც 13 მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ჩვენს ხარების ტაძარში საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოს აღასრულებდა, მან ცალკე წირვა ჩაატარა ბუსანში მდებარე რუსეთის საკონსულოში, სადაც მასთან ერთად მოსკოვის საპატრიარქოს რამდენიმე თანმხლები მღვდელი წირავდა და რომელსაც მხოლოდ 4-5 რუსი ადამიანი ესწრებოდა! ფაქტია, რომ მან იკადრა, რომ საკონსულოს მისაღებში დაედგა სავარძელი, მოეწყო გადასატანი ტრაპეზი და წირვის დროს დამჯდარიყო, როგორც „მმართველი“ მღვდელმთავარი. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ეს მოხდა, როგორც გამონაკლისი შემთხვევა. სამწუხაროდ, გამიგია სხვებისგანაც, რომ იგი ცდილობს იმავე ტაქტიკით იხელმძღვანელოს სხვა შიდა-მართლმადიდებლურ შეხვედრებზე, ვინაიდან ვერ ეგუება დიპტიქში მეხუთეობას და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის დაქვემდებარებაში ყოფნას. მხოლოდ ამ ერთი შემთხვევიდანაც კი საკმარისია გავიგოთ, სურთ თუ არა რუსებს მართლაც მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა.

ახლა, როდესაც ნიღბები და თვალთმაქცობა ჩამოხსნილია, ვხედავთ, რომ სავარაუდო „კარგი ურთიერთობები“ მსოფლიო საპატრიარქოსა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის ყოველთვის არ იყო კარგი; თუმცა არა მსოფლიო საპატრიარქოს ბრალეულობით, რომელიც არაერთხელ შეხვედრია მოსკოვის გამოწვევებს დიდი მოთმინებით. ახლა კი, როდესაც მსოფლიო საპატრიარქო „სქიზმატურად“ გამოაცხადეს, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაიწყეს მოქმედება, თითქოს უკვე გათავისუფლდნენ და შეუძლიათ მოიქცნენ ისე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც მათ მოესურვებათ და დაიწყონ „მესამე რომის“ შესახებ მათი გეგმის იმპლემენტაცია, რათა გახდნენ მსოფლიო საპატრიარქო.

მოსკოვის საპატრიარქოს არც უყოყმანია, როდესაც საუკუნეების ისტორიის კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს საყდარში საკურთხეველი აღმართა. მათ არ უყოყმანიათ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოქცეოდნენ კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიას ასეთი უპატივცემლობით და უმადურობით, ეკლესიას, რომელმაც ათასი წლის წინ სულიერ შვა და აღზარდა ისინი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი მეუფება, პისიდიელი მიტროპოლიტი სოტირიოსი, 91 წლის მხცოვანი მღვდელმთავარი, მიუხედავად იმისა, რომ გრიპით შეუძლოდ გახლდათ, იძულებული გახდა კორეიდან თურქეთში, თავის ეპარქიაში გამგზავრებულიყო და დაეცვა თავისი სამწყსო გადაბირებისაგან, მას შემდეგ, რაც მოსკოვის საპატრიარქომ გადაწყვიტა, დაეფუძნებინა რუსეთის იურისდიქციაში მყოფი სამრევლოები ანტალიასა და ალანიაში.

 

თქვენო მეუფებავ, როგორ აღიქვამენ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უცხოდ მადიდებლები კორეაში?

გავლენა იყო ძალიან ულამაზო. ღიად რომ ვთქვა, ეს იყო უზარმაზარი სკანდალი. ათწლეულები ჩვენ ვაცხადებდით, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იყო ერთი. იმ ეკუმენურ დიალოგებში, რომლებშიც ვმონაწილეობთ, ხაზს ვუსვამთ, რომ დენომინაციებად დაყოფა არის დაცემის ნიშანი. ჩვენ ვაგრძელებთ იმის გამეორებას, რომ ეს ბოროტება უნდა შევაჩეროთ ყველანაირ ფასად. ახლა ვითარება, რომელიც შეიქმნა მოსკოვის საპატრიარქოს გამო, და არა დოგმატური ან კანონიკური მიზეზებით, არამედ წმინდად პოლიტიკური მოტივით, აბნევს და აოცებს ჩვენს პარტნიორებს დიალოგში. გვთხოვენ, ავუხსნათ, თუ რა ხდება. ჩვენ ვპასუხობთ, რომ ვსასოებთ და აღვავლენთ ლოცვებს ყოველდღე, რათა ლოგიკურმა და მართლმადიდებლურმა ეკლესიოლოგიურმა შეგნებამ გაიმარჯვოს საერო მისწრაფებებსა თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე.

არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არავის არ შთავაგონებთ სულიერად პოლიტიკურ და საერო საქციელს. მახსენდება ასეთი შემთხვევა, რომელიც მრავალი წლის წინ მოხდა: კორეელ პასტორთა ჯგუფი როდესაც რუსეთიდან დაბრუნდა, რუს სასულიერო პირებზე ძალიან უარყოფითად საუბრობდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ისინი გაოცებულნი იყვნენ იმ ფუფუნებით და სიმდიდრით, რაც მათ ნახეს სასულიერო პირებს შესამოსლებსა და ავტომანქანებში. მეტიც, ისინი იმით უფრო იყვნენ გაოცებულნი, როდესაც ადარებდნენ რუსი სამღვდელოების ცხოვრებას მათი სამწყსოს მიზერულ ეკონომიკურ მდგომარეობას.

 

თქვენო მეუფებავ, როგორია დღესდღეობით ურთიერთობები კორეასა და რუსეთს შორის?

