2021
† ბართლომეოსი არქიეპისკოპოსი
კონსტანტინოპოლისა-ახალი რომის
და მსოფლიო პატრიარქი
ეკლესიის მთელ სისავსეს მადლი, მშვიდობა
და წყალობა დიდებით აღდგომილი ქრისტეს მიერ
სულისათვის სასარგებლო მარხვის პერიოდის განსრულების, უფლის ვნებისა და მისი ჯვრის თაყვანისცემის შემდეგ, დღეს მისი დიდებული აღდგომის მოზიარენი ვიქმნებით. ამ დღესასწაულით გაბრწყინებულნი გამოუთქმელი სიხარულით ვახარებთ სამყაროს გამომხნელ ცნობას, „ქრისტე აღდგა“!
ჩვენ მართლმადიდებელებს ყოველივე რისიც გვწამს, გვიყვარს, და მოველით, პასექს უკავშირდება, მისგან ვსაზრდოობთ, მასში ვეძიებთ აზრს და შინაარსს. ქრისტეს აღდგომა არის ღმერთის სიყვარულის პასუხი არა მხოლოდ განსაცდელში მყოფი ადამიანის და მისი მოლოდინის მიმართ, არამედ, ქმნილი სამყაროს მიმართაც, რომელიც გამოხსნის მომლოდინე „თანა-კუნესის“. სწორედ მასში განცხადდა ბიბლიური სიტყვების აზრი, „ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ“[1] და, ასევე, „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად“ [2].
ქრისტე არის „ჩვენი ზატიკი“[3] და „ყოველთა აღდგომა“. მაშინ როდესაც დაცემა ერთგვარი გადახვევა იყო ადამიანის მიერ „მსგავსებისაკენ“ მიმავალი გზიდან, ქრისტეში აღდგომილი და „ღმერთის მიერ საყვარელი“ ადამიანისთვის კვლავ იღება მადლისმიერი განღმრთობის გზა. აღესრულება „სასწაული დიდი“, რომელიც კურნავს „დიდ ტრავმას“ ადამიანში. ხორას მონასტრის ღირსშესანიშნავ ხატზე ვხედავთ „ჯოჯოხეთის სიღრმემდე“ შთასულ დიდების უფალს, რომელიც ამარცხებს სივდილის მეუფებას, ძლევამოსილი აღემართება საფლავიდან და თანააღადგინებს ადამიანთა პირველწინაპართ და მათი სახით კაცთა მთელ მოდგმას დასაბამიდან ვიდრე აღსასრულამდე ჟამისა, ვითარცა უცხოობისგან ჩვენი მხსნელი.
აღდგომით ქრისტესმიერი ცხოვრება განცხადდება როგორც გამოხსნა და თავისუფლება. „აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა“ [4]. ამგვარი თავისუფლების შინააარსი და ეთოსი, რომელიც ქრისტეს სათნოდ უნდა იქნას გამოყენებული (ვიდრე განსრულდება ზეციურ სასუფეველში), სიყვარულია და წარმოადგენს „ახალი შესაქმის“ საფუძველს. „რამეთუ თქუენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო; გარნა ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ჴორცთა, არამედ სიყუარულისა მისთჳს ჰმონებდით ურთიერთარს“ [5]. მორწმუნის თავისუფლება, რომელიც ეფუძნება ჩვენი მხნელის ჯვარსა და აღდგომას, არის აღმასვლითი, მოყვასისკენ მიმავალი გზა, იგი არის „სარწმუნოებაჲ, სიყუარულისაგან შეწევნული“[6], წარმოადგენს „ეგვიპტის ტყვეობიდან“ და უცხოობიდან დაბრუნებას, ნიშნავს ეგოისტური და დაცემული ბუნების დაძლევას და არის მარადიულობის იმედი, რომელიც ადამიანობას უბრუნებს ადამიანს.
პასექის მოდღესასწაულენი ეკლესიაში ვაღიარებთ, რომ ღმერთის სასუფეველი „უკვე დამკვიდრებულ არს, მაგრამ ჯერ არ განსრულებულა“[7]. აღდგომის შუქზე მიწიერი საგნები იძენენ ახლებურ აზრს, რადგან ისინი უკვე გარდაქმნილნი არიან და კვლავ გარდაიქმნებიან. არაფერი არ არის სტატიკური. ყოველივე ესქატოლოგიური სისრულისკენ მიისწრაფვის. ეს „შეუბრკოლებელი სრბოლა“ სასუფევლისკენ, რომელიც განიცდება უპირველესად ევქარისტიულ შეკრებაში, იცავს ღვთის ერს, ერთის მხრივ, ისტორიის და მასში არსებული ბოროტების მიმართ გულგრილობისგან, ხოლო, მეორე მხრივ, საუფლო სიტყვების დავიწყებისგან, „მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს“[8], რომელშიც ერთმანეთისგან განირჩევა ის, რაც უკვე მოხდა და ის, რაც უნდა მოხდეს, ანუ სასუფევლის დადგომა, თანახმად ღრმა თეოლოგიური სიტყვებისა „მეუფე მოვიდა, უფალი იესო, ხოლო მისი სასუფეველი მოწევნას მოელის“[9].
