რომის ეკლესიის ქონება საქართველოში მე-12-საუკუნეში

 პაპ ალექსანდრე III-ის (1159-1181) ერთ-ერთ დოკუმენტში საკმაოდ მოულოდნელ ცნობას ვპოულობთ, რომელშიც საუბარია საქართველოში რომის ეკლესიის ქონების შესახებ.

პაპის ბულები მთელ იმდროინდელ მსოფლიოში, რომის ეკლესიის ქონებას მიემართება. დიდ გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელშიც კათოლიკური ეკლესია მნიშვნელოვან ქონებას ფლობდა,  საქართველოც საპატიო ადგილს იკავებს.

,,პაპმა დაამტკიცა, რომ სიცილიის სამეფოში არსებული [საეკლესიო] ქონება გამოყოფილიყო წმინდა საფლავისა და წმინდა ლოურენსის ეკლესიებიდან. ამ ქონებაში შედიოდა: ბრინდისი, წმინდა საფლავის ეკლესია ბარლეტაში, წმინდა თეოდორეს ეკლესია ბენევენტოში და ტროიას უსახელო ეკლესია.

პაპმა, ასევე,  რომში, ტოსკანაში, ჩრდილოეთ იტალიაში, საფრანგეთის სამეფოში და მთელი  იბერიის სამეფოებსა და საგრაფოებში არსებული ქონების შესახებ საერთო განკარგულება გამოსცა.

1170 წელს გამოცემული მისი მეორე ბულა, პროვინციებში არსებული ქონების ნუსხას შეიცავს: ,,ჩვენ გადმოგეცით ის ქონება, რომელიც შენსა და პატრიარქს შორის საზიაროა შემდეგ ტერიტორიებზე- ინგლისში, დანიაში, პოლონეთში, რუტენიაში, აფხაზეთში, უნგრეთში და კონსტანტინეპოლის იმპერიაში. [1]  

ზემოთხსენებული ბულა იერუსალიმის აღდგომის ტაძრის წინამძღვარს უნდა მიემართებოდეს, შესაბამისად საქართველოში, ანუ როგორც შუა საუკუნეების ევროპული და მუსლიმური წყაროები ამ დროს საქართველოს იხსენიებენ - აფხაზეთში არსებული ქონება, რომის ეკლესიის საკუთრება უნდა ყოფილიყო სწორედ იერუსალიმის მეშვეობით. ცნობილია, რომ იერუსალიმის ლათინური საპატრიარქოს დაფუძნების შემდეგ წმიდა მიწაზე მდებარე ქართული მონასტრები იერარქიულად სწორედ მას დაექვემდებარნენ, დავით აღმაშენებლის მეუღლეც მონაზვნად კათოლიკე პატრიარქმა - გიბელენმა აღკვეცა.

ყველაფერ ამის შემდეგ გასაკვირი არაა, რომ ის ქონება, რასაც იერუსალიმის ბერძნული ეკლესია საქართველოში ფლობდა, შემდგომში იერუსალიმის ლათინური საპატრიარქოსა და ამდენად რომის ეკლესიის საკუთრებაში გადადის.

ქართულ-ბერძნული და ლათინური წყაროები ამ ქონების ისტორიას სემდეგნაირად წარმოგვიდგენენ. ეფრემ მცირე წერს:

,,ხოლო მეფემან ქართველთამან და ყოველთა მთავართა მისთა დაუწესეს პატრიაქსა ანტიოქიისასა მოსასყიდელად ნივთთა წმიდისა მიჰრონისათა აგარაკები ათასი კუამლი ქუეყანისაგან ქართველთაჲსა, რაჲთა საფასოჲ შემოსავალთა მათთაჲ იყოს ფას ნივთთა მიჰრონისათა, რამეთუ მათ ჟამთა არასადა სხუაგან წმიდა იქმნებოდა მიჰრონი თჳნიერ ანტიოქიას და მიერ განეყოფვოდა ყოველთა.

......

