უკურეაქცია მოსკოვს - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება

უკურეაქცია მოსკოვს - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება

 

8 ნოემბერს ალექსანდრიის პატრიარქმა წირვისას დიპტიხში მოიხსენია კიევის მიტროპოლიტი ეპიფანე, რაც ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით ახალი ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებას ნიშნავს. მოგვიანებით, ქადაგებისას კი თავად პატრიარქმა თეოდორემ აუწყა მრევლს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ[i].

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2018 წლის სექტემბრის ბოლოს ალექსანდრიის პატრიარქი იმყოფებოდა ოდესაში, უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ეგზარქიის მიწვევით, სადაც მან მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ეგზარქოს ონუფრეს [ii]. შესაბამისად საეკლესიო წრეებისათვის სავსებით მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინის ეკლესიას აღიარება ალექსანდრიის საპატრიარქოს მხრიდან.

 

რამ დააჩქარა მოვლენები [iii]?

2019 წლის17 სექტემბერს ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა წერილი მისწერა მოზამბიკის მიტროპოლიტ ქრიზოსტომოსს (ალექსანდრიის საპატრიარქო), სადაც საყვედურობს 12 სექტემბერს, საბერძნეთში, ლაგადას ეპარქიაში უკრანის ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენელთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობის გამო და სთხოვს, აღარ გაიმეოროს მსგავსი ქმედება. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თანამშრომლებმა შემთხვევით წერილი სხვა ალექსანდრიელ იერარქს, ზამბიის მიტროპოლიტ იოანეს გაუგზავნეს, რომლმაც სასწრაფოდ გამოაქვეყნა ის.

მიტროპოლიტ ალფეევის ეპისტოლეს პირველი ნიგერიის მიტროპოლიტი ალექსანდრე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: “გაოცებას იწვევს ჩემში ისეთი სერიოზული ღვთისმეტყველის სითავხედე, როგორიც მიტროპოლიტი ილარიონია, არა იმიტომ, რომ მისთვის მიუღებელია “არაკანონიერი თანამსახურება”, არამედ იმიტომ, რომ საეკლესიო ნორმების სრული უგულვებელყოფით მან გადააბიჯა თავზე პატრიარქ თეოდორეს და გადაწყვიტა პირდაპირ მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსისთვის ეპასუხა, პატრიარქს კი მხოლოდ ასლი გამოუგზავნა. ამით მან წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ეკლესიის მეთაურსა და თითოეულ ეპისკოპოსს. უნდა ესმოდეს რუს მღვდელმთავარს, რომ მას არ აქვს უფლება უსაყვედუროს, გამოასწოროს და დაემუქროს სხვა იურიდიქციის ეპისკოპოსებს, შეაშინოს მათთან ურთიერთობის გაუარესებით. რისი თქმა სურს მას? უნდა ესმოდეს, რომ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა ბუმერანგივით დაუბრუნდება თავად რუსულ ეკლესიას, რადგან ის სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება. დაე იცოდეს ჩვენმა აღმატებულმა ძმამ, რომ ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქო არასდროს შევა რუსეთის პროტექტორატში, არც პატრიარქი და არც ეპისკოპოსები არ გახდებიან მათი ვასალები. უსამღვდელოესო ვოლოკოლამელო, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურისა და სინოდის წინაშე! მიტროპოლიტ ილარიონის ეს შეცდომა, მიუღებელი უნდა იყოს ჩვენ ყველასათვის, არა მხოლოდ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, არამედ მზარდ, აგრესიურ რუსულ საეკლესიო იმპერიალიზმთან, და სხვა იურისდიქციებში მის არაკანონიერ შეჭრასთან მიმართებითაც”.

22 სექტემბერს მიტროპოლიტ ილარიონს საჯაროდ უპასუხა მისი წერილის შეცდომითმა ადრესატმა, ზამბიის მიტროპოლიტმა იოანემაც:“...მე როგორც მღვდელმთავარს უფლება არ მაქვს არ გავაპროტესტო თქვენი საქციელი და არ შეგახსენოთ, რომ თქვენ არ უნდა ელაპარაკებოდეთ ეპისკოპოსებს ასეთი ტონით, თითქოს ღმერთისგან იყოთ გამოგზავნილი. ჩვენი ეპისკოპოსის განსჯის უფლება მხოლოდ ჩვენი ეკლესიის სინოდს აქვს და შემდეგ თუ ის საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია მიმართოს მსოფლიო საპატრიარქოს, საუკუნეობრივი წესის თანახმად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს თქვენც შესანიშნავად მოგეხსენებათ, რადგან ისეთი საბაზისო საკითხია, ჩვენთან, აფრიკაში, კატეხეტურ სკოლებშიც კი ვასწავლით”.

მოხმობილ წერილზე დაყრდნობით, ცხადი ხდება რომ ალექსანდრიის საპატრიარქოში უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების დაჩქარება რუსეთის ეკლესიის მხრიდან უხეშმა ზეწოლამ გამოიწვია. სხვათაშორის, რუსეთის მხრიდან უხეშ ზეწოლაზე საუბრობდნენ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებიც, რის პასუხადაც 12 ოქტომბერს აღიარეს კიდეც უკარინის ავტოკეფალია, კიდევ ერთხელ გაუსვეს რა ხაზი, რომ არ შეეგუებიან რუსეთის ეკლესიის მხრიდან მუქარასა და ზეწოლას[iv].

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა 2019 წლის 31 იანვარს შეურაცხმყოფელი ტონით მოიხსენია ქართველ მღვდელმთავართა ნაწილი და საჯაროდ გააჟღერა მუქარა საქართველოს ეკლესიისადმი [v].

მიტროპოლიტის მუქარასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ ვოლოკოლამელი საკუთარ ინტერვიუში მუქარას არ გულისხმობდა, და სამწუხაროდ, ვერ ნახა ტელევიზია, რომ საკუთარ განცხადებაზე განმარტება გაეკეთებინა[vi].

შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს, როდესაც მიტროპოლიტი ილარიონი საქართველოს ეკლესიას ტელევიზიიდან ემუქრებოდა, მოსკოვში იმყოფებოდა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია, მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას მეთაურობით, რომელმაც მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ბრძანა[vii]რომ პატრიარქი კირილე აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას[viii].


 

 

მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე