კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის მიმართვა, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-სადმი 

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, კონსტანტინეპოლის, ახალი რომის მთავარეპისკოპოსო და მსოფლიო პატრიარქო ბართლომე პირველო, ქრისტეს მიერ ჩვენო საყვარელო ძმაო, ქრისტე აღდგა!   დიდი სულიერი სიყვარულითა და სიხარულით მოგესალმებით თქვენ და თქვენს თანხმელებ პირებს საქართველოს ღვთივკურთხეულ მიწაზე: ,,კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.’’ ჩვენ მოგესალმებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის, სამღვდელოების, ბერმონაზონთა და მორწმუნე ერის სახელით. მართალია თქვენ ადრე უკვე რამდენჯერმე ბრძანდებოდით ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ვიზიტი განსაკუთრებულია და ისტორიული ორივე ეკლესიისათვის, რადგან ახლა თქვენ ეწვიეთ საქართველოს, როგორც უძველესი და უპირველესი ეკლესიის მამათმთავარი და მსოფლიო პატრიარქი, ღირსეული გამგრძელებელი იმ  ტრადიციებისა, რომელიც ახასიათებდა და ახასიათებს ეკუმენურ საპატრიარქოს. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ აქტიურ მოღვაწეობას, რასაც ეწევა მსოფლიო საპატრიარქო მართლმადიდებლობის გამტკიცებისათვის, თქვენი ეკლესიის ინიციატივით  მოწყობილ  ერთობლივ კრებებს, იმ საკითხებს, რომლებიც ირჩევა ამ კრებებზე, განსაკუთრებული მნიშვნეობა აქვს ჩვენი მომავლისათვის. მსოფლიო ღელავს, აქა თუ იქ წარმოიშობა ახალი კონფლიქტების კერები, დაძაბულია ურთიერთობა ერებსა და სახელმწფოებს შორის, ინგრევა ძველი რეჟიმები  იმპერიები და იქმნება ახალი ქვეყნები, ურთიერთობები და დამოკიდებულებები. ამ გარდატეხის პროცესს მეტად მტკივნეულად ხვდება კაცობრობა და ადამიანი, რადგან ხალხი არ არის მომზადებული ასეთი ცვლილებებისათვის, ამიტომაც წარმოიშვა მრავალი პრობლემა, როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, მაგრამ ყველაზე მეტად მსოფლიოს სულიერად უჭირს, ამიტომაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება მსოფლიო საპატრიარქოს და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას, რათა უჩვენოს ხალხს გზა ჭეშმარიტებისა. შეუძლებელია ჩვენ ყურადღება არ მივაქციოთ იმ ფაქტს, თუ რა ინტენსივობით ვრცელდება სხვადასხვა სექტები, როგორც აღმოსავლეთში ასევე დასავლეთში, მათ შორის საქართველოში. სექტებს აქვთ ძლიერი ცენტრები, საიდანაც ხდება მათი დაფინანსება და შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფა, ისინი იყენებენ ფულადი დაინტერესების და ჰუმანიტარული დახმარების გზებს, ხალხში თავისი იდეების გასავრცელებლად. აუცილებელია მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური მოქმედება, არსებული სიტუაციის რეალური აღქმა, პრობლემებისადმი ახლებური მიდგომა, ერთობლივი მოქმედების გეგმების შემუშავება, სასურველი იქნებოდა თქვენი ყოვლადუწმინდესობის მეთაურობით დაარსებულიყო სპეციალური სასწავლებელი საბერძნეთში, ან რომელიმე სახელმწიფოში, სადაც შეგროვდებოდა ინფორმაცია ყველა მართლმადიდებელი ეკლესიიდან და მომზადდებოდა შესაბამისი კადრები მქადაგებლებისა, ჩვენ ხშირად მისიონერულ მოღვაწეობას ძველი მეთოდებით ვუდგებით და ძირითადად ქადაგებებს ვატარებთ ჩვენს ტაძრებსა და მონასტრებში, დადგა დრო სასულიერო პირების მოციქულებრივი მოღვაწეობისა, ჩვენ კი არ უნდა დაველოდოთ ხალხს ტაძრებში, არამედ  უნდა მივიდეთ ხალხთან, შევიდეთ ოჯახებში,  სოფლებში, ქალაქებში, ალბათ უნდა შეიქმნას ახალი საზოგადოებები, ახალგაზრდული ჯგუფები. ჩვენთან ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ უკეთესი ეკონომიური პირობების შემთხვევაში მეტის გაკეთება არის შესაძლებელი.  სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მძიმე ფინანსური და ეკონომიური მდგომარეობისდა გამო, საქართველოს ეკლესია სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მორწმუნეს რელიგიური ლიდერატურით,  ყოვლადუცილობელია მოსახლეობის სულიერი აღზრდა, წიგნებით დახმარება. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მე უკვე მოგახსენეთ თქვენ, რომ ჩვენ ვფიქრობთ სპეციალური საეკლესიო ტიპოგრაფიის შექმნას საქართველოში და მეტად მადლობელი ვიქნებით თუ თქვენ დაგვეხმარებით ამ დიდებულ საქმეში. მიუხედავად ყველაფრისა წინსვლას სქართველოში იგრძნობა, ხალხი დაფიქრდა ცხოვრების მიზანზე, მარადულ ღირებულებებზე, ამიტომაცა არის, რომ მიუხედავად საყოველთაო გაჭირვებისა, ხალხი აშენებს ახალ ეკლესიებს, სოფლებს, რაიონებში აქტიურად მიიმდინარეობს ტაძრების სარესტავრაციო საქმიანობა. მიღებულია გადაწყვეტილება, მაცხოვრის შობიდან 2000 წლისთავის საზიემოდ აღნიშვნისათვის და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში, ცენტრალურ ქუჩაზე, ვაკეში, აშენდეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის ახალი დიდი საკათედრო ტაძარი, რომლის აგებაში მონაწილეობას მიიღებს სრულიად საქართველო, თანადგომას გვპირდება ჩვენი ხელისუფლება და ეს იქნება ერთერთი ძლიერი საშუალება, ჩვენი ქვეყნის ხალხის  მოქცევისა და გაერთანებისა...  ამ პროცესს რა თქმა უნდა თქვენი ჩამობრძანდება დიდად შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ ქრისტესმიერი სიყვარულით მოგესალმებით თქვენო ყოვლადუწმინდესობავ ამ წმინდა ისტორიულ სიონის ტაძარში, იმ ტაძარში, სადაც მრავალ ქართველ მეფეს მოუდრეკია ქედი და მუხლი და რომელშიც დაღვრილა მრავალი ცრემლი უფლის წინაშე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ორი უძველესი ერი და ორი ისტორიული ეკლესია, ღმერთმა მოგცეთ მრავალჟამიერი და ნაყოფიერი სიცოცხლე მთელი მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ. ნიშნად ჩვენი დიდი სიყვრულისა გადმოგცემთ წმინდა გიორგის ხატს, წმინდა გიორგი იყოს მფარველი თქვენი ყოვლადუწმინდეოსობისა, ჩვენი ერებისა და ეკლესიებისა.

 

ბედნიერია მსოფლიოს მართლმადიდებლობა, რომ სათავეში ჰყავს ასეთი დიდებული, დიდად სულიერი, დიდადგანათლებული პატრიარქი. მე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს ეს დიდი მოვლენა, ისტორიული მოვლენა, მსოფლიო პატრიარქის ჩამობრზანება საქართველოში, მე დარწმუნებული ვარ რომ მან ჩამოიტანა საქართველოში კურთხევა ღვთისა, სიხარული და სიყვარული.

 

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ინებოს კურთხევა და სიცოცხლე მისი ყოვლადუწმენდისობისა მსოფლიო პატრიარქი, ეკუმენური პატრიარქისა ბართლომე პირველისა. მე მინდა მოგახსენოთ რომ გუშინ ჩვენ გახლდით ქუთაისში, შესახვედრად გამოვიდა მთელი ქალაქი, ყვავილებით, სიხარულით და სიყვარულით და მე მივმართე მას ასეთი სიტყვებით, რომ თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, დღეს ქუთაისის ყვავილები, მთელი და ქუთაისელების გულები თქვენ გეკუთვნით მეთქი და დღეს მე შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად საქართველოს სიყვარული ეკუთვნის მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლო პატრიარქ ბართლომე პირველს. ბედნიერია მსოფლიოს მართლმადიდებლობა რომ სათავეში ჰყავს ასეთი დიდებული, დიდადსულიერი, დიდადგანათლებული პატრიარქი. მე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს ეს დიდი მოვლენა, ისტორიული მოვლენა, მსოფლიო პატრიარქის  ჩამობრძანება საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მან ჩამოიტანა საქართველოში კურთხევა ღვთისა, სიხარული და სიყვარული. ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! Χριστός Ανέστη!

 

08. 05. 1994/ თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი

Download
კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის მიმართვა,
Adobe Acrobat Document 191.2 KB