ლეონიდე ოქროპირიძე - სიტყვა წარმოთქმული პირველად ქართულად წირვის დროს სიონის ტაძარში მარტის 19-სა

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

ოო, რა ძნელი და აუტანელია, როდესაც მშობელი დედა და მისი მოსიყვარულე შვილები მოწყვეტილნი არიან მეორისაგან გაუკითხავ ძალმომრეობით! რაზომ საძნელო და სამძიმოა გათვალისწინება დედის გულში აგუზგუზებული ცეცხლისა და საკირესი, როდესაც იგი ხედავს, რომ შვილებიც ბევრი ჰყავს და დიდათაც უყვართ მათ თავიანთი მშობელი, მაგრამ გადამთიელთა უხეში ძალა სასტიკად უკრძალავს მათ თავიანთი მშობელი დედის სახელის ხსენებას. რა აუტანელი ტანჯვა და წამებაა მგრძნობიარე პირისათვის გათვალისწინება იმისი, რომ უგულო და პატიოსნება დაკარგული მოძალადენი დღე მუდამ, ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წამს და ყოველ შემთხვევაში იმას ჩასძახოდნენ, იმას აგონებდნენ, იმას უნერგავდნენ, იმას ასწავლიდნენ ქართველი ეკლესიის შვილებს, რომ მათ დაევიწყებინათ მშობელი დედის ენა, ხელი აეღოთ დედის ზნე-ჩვეულებებზე, შეეძულებინათ დედის სახე, გადასდგომოდნენ, სათაკილოთ და სასირცხოდ მიეჩნიათ მშობელი ეკლესიის ჯვარიც, ხატიც, სახარებაც და ღვაწლით შემოსილნი წმიდანებიც!

სისხლი გვიშრებოდა ყველას ძარღვებში, როდესაც ვხედავდით ფეხ-ქვეშ თელვას სათაყვანო დედის მანდილისას, ცეცხლად აღვენთებოდით, ჩვენი წმიდათა წმიდანის დამცირებას რომ შევყურებდით, მაგრამ თავ ზეით ძალა არ გვქონდა, სიმწარისაგან ერთს გავიბრძოლებდით და მერე ქედს ვიხრიდით ტლანქის ძალის წინ!...

გარნა ქვეყნიერობაზე არაფერი არა ყოფილა რა გაუთავებელ-დაუბოლოებელი. იმ ქვეყნიურმა ძლიერებამ, რომელსაც ხალხი ჰქვიან, ნაცარმტვრად აქცია რუსეთის სახელმწიფოში ძალმომრეობის დვრიტა, სხვათა ჩაგვრის ფესვი, სვეტ-ბურჯი მონობისა - მონარქიზმი, და საქართველოს ეკლესიის შვილებმაც თავისუფლად ამოვისუნთქეთ, ქართველებმაც, 12 მარტს, მცხეთაში, სარწმუნოებრივი მონობის ბორკილების ნამსხვრევები გავაყოლეთ მტკვრისა და არაგვის ზვირთებს ზღვის უფსკრულში სამუდამოდ ჩასამარხად, სწორეთ იმგვარათ, წარმართობის მიმდევარმა ჩვენმა წინაპრებმა რომ ამავე მდინარეებს გააყოლეს კერპთაყვანისმცემლობის ტალახი.

დღეს ჩვენი ეკლესია თავისუფალია. დღეიდან ქართველს აღარა გადაეღობება რა, რომ მშობლის ენაზე ილოცოს და ადიდოს ღმერთი. ქართველი ერის ნამუსი, ქართველი ერის სინიდისი აღარ შეიბოჭება აღარავითარის ხუნდებითა და ბორკილებითა.

თუ აქამდინ შინაურებშიაც და უცხოელებშიაც სარწმუნოებრივ გულციობაში თავს ვიმართლებდით იმით, რომ ძველი მთავრობა ეკლესიას ამსახურებდა არა სარწმუნოებრივ მიზნებს, დამხობილ მმართველობას ეკლესია დაესახა ფარულ პოლიციის მოვალეობათა განმახორციელებელ დაწესებულებად, ეკლესიის სახელით მოგვთხოვდნენ გადაგვარებაგადაშენებას, ახლა, როდესაც ყველა ამ უკუღმართობას ბოლო მოეღო, როდესაც ჩვენს სინიდისს შემბოჭველი ხუნდები ჩამოეხსნა, მშობელ ეკლესიას რომ კვლავინდებურად ისევ შორიდან უყუროთ, ამას იქით ჩვენი სალოცავები რომ წირვა-ლოცვის დროს წინანდებურად ისევ ცარიელები დარჩნენ, მქადაგებელ ქართველ მოძღვარს, რომ ყოველთვის საკმაო მსმენელები არ ეყოლოს, ამას არ შეგვინდობს მშობელი ეკლესია, ეს დაგვამცირებს, ღირსებას დაგვიკარგავს და პატივს აგვყრის ყველა მეზობლებისა, ნაცნობებისა, მოკეთეებისა და მტრების თვალში, დღეის ამას იქით ჩვენი ეკლესიები სწორედ ისე უნდა იყვნენ ხოლმე ავსილნი მორწმუნეთაგან, როგორც ამ წამს ავსილი და გაჭედილია ეს ჩვენი უძველესი სალოცავი. ჩვენში უნდა გაიღვიძოს ღვთის მმოსაობამ, მძლავრად უნდა იფეთქოს სარწმუნოებრივმა გრძნობამ. დღეს, რაკი ჩვენი ეკლესია საკუთარ თავს მიეყრდნო, ქალმა და კაცმა, მოხუცმა და ახალგაზრდამ, მდიდარმა და ღარიბმა უნდა უსათუოდ გულით შევიყვაროთ იგი, დავუახლოვდეთ მას, ყურმახვილად ვიყოთ მის მოძღვრებაზე და განვახორციელოთ ჩვენს მოქალაქობრივ ცხოვრებაში ურთიერთისადმი ქრისტეანული სიყვარული და სათნოება.

ეს დრო ჩვენი საჯარო გამოცდაა. დღეიდან რუსებიც, ბერძნებიც, სომხებიც ჩვენ დაგვიწყებენ ცქერას - ვნახოთ, როგორ გამოიყენებენ ქართველები ეკლესიის თავისუფლებასო, მართლა დაუბრუნდებიან ეკლესიას, მართლა გულით შეიყვარებენ და შეითვისებენ იგინი სახარების მოძღვრებას, გაფაქიზდებიან და აღმაღლდებიან ზნეობით, თუ მათი ცხოვრება ისევ ძველის გზით განაგრძობს დენას და ეკლესიის განთავისუფლება ოდნავადაც არ უცვლის ფერს ქართველთა სარწმუნოება-ზნეობრივ ფიზიონომიასო. ნურავის ნუ მივცემთ, ძვირფასნო მსმენელნო, იმისი თქმის საბუთს, რომ ჩვენ ვერ ვისარგებლეთ ეკლესიური თავისუფლებით...

მაგრამ არც მარტო წირვა-ლოცვაზე უკლებლივი სიარული კმარა. არა, დაკოდილი და დაჩაგრული გული ჩვენის ეკლესიისა გამთელდება და გაიხარებს იმ შემთხვევაში, თუ ყველანი ქართულის ენით ვისაუბრებთ, ქართულ ენას გავამეფებთ როგორც ოჯახში, ისე გარეთ, თუ მთელი ჩვენი ცხოვრება იქნება ქართულ ხასიათისა და იერისა, თუ შევითვისებთ სამშობლოს წარსულს, ვიცხოვრებთ სამშობლოს ბედნიერებისათვის, ქართულ მიწა-წყალის დაცვა-შენახვას აღვიარებთ ჩვენის მოქალაქობის უსაღმრთოეს ვალად. რატომ? იმიტომ, რომ დღეს განთავისუფლებული ეკლესია დაფუძნდა, აყვავდა და გაძლიერდა საქართველოს ტერიტორიაზე და მომავალშიაც აუცილებლად ამავე ტერიტორიაზე უნდა ებჯინოს, საქართველოს ნიადაგის სიღრმეში უნდა ედგას ფესვები, ამ ქვეყნის მზის სხივებით უნდა იცოცხლოს, უნდა ირწყოს ამავე ქვეყნის მდინარეებით და საქართველოს ჰაერით უნდა ისულდგმულოს მან.

როგორ მოხერხდება ყველა ეს, თუ ჩვენ, თავისუფალი ეკლესიის შვილები, მოქალაქობრივად ისევ მონებად დავრჩებით, თუ ისევ სხვის თვალებში შემაცქერალნი ვიქნებით, თუ თვითონ ჩვენ არ გავხდით ჩვენი ბედის გამჭედნი, თუ მთელი სამშობლო არ გავანთავისუფლეთ. თავისუფალი ეკლესია მონობაში მყოფი ერით, დამეთანხმეთ, არაბუნებრივი მოვლენაა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ეკლესია ვერასოდეს ვერ აყვავდება, ფრთებს ვერ გაშლის და ძირს ვერ მოიმაგრებს. თავისუფალი ეკლესია თავისუფალ ერშიო, - აი, რას გვიკარნახებს ეს ჩვენი დღევანდელი კრება, აი რას გადმოგვცემენ ეს მამა-პაპათაგან ნაანდერძევი ძველი ხატები.

ქართველო ერო, ჩემო სანატრელო სამწყსოვ! ყურად ვიღოთ განთავისუფლებული ეკლესიის დედობრივი ძახილი. ფიცი და აღთქმა დავდოთ ქალმა და კაცმა, რომ მსხვერპლად შევეწირებით საყვარელ სამშობლოს და სულ მოკლე დროის განმავლობაში თავისუფალ ეკლესიას გვერდში ამოვუყენებთ თავისუფალ საქართველოს.

იყავნ! იყავნ! 

ეპისკოპოსი ლეონიდე.

 

გაზეთი საქართველო, № N67, გვ. 1-2. 24.03.1917.