ტფილისის სასულიერო სემინარიაში- დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე

XIX-XX საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიის (და არა მხოლოდ) შესასწავლად, გამორჩეული წყაროა დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის (1873-1933) ჩანაწერები, სხვაგვარად რომ ვთქვათ „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეუფასებელ ცნობებს გვაძლევს მისი ეპოქის სხვადასხვა მოვლენის შესახებ. წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრმა გადავწყვიტეთ დღიურში სხვადასხვა ადგილზე მიმობნეული იმ ცნობების შეგროვება, რომელიც დეკანოზი ნიკიტას სიცოცხლეში, საქართველოში არსებული სასულიერო სასწავლებლების შესახებ გვაწვდის ინფორმაციებს, რათა მკითხველისთვის უფრო მეტად თვალნათელი იყოს ის ,,მემკვიდრეობა“, რაც სასულიერო აკადემიებისა და სემინარიების სახით რუსულმა იმპერიალისტურმა პოლიტიკას ქართველებს დაგვიტოვა.

 

I-სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები [1]

,,სემინარიის ფაქტიური ხელმძღვანელობა, როგორც ადმინისტრატიულ, ისე სასწავლო ნაწილში ერთთავად ხელში ეპყრათ მამა ინსპექტორს, მღვდელ მონაზონ პაფნუტის და მისს სამ თანაშემწეებს _ ერისკაცებს, რომელთაც მოწაფეები `ნაძირატლებს უწოდებდენ ხოლმე.

მამა ინსპექტორიცა და მისი თანაშემწეებიც, რასაკვირველია, სულ რუსები იყვნენ, სასულიერო აკადემიებში კურსდამთავრებულნი და აქ, საქართველოში, `ბედის საძიებლად გადმოხვეწილნი, კარიერის გასაკეთებლად, სამსახურში დასაწინაურებლად. ესენი გადასარუსებელ განსაკუთრებული მოღვაწეობისათვის, ანუ, როგორც ოფიციალურად ითქმოდა, _ `ზა ობრუსენიე კრაია“, _ სხვა და სხვა პრივილეგიებით იყვნენ მოსილნი, ნივთიერადაც უფრო უზრუნველყოფილნი, ვინემ შიდა გუბერნიების სემინარიების პედაგოგიური თუ ადმინისტრატიული პერსონალი. იღებდენ ესენი `პიატილეტკებს ანუ ჯამაგირის ხუთწლიურ დამატებებს _ ყოველ ხუთ წელში _ ჯამაგირის მეხუთედს; ასეთი `პიატილეტკა იყო შემოღებული სამი _ 15 წლის განმავლობაში; ამას გარდა იღებდენ ესენი დაჩქარებული ტემპით ჩინ-ორდენებსაც და უფრო სწრაფადაც ადიოდენ სამსახურის იერარქიულ საფეხურებზე. მამა ინსპექტორი, მაგალითად, ორ-სამ წელიწადში სადმე რექტორობას გაიკრავდა, ხოლო მისი თანაშემწენი აქვე, საქართველოში, სემინარიებში მასწავლებლობას ღებულობდენ ხოლმე ან სასულიერო სასწავლებლებში ზედამხედველებად _ `სმოტრიტლებად იგზავნებოდენ` ამასთანავე ბინა, განათება, გათბობა `სახაზინო“ _ მუქთად ეძლეოდათ (ნამდვილად კი დაბეგრილი სამღვდელოების ჯიბიდან) და სცხოვრობდენ თვით სემინარიის კორპუსში უდარდელად, უზრუნველად და განცხრომით.

აი, ასეთი პრივილეგიებისა და კარიერის პერსპექტივებით გვევლინებოდენ ხოლმე ჩვენს `განსანათლებლად რუსეთის სასულიერო აკადემიებში კურსდამთავრებული ახალ-გაზრდა ბერ-მონაზონები და არქიმანდრიტები, რომელნიც ოცნებობდენ, რაც შეიძლება მალე თავზე დაეხურათ `არხიერეისკაია შაპოჩკა ანუ მიტრა, ხოლო ერის კაცნი _ `ღვთისმეტყველების კანდიდატნი მასწავლებლებად და ინსპექტორის თანაშემწეებად.

