უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი

საპატრიარქო და სინოდური ტომოსი უკრაინის

მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალური

სტატუსის მინიჭებისათვის

 

        ბართლომეოსი, ღმრთის წყალობით კონსტანტინოპოლის, ახალი რომისა

     და მსოფლიო პატრიარქი

 

 

„მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა... და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, იერუსალჱმსა ზეცისასა, და ბევრეულსა ანგელოზთა კრებულსა... და ეკლესიასა პირმშოთასა“ (ებრ. 12,22-23). ასე მიმართავდა ყოველთა მორწმუნეთ წარმართთა ნეტარი მოციქული პავლე. მართლაცდა მთა არის ეკლესია − უტყუარია იგი, მტკიცე, ურყევი და უძლეველი. მართალია, ერთი მრევლია და ქრისტეს ერთი სხეულია იგი, იგი ღმრთის ეკლესიაა და ასეთი არის და ასე იწოდება კიდეც მას ყოველგან თავისი მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობით, სულიწმინდისმიერ საიდუმლოებათა ზიარებით და სამოციქულო მემკვიდრეობით. კანონიკური წესითაც ურყევია იგი, ჯერ კიდევ სამოციქულო დროიდანვე შედგენილი და თუმცა სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიათაგანაც შედგება, იგი საკუთარ წიაღში, შინაგანად თვითმმართველია − საკუთარ მწყემსით, ქრისტეს მოძღვართა და მსახურთაგანაც, ესე იგი თავისი, ადგილობრივი ეპისკოპოსების მიერაა შედგენილი − არა ოდენ ამა სოფლად მისი ისტორიული მნიშვნელობის გამო, არამედ მის წიაღშივე წარმოცენებული სამრევლო საჭიროების გამო.

 

შესაბამისად, უკრაინის ფრიად კეთილმორწმუნე და ღმრთივდაცული ქვეყანა, რომელიც უზენაესი განგებულებით ძლიერდება, იძენს სიდიადეს, რომელმაც სიმწარე იწვნია თავისი პოლიტიკური და საეკლესიო განმგებელთაგან, მართებულად ითხოვს საეკლესიო თვითმმართველობას, თანახმად ამ ერის მიერ განუწყვეტლივ წარმოდგენილი მოთხოვნებისა, კონსტანტინოპოლის უწმინდესი საყდრისკენ პერიოდულად რომ იყო მიმართული; იმისთვის რომ მან, ხანგრძლივი კანონიკური გადმოცემისადმი მოვალემ იზრუნოს გასაჭირში მოქცეული წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, ისეთებისთვის, როგორიცაა კიევის ისტორიული სამიტროპოლიტო; მით უმეტეს, რომ იგი მარადიული კანონიკური კავშირებით მუდამ იყო მასთან შეუღლებული. ჩვენი უმდაბლესობა და ჩვენდამი რწმუნებული უსამღვდელოესი მიტროპოლიტები და სულიწმინდით ფრიად პატივცემული საყვარელი ძმები და თანამწირველები ქრისტეს დიდი ეკლესიის ვალდებულებისამებრ, მართლმადიდებელი სამყაროსადმი ნაკისრები საზრუნავის შესაბამისად, ადგილობრივ ეკლესიებში ხანგრძლივ მუქარათაგან წარმომავალ სქიზმათა და განყოფათა საკურნებლად, ერთსულოვნებით განვსაზღვრავთ და განვაცხადებთ: მთელი, პოლიტიკურად შემდგარი და საბოლოოდ დამოუკიდებლობა მიღწეული უკრაინის საზღვრებში მოქცეული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სამიტროპოლიტოებით, სამთავარეპისკოპოსოებითა და საეპისკოპოსოებითურთ, მონასტრებითა და სამრევლოებითურთ, ასევე − მასში ყოველი საეკლესიო დაწესებულებითურთ, რომელიც ქვემდებარედ მოქმედებს ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ღმერთკაცისა, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესათვის, ამიერითგან დაე, არსებობდეს, როგორც კანონიკურად ავტოკეფალური, დამოუკიდებელი და თვითმმართველი, ხოლო საეკლესიო საქმეებში პირველ მღვდელმთავრად ამიერითგან სცნოს კანონიკური მღვდელმთავარი − „კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი“.

არ არის ნებადართული, რათა მან მოაკლოს ან შემატოს ამ წოდებას რამ კონსტანტინოპოლის ეკლესიის ნებართვის გარეშე. მისი თავმჯდომარეობით ეკლესიის წმინდა სინოდი შეიკრიბება როტაციის წესით, ექვსი წევრის შემადგენლობით უკრაინის გეოგრაფიულ საზღვრებში მღვდელთმთავართა უხუცესობის უპირატესობით, რაკი ამ ქვეყანაში შესაბამისი მმართველობა შემოიზღუდება, თანახმად წმიდათა ღმრთიული კანონების განცხადებისამებრ, თავისუფლად, სულიწმინდით და დამოუკიდებლად, ყოველგვარი უცხო ჩარევის გარეშე.

