მსოფლიო საპატრიარქოს 1686 წლის ტომოსი უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით

საპატრიარქო და სინოდალური გადაწყვეტილება (1686)

 

სამოციქულო მოძღვრება გვასწავლის, რომ ყოველივე აღსაშენებელად იქმნებოდ როდესაც რაიმეს ვიქმთ, ან  ვმეტყველებთ, ჯერ არს, რათა  ჩვენი მიზანი მოყვასის განმსამტკიცებლად  და  ძმათა სასიკეთოდ მოქმედება იყოს. საღმრთო მოციქული ყველას, მათ შორის ძმებს დაუცხრომელად მოუწოდებს, ცდილობს მათ გამოსწორებას და არ აყოვნებს მიუთითოს, თუ რა არის საჭირო ცხონებისთვის. თითოეულს შეახსენებს  უყურადღებოდ არ მოეკიდონ დადებულ აღთქმას, არამედ მღვიძარი თვალებით და ფხიზელი გონებით შეეცადონ ყველასთვის საამური კურნების მინიჭებას. და დღესაც იმავე აღთქმის მემკვიდრენი მოციქულებრივ იღწვიან, რომელთა მემკვიდრე ჩვენი უმდაბლესობის ყოვლადძლიერი და განმგებელი  ღმერთის ნების მორჩილის და  სინოდის თავმჯდომარის, ასევე შეკრებილი იერარქების წინაშე წარმოდგენილ იქნა საპატიო ეპისტოლენი, რომლებიც ეკუთვნიან მშვიდობისმოყვარე, მართლმადიდებელ და ღვთივკურთხეულ მოსკოვის მეფე და კნიაზ, დიდი, მცირე და თეთრი რუსეთის (ბელორუსია) იმპერატორებს, მრავალი ქვეყნის, აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ მიწების, მამათა და წინაპართა მიერ ნაანდერძე ტერიტორიების მემკვიდრეთ და მბრძანებელთ, ჩვენს  საყვარელ შვილებს ძმებს იოანე და პეტრე ალექსის ძეებს, მოსკოვის და სრულიად რუსეთის უწმიდეს პატრიარქს, სულიწმიდაში საყვარელ ძმას, ჩვენს თანამსახურ   იოაკიმეს და ზემოთდასახელებულ  დიდ ხელმწიფეთა მორჩილს, დნეპრის ორივე ნაპირის და ზაპოროჟი არმიის, ღვთისმოყვარე და გამოჩენილ, ატმანს, ჩვენს საყვარელ შვილს, იოანე სომუილის ძეს. ეპისტოლეთა შინაარსი  შემდეგია, რომ კიევის ეპარქია, მუდამ ემორჩილებოდა კონსტანტინოპოლის დიდ და უწმიდეს მსოფლიო  საყდარს და მისი მღველთმავრის კურთხევა მუდამ მის მიერ ხდებოდა, როგორც ამას წმიდა კანონები ბრძანებენ. არც ისე ცოტა ხნის წინ, ეს სამიტროპოლიტო დაქვრივდა. დრო გავიდა, მაგრამ არ კურთხეულა ჭეშმარიტი მღვდელმთავარი, რადგან ორ დიდ სამეფოს შორის ბრძოლა იყო გაჩაღებული. მართლმადიდებელი ქრისტიანების ჭეშმარიტი, წმიდა და უხრწნელი რწმენის მტერმა დრო იხელთა და ღვარძლი და ეკალი განაბნია კეთილ თესლს, ანუ მართლმადიდებელთა შორის და ემუქრება მას, რომ უცხო და წინააღმდგომ ზრახვათა მორჩილად გადააქცევს მას. სწორედ ამიტომ, დიდი მოკრძალებით ითხოვენ, რომ მოსკოვის პატრიარქს მიეცეს ნებართვა ხელი დაასხას კიევის მიტროპოლიტს, როდესაც დარჩება ჭეშმარიტი მღვდელმთავრის გარეშე ეს სამიტროპოლიტო, ან საფუძვლიანი მიზეზი გამო განიკვეთება იგი და ამ ეპარქიაში შემავალი ეპისკოპოსები, არქიმანდრიტები, წმიდა მონასტრების წინამძღვარნი და სხვანი გამოირჩევენ მას, ჩვეულების თანახმად, რათა არ დარჩეს დაუცველი  შემდგომში ეს სამკვიდრებელი, რომელზე ზრუნვაც, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რთული და მძიმეა აქედან (კონსტანტინოპოლიდან), ხოლო ჭეშმარიტების მტერი სატანა კიდევ არა ერთხელ შეეცდება დათესოს ღვარძლი, ანუ მწვალებლობანი და სქიზმატური მიდრეკილებანი. სწორედ ამიტომ ჩვენმა  დიდმა და  მტკიცე  მეუფებამ განაჩინა მშვიდობისმოყვარე და ქრისტიან მეფეთა თხოვნის საპასუხოდ, არ შექმნას არავითარი დაბრკოლება ამ საკითხთან დაკავშიებით.

ამგვარად, ჩვენი უმაღლესი  საპატრიარქო საყდარი, რომელიც მისთვის ბოძებული მთელი ენერგიით ზრუნავს შეწევნის მთხოვნელთათვის, აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აქვს ღმრთის მიერ, მისთვის რწმუნებულთა წინაშე, დიდი სიხარულით იღებს  ხსენებულ, ჯეროვან და სამართლიან თხოვნას და საჭიროდ თვლის წერილობით განაცხადოს საკუთარი თანხმობა. მღვდელმთავართა წმიდა კრებასთან და სულიწმიდის მიერ საყვარელ ძმებთან  და თანამსახურებთან ერთად განვაჩინებთ, რომ კიევის უწმიდესი ეპარქია იყოს დამორჩილებული დიდ და ღვთივგამოხსნილ მოსკოვ ქალაქის, წმიდა საპატრიარქო საყრის ქვეშ. კიევის მიტროპოლიტს ხელს ასხამდეს, როდესაც ეს საჭირო იქნება, მოსკოვის პატრიარქი, რომელსაც (კიევის მიტროპოლიტს) გამოირჩევენ ამ ეპარქიაში შემავალი ღვთისმოყვარე ეპისკოპოსები, ღირსი არქიმანდრიტები, წმიდა და პატიოსანი მონასტრების ნეტარი წინამძღვარნი, ნეტარი მღვდელმონაზონნი, კეთილმსახური მღვდელნი, პატიოსანი მონაზონნი წარჩინებულნი და სხვანი, დიდი და გამოჩენილი ატმანის ბრძანებით და თანხმობით, როგორც არის დაწესებული ამ ქვეყანაში. იღებდეს მისგან (მოსკოვის პატრიარქისგან) პერგამენტზე დატანილ  „გადაწყვეტილებას და ცნობდეს მას მის მეთაურად, რომლისგანაც  და არა მსოფლიო პატრიარქისგან, იღებს კურთხევას. როგორც ეს ზემოთ აღინიშნა, მანძილის სიშორის და ორ სამეფოს შორის გამუდმებული ომების გამო, დაშვების წესით, ძველადვე არსებული ჩვეულების თანახმად, ვანიჭებთ მას (მოსკოვის საპატრიარქოს) იკონომიით ამ  ნებართვას.

 

კიევის მიტროპოლიტი ამ ეპარქიაში საღმრთო, წმიდა  უსისხლო მსხვერპლის  მიტანისას, იხსენიებდეს უპირველესად მსოფლიო პატრიარქის პატიოსან სახელს, რომელიც არის ყველა დასახლების  და ეპარქიის წყარო, სათავე   და განმგებელი, ხოლო შემდეგ მოიხსენიებდეს მოსკოვის პატრიარქის სახელს, როგორც მისი მოძღვრის. არაფერში შეეწინააღმდეგოს და დაუპირისპირდეს მას, რადგან კურთხევით და კანონიერად გახდა იგი [მისი მეთაური]. თუკი [ზემოთ] თქმულის საწინააღმდეგოდ დაუმორჩილებას გადაწყვეტს და წინააღმდეგობას გამოხატავს, უფლის ბრძანებას შეეწინააღმდეგება და მისგან სასჯელს მიიღებს, როგორც პატრიარქთა მოცილეს, რომლებიც არიან ღმერთის სულიერი და  ცოცხალი ხატნი. ამ საკითხის გადასაწყვეტად  შედგა  წარმოდგენილი სინოდალური წერილი, ჩაიწერა ქრისტეს დიდი ეკლესიის  „კოდექსში და გაეგზავნა მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ იოაკიმეს გამოხსნიდან 1686 წელს ივნისის თვეს, ინდიქტიონით 986.

 

დედნიდან თარგმნა ნიკო ღონღაძემ

წყარო: ΒΛΑΣΙΟΥ ΙΩ. ΦΕΙΔΑ, ΤΟ ΖΗΤΗΜΑ ΤΗΣ ΑΥΤΟΚΕΦΑΛΙΑΣ ΤΗΣ ΟΡΘΟΔΟΞΟΥ ΕΚΚΛΗΣΙΑΣ ΤΗΣ ΟΥΚΡΑΝΙΑΣ ΕΚ ΠΗΓΩΝ ΑΨΕΥΔΩΝ. 161-163, ΑΘΗΝΑΙ 2019