და ზემო ჴსენებულისა მის წილ ათასისა კუამლისა დაუწესა მათ რაჲთა წლითიწლად მოსცემდენ ჟამად-ჟამადთა პატრიაქთა ანტიოქიისათა ათასსა დრაჰკანსა, რომელი-იგი მოეცემოდა ვიდრე დღეთამდე იოანე წმიდისა პატრიაქისათა. რამეთუ მან ანიჭა იგი ორესტის წმიდასა პატრიაქსა იჱრუსალიმისასა, რომელი მივიდოდა მოციქულად ბასილის თანა მეფისა ბერძენთაჲსა, რაჲთა მისსა საყდარსა მიეცემოდის ქართველთა მიერ.“ [2]

საქართველოში იერუსალიმის ეკლესიის ქონების წარმოშობის შესახებ ამავე ლეგენდას იმეორებენ ლათინური წყაროებიც, ვინსენტ დე ბოვესთან ვკითხულობთ:

,,და იმის სანაცვლოდ, რაც პატრიარქმა გაუკეთა, გეორგიანელებმა მას ასი სოფელი გადასცეს . . . შემდეგ ანტიოქიაში იერუსალიმის პატრიარქი ჩავიდა და სიღარიბის გამო  დაიჩივლა. ანტიოქიის პატრიარქმა თავის ღარიბ კოლეგას ეს ასი სოფელი გადასცა. ასე რომ, ამჟამად ამ სოფლებს ფლობს არქიდიაკვანი, უფლის საფლავის ძმა იერუსალიმის პატრიარქის სამწყსოდან გეორგიაში წარგზავნილი. . . მაგრამ მათი ფლობა ხელმიუწვდომელია თათრების მოზღვავების გამო.“[3]  

ეს ცნობა მთლიანად ნათელს ჰფენს პაპის ბულაში მოხსენიებულ რომის ეკლესიის ქონების საკითხს საქართველოში, როგორც ირკვევა, კათოლიკური ეკლესია მას უფლის საფლავის საძმოს არქიდიაკვანის მეშვეობით განაგებდა, სანამ პოლიტიკური ვითარება ამის შესაძლებლობას იძლეოდა.

იერუსალიმის ლათინური სამეფოსა და საპატრიარქოს დაცემის შემდეგ საქართველოში არსებული ქონება ისევ ბერძნული საპატრიარქოს დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყო, შემთხვევითი არ არის, რომ პაპი საქართველოში არსებულ ქონებას ბიზანტიის იმპერიაში არსებულ ქონებაზე წინ იხსენიებდა, ამ მხრივ ყურადსაღებია იერუსალიმის საპატრიარქოს ქონების ნუსხა, რომელიც 1890 - წელს განეკუთვნება, მაგრამ რეალურად აქ იმ ქონებაზეა საუბარი, რასაც ის შუა საუკუნეებში ფლობდა. საქართველოში იერუსალემს გააჩნდა 2200 (3000-მდე პიასტრის) რიალად შეფასებული ქონება,[4] რაც ეპოქისათვის უდიდესი თანხაა და შეადგენს ორჯერ მეტს იმ ქონებაზე, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოს მთელ საბერძნეთში გააჩნდა, და თითქმის იმდენივეა, რამდენიც მთელ რუსეთში ჰქონდა !!!

ყოველივე თქმული კარგად გვიხსნის იმის მიზეზს, თუ რატომ აისახა ეს ქონება პაპის ბულებში და რატომ ჰყავდა კათოლიკე ეკლესიას საგანგებოდ გამოყოფილი არქიდიაკონი ამ ქონების სამართავად.

 

 



[1] Bernard Hamilton and Andrew Jotischky – ‘’Latin and Greek Monasticism In the Crusader States“ 2020, 33.

[2] http://www.amsi.ge/istoria/div/efrem%20mcire.html

[3] http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97/

[4] RAPHAEL HAWAWEENY, LATE BISHOP OF BROOKLYN, Translator – Archpriest Michel Najim AN HISTORICAL GLANCE AT THE BROTHERHOOD OF THE HOLY SEPULCHER“,1893,25.

 

მოამზადა ბექა ჭიჭინაძემ