მორწმუნის ღვთივბოძებული თავისუფლების მთავარი მახასიათებელია დაუშრეტელი საპასექო სიხარული, მღვიძარება და ენერგიულობა. ამ უდიდესი ძღვენის ხასიათი არა მხოლოდ არ ზღუდავს, არამედ წარმოაჩენს ჩვენს მიერ მის ნებაყოფლობით მიღებას და შეგვეწევა რათა ამ ახალ თავისულებაში ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ. ეს თავისუფლება გულისხმობს, ასევე, ადამიანსა და სამყაროს შორის არსებული გაუცხოების დაძლევასაც. ის ვინც ქრისტეს მიერ თავისუფალია, არ არის მიწიერების ტყვე „ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ“[10]. ჩვენი სასოება არის ქრისტე და მასში განსრულებული სიცოცხლე, მარადიულობის მშვენიერება და ბრწყინვალება. სიცოცხლის ბიოლოგიური საზღვრები არ განსაზღვრავენ მის ჭეშმარიტებას. სიკვდილი არ არის ჩვენი არსებობის დასასრული. „ნუღარ გეშინის სიკვდილის, რადგან ჩვენი მხსნელის სიკვდილმა გაგვათავისუფლა მისგან. განქარდა სიკვდილი მისი მტვირთველის მიერ. შემუსრა ჯოჯოხეთი ჯოჯოხეთში შთასულმა“ [11]. ქრისტეს მიერი თავისუფლება არის „სხვა შესაქმე“[12] ადამიანისა, საღმრთო იკონომიის სისავსის დაგემოვნება და წინასახე, უკანასკნელი დღე „აწ და მარადის“, როდესაც „მამის მიერ კურთხეულნი“ იცხოვრებენ ქრისტეს პირისპირ. „მჭვრეტელნი მისნი და ჭვრეტილნი მისგან, რომლის დაუსრულებელ სიხარულსაც მოინაყოფებენ ისინი“[13].
მართლმადიდებლებისთვის, წმიდა პასექი უბრალო რელიგიური დღესასწაული არაა. ყოველი საღმრთო ლიტურგია, მორწმუნეთა ყველა ლოცვა და ვედრება, თითოეული დღესასწაული და წმიდათა მოხსენიება, წმიდა ხატთა თაყვანისცემა, „უმეტესი სიხარული“ (2 კორ. 8,2), თავგანწირული სიყვარულისა და ძმობის თითოეული გამოვლინება, განსაცდელის დათმენა, ღვთის ერის ურცხვინელი სასოება, თავისუფლების ზეიმია, რომელიც ასხივებს საპასექო სინათლეს და აფრქვევს აღდგომის სურნელებას.
ამგვარი სულისკვეთებით განვადიდებთ სიკვდილითა სიკვილის დამთრგუნველ სამყაროს გამომხსნელს. საზეიმო ამბორს გიგზავნით თქვენ ყველას ქრისტეს მიერ საყვარელ შვილებსა და პატივდებულ ძმებს. თქვენთან ერთად ერთითა პირითა და ერთითა გულითა ვაკურთხებთ ქრისტესა უკუნისამდე.
† აღდგომილი ქრისტეს მიმართ
დაუცხრომელად თქვენ ყოველთათვის
მლოცველი კონსტანტინოპოლელი ბართლომეოსი
[1] დაბ. 1, 26.
[2] დაბ. 1, 31.
[3] 1 კორ. 5, 7.
[4] გალ. 5, 1.
[5] გალ. 5, 13.
[6] გალ. 5, 6.
[7] Γεωργίου Φλωρόφσκυ, Ἁγία Γραφή, Ἐκκλησία, Παράδοσις, μτφρ. Δ. Τσάμη, ἐκδ. Πουρναρᾶ, Θεσσαλονίκη 1976, σ. 37.
[8] ინ. 18, 36.
[9] Γεωργίου Φλωρόφσκυ, ὅ.π., σ. 99.
[10] 1 თეს. 4, 13.
[11] Ἰωάννου τοῦ Χρυσοστόμου, Λόγος Κατηχητήριος εἰς τήν ἁγίαν καί λαμπροφόρον ἡμέραν τῆς ἐνδόξου καί σωτηριώδους Χριστοῦ τοῦ Θεοῦ ἡμῶν Αναστάσεως.
[12] Γρηγορίου τοῦ Θεολόγου, Ἔπη ἠθικά, ΒΕΠΕΣ 61, σ. 227.
[13] წმიდა იოანე დამასკელი, მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, ბერძნულიდან თანამედროვე ქართულზე თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, თბილისი 2018, გვ. 228.
Photo: Nicholas Papachristou / Ecumenical Patriarch
სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა ნიკო ღონღაძემ