ამჟამად ასე ჩანს, რომ ძალიან კარგია, რადგან ორივე სახელმწიფოს აქვს საერთო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები. მოსკოვის საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენელი, წინასწარი განზრახვით ხშირად უსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს და იმას, თუ რა აერთიანებს ამ ორ ხალხს, რათა გაამართლონ თავიანთი მტაცებლური განზრახვები. თუმცა, ბევრ კორეელს, განსაკუთრებით კი უფროს თაობას, არ დავიწყებიათ, თუ რა გადაიტანეს მათ კომუნისტური რუსეთისგან. მათ არ დავიწყებიათ, რამ განაპირობა კორეის გაყოფა სამხრეთად და ჩრდილოეთად და რომ კორეის სამოქალაქო ომის ტრაგიკული შედეგი დიდწილად რუსეთის პოლიტიკის შედეგი იყო. ომის უზარმაზარი მსხვერპლი, დაღუპული, დასახიჩრებული და დაკარგული ადამიანები, სამხრეთსა და ჩრდილოეთში გაყოფილი ოჯახების ტრაგედია – ეს ის ფაქტებია, რისი იოლად დავიწყებაც შეუძლებელია.

 

რას იტყოდით კორეასა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებზე?

ეს არის გულწრფელ პატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც დაფუძნებულია ბერძენთა უდიდეს მსხვერპლზე კორეის სამოქალაქო ომის დროს. თუ შევადარებთ, ერთი მხრივ, კორეა-საბერძნეთის ურთიერთობებს და კორეა-რუსეთის ურთიერთობებს, შემიძლია ვთქვა, რომ კორეელები აღიარებენ ბერძენთა მიერ დაღვრილ სისხლს მათი სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეორე მხრივ, რუსებმა, ჩრდილოეთ კორეასთან და ჩინეთთან მოკავშირეობით დაღვარეს სამხრეთ კორეელთა სისხლი, რამაც გამოიწვია ის არეულობები, რომელთა შედეგებიც დღემდე არსებობს.

 

თქვენო მეუფებავ, ინტერვიუს დასასრულს, რისთვისაც გულთბილ მადლობას მოგახსენებთ, რას ეტყოდით მკითხველებს?

მეც მადლობას მოგახსენებთ, ბატონო სოტიროპულოს, რომ მომეცა საშუალება, რომ მესაუბრა მკითხველებთან ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე.

უპირველესი და უმთავრესი გზავნილი იქნებოდა ის, რომ არაფერია შერიგებაზე, სიყვარულსა და ერთობაზე უპირატესი.

მეორედ, ვიტყოდი იმას, რომ ძალიან გვტკივა ამ სამწუხარო ვითარების გამო. და ჩვენი ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდება, როდესაც ჩვენი წუხილი და არეულობანი მომდინარეობს ჩვენს სულიერ ოჯახში წარმოქმნილი კონფლიქტიდან. პირადად, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ გულწრფელად მიყვარს ჩვენი რუსი დები და ძმები. არ მივცემ ჩემ თავს იმის უფლებას, მოვყვე, თუ რა გვაქვს გაკეთებული და რას ვაკეთებთ კორეაში მყოფი ჩვენი რუსი მორწმუნეების სიყვარულით, რადგან ეს დაწვრილმანება გამოვა. ამასთან, თავმომწონეობა ყოვლად მიუღებელია ეკლესიაში. 1992 წლიდან, პისიდიელი მიტროპოლიტი სოტირიოსი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, იმ რუსებისთვის, რომლებიც დასტრესილი და ტრავმირებული ჩამოვიდნენ საბჭოთა რეჟიმის გადატანის შემდეგ. ახლაც, მის სამიტროპოლიტო ოლქში (თურქეთი), მიუხედავად მისი ღრმა ასაკისა, მაინც აგრძელებს იმავე შემართებით მსახურებას, დაუღალავ მსახურებას, რუსებისადმი მისი დიდი სიყვარულის გამო.

 

პატიოსნად მაინტერესებს, როდის იქნება, როცა საბოლოოდ, ჩვენ გავიაზრებთ, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური კავშირები მყიფე ფენომენია? იმას, რომ ეკონომიკური და საერო ძალები, რომლებზეც ასე ბევრი ადამიანი ამყარებს თავიანთ ცხოვრებას, ერთ დღეს დასრულდება; და რომ მხოლოდ ქრისტეს ეკლესიაა უცვლელი და მხსნელი საუკუნეთა განმავლობაში? ამ ინტერვიუს დავასრულებდი კეთილი ნების მქონე რუსების, სამღვდელო თუ საერო პირთა, თანამშრომლობისაკენ მოწოდებით. ყველასთვის ღიაა კარი, რომ მოვიდეს და იღვაწოს კორეაში მართლმადიდებლობის დასამოწმებლად. მსოფლიო პატრიარქის ომოფორქვეშ საკმარისი სივრცეა ყველსათვის. მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ ერთობა და ერთობლივი მოღვაწეობა გვიხსნის ჩვენ. ესაა, რითიც შეგვიძლია გავხდეთ „ნათელი“ და „მარილი“ სოფლისა. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ გულითად მადლობას.

 

 

+++

კორეის მიტროპოლიტ ამბროსიოსთან ეს ინტერვიუ ჩაწერა და განათავსა ევანგელოს სოტიროპულოსმა, რომელიც მართლმადიდებლური ქრისტიანობის შესახებ არაერთი პუბლიკაციის ავტორია.

ინტერვიუ შეიძლება არ ემთხვეოდეს The Orthodox World-ის გამომცემელთა პოზიციას.

 

+++

ინტერვიუს ქართულენოვანი თარგმანი, მიტროპოლიტ ამბროსიოსის თანხმობითა და კურთხევით შეასრულა დავით ჩიკვაიძემ.