მეორედ მოსვლის შესახებ

იოსებ რაცინგერი (პაპი ბენედიქტე XVI), იესო ნაზარეთიდან (ნაწყვეტი)

 

   აპოკალიფსის წიგნი, უფლის დაბრუნების დაპირებით და ამ დაბრუნების განხორციელების თხოვნით მთავრდება: ,,იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!“ (22,20).

    პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ I ეპისტოლის ეპილოგში, იგივე ლოცვის არამეულ ვარიანტს გვთავაზობს, რომელიც შესაძლოა, განსხვავებულად განიყოს და მაშასადამე, განსხვავებულადაც იქნეს გაგებული: მარანა სა (მოდი უფალო), ან მარან ასა (უფალი უკვე მოსულია). საკითხავის ორივე ვარიანტში ცხადად ჩანს ქრისტიანული მოლოდინის განსაკუთრებულობა. ეს გახლავთ შეძახილი, მოდი! და ამავდროულად მადლიერებით სავსე სინამდვილე, უკვე მოვიდა.

    12 მოციქულის დიდაქედან (დაახ. 100 წ.) ვიცით, რომ ეს შეძახილი, ადრეული ეკლესიის ევქარისტიული კანონის ლიტურგიკულ ლოცვებს განეკუთვნებოდა და, ასევე, თავად მას მიეწერება ორივე ვარიანტის ერთობაც. ქრისტიანები ლოცულობენ იესოს საბოლოო მოსვლის გამო და, ამავდროულად, სიხარულითა და ქებით განიცდიან, რომ ეს მოსვლა უკვე მოესწრო და ქრისტე აწმყოში ჩნდება ჩვენ შორის. დაბრუნების ქრისტიანული თხოვნა, ყოველთვის აწმყოს გამოცდილებას მოიცავს. იგი არ გახლავთ უბრალოდ სამომავლო. აქ, სწორედ მკვდრეთით აღდგომილის სიტყვებია ძალაში: ,,მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მთ. 28,20). იგი აწმყოშივე ჩვენთან არის და განსაკუთრებით ევქარისტიულ აწმყოში. თუმცა, აწმყოს ქრისტიანული გამოცდილება, მომავლის აგონიასაც მოიცავს, რომელიც მოდის საბოლოოდ, რათა აწმყო განასრულოს: აწმყო არ გახლავთ სრულყოფილი. მიემართება მის გაღმა  და რაღაც ურყევისაკენ ახდენს ჩვენს მობილიზებას.

     ლოგიკურად მეჩვენება, რომ მეორედ მოსვლის ქრისტიანული მოლოდინის ეს შინაგანი ინტენსივობა, რომელიც უნდა ახასიათებდეს ქრისტიანულ ცხოვრებასა და ლოცვას, თეოლოგიის ორ გამომხატველ ფორმაში უნდა განიმარტოს. ჟამნების რომაული წიგნი, ქრისტესშობის პერიოდის პირველ კვირას, მლოცველებს კირილე იერუსალიმელის კატეხიზმოს სთავაზობს, რომელიც შემდეგი ფრაზებით იწყება: ,,უფლის გამოჩენა განვაცხადოთ, არა მხოლოდ ერთი, არამედ კიდევ ერთი დამატებით. [...] უფალ იესო ქრისტეში ყველაფერი არის ორგვარი; [...] ორგვარი არის შობა, ერთი ღმერთისაგან უწინაეს ყოველთა საუკუნეთა, ხოლო სხვა ქალწულისაგან, როდესაც მოიწია აღსასრული (სისრულე) ჟამთა [...] ორგვარია მოსვლაც - ერთი დაფარული, ხოლო სხვა ხილული, მომავლის მოლოდინშია ჯერ“ (კატეხიზ. 15, 1-3: PG 33, 870-874). ქრისტეს ორი მოსვლის შესახებ არსებულმა ამ სიტყვამ, თავისი ბეჭედი დაასვა ქრისტიანობას და იგი „მოსვლის“ შესახებ არსებული ქადაგების უსიას განეკუთვნება. თუმცა მართებულია, მაგრამ არასაკამარისი.

    რამოდენიმე დღით გვიან, იმავე პერიოდის ოთხშაბათს, ჟამნების წიგნი, წმ. ბერნარდ კლერვოელის განმარტებას გვთავაზობს, სადაც დაფიქსირებულია აზრი, განსრულებული სახით. ამ ტექსტში აღნიშნულია: ,,სამგვარ მოსვლას ვცნობთ. [...] მესამე, დანარჩენ ორ მოსვლას შორის არის. [...] პირველი მოსვლისას, ხორცით და სნეულებით მოვიდა. მეორედ, სულით და ძალით მოდის, ხოლო უკანასკნელად - დიდებითა და სიდიადით“ (In Aduentu Domini, serm, III, 4. V,1: PL 183, 45A. 50C-D). ბერნარდი მის ამ პოზიციას, იოანეს 14, 23-თან აკავშირებს: ,,უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ.“ ამ პასაჟში ნათლად არის ნათქვამი, მამისა და ძის მოსვლაზე. ეს გახლავთ აწმყოსეული ესქატოლოგია, რომელიც წარმოაჩინა იოანემ. არ უარყოფს საბოლოო მოსვლის მოლოდინს, რომელიც მთელს კაცობრიობას შეეხება. თუმცა, ააშკარავებს, რომ მართლაც არსებობს საშუალი მოსვლა, რომლის შესახებაც საუბრობს ბერნარდი. ეს პრევენციული აწმყო ქრისტიანულ ესქატოლოგიას, ქრისტიანულ მყოფობას განეკუთვნება.

     და თუკი ტერმინი Adventus medius (საშუალი მოსვლა) უცნობი გახლდათ ბერნარდომდე, სამაგიეროდ მისი არსი, განსხვავებული ფორმებით არის წარმოდგენილი მთელ ქრისტიანულ გარდამოცემაში. დაე მაგალითისთვის გავიხსენოთ, რომ ნეტარი ავგუსტინე, ღრუბლებში, რომელთა ზედა მდგომარე უფალიც მოდის, ქადაგების სიტყვებს ხედავს: მოწამეთა ქადაგების სიტყვები გახლავთ ღრუბლები, რომლებიც ახლა და ამჟამად მოაბრძანებენ ქრისტეს სამყაროში. და ამგვარად ემზადება სამყარო საბოლოო მოსვლისათვის. ამ საშუალი მოსვლის გზები მრავალფეროვანია: უფალი მოდის თავისი სიტყვით საიდუმლოებებში და განსაკუთრებით ევქარისტიაში;

     ასევე არსებობს ამ მოსვლის ღირსშესანიშნავი საშუალებები. ორი დიდი პიროვნების, ფრანცისკეს და დომინიკეს მოღვაწეობა XII და XIII საუკუნეებში, წარმოადგენდა ერთ-ერთ გზას, თუ როგორ შემოვიდა ქრისტე კვლავინდებურად ისტორიაში, როგორ გამოჩნდა კვლავინდებურად მისი სიტყვა და სიყვარული, როგორ განაახლა მისი ეკლესია და დაატრიალა ისტორია თავისი თავის გარშემო. იგივე შეგვიძლია ვთქვათ XVI საუკუნეში მოღვაწე წმინდანებზე: ტერეზა ავილიელზე, ეგნატე ლოიოლაზე, ფრანცისკე ქსავერიოსზე. მათი გამოჩენით, უფლის ახალი მინიშნებები გამოჩნდა, მათი პერიოდის გზააბნეულ ისტორიაში, რომელი ისტორიაც განშორებული იყო მისგან (უფლისაგან). მისი საიდუმლო, მისი ფორმა ახლებურად ჩნდებიან და რაც ყველაზე მთავარია: ძალა, რომელიც ცვლის ადამაინებს და აყალიბებს ისტორიას, ხდება ქმედითი ახლებური გზით. 

 

თარგმნა ვანო შოშიაშვილმა