ესენი უმეტეს წილად დაბალი ხარისხებით კურსდამთავრებულნი იყვნენ, მეორე ხარისხოვანი დიპლომებით, ამიტომ შიდა გუბერნიებში ასეთ ადგილებს და ისიც სემინარიაში იშვიათად თუ ეღირსებოდენ! ამათ სადმე, თვალ უწვდენელ რუსეთის გადაკარგულ სასულიერო სასწავლებლებში უნდა დაელიათ თავიანთი დღენი უბრალო მასწავლებლებად.

ამიტომ აქ, პოგიბელნი კავკასიაში _ ტფილისისა თუ ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, ქალთა ეპარქიალურ სასწავლებლებში თუ საქართველოს ექვსს სასულიერო ვაჟთა სასწავლებლებში, ეგ ადმინისტრატიულ-პედაგოგიური პერსონალი იჩემებდა `სამსახურისადმი განსაკუთრებულ ერთგულებას“! თითოეულ მათგანს წარმოდგენილი ჰქონდა თავისი თავი რაღაც თითქოს განგებისაგან მისდამი მინიჭებულ `ღვთაებრივ პატრიოტულ პოსტზე“! ისინი, მათივე სიტყვით, `რუსულ საქმეს ედგენ აქ `დარაჯად და `რუს ღმერთზე(რუსკი ბოღ) ლოცულობდენ და ფიცულობდენ!

აღნიშნულ სასულიერო უწყების სასწავლებლებში თვით ცოტა იყო ქართველი მასწავლებლობა, ესენი თითებზე ჩამოითვლებოდენ ხოლმე, ხოლო ვინც იყვნენ, ესენიც რუსების წინაშე წარმოადგენდენ მხოლოდ ადამიანთა რაღაც საბრალო აჩრდილებს, ყოველივე უფლებასა და ნდობას მოკლებულთ, როგორც ადმინისტრაციის წინაშე, ისე პედაგოგიურ საბჭოშიაც. რუსები ამათ წინაშე აშკარად ყოყოჩობდენ, თავხედობდენ, ამცირებდენ თანამსახურ `ტუზემცებს“, ხოლო აუტანელ ბერულ-მონასტრულ რეჟიმის ჭახრაკში სწურავდენ მოსწავლეებს. ამათზე ავარჯიშებდენ ისინი სამსახურისადმი თავიანთ `ერთგულობას“, რათა მეტი სისასტიკით, მოწაფეთადმი მეტი უსულ-გულობით და განუკითხაობით, რაც შეიძლება მალე მიექციათ მთავრობის ყურადღება თავიანთ თავზე და წინ წაწეულიყვნენ. ოღონდა კი წინ წაწეულიყვნენ და სხვა არას დაგიდევდენ!

ესენი კარგად ხედავდენ თუ მათ ხელში როგორ იმსხვრეოდა, იმტვრეოდა, სახიჩრდებოდა გონებრივად, ზნეობრივად და ფიზიკურადაც ეს ამოდენა ნორჩი ახალთაობა ხალხისა! ეს მათთვის სულ ერთი იყო! რა ენაღლებოდათ?! ვისი მოერიდებოდათ!? ვინ იყო პატრონი, მოსარჩლე?...

 

II- სემინარიის სადამსჯელო მანქანა და მოსწავლეთა კონტროლი

სასულიერო სემინარია ორ ერთი მეორის მოწინააღმდეგე ბანაკად იყო გაყოფილი, ერთ ბანაკში თავი მოეყარა სასწავლებლის ადმინისტრაცია-მასწავლებლობას, ხოლო მეორეს წარმოადგენდენ მოწაფეები.

ეს ორი ბანაკი ერთი მეორეს ედგა ჯიბრში, ერთი მეორესი დაუნდობელი მოსისხლე მტერი იყო! ერთს მეორესი არა სწამდა რა, ერთს მეორესი არა სჯეროდა რა! მოწაფეები თავიანთ `აღმზრდელ-განმანათლებელთა მოტყუილებას, ყინულზე გაცურებას სცდილობდა, ხოლო `აღმზრდელ-განმანათლებელნი კი ამისათვის სასტიკად შურს ძიობდენ, `რადიკალურად უსწორდებოდენ მოწაფეებს ყოველივე, მცირე დისციპლინარულ დანაშაულობისათვისაც კი! მოწაფეები პანტა-პუნტით, ულმობელად ცვივოდენ სემინარიიდან, დაუზოგველად რიცხავდა მათ სასწავლებლიდან `პედაგოგიური საბჭო“, მამა რექტორის თავმჯდომარეობით, ხოლო მამა ინსპექტორისა და მისი თანაშემწეების მოხსენებათა საფუძველზე!

