ქალებისადმი მოწოდება

როდნი სტარკი

 

 

   ვინაიდან პირველი საუკუნის ეკლესიაში იესო, მოციქულები და ცნობილი წინამძღვრები ყველანი მამაკაცები იყვნენ, მძლავრობს აზრი, რომ ადრეული ქრისტიანობა „მამაკაცის საქმე იყო.“ ეს ასე სულაც არაა. ქალები ეკლესიაში ადრეული პერიოდიდანვე დომინირებდნენ.


   რომაელთა მიმართ ეპისტოლეს პავლე იწყებს 15 ქალისა და 18 მამაკაცისადმი მისალმებით, რომლებიც რომის სამრევლოს გამოჩენილი წევრები იყვნენ. [1] თუ მივიჩნევთ, რომ არსებობდა საკმარისი სქესობრივი მიკერძოება ისე, რომ მამაკაცები უფრო იკავებდნენ ხელმძღვანელის პოზიციებს ვიდრე ქალები, მაშინ ეს მჭიდრო სქესობრივი თანაფარდობა იმასზე მეტყველებს, რომ რომის სამრევლო საკმაოდ არაპროპორციულად იყო ქალებით დაკომპლექტებული. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პავლეს მიერ ახალმოქცეულნი „უმეტესად ქალებია, ხოლო მათი უმრავლესობა კი „მოწინავე ქალები“.[2] ეკლესიის შესანიშნავი ისტორიკოსი (კემბრიჯი) ჰენრი ჩედვიკი აღნიშნავს (1920-2008): „ქრისტიანობა განსაკუთრებით წარმატებული იყო ქალებში. მამაკაცები ხშირად სწორედ ცოლების მეშვეობით ხდებოდნენ ქრისტიანები. ეს განსაკუთრებით პირველ ხანებში შეინიშნებოდა, როდესაც ქრისტიანობამ საზოგადოების მაღალ კლასებში შეაღწია“. [3] ჩედვიკი ამაში ეთანხმება ბუმბერაზ ადოლფ ჰარნაკს (1851-1930): „ქრისტიანული მოძღვრება განსაკუთრებით ქალებმა მიიღეს... მაღალ ფენებში ქალი ქრისტიანების პროცენტულობა გაცილებით მაღალი იყო ვიდრე კაცებისა“.[4] ეს ფაქტი ახლახანს დადასტურდა რომის სენატორთა კლასის მაგალითით, რომლებიც 283-423 წლებში ცხოვრობდნენ. აღნიშნულ სენატორთა კლასში მამაკაცების 50%, ხოლო ქალების 85% ქრისტიანი იყო.[5]
   ისმის კითხვა: რატომ? პასუხი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ რიგში, თუ ქალებს განსაკუთრებით არ აუკრძალავენ ან, სულ მცირე, არ გაადთქმევინებენ გაწევრიანებას, რელიგიური მოძრაობები მამაკაცებზე მეტად ყოველთვის ქალებს იზიდავენ. ამასთანავე, მონაცემები ცხადყოფს, რომ მსოფლიო მასშტაბით, ქალები უფრო რელიგიურები არიან ვიდრე მამაკაცები, როგორც რწმენის, ისე მსახურებაში მონაწილეობის თვალსაზრისით.[6]
ცოტა ხნის წინათ თავი იჩინა დისკუსიამ, თუ რა არის ამის მიზეზი,[7] მაგრამ აქ თემა მნიშვნელოვანი არაა. გაცილებით ყურადსაღებია პასუხის მეორე ნაწილი, რომელიც მიუთითებს, რომ გენდერული განსხვავებების ჩვეული დონის მიღმა ქრისტიანობა ქალებისთვის მიმზიდველი იყო. ქალები მოხიბლულები იყვნენ ქრისტიანობით, რადგან ცხოვრება, რომელსაც ქრისტიანობა მათ სთავაზობდა გაცილებით აღმატებული იყო იმგვარი ცხოვრებისგან, რომელშიც ისინი სხვა შემთხვევაში იცხოვრებდნენ. ამ საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ, მომდევნო თავში საუბარია იმაზე, თუ როგორი შედეგი იქონია ქალების მდგომაროებამ ქრისტიანობის ზრდის სისწრაფეზე.

 

                                                       წარმართი და იუდეველი ქალები

   არცერთ ანტიკურ საზოგადოებაში ქალები კაცების თანასწორები არ ყოფილან, თუმცა ბერძნულ-რომაულ სამყაროში თვალსაჩინო განსხვავებები არსებობდა იმ უთანასწორობაში, რომელიც ქალებმა გამოსცადეს. ადრექრისტიანულ თემებში ქალები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე წარმართი ან იუდეველი ქალები.

   რთულია განვაზოგადოთ წარმართი ქალების მდგომარეობა ანტიკურ დასავლეთში, რადგან ბერძნებსა და რომაელებს შორის მკვეთრი განსხვავება შეინიშნებოდა. ბერძენი ქალები ნახევრად განმარტოებულად ცხოვრობდნენ (მაღალი კლასის წარმომადგენლები სხვებზე უფრო მეტად), მაგრამ ყველა ბერძენი ქალი მაინც ძალიან შეზღუდული იყო. პრივილეგირებულ ოჯახებში ქალებს სახლის წინა ოთახებში შესვლა ეკრძალებოდათ. რომაელი ქალები არ იყვნენ იზოლირებულები, მაგრამ, ბევრი სხვა თვალსაზრისით, ისინი არანაკლებ ექვემდებარებოდნენ მამაკაცის კონტროლს. არც ბერძენ და არც რომაელ ქალებს წარმოდგენა არ ქონდათ როდის ან ვისზე იქორწინებდნენ. როგორც წესი, ისინი ძალიან ახალგაზრდები ქორწინდებოდნენ საკმაოდ უფროს მამაკაცზე - ხშირ შემთხვევაში პუბერტაციამდე. ქმრებს შეეძლოთ სასჯელის გარეშე განქორწინებულიყვნენ, მაგრამ ცოლს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო განქორწინებისთვის მიეღწია, თუ ვინმე კაცი ნათესავი მოითხოვდა ამას მისი სახელით. თუმცა, ბერძენი ცოლის მამას ან ძმას შეეძლოთ განქორწინებისთვის მიეღწიათ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ! როგორც რომაელ, ისე ბერძენ ქმრებს ქონდათ სრული ძალაუფლება, მოეკლათ არასასურველი ჩვილი ან ცოლისთვის დაეძალებინათ აბორტის გაკეთება, მაგრამ რომაელ ქმრებს ცოლების მოკვლა არ შეეძლოთ. რომაელ ცოლებს ძალიან შეზღუდული საკუთრების უფლება ჰქონდათ, ხოლო ბერძნებს საერთოდ არ გააჩნდათ. არცერთს არ შეეძლო ხელშეკრულების მხარე ყოფილიყო. ბერძნებისაგან განსხვავებით, მაღალი კლასის წარმომადგენელი არაერთი რომაელი ქალი წერა-კითხვას ასწავლიდა.[8] ამ განსხვავებებმა შესაძლოა, ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ ქრისტიანობა ბერძნულ ქალაქებში უფრო სწრაფად გავრცელდა, ვიდრე რომაულ ქალაქებში. ბოლოს, ქალღმერთებისადმი მიძღვნილ მხოლოდ რამდენიმე ტაძარში შეეძლოთ რომაელ ან ბერძენ ქალებს რაიმე მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინათ რელიგიურ ცხოვრებაში.

   იუდეველი ქალების მდგომარეობა საგრძნობლად განსხვავდებოდა არა მხოლოდ პალესტინაში, არამედ დიასპორულ თემებშიც. ზოგიერთ დიასპორაში ბევრი ქალი ნახევრად იზოლირებული იყო. დიასპორაში ყველაზე ავტორიტეტული ებრაელის, ფილონ ალექსანდრიელის მიხედვით: „ქალები თავიანთ სახლებსა და სავანეებში რჩებიან, რომელთა შუა კარი მიჯნაა ქალწულთათვის, ხოლო გასასვლელი კარი მათთვის, ვინც მიაღწია ქალობას... ქალი სხვა საქმით  არ უდა გაისარჯოს, არ უნდა ჩაერიოს არასაოჯახო საქმეებში, არამედ ეძიოს ცხოვრება განმარტოებაში“.[9] პალესტინაში ქალების იზოლირების არანაირი მტკიცებულება არაა და ნათელია, რომ არც დიასპორაში ყოფილა ბევრი ქალი იზოლირებული. თუმცა, იუდეველი გოგონები ყველგან ძალიან პატარები ქორწინდებოდნენ მამის მიერ არჩეუილ საქმროზე, მაგრამ გარემოებებისდა მიხედვით, შეეძლოთ პუბერტაციამდე სახლში დარჩენა ეთხოვათ. მეორე რჯულის თანახმად (22:13-21), პატარძლები, რომლებიც ქალწულები არ აღმოჩნდებოდნენ, მამის სახლთან ქვით უნდა ჩაქოლილიყვნენ, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათი უნდა ყოფილიყო. მეორე მხრივ, ქმრებს მარტივად შეეძლოთ განქორწინება, თუმცა ცოლებს მხოლოდ უჩვეულო ვითარებაში. ასეთი შემთხვევები იყო მაგალითად, თუკი ქმარი იმპოტენტი ან კეთროვანი იქნებოდა. იუდეველ ქალებს არ შეეძლოთ მიეღოთ მემკვიდრეობა თუ არ არსებობდნენ მამრობითი სქესის მემკვიდრეები. მათ „არ ჰქონდათ დამოწმების უფლება და არც იმის მოლოდინი, რომ მათი რაიმე მონათხრობი სანდოობას მოიპოვებდა“. [10] როგორც რაბი ელიაზარია გადმოსცემს ბაბილონურ თალმუდში (ca.90CE), „უმჯობესია თორა დაწვათ, ვიდრე იგი ქალს ასწავლოთ“. სხვაგან თალმუდი გვეუბნება: „ყველა, ვინც გადაჭარბებით ესაუბრება ქალს, საკუთარ თავს ბოროტებას უქადის“.[11]

   მიუხედავად ამისა, გამოსვლათა წიგნი მშობლებისადმი პატივისცემას მოითხოვს (20:12), ხოლო ლევიტელთა საერთოდ ცვლის მოწოდებას: „კაცად-კაცადსა მამისა თვისისა და დედისა თვისისა ეშინოდენ“ (19:3). მეტიც, ნათქვამია, რომ იუდეველ ქალებს „სექსუალური სიამოვნების უფლება ქონდათ“.[12] რაბი ბენ აზაის მოსაზრების გათვალისწინებით, რომ „მამაკაცმა მოსეს რჯული უნდა ასწავლოს თავის ქალიშვილს“,[13] ზოგიერთი იუდეველი ქალი კარგად განათლებული იყო, ხოლო გარკვეულ დიასპორებში (პალესტინული პატრიარქატის გავლენის მიღმა) ქალები სინაგოგებში ხელმძღვანელობის ფუნქციას ფლობდნენ, რომელიც განისაზღვრებოდა როგორც „უხუცესი“, „სინაგოგის წინამძღოლი“, „სინაგოგის დედა“ ან „თავმჯდომარე“(უფროსი). ამას ამტკიცებენ სმირნასა და სხვა ადგილებში აღმოჩენილი წარწერები.[14] თუმცა, კაცები და ქალები განცალკევებით ისხდნენ სინაგოგებში და ქალებს არ შეეძლოთ შეკრებებზე თორას წაკითხვა. მთლიანობაში, იუდეველი ქალები უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ ვიდრე წარმართები, მაგრამ ნაკლები თავისუფლება და გავლენა ჰქონდათ ვიდრე ქრისტიან ქალებს.

 

ქრისტიანი ქალები


   დიდი ხანია რაც ქრისტიანმა მწერლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ქალებისადმი იესოს დამოკიდებულება რევოლუციური ხასიათის იყო... მისთვის ორივე სქესი იყო თანასწორი.“[15] ბევრმა ფემინისტმა კრიტიკოსმა უარყო იესოს სხვადასხვა სახის განცხადებები თუ ქმედებები, რადგან მათ არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენიათ ადრექრისტიანულ თემებში არსებულ გენდერულ ურთიერთობებზე, სადაც ყოვლისმომცველი სექსიზმი გრძელდებოდა.[16] თუმცა, ბოლოდროინდელი ობიქტური მტკიცებულება ეჭვს არ ტოვებს, რომ პირველქრისტიანი ქალები სწორედაც რომ სარგებლობდნენ გაცილებით მეტი თანასწორობით მამაკაცებთან მიმართებით, ვიდრე წარმართი ან იუდეველი ქალები. რომის კატაკომბებში არსებული ქრისტიანული სამარხების კვლევის შედეგად (კვლევა დამყარებულია 3 733 შემთხვევაზე) გაირკვა, რომ ქრისტიანი ქალები თითქმის ისეთივე გრძელი წარწერებით არიან მოხსენიებულები, როგორც კაცები. ეს „ახლო თანასწორობა მამაკაცებისა და ქალების ხსოვნისადმი მიძღვნილ წარწერებში, ქრისტიანებისთვის დამახასიათებელია და მათ ქალაქის არაქრისტიანული მოსახლეობისაგან განასხვავებს“.[17] სიმართლეს შეესაბამება ისიც, რომ არა მარტო მოზარდების, არამედ ბავშვების შემთხვევაშიც ქრისტიანები ისევე გლოვობდნენ ქალიშვილის გარდაცვალებას, როგორც ვაჟის, რაც საკმაოდ უჩვეულო იყო რომის სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით. [18]

   რა თქმა უნდა, არსებობს იმის უამრავი მტკიცებულება, რომ ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან ქრისტიანი ქალები ხშირად ფლობდნენ ხელმძღვანელობის ფუნქციებს ეკლესიაში და ქორწინებაში გაცილებით მეტი უსაფრთხოებითა და თანასწორობით სარგებლობდნენ.

 

ეკლესიის ხელმძღვანელობა


   ადრეულ ეკლესიაში, ქალთა ფუნქციასთან დაკავშირებული  ჩვენეული წარმოდგენები  დიდი ხანია  დამახინჯებულია იმ განცხადებით, რომელიც პავლე მოციქულს მიეწერება: „დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად“ (1კორ. 14:34). არსებობს რეალური საფუძვლები ამ ციტატის უარსაყოფად, რადგან იგი შეუსაბამოა ყველაფერ იმასთან, რაც პავლემ ქალებზე თქვა. ის იყო „ქალთა განთავისუფლებისა და თანასწორობის ერთადერთი საიმედო და მტკიცე წარმომადგენელი ახალ აღთქმაში“.[19] რობინ სქროგსმა დაამტკიცა, რომ ზემოხსენებული ციტატა მის მიერაა ჩამატებული, ვინც დევტეროპავლიები (
Δευτεροπαύλειες) და სამოძღვრო ეპისტოლეები (Ποιμαντικές επιστολές) შეადგინა.* ეს ეპისტოლეები შეცდომით მიეწერება პავლეს.[20] ლოურენს იანაკონიმ საინტერესო ვარაუდი გამოთქვა იმის შესახებ, რომ ეს განცხადება კორინთოს ეკლესიის ზოგიერთი წევრისგან გაჟღერდა, რომელთაც პავლე ეწინააღმდეგებოდა და რომ ეს განსხვავება როგორღაც დაიკარგა.[21] მიუხედავად ამისა, პავლეს მიერ ქალების გამხნევების და ხელმძღვანელებად დამტკიცების გათვალისწინებით, ეს ციტატა აბსურდულია.

   რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე რომის სამრევლოს წარუდგენს და ქებას ასხამს „ფიბეს, დასა ჩუენსა“, რომელიც დიაკონისა იყო „ეკლესიასა მის კენქრელთაისა, რაითა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა და თანა-დაუდეგით მას, რომელიცა რაიმე საქმე უხმდეს თქუენგან, და რამეთუ იგიცა მრავალთა თანა-მდგომ ექმნა და თვით მეცა“ (16.1-2). დიაკვნების მნიშვნელოვანი ლიდერები იყვნენ ადრეულ ეკლესიაში, რომელთაც თანხის შეგროვება და განაწილება ევალებოდათ. ნათელია, რომ პავლე ვერაფერ უჩვეულოს ვერ ხედავს ქალების მიერ ამ საქმის შესრულებაში. ეს არც ერთეული შემთხვევა ყოფილა ქრისტიანთა პირველი თაობისთვვის. პლინიუს უმცროსი 112 წელს იმპერატორ ტრაიანესადმი გაგზავნილ წერილში აღნიშავს, რომ მან ორი ახალგაზრდა ქალი აწამებინა, „რომელთაც დიაკონისებს უწოდებდნენ“.[22] „ქალი დიაკვნების“ შესახებ წერდა კლიმენტი ალექსანდრიელი, ხოლო ორიგენეს ეკუთვნის შემდეგი განმარტება პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეზე: „მოციქულის სახელით ეს ტექსტი გვასწავლის, რომ ... როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკლესიაში ქალი დიაკვნები არიან და ეს ქალები... მიღებულნი უნდა იყვნენ მსახურებაში“.[23] მოგვიანებით, 451 წლის ქალკედონის კრებამ დაადგინა, რომ სამომავლოდ დიაკონისები უნდა იყვნენ არანაკლებ 40 წლისა და უქორწინებლები.[24]

   ცნობილი ისტორიკოსები ახლა თანხმდებიან იმაზე, რომ ადრეულ ქრისტიანობაში ქალები პატივსა და გავლენას ფლობდნენ. ამგვარად, პიტერ ბრაუნი აღნიშნავს, რომ ქრისტიანები ამ მხრივ განსხვავდებოდნენ არა მხოლოდ წარმართებისგან, არამედ იუდეველებისგანაც: „ქრისტიანულმა სამღვდელოებამ... გადადგა ნაბიჯი, რომელმაც ისინი პალესტინის რაბინებისაგან განაცალკევა... მათ გულითადად მიიღეს ქალები, როგორც მფარველები და შესთავაზეს ისეთი ფუნქციები, რომლებიც ქალებს თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევდნენ“.[25] როგორც უეინ მიქსმა აღნიშნა: „ქალები... პავლეს თანაშემწეები არიან როგორც მახარებლები და მასწავლებლები. როგორც ფართო საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ისე ქრისტიანულ თემებში მათი მონაწილეობის თვალსაზრისით, ბევრი მათგანი ქალთა ფუნქციების შესახებ სტერეოტიპებს დაუპირისპირდა“.[26]

 

 

 

ჩვილების მკვლელობა

 ქრისტიანი ქალების აღმატებული მდგომარეობა თავიანთ წარმართ დებთან მიმართებაში დაბადებიდან იღებს სათავეს. არასასურველი ჩვილების თავიდან მოშორება რომის იმპერიაში ფართოდ იყო გავრცელებული [27] და ამის მსხვერპლნი გოგონები უფრო ხშირად იყვნენ ვიდრე ბიჭები. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის ფაქტი, რომ ჩვილის მოშორების გადაწყვეტილებას მამა ღებულობდა, როგორც ეს ორსული ცოლისადმი მიძღვნილ სასიყვარულო წერილშია ასახული: „წარმატებას გისურვებ! თუ შვილი უნდა გააჩინო, ბიჭი თუ იქნება, დაე იცოცხლოს, ხოლო თუკი გოგოა, მოიშორე იგი. აფროდისიასთვის გითქვამს არ დამივიწყოო. როგორ შეიძლება დამავიწყდე? ამიტომ, გთხოვ, არ ინერვიულო“.[28] დიდ ოჯახებშიც კი „იშვიათად ზრდიდნენ ერთზე მეტ ქალიშვილს“.[29] წარწერებზე დაფუძნებულმა კვლევამ შეძლო 600 ოჯახის მონაცემების აღდგენა და აღმოჩნდა, რომ მათგან მხოლოს 6 ოჯახში იზრდებოდა ერთზე მეტი ქალიშვილი.[30]

   იუდაური წარმომავლობის გათვალისწინებით, ქრისტიანობამ ჩვილების მოშორება დაგმო როგორც მკვლელობა.[31] როგორც იუსტინე ფილოსოფოსი (100-165) წერს: „ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ახალშობილის მოშორებაც ბოროტებაა... რადგან მაშინ მკვლელები გამოვდგებით“.[32] ასე რომ, არსებითად ბევრი ქრისტიანი (და იუდეველი) გოგონა ცოცხალი დარჩა.

 

ქორწინება

   ქორწინების მოახლოებასთან ერთად ქრისტიანული უპირატესობა კვლავ აგრძელებდა არსებობას. წარმართი გოგონები საკმაოდ ადრეულ ასაკში ქორწინდებოდნენ, როგორც წესი, გაცილებით უფროს კაცებზე ისე, რომ იშვიათად თუ ჰქონდათ არჩევანის შესაძლებლობა. აქ ორგვარი მტკიცებულება გვაქვს, როგორც სტატისტიკური, ისე ლიტერატურული. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, დუმილი (საქორწინო ასაკთან მიმართებაში გ.პ) მტკიცედ მოწმობს, რომ რომაელი გოგონები ადრეულ ასაკში, ხშირად პუბერტაციამდე ქორწინდებოდნენ. კემბრიჯის ისტორიკოსის ქეით ჰოპკინსის (1934-2004) აღმოჩენით (რომელიც გამოთვლებზეა დამყარებული) ვგებულობთ, რომ ბევრი ცნობილი რომაელი ქალი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში იყვნენ პატარძლები: ოქტავია (იმპერატორ კლავდიუსის ქალიშვილი) 11 წლის დაქორწინდა. ნერონის დედა, აგრიპნია 12 წლის. ცნობილი რიტორი კვინტილიანე 12 წლის უნდა დაქორწინებულიყო, რადგან ვიცით, რომ მას ვაჟი შეეძინა, როცა მისი ცოლი 13-ის იყო. ისტორიკოსი ტაციტუსი 13 წლის ასაკში დაქორწინდა და ა.შ. თუმცა, არცერთ ამ შემთხვევაში ეს ფაქტი (ადრეული ქორწინების გ.პ) საკმარისად საინტერესოდ არ მიჩნეულა, რათა ქალების ბიოგრაფიაში აღნიშნულიყო. ამგვარი დუმილის მიღმა, ისტორიკოსი პლუტარქე (46-120) გადმოგვცემს, რომ რომაელები „თავიანთ გოგონებს 12 წლის ასაკში ან უფრო ახალგზარდას ათხოვებდნენ“.[33]  იგივეს მოწმობს დონ კასიუსიც (155-229): „გოგონები საქორწინო ასაკისთვის მიღწეულად ითვლებიან, როდესაც 12 წელს შეასრულებენ“.[34]

   საქორწინო ასაკის ახლებურმა კვლევამ, რომელიც რომაული საფლავების წარწერებზეა დამყარებული, ქრისტიანი და წარმაწრთი ქალები ერთმანეთისაგან განასხვავა. მონაცემები ძალიან მნიშვნელოვან სხვაობებს აჩვენებს. წარმართი ქალების 20% 12 წლის ან უფრო პატარა იყო როცა დაქორწინდა (4% სულ რაღაც 10 წლის იყო). საპირისპიროდ, ქრისტიანების მხოლოდ 7% იყო 13 წლამდე. წარმართი ქალების ნახევარი 15 წლამდე ქორწინდებოდა, ქრისტიანების 20%-თან შედარებით, ხოლო ქრისტიანი ქალების თითქმის ნახევარი (48%) 18 წლამდე ან უფროს ასაკამდე არ იყო დაქორწინებული.[35] მხოლოდ ეს მონაცემები საკითხს ვერ მოაგვარებს, ვიდრე შედეგები მხოლოდ რამდენიმე ათას ქალს მოიცავს. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი სრულ თანხვედრაში მოდიან „ლიტერატურულ“ მტკიცებულებასთან, აშკარაა, რომ რომაელი გოგონები გაცილებით პატარები ქორწინდებოდნენ, ვიდრე ქრისტიანები.

   უნდა აღინიშნოს, რომ ქორწინებები ბავშვი პატარძლების მონაწილეობით არ იყო ფიქტიური ქორწინებები. ისინი, ჩვეულებისამებრ, ადრევე სრულდებოდა, მაშინაც კი, როცა გოგონას პუბერტაციისთვის არ ჰქონდა მიღწეული. არსებობს ცნობები ისეთი პატარა ასაკის ცოლების დეფლორირებაზე, როგორიცაა 7 წელი![36] ამგვარმა პრაქტიკამ პლუტარქე აიძულა დაეგმო რომაული ქორწინების ჩვეულება, როგორც სასტიკი რამ: „გოგონების სიძულვილი და შიში ბუნების საწინააღმდეგოდაა მიმართული“.[37] ძალიან ცოტა ქრისტიანი გოგონა თუ გამხდარა მსგავსი ბედის თანაზიარი. უმრავლესობა ქორწინდებოდა მაშინ, როცა ფიზიკურად და ემოციურად მოწიფულები იყვნენ. იცოდნენ თუ ვისზე ქორწინდებოდნენ და საკმაოდ უსაფრთხო ქორწინებითაც სარგებლობდნენ.

 

განქორწინება

   ქრისტიანული პოზიცია განქორწინებაზე თავად იესოს მიერ განისაზღვრა: „რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიძვისა და სხუაი შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს“ (მათ 19:9). ეს იყო რადიკალური დაპირისპირება წარსულის წეს-ჩვეულებებთან. საქორწინო ხელშეკრულებების კვლევა ანტიკურ ბაბილონთან გვაბრუნებს, სადაც ისინი ყოველთვის შეიცავდნენ განქორწინების პუნქტებს. ისინი განსაზღვრავდნენ გადასახადებსა და ქონების გაყოფას, ხოლო განქორწინების მიზეზი სხვა არაფერი იყო, თუ არა ქმრის ახირება.[38] იუდაური კანონი დაზუსტებით ამბობს, რომ განქორწინებული ცოლი თავისუფალია და შეუძლია დაქორწინდეს ნებისმიერ იუდეველ კაცზე.[39] თუმცა ადრეული ეკლესია ურყევი იყო იესოს მიერ დადგენილი სტანდარტის ერთგულებაში. მალევე ეს იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ განქორწინების შემდეგ განმეორებითი ქორწინების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.[40] ამასთანავე, ადრეული ქრისტიანები სხვების მსგავსად აფასებდნენ ქალის უბიწოებას, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, უარყვეს ორმაგი სტანდარტი, რომელიც მამაკაცს სექსუალურ თავისუფლებას აძლევდა. როგორც ჰენრი ჩედვიკი განმარტავს, ქრისტიანებმა „ქმრის ავხორცობა, ცოლის ურწმუნოებასთან შედარებით, ნდობისა და ერთგულების არანაკლებ სერიოზულ დარღვევად მიიჩნიეს“.[41]

 

სექსუალობა


   განქორწინებისა და ორმაგი სტანდარტების უარყოფა ხშირ შემთხვევაში განიხილება, როგორც სექსუალობისადმი ქრისტიანული ზიზღისა და უქორწინებლობისადმი ძლიერი მიკერძოების თანმხლები. ხშირად ეს აიხსნება პავლეს მოწოდებით, რომ „უმჯობეს არს ქორწინებაი, ვიდრე განხურვებაი“ (1კორ 7:9), რომელიც აღიქმება როგორც სექსუალური მოთხოვნილებების დანანებით აღიარება. სინამდვილეში, პავლეც კი უჭერდა მხარს ქორწინებაში სექსუალურ ურთიერთობებს, როგორც ეს სავსებით ნათელია შემდეგი მუხლების მიხედვით: „ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი-ქმარსა. ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი. ნუ განეშორებით ურთიერთარს, გარნა თუ შეთქუმით რაიმე, ჟამ რაოდენმე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთარსვე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა“ (1კორ. 7:3-4).

   რეალურად, ღვთისმოშიშ ქრისტიან დაქორწინებულ წყვილებს შესაძლოა უფრო ხშირად ჰქონოდათ სექსი, ვიდრე საშუალო წარმართ წყვილს, რადგან პატარძლები უფრო მოწიფულები იყვნენ როდესაც ქორწინდებოდნენ, ხოლო ქმრები ნაკლებად ურთიერთობდნენ სხვა ქალებთან.

 

                                  სქესობრივი თანაფარდობა და ნაყოფიერება


   ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, რომაელი მამაკაცები ასე ხშირად ქორწინდებოდნენ ახალგზარდა გოგონებზე, იყო მათი საზრუნავი, დარწმუნებულიყვნენ, რომ ქალწულს ირთავდნენ ცოლად. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი მიზეზი ქალების ნაკლებობა იყო.[42] არ შეიძლება საზოგადოება მუდმივად გასცემდეს განკარგულებას ახალშობილი გოგონების მნიშვნელოვან რაოდენობასთან დაკავშირებით და ეს ძალიან არაპროპორციული სქესობრივი თანაფარდობით არ დასრულდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ანტიკურ საზოგადოებაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შობადობასთან იყო დაკავშირებული. ამრიგად, მეორე საუკუნის ისტორიკოსმა დონ კასიუსმა რომაელი ქალების ნაკლებობას გაუსვა ხაზი. ჯილიან კლარკი თავის შესანიშნავ ესეში აღნიშნავს, რომ რომაელებში უქორწინებელი ქალი იმდენად იშვიათი იყო, რომ „უბრალოდ ვერაფერს ვგებულობთ შინაბერების შესახებ... სიტყვაც კი არ არის ნახსენები მათზე“.[43] ქალთა მკვეთრი დეფიციტის კიდევ ერთი მტკიცებულებაა ის, რომ მათთვის  ჩვეულებრივი იყო კვლავ დაქორწინებულიყვნენ, არამხოლოდ ქმრის გარდაცვალების შემდეგ, არამედ მაშინაც, როცა მათ ქმარი გაეყრებოდა. სახელმწიფო პოლიტიკა 50 წლამდე ქალებს სჯიდა რომლებიც ხელახლა არ გათხოვდებოდნენ. ამრიგად „მეორე და მესამე ქორწინება გავრცელებული იყო“[44], მით უმეტეს, რომ ქალების უმრავლესობა გაცილებით უფროს მამაკაცზე ქორწინდებოდა. ციცერონის ქალიშვილი, ტულა, „გამონაკლისი არ ყოფილა... 16 წლის ასაკში დაქორწინდა... 22 წლის დაქვრივდა, 23 წლის ისევ იქორწინა... 28-ის განქორწინდა... 29-ის ისევ გათხოვდა, განქორწინდა 33 წლის და მშობიარობიდან მალევე გარდაიცვალა 34 წლის ასაკში“.[45] საუბარია კიდევ ერთ ქალზე, რომელმაც 5 წელიწადში 8-ჯერ იქორწინა. [46] როგორც ჩანს, ყოველთვის საგრძნობი იყო დასაქორწინებელი მამაკაცების სიჭარბე.

   მიახლოებითი გამოანგარიშებით რომში ყოველ 100 ქალზე 131 კაცი მოდიოდა, ხოლო დანარჩენ იტალიაში, მცირე აზიასა და ჩრდ. აფრიკაში მამაკაცების რაოდენობა 140-ს აღწევდა ყოველ 100 ქალზე. [47] ამის საპირისპიროდ, მზარდ ქრისტიანულ თემებს თავიანთი სქესობრივი თანაფარდობა ახალშობილი გოგონების მოკვლით არ შეურყვნიათ. შედეგად, ქრისტიანობაზე მოქცევის გენდერული სხვაობის საფუძველზე ისინი ქალების სიჭარბით სარგებლობდნენ კაცებთან მიმართებაში.

   ეს წარმართებსა და ქრისტიანებს შორის მნიშვნელოვან სხვაობას წარმოშობდა  ზოგად ნაყოფიერებაში, თუნდაც საშუალო ქალს ყოველი ჯგუფიდან იგივე რაოდენობის შვილები ჰყოლოდა. თუკი ქალები რომის წარმართი მოსახლეობის 43%-ს შეადგენდნენ (100 ქალზე 131 მამაკაცი) და თუ თითოეულმა 4 შვილი გააჩინა, 100 წარმართ ქალზე იქნებოდა 172 ახალშობილი (ახალშობილთა სიკვილიანობა არ არის გათვალისწინებული). მაგრამ, თუ ქალები ქრისტიანული მოსახლეობის ვთქვათ 55%-ს შეადგენდნენ (რომელიც შეიძლება დაბალი მაჩვენებელი იყოს), 100 ქრისტიანზე იქნებოდა 220 ახალშობილი, 48 ახალშობილით მეტი ვიდრე წარმართების შემთხვევაში. ამგვარი განსხვავებები გამოიწვევდა ქრიტიანი მოსახლეობის ყოველწლიურ ზრდას, თუნდაც სხვა ყველაფერი თანაბარი ყოფილიყო.

   მაგრამ არსებობს დამაჯერებელი მიზეზები, რათა მივიღოთ ანტიკური პერიოდის ისტორიკოსების, ფილოსოფოსების, სენატორებისა და იმპერატორების მოწმობა, რომ სხვა არაფერი ყოფილა თანაბარი. წარმართი ქალების საშუალო ნაყოფიერება იმდენად დაბალი იყო, რომ შედეგად მოსახლეობის კლება წარმოშვა, რის გამოც საჭირო გახდა „ბარბაროსების“ როგორც ხიზნების მიღება იმპერიის დაუსახლებელ ნაკვეთებზე, განსაკუთრებით ჯარის შევსების მიზნით.[48] რომში დაბალი ნაყოფიერების უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ კაცები ოჯახის ტვირთს გაურბოდნენ და ამის შესაბამისად იქცეოდნენ: მეძავებთან სექსით თავიდან იცილებდნენ განაყოფიერებას,[49] ან ცოლებთან ქონდათ ანალური სქესობრივი აქტი.[50] ბევრი მათგანის ცოლი სხვადასხვა კონტრაცეპტიულ საშუალებებს იყენებდა, რომლებიც გაცილებით ეფექტურები აღმოჩდნენ, ვიდრე აქამდე წარმოედგინათ.[51] მათი მეშვეობით მრავალი ბავში მოიშორეს. [52]

   წარმართი ქმრები ასევე ხშირად აიძულებდნენ ცოლებს აბორტის გაკეთებას, რაც ასევე ზრდიდა ქალის სიკვდილიანობას და ხშირად იწვევდა შემდგომ უნაყოფობას.[53] მოდით განვიხილოთ, თუ რა ინსტრუქციები მისცა პირველი საუკუნის რომაელმა მეცნიერ-ენციკლოპედისტმა ავლუს კორნელიუს ცელსუსმა ქირურგებს. მას შემდეგ, რაც ქირურგებს აფრთხილებს, რომ აბორტი „განსაკუთრებულ სიფრთხილესა და სისუფთავეს მოითხოვს და რომ ასევე შეიცავს დიდ რისკს“, მათ ურჩევს ჯერ ნაყოფი მოკლან გრძელი სამედიცინო ნემსით ან წვეტით და შემდეგ „გაპოხილი ხელით“ ფრთხილად დაატანონ ძალა საშვილოსნოს (მხედველობაში იქონიეთ, რომ ანესთეზია არ არსებობდა). თუ ნაყოფი თავით საშვილოსნოსკენაა (Cephalic გ.პ), მაშინ ქირურგმა უნდა შეიყვანოს გლუვი კაუჭი და მოათავსოს „თვალში, ყურში ან პირში, ზოგჯერ შუბლზეც კი. შემდეგ კაუჭს გამოქაჩავს და ნაყოფს გამოიყვანს“. ხოლო თუ ნაყოფი ჯვარედინად ან ზურგშექცევით იყო მოთავსებული, მაშინ ცელსუსის რჩევა იყო, ბასრი დანით მუცელშვე გაეჭრათ ნაყოფი, რათა შესალებელი ყოფილიყო მისი ნაწილებად ამოყვანა. ამის შემდეგ  იგი განკარგულებას აძლევს ქირურგებს, რომ ქალის ბარძაყები შეკრან და საშვილოსნოს არეალი „გაქონილი მატყლით დაფარონ, რომელიც ძმარსა და ვარდის ზეთშია ამოვლებული“. [54]

   იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო რეკომენდირებული მეთოდი, რომელიც საპნის გამოგონებამდე გამოიყენებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ინფექციების ეფექტურ მკურნალობაზე, გასაკვირი არაა, რომ აბორტმა მრავალი ქალი შეიწირა, მრავალიც უნაყოფოდ დატოვა. მაშინ რატომ აკეთებდნენ ამას? ალბათ იმიტომ, რომ ჩვეულებრივ, ეს იყო კაცი და არა ორსული ქალი, ვინც აბორტის გადაწყვეტილებას იღებდა. გაოცებას არ იწვევს ის ფაქტი, რომ კულტურა, რომელიც ქმრებს ბავშვების მოშორების უფლებას აძლევდა, ასევე აძლევდა უფლებას მოეთხოვათ აბორტი. რომაული სამართალი ქმრებს ურჩევდა, არ მოეთხოვათ ცოლებისთვის აბორტის გაკეთება განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, თუმცა სასჯელი არ იყო გათვალისწინებული. მეტიც, კლასიკური ფილოსოფია სრულად ემხრობოდა აბროტს. პლატონმა თავის სახელმწიფოში [55] აბორტი სავალდებულო გახადა ყველა იმ ქალისათვის, რომლებიც 40 წლის შემდეგ დაორსულდნენ (მოსახლეობის ზრდის შეზღუდვის მიზნით). ამას არისტოტელეც ეთანხმება პოლიტიკაში: „ბავშვების სიმრავლის გამო კანონი კრძალავს ბავშვთა ზედმეტ დაბადებას, რადგან მათი რაოდენობა განსაზღვრულია და როდესაც ვინმეს ჩაესახება ბავშვი ამ რაოდენობაზე მეტი, მაშინ, სანამ ჩანასახს გაუჩნდებოდეს სიცოცხლისა და შეგრძნების უნარი, საჭიროა მისი მოსპობა“.[56]

   ამის საწინააღმდეგოდ, ადრეულმა ეკლესიამ თავისი იუდაური წარმომავლობის შესაბამისად, დაგმო აბორტი. დიდაქეს მეორე თავი (ადრექრისტიანული ტექსტი, რომელიც, სავარაუდოდ, პირველ საუკუნეში დაიწერა) ამბობს: „ნუ მოკლავთ ბავშვებს აბორტით და ნურც დაბადებისას“.

    პლატონიცა და არისტოტელეც თავიანთ პოზიციებს ჭარბ პოპულაციას უკავშირებდნენ, თუმცა ადრეული ქრისტიანობის დროს რომის იმპერიაში ეს პრობლემა არ იდგა. მოსახლეობის კლებით რომს დიდი საფრთხე ემუქრებოდა და შესაბამისად, მათი მთავარი საზრუნავი ნაყოფიერების მომატება იყო. ძვ.წ. 59 წელს იულიუს კეისარმა მიიღო კანონი, რომელიც სამი ან მეტი შვილის მამას მიწებს აძლევდა ( თავად იულიუსს მხოლოდ ერთი კანონიერი შვილი ყავდა, უკანონო კი მრავალი, მათ შორის ერთი კლეოპატრასთან). ციცერონი უქორწინებლობის კანონით აკრძალვას გეგმავდა, თუმცა სენატმა არ დაუჭირა მხარი. ახ.წ. 9 წელს ავგუსტუსმა მიიღო კანონი, რომელიც პოლიტიკურ უპირატესობებს აძლევდა სამი ან მეტი შვილის მამებს. ასევე, კანონი ითვალისწინებდა პოლიტიკურ და ფინანსურ სანქციებს უშვილო წყვილებზე, 20 წლის ზემოთ გაუთხოვარ ქალებზე და 25 წლის ზემოტ დაუქორწინებელ კაცებზე. შემდგომი იმპერატორების უმრავლესობამ იგივე პოლიტიკა გაატარა, ხოლო ტრაიანემ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი სუბსიდირებაც კი უზრუნველყო. [57] თუმცა არაფერმა იმუშავა. ქრისტიანული ეპოქის დასაწყისისთვის ბერძნულ-რომაული ნაყოფიერება ჩანაცვლების ნიშნულამდე დაეცა.[58] შედეგად, მესამე საუკუნიდან, დასავლეთში რომაული ქალაქებისა და მათი მოსახლეობის კლებადობის მყარი მტკიცებულება არსებობოს.[59]

   ცოტა ხნის წინათ, ბრიუს ფრაიერმა ეჭვის ქვეშ დააყენა მტკიცებულება, რომ რომში დაბალი ნაყოფიერება იყო. მისი მტკიცებით „მოსახლეობას“ არ შეუზღუდავს თავისი ნაყოფიერება ვიდრე თანამედროვე პერიოდამდე. [60] ეს ეწინააღმდეგება მნიშვნელოვან ანთროპოლოგიურ მტკიცებულებას. მის მიხედვით უარყოფილია არგუმენტი, რომლის თანახმადაც, იქიდან გამომდინარე, რომ რომაელები ნაყოფიერების მომატებისთვის ზრუნავდნენ, ე.წ. „სამუშაო ძალის“ არსებობაც პირდაპირ იყო დაკავშირებული ამ საზრუნავთან.

ალბათ, გაცილებით საყურადღებოა ის თუ რატომაა საჭირო ისეთი ძლიერი დემოგრაფიული მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ქოულ-თრასელისა (Coul-Trussell) და გომპერცის (Gompertz) მოდელები. ფრაიერმა ეს დახვეწილი ტექნიკა 172 წლის მონაცემების დასამუშავებლად გამოიყენა, რომელი მონაცემებიც, „პირველი სამი საუკუნის მანძილზე, ეგვიპტის განაპირას მცხოვრები მოსახლეობის შესახებ“ გვაწვდიან ინფორმაციას. მან აღმოაჩინა, რომ მათი ნაყოფიერება მაღალი იყო და შემდეგ ეს აღმოჩენა თავდაჯერებულად განავრცო „რომაულ სამყაროზეც“.

   თუნდაც ეს ასე ყოფილიყო, თუნდაც რომაელ ქალებს ბევრი შვილი ჰყოლოდათ, ფაქტი, რომ იმპერიაში ქალების ასეთი ნაკლებობა იყო, მოსახლეობის აშკარა კლებისათვის საკმარისი გახლდათ. და ამ ფაქტმა ნამდვილად მისცა ქრისტიანებს მნიშვნელოვანი უპირატესობა, არა მხოლოდ ნაყოფიერებაში, არამედ ქორწინების გზით კონვერტაციების მყარი მაჩვენებლების გამომუშავებაში.

 

 

მეორეხარისხოვანი კონვერტაციები

   როგორც მეოთხე თავში დადგინდა, კონვერტაცია სოციალური კომუნიკაციებით ხდება. ადამიანების უმრავლესობა ახალ რელიგიაზე გადადის მაშინ, როცა თავიანთმა მეგობრებმა და ნათესავებმა უკვე გააკეთეს იგივე - ანუ როცა რელიგიურ ჯგუფებთან მათი სოციალური კავშირები გადაწონის გარეშე პირებთან სოციალურ კავშირებს. ერთი ასეთი სოციალური კავშირი, რა თქმა უნდა, არის ქორწინება. ზოგი ადამიანი მეუღლეების მაგალითზე ექცეოდა ან მათზე ქორწინდებოდა, ვინც უკვე ეკუთვნოდა რელიგიურ ჯგუფს. ამასთანავე, საქორწინო კავშირის განსაკუთრებულმა სიახლოვემ განსხვავება გამოიწვია პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან კონვერტაციებში. ისინი ვინც პირველხარისხოვან კონვერტაციებში ხვდებოდნენ, შედარებით აქტიურ როლს ასრულებდნენ თავიანთი რელიგიური იდენტობის ცვლილებაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება მოახდინა იმ ადამიანების სიყვარულმა, რომლებიც უკვე განეკუთვნებოდნენ რელიგიურ ჯგუფს, საბოლოოდ მათი არჩევანი შედარებით თავისუფალი იყო. მეორეხარისხოვანი კონვერტაციები დიდ ზეწოლაზე დამორჩილებასა და საკმაო ძალდატანებას მოიცავდა მოქცევისთვის, ასე რომ, არჩევანი არც თუ ისე თავისუფლად კეთდებოდა მოცემულ შემთხვევაში. მეორეხარისხოვანი კონვერტაციები საკმაოდ გავრცელებულია დღევანდელ ლათინურ ამერიკაში: ცოლები უერთდებიან ორმოცდაათიანელთა პროტესტანტულ საკრებულოს და საბოლოოდ, დიდი ძალისხმევის შედეგად, ბევრი მათგანი ქმრების გაწევრიანებასაც ახერხებს. ეს მამაკაცები მეორეხარისხოვანი ახალმოქცეულები არიან. მას შემდეგ, რაც ისინი ორმოცდაათიანელთა ეკლესიის აქტიური წევრები გახდებიან, ბევრი მათგანი ახალი რწმენის ერთგული წევრი იქნება. მაგრამ ფაქტია, რომ მათი ცოლები რომ არა, ისინი არასოდეს შეუერთდებოდნენ საკრებულოს.[61]

   ქმრების მეორეხარისხოვანი კონვერტაცია ჩვეულებრივი რამ იყო ადრეულ ქრისტიანობაში. ამის მთავარი მიზეზი შერეული ქორწინებებების გავრცელება იყო, რაც განპირობებული გახლდათ ქრისტიანი ქალების ჭარბი რაოდენობის გამო, ხოლო ეს ყოველივე კი იმ სამყაროში ხდებოდა, რომელიც წარმართი პატარძლების ნაკლებობას განიცდიდა. ბევრი ქრისტიანი გოგონა წარმართ კაცებზე უნდა გათხოვილიყო ან დარჩენილიყო მარტოხელა, ხოლო მრავალ წარმართ კაცს არჩევანი უნდა გაეკეთებინა ქრისტიან პატარძალსა და უქორწინებლობას შორის.

   პეტრე და პავლე მოციქულები შერეული ქორწინების თანახმა იყვნენ. პეტრე ურჩევს ქალებს, რომლებსაც ურწმუნო ქმრები ყავთ: „ეგრეთვე ცოლნი დაემორჩილენით თვისთა ქმართამ რაითა დაღათუ ვინმე ურჩ არიან სიტყვისა მის, დედათა სლვისა მისგან თვინიერად სიტყვისა შეიძინნენ, ხედვიდენ რაი იგინი შიშით წმიდასა მას სლვასა თქუენსა“ (1პეტრ. 3;1-2). პავლე ამას შემდეგნაირად ამბობს: „და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოი და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაი მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას. რამეთუ განწმინდების ქმარი იგი ურწმუნოი ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოი ქმარისა მისგან მორწმუნისა. უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არა-წმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან“ (1კორ. 7:13-14). იმისდა მიუხედავად, რომ პავლე ქრისტიან ქმრებსაც მიმართავს და ცოლებსაც, როგორც ჰარნაკმა გადმოსცა, შემთხვევები, „რომლებშიც ქმრები იყვნენ ქრისტიანები, ხოლო ცოლები წარმართები...იშვიათი უნდა ყოფილიყო“.[62] მართალია ორივე პასაჟი უშვებს, რომ ქორწინება მეუღლის კონვერტაციამდე შედგა, მაგრამ არსებობს იმის უამრავი მტკიცებულება, რომ „ქრისტიანებსა და წარმართებს შორის ქორწინება ხშირი იყო... თავდაპირველად ეკლესიას უარი არ უთქვამს ამ პრაქტიკაზე, რომელსაც თავისი უპირატესობა ჰქონდა: მას შესაძლოა სხვები სამწყსომდე მოეყვანა“.[63]

   რეალურად, მეუღლეც რომ არ მოქცეულიყო, არსებობდნენ შვილები! ისეთი კაცებიც კი, რომლებიც მტკიცედ დარჩნენ წარმართობაზე, როგორც ჩანს, ეთანხმებოდნენ ბავშვების რწმენაში აღზრდას. მეექვსე თავში ნახნესები ახალმოქცეული არისტოკრატის, პომპონია გრეციას შემთხვევა ძალზე ყურადსაღებია. არ არის ცნობილი თუ მისი ქმარი პლავციუსი (რომელიც რომაელ გუბერნატორად მსახურობდა ბრიტანეთში) ქრისტიანი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ საგულდაგულოდ იცავდა გრეციას ჭორებისაგან. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მისი შვილები ქრისტიანებად გაიზარდნენ. მარტა სორდის თანახმად: „მეორე საუკუნეში მისი ოჯახის წევრები (დაკრძალულები არიან წმ. კალისტოსის კატაკომბაში) მოქმედი ქრისტიანები იყვნენ“.[64]

   თუკი ეკლესია შერეული ქორწინების წინააღმდეგი იქნებოდა, ეს გამოიწვევდა ქალთა განდგომას, რომლებიც მზად იყვნენ უარი ეთქვათ თავიანთ რელიგიაზე, რათა დაქორწინებულიყვნენ, რაც ასევე წარმოშობდა გაუთხოვარი და უშვილო ქალების დიდ რაოდენობას, რომლებიც ეკლესიის ზრდას ვერაფრით შეუწყობდნენ ხელს. ყველა, ვინც ამ საკითხით იყო დაკავებული, დარწმუნებული იყო, რომ მეორეხარისხოვანი კონვერტაცია ქრისტიანობაზე იქნებოდა და არა წარმართობაზე. ჩანს, ეს რწმენა გამართლდა ქრისტიანული სიმტკიცის მრავალი მაგალითით, თუნდაც მოწამეობრივი სიკვდილის სახითაც. ეს, ასევე, შერეული ქორწინების შედეგების თანამედროვე მტკიცებულებასაც შეესაბამება, როდესაც მეუღლე მძლავრი რელიგიური ჯგუფის წევრია. მაგალითისთვის, იეჰოვას ქალი მოწმეები ხშირად ქორწინდებიან თავიანთი რელიგიის მიღმა, მაგრამ ეს იშვიათად იწვევს მათ განდგომას, არამედ შედეგად მოაქვს მეუღლის კონვერტაცია.[65] ვინაიდან შეერთებულ შტატებში საკმაოდ ბევრი შერეული რელიგიური ქორწინება ხდება, ენდრიუ გრილი გვთავაზობს პრინციპს, რომლის მიხედვითაც, შერეული ქორწინების შემთვევაში, ყველაზე ხშირად, ნაკლებად რელიგიური ადამიანი გახდება მეორეხარისხოვანი ახალმოქცეული შედარებით უფრო მორწმუნე ადამიანის სარწმუნოების მიღებით.[66] იგივე პრინციპი კიდევ უფრო სრულად ვრცელდება შვილების რელიგიურ აღზრდაზე_ისინი გაიზრდებიან უფრო რელიგიური მშობლის რწმენაში.

   უკიდურესად რთული გამოთვლები იქნებოდა საჭირო, რათა ქრისტიანობის აღზევება წარმოგვედგინა მარტოოდენ უმაღლესი ნაყოფიერების საფუძველზე, მაგრამ მსგავსი პროგნოზის შედეგი საკმაოდ ნათელია: საბოლოოდ, ყველაფერი უცვლელი დარჩებოდა, მაგრამ ქრისტიანობა აუცილებლად გახდებოდა უმრავლესობის სარწმუნოება.

 

                                                                        დასკვნა


   ქრისტიანობის აღმასვლა ქალებზე იყო დამოკიდებული. იმის საპასუხოდ, რომ ქალებს განსაკუთრებით იზიდავდა რწმენა, ადრეულმა ეკლესიამ გაცილებით მეტი ახალმოქცეული ქალი მიიზიდა, ვიდრე კაცები და ეს იმ სამყაროში, სადაც ქალების ნაკლებობა იყო. ქალების სიუხვემ ეკლესიას საუცხოო უპირატესობა მოუტანა, რადგან ამან შედეგი იქონია არათანაზომიერ ქრისტიანულ ნაყოფიერებასა და მეორეხარისხოვანი კონვერტაციების მრავლისმეტყველ რაოდენობაზე.

 

 

წყარო: The Triumph of Christianity, Rodney Stark, Pub. HarperOne, Australia, 2011, გვ. 118-136.

თარგმნა გურამ პაპავამ

 



[1] Harnack 1905, 220.

[2] Frend 1984, 99.

[3] Chadwick 1967, 56

[4] Harnack 1905, 227.

[5] Salzman 2002.

[6] . Stark 2004.

[7] Liu, forthcoming; Miller 2000; Miller and Stark 2002; Roth and Kroll 2007; Stark 2002; 2004; Sullins 2006.

[8] Lefkowitz and Fant 2005; Osiek and MacDonald 2006; Pomeroy 1975; Shelton 1988

[9] ΠΕΡΙ ΤΩΝ ΕΝ ΜΕΡΕΙ ΔΙΑΤΑΓΜΑΤΩΝ, 3; 169-170 (გ.პ)

[10] Frend 1984, 67

[11] Bell 1973, 72.

[12] Witherington 1990, 5.

[13] Witherington 1990, 7.

[14] Brooten 1982; Kraemer 1992.

[15] Frend 1984, 67.

[16] Heine 1988; ფემინნისტური ანალიზი წარმართებისგან განსხვავებით ქრისტიანებში გაცილებით დიდი სქესობრივი თანასწორობის შესახებ იხილეთ McNamara 1976.

[17] Shaw 1996, 107; ასევე Shaw 1991.

[18] Shaw 1996, 110

[19]

*ბიბლეისტიკა პავლეს ეპისტოლეებს ორ ნაწილად ყოფს. დევტეროპავლიებად (Δευτεροπαύλειες ან Μετα-παύλειες) მიიჩნევა ეპისტოლეები რომლებიც უშვალოდ პავლეს ხელით არ დაწერილა, არამედ სხვის მიერაა შედგენილი. ესენია : 2თეს.; ეფეს; კოლ; ებრ; 1ტიმ; 2ტიმ; ტიტ;. ბოლო სამ ეპისტოლეს სამოძღვრო ეპისტოლეებს (Ποιμαντικές επιστολές) უწოდებენ (გ.პ.).

[20] Scroggs 1972; 1974.

[21] Iannaccone 1982.

[22] The Letters of the Younger Pliny 10.96.

[23]Gryson 1976, 134.  

[24]  Ferguson 1990.

[25]  Brown 1988, 144–45.

[26]  Meeks 1983, 71.

[27]

[28]

[29]

[30]

[31]

[32] პირველი აპოლოგია

[33] Hopkins 1965, 314.

[34] რომის ისტორია

[35] Hopkins 1965.

[36] Clark 1981, 200.

[37] Hopkins 1965, 314.

[38] Geller 1994, 83.

[39] Geller 1994, 83.

[40] ეს ხშირად ხდებოდა ქორწინების ბათილად ცნობით, ამიტომ განქორწინების საჭიროება არ იყო.

[41] Chadwick 1967, 59.

[42] Brunt 1971, 137–38; ასევეHarris 1982.

[43] Clark 1981, 195.

[44] Balsdon 1963, 173.

[45] Clark 1981, 195.

[46]  Balsdon 1963, 173.

[47] Russell 1958.

[48] Brunt 1971; Boak 1955.

[49] Pomeroy 1975.

[50] Sandison 1967, 744.

[51] Riddle 1994.

[52] Harris 1994.

[53] Gorman 1982; Riddle 1994

[54] Aulas Cornelius Celsus, De medicina 7.29.

[55]  პლატონი, სახელმწიფო 5.9.

[56] არისტოტელე, პოლიტიკა 7.14.10.

[57] Rawson 1986.

[58] Boak 1955; Devine 1985; Parkin 1992.

[59] Collingwood and Myres 1937.

[60] Frier 1994

[61] Martin 1990.

[62] Harnack 1905, 234.

[63] Walsh 1986, 216.

[64] Sordi 1986, 27.

[65] Heaton 1990.

[66] Greeley 1970.