განსხვავებები ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის სწავლებებს შორის

პანაიოტის ხრისტუ

 

ა) სამების შესახებ.

სამების შესახებ სწავლება რომ ნეოპლატონიზმისგან არის ნასესხები, დადასტურებით ვერავინ იტყვის, რადგან ეს უკანასკნელი ნეოპლატონიზმზე ბევრად ადრეულია. მიუხედავად ამისა, სამების შესახებ დოქტრინის ფორმულირება ეყრდნობა ბერძნული ფილოსოფიის ელემენტებს და იყენებს ტერმინებს: სიტყვა (Λόγος), სიბრძნე (Σοφία), ჰიპოსტასი (ὑπόστᾰσις), სუბსტანცია ანუ არსება (οὐσία) და ბუნება (φύσις).

 

ბ) „იდეათა“ შესახებ.

მეთოდი, რომლითაც მამებმა იდეათა შესახებ სწავლება ჩამოაყალიბეს, მეტად საგულისხმოა, რადგან პლატონთან „იდეები“ დამოუკიდებელია, ხოლო პირველი საუკუნის პლატონიკოსებთან და ფილონ ალექსანდრიელთან – ღმერთს დამორჩილებული. მამებმა ისინი ღვთის ზრახვებად (ფიქრებად) გარდაქმნეს და, საბოლოოდ, ძალებად, მახასიათებლებად, ან საღვთო ნებელობის ელემენტებად წარმოადგინეს.

 

გ) ადამიანის შემადგენლობისა და ბედისწერის შესახებ.

ებრაელებს ჰქონდათ მატერიალისტური შეხედულება ადამიანის ბუნების შესახებ, სიკვდილის შემდგომ ისინი ელოდნენ ადამიანის სრულ გაქრობას, ან ღვთის მიერ მისი სხეულის აღდგინებას. მათგან განსხვავებით, პლატონს ჰქონდა დიქოტომიური შეხედულება: ის ორ ელემენტს ყოფდა და უკვდავი სულის გადარჩენას იდეის ფარგლებში მოიაზრებდა. იესო ქრისტემ მტკიცედ და განუშორებლად შეაკავშირა ადამიანის სული და სხეული, შემდგომში კი მამებმა სხეულის აღდგინება სულის უკვდავებასთან დააკავშირეს.

 

დ) ეპისტემოლოგიის შესახებ.

არც ძველ და არც ახალ აღთქმაში არ არის ეპისტემოლოგიის სისტემა, არამედ ის ჩამოყალიბებულია მამათა მიერ, რომლებმაც ძირითადად იხელმძღვანელეს პლატონისა და არისტოტელეს სწავლებებით.

 

ე) სათნოებითი ეთიკის შესახებ.

აშკარაა, რომ მამებმა არეტოლოგია (სწავლება სათნოების შესახებ) და ეთიკის კოდექსი დააფუძნეს პითაგორელთა და სტოელ ფილოსოფოსთა შრომებს.

 

ვ) საბოლოო დასკვნა.

ზემოთ აღწერილმა წარმოდგენებმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა შეხედულებას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, შევიცნოთ, თუ რა შესთავაზა ბერძნულმა ფილოსოფიამ ქრისტიანობას. ამ ორი მსოფლმხედველობის კავშირმა შესაძლებელი გახადა ქრისტიანული სარწმუნოების ჩამოყალიბება. სწორედ ეს გვიდასტურებს, თუ რამდენადაა ბერძნული ფილოსოფიის ესა თუ ის მიმართულება ქრისტიანობაში ასახული.მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ქრისტიანობის ელინიზაციაზე ადოლფ ფონ ჰარნაკისა და მისი მოწაფეების მსგავსად, არამედ აღვნიშნავთ ბერძნული აზროვნების ქრისტიანიზაციაზე, რომელიც დაახლოებით ათასი წელი გრძელდებოდა. ამ პროცესს არ გადაუქცევია ქრისტიანობა ფილოსოფიურ ფიქციად (გამონაგონად). ფილოსოფიური ფიქციები არ ქადაგებენ ღმერთს, არამედ იკვლევენ მას. ქრისტიანული ღვთისმეტყველება არ იკვლევს ღმერთს, არამედ ქადაგებს მას, განიცდის მას ცხოვრებაში, მაშინაც კი, როდესაც ფილოსოფიურ მეთოდებს სესხულობს.მამათა შრომებში ხშირად გადმოცმეულია პოეტთა, პროზაიკოსთა და მედიკოსთა ციტატებიც კი. ზოგადად რომ შევეხოთ კლასიკური ლიტერატურის მნიშვნელობას, უნდა ითქვას, რომ მან დიდად შეუწყო ხელი საღვთისმეტყველო აზროვნების ზრდასა და განვითარებას, ასე რომ Wilamowitz-Möllendorff (უილამოვიჩ–მიოლენდორფი) გამართლებულია თავის ნათქვამში: „ვერც ქრისტიანულ ლიტერატურას გავიგებთ და დავაფასებთ ბერძნულის გარეშე და ვერც ბერძნულს - ქრისტიანულის გარეშე“ (“neque sine graecis christianae, neque sine christianis graece literae recte intelligi aut estimari”[1]).

საეკლესიო ცნობიერებამ დროთა განმავლობაში განუსაზღვრა სათანადო ადგილი ანტიკურ ბრძენკაცებს, როდესაც ქრისტიანული ტაძრის ნართექსში ან მონასტრის სატრაპეზოში გამოსახა ისინი.

[1] Kleine Schriften, I, 1938, p. 208.

 

წყარო: პანაიოტის ხრისტუ, ბერძნული მართლმადიდებლური პატროლოგია, [მთარგმ. გ.გველესიანი, მ. ჭითანავა, გ. ლურსმანაშვილი], თბილისი, 2018, გვ. 124-125.