მოწაფეთა `მოუსვენარი“, `საეჭვო თუ `დამნაშავე ელემენტები“, ამათ `კონდუიდის წიგნში ჰქონდათ აღრიცხული და ვაი იმ მოწაფის ბრალი, ვინც ამ `წიგნში მოხდებოდა ორჯელ-სამჯელ მაინც. კონდუიდში მოქცეულ მოწაფეს პირველად `ყოფა-ქცევაში დაუსვამდენ ნიშანს _ 3! `პოვედენიე ტრი“! _ ეგ საშინელი, თავ-ზარდამცემი სიტყვები იყო! _ მეორეჯელ `დვა“! _ ხოლო მესამეჯერ _ გამორიცხვა, სასწავლებლიდან გაძევება, `მგლის ატესტატით“!

ინსპექტორის თანაშემწენი, _ `ნაძირატლები“, პირდაპირ ნადირობდენ მოწაფეებზე! სულ იმასა სცდილობდენ ისინი, რათა რომელიმე მოწაფე ხელთ ეგდოთ, რაიმე დანაშაულზე მიესწროთ მათთვის და `კონდუიდში შეეტანათ ისინი! კონდუიდში შესატანად საკმარისი იყო, მაგალითად, პაპიროსის წევაზე მოწაფის შესწრება...

გადმოცემა ცოცხლად მოუთხრობდა მათ თუ როგორ მოწაფეებმა ერთხელ რა დღე აყარეს ერთ-ერთ მეტად თავხედ და გამბედავ ნაძირატელს, მეტსახელად `არშაკად წოდებულს. ეგ `არშაკა ნაძირატელი არ მოერიდა თურმე, პირდაპირ ფეხის ადგილში შეეჭრა მოწაფეებს, პაპიროსის მწეველთა `დანაშაულის ადგილზე დასაჭერად“! მაგრამ ასეთი მამაცობა და სამსახურისათვის თავდადება მეტად ძვირად დაუჯდა თურმე `არშაკას“! მოწაფეებმა, დაინახეს თუ არა ის ფეხის ადგილში შემოსული, ბევრი არც კი უფიქრიათ ისე, მყისვე თავში `ჩააფარეს მას, მისივე შლიაპა თვალებზე ჩამოაფხატეს, სტაცეს ხელი, დააყირავეს თავდაღმა და ცხვირი ჩააყოფინეს, სადაც ჯერ უჩნდათ და აყნოსეს სუნნელებანი! შემდეგ ერთხანს მოსვრილ იატაკზე აგორავეს, უმწეო მდგომარეობაში რო ჩააყენეს, იქვე მიატოვეს და თვითონ თავს უშველეს, მიიფანტ-მოიფანტნენ...

და იყო ამ პაპიროსის წევის ნიადაგზე ერთი დაუსრულებელი შეხლა-შემოხლა და მოწაფეთა ათასნაირად დასჯა: თუ მოწაფე პანსიონერი იყო _ `სახელმწიფო ხარჯზე“ (ნამდვილად კი სამღვდელოების ხარჯზე), მას ჯერ ტანთსაცმელისა და ფეხსაცმელის მიღების უფლებას ჩამოართმევდენ; შემდეგ სახელმწიფო ხარჯიდან სავსებით ითხოვდენ; ზოგჯერ შაქარს აღარ მისცემდენ ერთი თვის განმავლობაში; ხოლო თუ მოწაფე ბინიდან მოსიარულე იყო და მას მცირეოდენი სტიპენდია ეძლეოდა (5-6 მანეთი თვეში), მას ამ სტიპენდიას უსპობდენ და თუ სტიპენდია არ ჰქონდა, კარცერში ამწყვდევდენ და აგრე სჯიდენ!..