გარდა ამისა, ჩვენ მიერ ხელმოწერილი საპატრიარქო და სინოდური ტომოსის შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლების ფარგლებში ვცნობთ და ვაღიარებთ ჩვენს სულიერ შვილს-ასულს და ყოველთა მსოფლიო მართლმადიდებელთა ეკლესიათა წინაშე წარმოვადგენთ მას, როგორც დას; განვაცხადებთ და ვიხსენიებთ მას, როგორც „უკრაინის უწმინდესი ეკლესია“, რეზიდენციით − საყდრით − ისტორიული ქალაქი კიევი. იგი ვერ შემძლებელ არს დაადგინოს საზღვარგარეთ ეპისკოპოსები ან დააფუძნოს საკურთხევლები, არსებულნი იქ უკვე ჩვენი მსოფლიო საყდრის მიერ, რომელსაც აქვს დიასპორაზე კანონიკური უფლებამოსილება. არსებითად მისი იურისდიქცია შემოიფარგლებოდეს უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე; ავტოკეფალური ეკლესიის ხელმწიფების ყოველ უპირატესობასა და უფლებებს ვანიჭებთ მას, რათა მღვდელმსახურებისას მოიხსენიებდეს „ყოველ მართლმადიდებელ საეპისკოპოსოს“, მისდამი რწმუნებული უწმინდესი მღვდელმთავრების დასი კი მოიხსენიებს მისი წინამძღოლის სახელს, როგორც პირველ მღვდელმთავარსა და უკრაინის უწმინდესი ეკლესიის წინამძღოლს. ხოლო საგარეო, უცხოეთის საეკლესიო განმგებლობისათვის ისინი მის მიერ და წმინდა სინოდის მიერ საყოველთაოდ ცნობილ იყვნენ, როგორც განგებისმიერი და განსაზღვრული კვალად სახარებისმიერი და სხვა წმინდა გადმოცემისა და ასევე, ჩვენი წმიდა და კათოლიკე ეკლესიის დადგენილებისამებრ და განჩინებისამებრ ნიკეას პირველი საეკლესიო-კრების პირველი კანონისა, რომელიც განსაზღვრავს: „თუკი გამორჩევა ეპისკოპოსთა მთელი კრების კურთხევით მოხდება და საეკლესიო სამართლის შესაბამისად, მაგრამ ორი ან სამი ეპისკოპოსი, საკუთარი პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, ამ გამორჩევას შეეწინააღმდეგება, მაშინ ძალაშია უმეტესობის აზრი“. ამასთანავე, ყველა მღვდელთმთავარს და სხვა სასულიერო პირს უნარჩუნდება მსოფლიო პატრიარქის წინაშე გასაჩივრების უფლება, რომელსაც აქვს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების კანონიკური ვალდებულება ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპოსებისა და სხვა სასულიერო პირების განსჯაზე, ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კანონების თანახმად.

ყოველივე ზემოთთქმულს შემდეგ ვაცხადებთ, რომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, როგორც დანარჩენი პატრიარქები და მეთაურნი, ცნობს თავად უწმიდეს სამოციქულო მსოფლიო საყდარს. მისი პირველადი მიზანი არის, ყველა სხვა კანონიკურ ვალდებეულებებთან და მოვალეობებთან ერთად, მართლმადიდებელი სარწმუნოების შეურყვნელად დაცვა, ასევე, კანონიკური ერთობისა და ურყევი კავშირის ქონა მსოფლიო საპატრიარქოსა და ადგილობრივ ეკლესიებთან. ამასთანავე, კიევისა და უკრაინის მიტროპოლიტი, და უკრაინის უწმიდესი ეკლესიის მღვდელმთავრები ამიერითგან არჩეულ იქნებიან ღმრთაებრივთა და წმიდათა კანონთა დადგენილებისამებრ და არა ეკლესიის საწესდებო ქარტიის შესაბამისად, რაც უსიტყვო თანხმობით შეესაბამება საპატრიარქო და სინოდური ტომოსის დადგენილებებს. ყოველ მღვდელმთავარს მართებს, განაგოს ერი ღმრთის სიყვარულით და ღმრთის შიშით მიაქვდეს მშვიდობა მათთა ეკლესიათა ფარგლებში.

მაგრამ, იმისთვის რათა ქრისტეს ეკლესიებს შორის სულიერი ერთობისა და კავშირის საკვრელი დაურღვევლად შენარჩუნდეს, როგორც განვისწავლენით: „ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშჳდობისაჲთა“ (ეფეს. 4,3), კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ვალდებულია იხსენიებდეს დიპტიქის რიგში, წმინდა მამათა მიერ ძველთაგან გადმოცემული კანონიკური წესის მიხედვით, მსოფლიო პატრიარქს, უნეტარეს პატრიარქებს და ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების სხვა მეთაურებს. თავად კი ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის მეთაურის შემდეგ დაიკავებს ადგილს წმინდა დიპტიქში და საეკლესიო კრებების დროს.

 

ასევე, უკრაინის ეკლესიას, მისი პირველი პირის ან კიევის საყდრის ადგილის კანონიკური შემთავსებლის მეშვეობით ევალება მონაწილეობა მიიღოს მნიშვნელოვან კანონიკურ, დოგმატურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ განხილვებში, ეკლესიის წმიდათა მამათა ადათისამებრ მართლმადიდებელთაშორის შეკრებებზე. ხოლო ახლადდადგენილი მიტროპოლიტი ვალდებულია ყოველ მიზეზ გარეშე დაუგზავნოს სამშვიდობო წერილები მსოფლიო პატრიარქს და სხვა პირველმოსაყდრეთ, ისევე როგორც თავადაც აქვს უფლება, მათგან მიიღოს ეს ეპისტოლენი, როდესაც დაიწყებს სამშვიდობო მოგზაურობას, როგორც ეს მიღებულია, კონსტანტინოპოლის ეკლესიის პირველი საყდრიდან, და ასევე, მისგან მიიღებს წმინდა მირონს მასთან სულიერი ერთობის ცხადსაყოფად. ხოლო ეკლესიის, დოგმატური და კანონიკური შინაარსის უპირატესი საკითხების თაობაზე: კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტს თავისი ეკლესიის წმიდა სინოდის სახელით მართებს მიმართოს ჩვენს უწმინდეს საპატრიარქო და მსოფლიო საყდარს, რათა მოიძიოს მისგან ავტორიტეტული აზრი და უპირობო მხარდაჭერა. ასევე, მსოფლიო საყდრის უფლებამოსილებები უკრაინის ეგზარქიის მიმართ და მისი წმინდა სტავროპიგიულობა უკრაინაში ურყევადაა დაცული.

ყოველივე ამასთან ერთად და აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით ჩვენდამი რწმუნებული ქრისტეს დიდი ეკლესია აკურთხებს და განაცხადებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალურად; უსურვებს უკრაინის ქვეყანას, მის ღირსეულ მღვდელმთავრებს, პატიოსან სამღვდელოებას და მის მორწმუნე ერს, რათა სულიწმინდის საგანძურიდან უხვად გარდამოევლინებოდეს მასზე კურთხევა, საღმრთო ძღვენი; და ამასთანავე, ვუსურვებთ, რათა უზენაესი და დიდი მღვდელმთავარი იესო ქრისტე, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და უმეტესად კურთხეულისა დედოფლისა, მარადის ქალწულისა მარიამისა, წმიდისა მოციქულთა სწორისა ვლადიმირისა და წმიდისა დედოფლისა ოლღასი, წმიდათა ღმერთშემოსილთა მამათა, კიევის ლავრისა და სხვათა მონასტერთა მოღვაწეთა და მონაზონთა, რათა მარადის დაიცვას იგი ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წიაღში კეთილად დგომით, ერთობით, მშვიდობითა და გამრავლებით, სადიდებელად ღმრთისა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისა თანა.

ამას ყოველივეს მართლმადიდებლობის ჩვენი ღირსეული ცენტრიდან კეთილად გაუწყებთ, გადმოგცემთ სინოდურად და სამარადისოდ დასაცავად საპატრიარქო და სინოდურ ტომოსს, რომელიც შედგენილია და ხელმოწერილი ჩვენდამი რწმუნებული ქრისტეს დიდი ეკლესიის − კონსტანტინოპოლის მიერ, სახელმძღვანელოდ გადაეცა უკრაინის უწმიდესი ეკლესიის წინამძღვარს,უფალ ეპიფანეს და სახელმწიფოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას პეტრო პოროშენკოს მუდმივი თანადგომის ნიშნად.

 

თვესა იანვარსა ექვსსა, ინდიქტიონსა მეთორმეტესა.

[ხელმოწერები]

 

თანხმობით ქრისტე ღმერთის მიერ:

† ბართლომეოსი კონსტანტინოპოლელი

† ვრიულას მიტროპოლიტი პანტელეიმონი

† იტალიის და მელიტის [მალტის] მიტროპოლიტი გენადი

† გერმანიის მიტროპოლიტი ავგუსტინე

† ტრანუპოლისის მიტროპოლიტი გერმანე

† ნიუ-ჯერსის მიტროპოლიტი ევანგელოსი

† როდოსის მიტროპოლიტი კირილე

† რეთიმნისა და ავლოპოტამოსის მიტროპოლიტი ევგენი

† კორეას მიტროპოლიტი ამბროსი

† სინგაპურის მიტროპოლიტი კონსტანტინე

† ავსტრიის მიტროპოლიტი არსენი

† სიმის მიტროპოლიტი ქრისისტომოსი

† ჩიკაგოს მიტროპოლიტი ნათანაელი

 

ბერძნულიდან თარგმნა ირინე გარაყანიძემ

წყარო: მსოფლიო საპატრიარქო და უკრაინის ავტოკეფალია ისტორიული, კანონიკური და სამოძღვრო ასპექტები; გვ. 84-89; რედაქტორები: გოჩა ბარნოვი და გურამ ლურსმანაშვილი;

© სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, 2019

 

 

Download
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტომოსი
Adobe Acrobat Document 66.0 KB