გარდა პაპიროსის წევისა სემინარისტი ისჯებოდა წირვა-ლოცვაზე დაკლებისათვის, ან დაგვიანებისათვის; სწავლის დაწყებამდე დილაობით საყდარში საერთო ლოცვაზე დაუსწრებლობისათვის თუ დაგვიანებისათვის; პანსიონში დანიშნულ ვადამდე გამოუცხადებლობისათვის, `პერეკლიჩკაზე დაგვიანებისათვის; პანსიონიდან ინსპექციის ნება დაურთველად სადმე წასვლისათვის, ხოლო ნებართვით წასვლის შემდეგ, დანიშნულ ვადაზე დაგვიანებისათვის.

ბინიდან მოსიარულე მოწაფენი საღამოს ხუთი საათიდან ფეხ-მოტეხილივით თავის ბინაზე უნდა ყოფილიყვნენ! ამათ კონტროლს უკეთებდენ აქ ნაძირატლები, ზოგჯერ თვით მამა ინსპექტორიც; და თუ რომელიმე მოწაფე ამ კონტროლის დროს ბინაზე არ დაუხვდებოდა ინსპექციის წევრს, ან დაგდებული არ ჰქონდა ამბავი სად წავიდა, რა საქმეზე წავიდა და როდემდე წავიდა; ყოველივე ეს უნდა ყოფილიყო წერილობით აღნიშნული საგანგებო არსებულ საბინაო რვეულში; წინააღმდეგ შემთხვევაში მოწაფეს მოელოდა სასტიკი სასჯელი და ყოფაქცევის `გაფუჭებაც“!

თეატრში წასვლა ხომ სასტიკად აღკრძალული იყო. ქართულ თეატრში კონტროლს უკეთებდენ მოწაფეებს სემინარიის ნაძირატლები და ბევრსაც იჭერდენ ისინი სემინარისტებს `ქანდარაზე“! ზოგჯერ პანსიონიდანაც გაიპარებოდენ ხოლმე მოწაფეები თეატრში რომელიმე წარმოდგენაზე, მაგალითად _ `სამშობლოზე“!  ისინი, საღამოს შემოწმების შემდეგ, რაღაც მანქანებით, ახერხებდენ ხოლმე პანსიონიდან გარეთ გაძრომას, ზოგჯერ შვეიცარის მოსყიდვის საშვალებით, ხოლო უმეტეს წილად სემინარიის ეზოს მაღალი გალავნის კედლებიდან გადახტომით; ხოლო წარმოდგენის გათავების შემდეგ იმავ გზით სემინარიის ეზოშივე გადმოძრომით. რამდენი კურიოზები მომხდარა ხოლმე ამ ნიადაგზე, ვინ მოსთვლის!!..

პანსიონერ მოწაფეებს ძილის დროსაც ათვალიერებდენ ნაძირატლები. მორიგი ნაძირატელი რამოდენიმეჯერ ჩამოუვლიდა ღამით მოწაფეთა დასაძინებელ ოთახებს და თუ რომელიმე მოწაფე ლოგინში არ დაუხვდებოდა, მაშინ მას უთვალთვალებდენ კედლებზე გადმოსასვლელთან, იჭერდენ დაბრუნებისას და სასტიკად სჯიდენ, უსპობდენ `სახელმწიფო ხარჯს ან სავსებით აძევებდენ სემინარიიდან.

სასტიკად სდევნიდენ მოწაფეებს საერთოდ ჟურნალ-გაზეთებისა და განსაკუთრებით ქართულ ჟურნალ-გაზეთების წაკითხვისათვის. მიუხედავად ამისა, გარედან მოსიარულე მოწაფეები თვითონაც ბეჯითად კითხულობდენ `აღკრძალულ წიგნებსა თუ ჟურნალ-გაზეთებს და პანსიონერებსაც უმართავდენ ამაში ხელს, აწვდიდენ მათ ასეთ `აღკრძალულ წიგნებსა თუ ჟურნალ-გაზეთებსაც; პანსიონერებიც შარბათივით ეწაფებოდენ `აღკრძალულ ხილს“.

აღკრძალული იყო სემინარიაში წაკითხვა არამც თუ ქართული ჟურნალ-გაზეთებისა თუ წიგნებისა, არამედ არ აძლევდენ მოწაფეებს ნებას წაეკითხათ თვით დოსტოევსკის თხზულებანიც კი, ზოგი ტურგენევის თხზულებებიდანაც! ჩვენ არას ვამბობთ ტოლსტოისა და ნეკრასოვის ნაწარმოებებზე, აგრეთვე ისეთ კრიტიკოსებზე, როგორიც არიან ბელინსკი, დობროლიუბოვი, პისარევი და სხვანი! ასეთი წიგნები სასტიკად იდევნებოდენ სემინარიის კედლებიდან. მაგრამ პანსიონერი მოწაფეები მაინც ახერხებდენ მათ შოვნასა და წაკითხვასაც. ეს იცოდა სემინარიის ადმინისტრაციამაც, ებრძოდა ის ასეთ `ბოროტებას“, უსინჯავდენ მოსწავლეებს ყუთებს, დაკეტილ სკივრებს სარდაფებში და ვაი იმისი ბრალი, ვისაც აღმოუჩნდებოდა `აღკრძალული ლიტერატურა“! ასტყდებოდა ამ თაობაზე ერთი ვაი-უშველებელი და მოწაფეს რიცხავდენ სასწავლებლიდან.

უმეტეს წილად მოწაფეების გამორიცხვა სემინარიიდან აღკრძალული ლიტერატურის დაჭერის ნიადაგზე ხდებოდა, ასე ვსთქვათ, უხმოდ, ოთხკედელშუა, პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე, რომელთა ჟურნალებსა და განაჩენებს ამტკიცებდა საქართველოს ექსარხოსი. ასეთ გამორიცხვის სიმწვავეს გრძნობდა ხოლმე მხოლოდ გამორიცხული, რომელსაც ყოველივე გზა დახშული ჰქონდა სხვა რომელიმე სასწავლებელში განეგრძო სწავლა. `მგლის ყოფაქცევით სემინარიელს აბა სად ან ვინ მიიღებდა?! გრძნობდენ ამ სიმწვავეს გამორიცხულთა მშობლებიც, რომელთაც შვიდი-რვა წლის განმავლობაში გაწეული ჭაპან-წყვეტა და ხარჯები ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ სემინარიაში სწავლებაზე წყალში უცვივდებოდათ. მაგრამ ამ ნიადაგზე ტფილისის სასულიერო სემინარიაში დატრიალებულა ხოლმე ტრაღიკული ამბები და მხოლოდ მაშინ მიუღწევია `საზოგადოების~ ყურებამდე სემინარიაში გამეფებული რეჟიმის გამოძახილს. ორი ასეთი ამბავი დატრიალდა 1884 და 1886 წლებში რექტორ დეკანოზ პავლე ჩუდეცკისა და ექსარხოსს პავლეს დროს.

 

III- სემინარიელთა ორი ,,ამბოხი“

ამბავი პირველი: მეექვსე კლასის (ეს მეექვსე კლასი სემინარიისა თუ მას მიუმატებთ სასულიერო სასწავლებლის სამ მოსამზადებელსა და ოთხ კლასს, შეადგენდა მე-13 კლასს) მოწაფეს _ სილიბისტრო ჯიბლაძეს, როდესაც ის ფეხ-მტკივანი საავათმყოფოში იწვა, მიუსწრეს პისარევის თხზულების წაკითხვაზე; წიგნი დაუჭირეს და ციმ-ციმ გამორიცხეს სემინარიიდან. როდესაც მას გამოუცხადეს პედაგოგიური საბჭოს ასეთი დადგენილება და წინადადება მისცეს მას დაუყონებლივ დაეტოვებია საავათმყოფოცა და სემინარიაც, თავზარდაცემული ახალგაზრდა, რომელიც რამოდენიმე თვის შემდეგ ასრულებდა 13 წლის კურს, ის 425 კოჭლობ-კოჭლობით გამოვარდა საავათმყოფოდან, მიუხტა ბინაზე რექტორ ჩუდეცკის, სტაცა მას თმაში ხელი, გამოათრია გარეთ, ურტყა უსაშველოდ, შემდეგ წააქცია, დაითრია ფეხით და მეორე სართულიდან ძირს სართულამდე, სულ კიბე-კიბე ახოხიალა მამა რექტორი _ დეკანოზი! აქ შეეჩეხა მათ მასწავლებელი ალბოვი _ კაცი ხმელ-ხმელი და მაღალ-მაღალი! ეს შეეცადა ხელიდან გაეგდებინებია ჯიბლაძისათვის `მამა რექტორი“! მაგრამ გააფთრებულმა ჯიბლაძემ ერთი წიხლი ალბოვსაც ჩაახვია მუცელში და შეჰყვირა: `უბირაისა ვონ, სიონსკი ჟანდარმ“! _ და განაგრძობდა მამა რექტორის თრევას კიბეებიდან უკვე ქვის იატაკზე, სანამ არ მიუსწრეს მას ქუჩიდან პოლიციელებმა და ხელიდან არ გამოსტაცეს `სულიერი მამა“ `სულიერ შვილს“!

ეს ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ ტფილისს, კავკასიას, რუსეთს! `დახეთ, რასა სჩადიან მხეცი ქართველებიო“! _ სწერდენ რუსეთის სატახტო გაზეთები!...

ჯიბლაძე ადმინისტრატიული წესით გადაასახლეს ხარკოვის საკატორღო ციხეში ოთხი წლით. აქ ის დამუშავდა უსასტიკეს მებრძოლ რევოლიუციონერად...

ამბავი მეორე: იმავ რექტორ, დეკანოზ პავლე ჩუდეცკის დროს, ჯიბლაძის ამბების შემდეგ, ისევ აღკრძალული წიგნების წაკითხვისა გამო, გამორიცხეს სემინარიიდან ერთი საცოდავი, ღარიბ-ღატაკი ობოლი მოწაფე ვინმე ლაღიევი. ბევრს ემუდარა, ბევრი ჭირი სჭამა მან მამა რექტორს, ნუ დამღუპავ, შეიბრალე საცოდავი ქვრივ-ოხერი ჩემი დედა! მაპატიე, დამაბრუნე სემინარიაშიო, მაგრამ მამა რექტორი იყო ამ ხვეწნა-მუდარაზე ულმობელი! მან ფეხების ბრაგუნით გააგდო ლაღიევი: `აქედან დამეკარგე! თვალით აღარ დამენახოო“!...

რა ძალა ჰქონდა! ლაღიევიც ჩამოშორდა მამა რექტორს, სემინარიასაც, თვალითაც აღარ ეჩვენებოდა ის თავის `გამაბედნიერებელ ჩუდეცკის! ადგა და რაღაც ძველი წიგნებით დაიწყო მან იარმუკაში ვაჭრობა. ვიღაცამ მამა რექტორს მიუტანა ამბავი, რომ ლაღიევი წიგნებით ვაჭრობას შესდგომია და აღკრძალულ წიგნებს აწვდის სემინარიის მოწაფეებსო! ეს `დანოსი საკმარისი შეიქნა, რომ მამა რექტორს მიეღო სათანადო ზომები და ლაღიევსაც აღუკრძალეს წიგნებით ვაჭრობაც!

ამის შემდეგ მან ისევ სცადა მამა რექტორისათვის თავი შეებრალებია _ `ნუ მომისპობთ ცხოვრების საღსარს, ნუ დამიხშავთ სწავლა-განათლების გზასო“, _ მიმართა მან თვალცრემლიანმა დეკანოზ ჩუდეცკის თხოვნით, ხოლო თან, ყოველ შემთხვევისათვის, უბეში მომარაგებული ჰქონებოდა გალესილი პატარა ხანჯალი და... როდესაც ჩუდეცკიმ გულზე ხელი ჰკრა მას, _ წადი, აქედან დამეკარგეო, იელვა ლაღიევის ხელში იმ ხანჯალმა! ჯერ წელები გადმოაყრევინა მან მამა რექტორს, ხოლო შემდეგ ყელი გამოღადრა მას!...

გაჩერდა მკვლელი! არც კი უცდია მას გაქცევა თუ თავის შველა!

ეს ამბავიც, რასაკვირველია, სასწრაფოდ მოედო მთელ რუსეთის საბრძანებელს! `სმოტრიტე, ჩტო დელაეტსია ნა პოგიბელნომ კავკაზეო“! _ რასა სჩადიან ეგ ბარბაროსი ქართვლები?! რად უნდა მაგათ სწავლა?! რა მაგათი საქმეა სემინარია?! დაჰკეტეთ ასეთი სემინარია! განა ქართველები ღირან ასეთ მსხვერპლათო?!~ _ სწერდენ და ბობოქრობდენ ცოფ-მორეული რუსული სატახტო გაზეთები! ხოლო საქართველოს `მწყემსთმთავარმა“, ექსარხოსმა პავლემ, ჩუდეცკი-რექტორის დასაფლავებაზე წარმოთქმულ `მოძღვრებაში დასწყევლა, შეაჩვენა ის მხარე, რომლის დასამწყსავად, მოსავლელად და `საცხონებელად ის იყო სინოდის მიერ ჩვენში მოვლენილი: `წყეული და შეჩვენებულიც იყოს ის მხარე და ხალხი, რომელმაც წარმოშობა შენი მკვლელიო“, _ ეუბნება კუბოში მდებარე დეკანოზ ჩუდეცკის საქართველოს ექსარხოსი პავლე!

აგრე არკვევდენ ჩვენში ქრისტეს მცნებებს სინოდის მიერ მოვლენილი `ქრისტეს მოციქულები“!... [2]

 

IV- როგორ რიცხავდნენ სემინარიიდან ,,ურჩ პირებს“

რა აზრსაც მამა რექტორი წარმოსთქვამდა საბჭოში ამა თუ იმ საკითხზე, ამას სავსებით იზიარებდა ბატონი ინსპექტორიც _ მიხეილ ალექსეევიჩი: `ია ვპოლნე სოგლასენ ს მნენიემ ოტცა რექტორაო“, _ განაცხადებდა ხოლმე ის დინჯად, წყნარი ხმით, ოდნავ მოსლექილი ენით, მორჩილების კილოთი და ლმობიერ თვალებს მიაპყრობდა მამა რექტორს! ეს კი გეზელი ქორივით გადახედავდა ხოლმე თავმჯდომარის მომაღლო სავარძლიდან `პედაგოგთა საბჭოს“ და, რასაკვირველია, ესენიც `სავსებით იზიარებდენ მამათავმჯდომარის აზრს“, როგორიც კი უნდა ყოფილიყო ეს `აზრი“!...“

,, სამოსწავლო წლის პირველი ნახევრის დასასრულია. მოწაფეთა ყოფაქცევისა და სწავლის ნიშნების გამოყვანაა დანიშნული პედაგოგიურ საბჭოში. ჯერი მიდგა მესამე კლასის მოწაფეთა ნიშნების განხილვაზე. ინსპექტორმა დობრონრავოვმა გამოსარიცხავად წარმოადგინა სხვათა შორის ორი მოწაფე _ დომენტი აროშიძე და კოსტია ემჩინოვი.

აროშიძე დაახასიათა ინსპექტორმა, როგორც მეტად მავნე და თავხედი მოწაფე: არავითარ დისციპლინას ის არ ემორჩილება, მისი სულიერი განწყობილება სრულებით არ შეესაბამება იმ მიზნებს, რომელნიც დასახული აქვს სემინარიას თავისი მოწაფეებისათვის. აროშიძე, როგორც ობოლი, `სახელმწიფო ხარჯზეა“. მაგრამ ის არ აფასებს ამ სიკეთეს; ის სრულებით ყურადღებას არ აქცევს გაკვეთილების მომზადებას; დაძრწის სულ გარე-გარე, სისტემატიურად იგვიანებს საღამოს `პერეკლიჩკაზე“, არღვევს წესებს სასადილოში, და საძინებელ ოთახშიც, ბეჯით მოწაფეებს უშლის მაცადინობას, დასცინის მათ, ეძახის მათ `ზუბრიაკებსა და გამოტვინებულებს! წირვა-ლოცვაზედაც საზიზღრათა დგას... ის ნამდვილი მეამბოხეა! მოწაფეებში სულ სოც-დემოკრატიულ მოძრაობაზე მსჯელობს, საამისო ინფორმაციაცა მაქვს `ნამდვილი წყაროებიდანო“ _ დაუმატა ბატონმა ინსპექტორმა, _ სულ ჟორდანია, მახარაძე, ჯიბლაძე, კიკვაძე და სხვა ასეთების ხსენებაში და ქება-დიდებაშიაო! ნამდვილი დემორალიზაცია შემოაქვს მოწაფეთა ყოფაქცევაში! ყოვლად შეუძლებელია იმისი სემინარიაში გაჩერება. შესაძლებელია აროშიძემ ისეთი რამ შეგვამთხვიოს, რომ სასწავლებელი მოგვიპირქვაოს და ერთ უბედურებაში ჩაგვაგდოსო, _ დაასრულა . ინსპექტორმა აროშიძის დახასიათება.

- ნუ ჩტოჟე! ზაჩემ ჟე დელო სტალო! დავატე, პრისოედინიმ ტოვარიშჩა ოროშიძე პლეიადე გურიისკიხ სოც-დემოკრატიჩესკიხ ლიდეროვ! სტატი ონ გურიეც, კაჟეტსია. _ ცინიკური ღიმილით განაცხადა მამა რექტორმა.

_ დიახ, ისიც გურულია, _ დაუდასტურა სიტყვა ერთ-ერთმა ნაძირატელთაგანმა.

_ ია ვპოლნე სოგლასენ მნენიემ ოტცა რექტორა, _ მისცა თავისებურად ხმა აროშიძის გამორიცხვას ინსპექტორმა დობრონრავოვმა.

_ უკაცრავად, _ განაცხადა დეკ. თავკავაძემ და მიმართა მამა რექტორს: ჯერ არავითარი მსჯელობა არ მოგვიხდენია მოწაფე ოროშიძეზე, . ინსპექტორი კი ხმას აძლევს მის გამორიცხვაზე! მამაო რექტორო, _ ეს ყოვლად დაუშვებელია ისეთ დაწესებულებაში, როგორიც არის პედაგოგიური საბჭო! არ უნდა ვიბჭოთ, არ უნდა ავსწონ-დავსწონოთ იმ ცნობათა საფუძვლიანობა, რომლებიც აქ ამ თაობაზე მოგვაწოდა . ინსპექტორმა?! სახუმარო საქმე როდია! აქ უნდა გადაწყდეს ობოლი, უპატრონო ახალგაზრდა მოწაფის ბედ-იღბალი! ასეთ საკითხებზე ღირს, თქვენო მაღალ ღირსებავ, ცოტაოდენი შეჩერება, მოწოდებულ ცნობათა შემოწმება და, თუ შესაძლებელი იქნება, ასეთი უკიდურესი ზომის მოწაფიდან აცილება, როგორიც არის მოწაფის სემინარიის მესამე კლასიდან გამორიცხვა, მისი შუა-წყალში აგრე უმწეოდ მიტოვება და გულზე ხელის კვრა!...

_ ბრძანეთ, მამაო დეკანოზო, ბრძანეთ ღვთის გულისათვის! იმსჯელეთ! განა მე ვინმეს ბჭობასა თუ მსჯელობას უშლი?! _ სარკასტიული ღიმილით უპასუხა თავკავაძეს რექტორმა. და თან გამეხებული თვალებით გადაჰხედა პედაგოგიურ პერსონალს, თითქოს აგრე ეუბნებოდა მას _ ერთი გაბედეთ, ხმა ამოიღეთ და მე ვიცი თქვენი პატივის ცემაო!

_ დიდსულოვნურად მაპატიოს . ინსპექტორმა, _ დაიწყო დეკ. თავკავაძემ, _ მას აროშიძეზე არც ერთი დანაშაული ფაქტიურად და დასაბუთებულად არ წამოუყენებია, `მე დარწმუნებული ვარო“, `საამისო ინფორმაციაც მაქვსო“, _ ბრძანა მან! განა ეს მოწაფის გამოსარიცხავად, მისს გასაუბედურებლად, საკმარისია?! ასეთ `ინფორმციებს ანუ ენა-ტანიობას, ნება მიბოძეთ მე ვერ დავემყარო ამ საქმეში!...მე მებადება ეჭვი _ ხო არ სურს უცნობ `ინფორმატორს სახელმწიფო ხარჯის ვაკანსია გაანთავისუფლოს აროშიძის სემინარიიდან გამორიცხვით და თვითონ იქნეს მიღებული მის ადგილზე?!

_ ოო! ეს როგორ შეიძლება! ეგ რა სათქმელია! _ აღშფოთებით წამოიძახეს რექტორმაცა და ინსპექტორმაც! მათ მიჰყვნენ ნაძირატლებიც! სხვები კი სდუმდენ!...“

 

 



[1] მასალა ქვეთავებად ჩვენ მიერაა დაყოფილი (გ.ლ.)

[2] ქვეთავის სათაური დღიურებში: ტფილისის სასულიერო სემინარიაში.

 

 

 წყარო: მოქალაქე-მღვდლის დღიურიდან / ნიკიტა თალაქვაძე; გამომცემელი: ლაშა ბაქრაძე; რედაქტორები: თეა თვალავაძე, ია ღადუა; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2013.

 

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა