ფოტიოსის კრება    

  

 კრებას, რომელიც შედგა კონსტანტინოპოლში 879-880 წლებში, იმ დროს როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახლდათ უდიდესი წმიდა მამა ფოტიოსი, აქვს უდიდესი მნიშვნელობა და თავის თავში ყოველმხრივ განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ეს დიდი კრება შედგა ფრანკებისაგან ძველი რომის დაპყრობამდე, „filioque”- სარწმუნოების სიმბოლოში ოფიციალურად შეტანამდე და რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლის პატრიარქსა და რომის პაპს შორის კავშირის გაწყვეტამდე, რომელიც მოხდა 1009 წელს.

     სწორედ ამიტომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ დიდ  კრებას, რომელიც VIII მსოფლიო კრებადაც ითვლება. მისი მახასიათებლები უდიდეს ინტერესს იწვევენ, ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შეინიშნება.

 ამ საკითხის შესასწავლად თავდაპირველად გავეცანით ამ კრების საქმიანობას და ასევე მის შესახებ წარმოებულ  საღვთისმეტყველო სხვადასხვა კველევა-ძიებებს. 

 

  879-880 წლის კრების მოწვევის წინმსწრები მოვლენები

 წმიდა ფოტიოსი კონსტანტინოპოლის საყდარზე ავიდა 858 წელს. (მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, რაზეც თავად მოწმობს რომის პაპ ნიკოლოზ პირველისადმი მიწერილ წერილში), რამდენადაც მანამდე პატრიარქი იყო ეგნატე. ეგნატეს მომხრეებმა მიმართეს რომის პაპ ნიკოლოზ I-ს, რომ პატრიარქი ეგნატე უსამართლოდ გადააყენეს ტახტიდან, ხოლო ფოტიოსი არაკანონიკურად გააპატრიარქეს, მაგრამ ამ უკანასკნელს მხარს უჭერდა უბრალო ხალხი, ანუ მისი ხელდასხმა ხალხის დიდი მასის მოთხოვნილებამ  განაპირობა.

 პაპი ნიკოლოზ I ძალზედ თავმოყვარე იყო და თავის თავს მიიჩნევდა მსოფლიო ეკლესიის მმართველად, ეკლესიის შესახებ იგი საზრდოობდა და იზიარებდა ფრანკების  შეხედულებებს და რა თქმა უნდა კარლოს დიდის იდეებს. პაპმა ნიკოლოზ პირველმა ყველა ეს იდეა მოაქცია თავის წერილში, რომელიც გაუგზავნა წმ. ფოტიოსს და შეატყობინა, რომ იგი არ აღიარებდა მის პატრიარქად გამორჩევას. პაპი ნიკოლოზი კანონდარღვევით ჩაერია სხვა ეკლესიის, კერძოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიის იურისდიქციაში, რადგან ყოველი ავტოკეფალური ეკლესია ფლობს უფლებას, რომ თავად აირჩიოს ეკლესიის მეთაური. ასეთი სახით პაპმა ნიკოლოზმა ღიად განაცხადა თავისი პრიმატის შესახებ, რომელიც მთელ ეკლესიაში უნდა გავრცელებულიყო, რადგან მისი შეხედულებებით ჰქონდა კომპენტეცია, რომ ნებისმიერ ეკლესიაში, ეღიარებინა ან არ ეღიარებინა ამა თუ იმ პატრიარქის არჩევის კანონიკურობა.

861 წელს წმიდა ფოტიოსმა კრება მოიწვია კონსტანტინოპოლში, .. ორგზისი კრება და ამის შესახებ პაპსაც ამცნო, რომელსაც შესთავაზა, გამოეგზავნა მისი წარმომადგენნლები, რაც კიდევაც შესრულდა.

 ამ კრების განჩინების თანახმად წმ. ფოტიოსი გამოირჩიეს პატრიარქად, ხოლო ეგნატე გადააყენეს, რადგან ეს უკანასკნელი პატრიარქად გამორჩეულ იქნა იმპერატორის ჩარევის შედეგად, ანუ არაკანონიკურად. ოქმებს ხელი მოაწერა კრების ყველა წარმომადგენელმა, მათ შორის რომის პაპის ლეგატებმაც.

 პაპი ნიკოლოზ I ძალზედ განარისხა ამ განჩინებამ და 863 წელს რომში მოიწვია კრება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ იტალიის ეპისკოპოსები. ამ კრებამ განკვეთა ფოტიოსი და ასევე მის მიერ ხელდასხმული ეპისკოპოსებიც, ამავდროულად კონსტანტინოპოლის კანონიერ პატრიარქად გამოაცხადა ეგნატე. ამით პაპი სხვა ეკლესიების შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას მიაკუთვნებდა საკუთარ თავს.

 ამავე დროს, პაპმა ნიკოლოზმა მისიონერთა ხარისხში ბულგარეთში გააგზავნა ფრანკები, რომლებმაც თავის მხრივ გამოყარეს ბულგარეთიდან ფოტიოსის მიერ გაგზავნილი მისიონერები. IV მსოფლიო კრების, 28 კანონის თანახმად, კონსტანტინოპოლის ეკლესია გახლდათ ამ მიწების სრულუფლებიანი მფლობელი. ფრანკმა მისიონერებმა დაარღვიეს საეკლესიო წესი, რადგან მიითვისეს ბულგარელი ქრისტიანები, რომლებიც კონსტანტინოპოლს ეკუთვნოდნენ და თავს მოახვიეს თავისი წესები ხოლო ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ მათ ბულგარეთის ეკლესიის ღვთისმსახურებაში შეიტანეს ერეტიკული ელემენტი, „filioque”- სახით, რომელიც დამტკიცებული იყო 794 წლის ფრანკფურტის კრებაზე.

 საუბარი მიმდინარეობს სხვა ეკლესიის იურისდიქციაში აშაკარა ჩარევაზეIV მსოფლიო კრების 28 კანონის ფეხქვეშ გათელვაზე და „filioque”- ერესის გავრცელებაზე, რომელიც გულისხმობს სულიწმიდის მამისა და ძისაგან გამომავლობის შესახებ სწავლებას.

 პატრიარქმა ფოტიოსმა ამ საკითხების შესახებ შეატყობინა ყველა ეკლესიას და 867 წელს კონსტანტინოპოლში მოიწვია კრება. ამ კრების სხდომები და საქმიანობა იმპერატორისა და უამრავი ეპისკოპოსების თანდასწრებით მიმდინარეობდა და ერთის მხრივ კრებამ დაგმო პაპ ნიკოლოზ პირველის არაკანონიკური ჩარევა ბულგარეთის ეკლესიაში და მეორეს მხრივ ასევე „filioque”- ერესი.

 თუმცა, ამავე წელს გარდაიცვალა ნიკოლოზ I, რომელმაც ვერც კი შეიტყო კონსტანტინოპოლში შემდგარი კრების განჩინება, მისი განკვეთის შესახებ. პაპის მემკვიდრე ადრიანემ მომდევნო წელს, (868 წ.) კრება მოიწვია რომში, სადაც მონაწილეობდნენ მხოლოდ დასავლელი ეპისკოპოსები. ამ კრებამ ანათემას გადასცა ფოტიოსი და იქვე გაანადგურეს 867 წელს შემდგარი კრების განჩინებანი.

 ამ დროს რომის იმპერიაში რამდენიმე გადანაცვლება მოხდა, რამდენადაც საიმპერატორო საყდარზე ავიდა ბასილი I, რომელმაც საპატრიარქო ტახტიდან ჩამოაგდო ფოტიოსი და კვლავ ეგნატე გახდა პატრიარქი. ამ ცვლილების განსამტკიცებლად, ბასილი პირველმა კავშირი დაამყარა რომის პაპთან, რაც თავის თავში გულისხმობდა კრების მოწვევას კონსტანტინოპოლში, რათა საეკლესიო ცვლილებები მოსაწონი ყოფილიყო. მართლაც, 869-870 წლებში კონსტანტინოპოლში, კერძოდ აია სოფიას ტაძარში შედგა კრება, სადაც მონაწილეობას იღებდნენ რომის ლეგატები და სხვა ეპისკოპოსებიც. ამ კრებამ აღიარა რომის პაპის პრიმატი აღმოსავლურ ეკლესიებზე, რამდენადაც მან მიიღო განჩინება პაპის „libellus satisfactionis” ის შესაბამისად. ამ კრებაზე ანათემას გადასცეს ფოტიოსი და განკვეთეს მის მიერ ხელდასხმული და მომხრე ყველა ეპისკოპოსი, მონაზვნები და ერისკაცები. ამავე კრებაზე გაუქმდა 861-867 წლებში, წმ. ფოტიოსის მიერ მოწვეული კრების გადაწყვეტილებები.

 ცოტა მოგვიანებით, ფოტიოსი და ეგნატე შერიგდნენ და ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, წმ. ფოტიოსი ისევ ავიდა საპატრიარქო ტახტზე, ანუ მეორეჯერ 878 წელს. 879-880 წლებში წმ.ფოტიოსმა, კონსტანტინოპოლში არსებულ წმიდა სოფიის ტაძარში მოიწვია დიდი კრება, რომელზეც მოიწვიეს ახალი პაპი იოანე VIII, მართალია იგი არ ჩამოსულა, მაგრამ გაგზავნა საკუთარი წარმომადგენლები. ამ კრებამ გააუქმა 869-870 წლებში შემდგარი კრების ყველა ანათემატიზმა, რომელიც მიმართული იყო ფოტიოსის მიმართ. ასევე იმსჯელეს „filioque”- შესახებ და განსაზღვრეს, რომ ყოველი ეკლესია ავტოკეფალურია და რომ რომის პაპს არ აქვს უფლება ჩაერიოს ამ ეკლესიების შიდა საქმიანობაში, დასახელებული განსაზღვრებით უკუგდებულ იქნა პაპის პრიმატის საკითხი. ამ საკითხების ანალიზს ჩვენ ცოტა ქვემოთ გავაკეთებთ.

 ამ შემთხვევაში აუცილებელად უნდა შევნიშნოთ ის განსხვავება, რომელიც იყო წმ. ფოტიოსსა და ეგნატეს შორის. ორივეს უყვარდა ღმერთი და კეთილგანწყობილნი იყვნენ, მაგრამ ეგნატე და მისი მომხრენი არ თვლიდნენ, რომ იმ ეპოქამ დიდი როლი ითამაშა დოგმატების, კანონიკისა და პოლიტიკის საკითხებში, რამდენადაც რომის პაპი მიისწრაფოდა, რომ დაემტკიცებინა საკუთარი პრიმატი, ანუ სხვა ეკლესიებზე მისი ზეგავლენის საკითხი, იმ დროს, როდესაც ფრანკები ისწრაფოდნენ ძალადობრივი გზით მოენადირებინათ აღმოსავლელი რომაელები და ასევე რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში შემავალი ტერიტორიები, ამის საპირისპიროდ, წმ. ფოტიოსმა შეძლო მისი სიბრძნის, სიწმიდის, დიპლომატიისა და ნიჭიერების წყალობით დაენახა პოლიტიკური და საეკლესიო პრობლემები და ამ სიტუაციის ფონზე წინ აღუდგა არსებულ სიტუაციას. პრობლემები გახლდათ საღვთისმეტყველო, საეკლესიო და ნაციონალური ხასიათის, რომლებთანაც შეწინააღმდეგება მოუწია წმ. ფოტიოსს.

                                                                 

კრების საქმიანობა

  როდესაც ვინმე წაიკითხავს 879-880 წლებში შემდგარი კრების საქმიანობის შესახებ, მაშინვე მიხვდება ამ კრების უდიდეს ღირსებას, რომელიც შედგება სამი სხდომისაგან.

  პირველი ეხება კრებაზე შემუშავებული ნაშრომების შესწავლას, რომელიც შედგა 879 წლის 14 ნოემბერს, შაბათ დღეს. სხდომა შედგა ყველა ეპისკოპოსისა და პაპის წარმომადგენელთა თანდასწრებით, საპატრიარქოში. აღვლენილ იქნა ლოცვა, გამოითქვა პირველი შეხედულებები აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც იდგა ეკლესიის დღის წესრიგში.

 კრების მეორე სხდომა შედგა 17 ნოემბერს, სამშაბათ დღეს, წმიდა სოფიის ტაძრის მარჯვენა ნაწილში. კრების სხდომის დროს წაიკითხეს სხვადასხვა ეპისტოლეები, მაგ: პაპ იოანეს წერილი, რომელიც მან გაუგზავნა იმპერატორ ბასილი პირველს და პატრიარქ ფოტიოსს, ალექსანდრიის პატრიარქ მიქაელის წერილი ვასილი პირველისადმი, მისი შვილებისადმი და პატრიარქ ფოტისადმი, იერუსალიმის პატრიარქ თეოდოსის წერილი პატრიარქ ფოტიოსისადმი, ანტიოქიელი პატრიარქის თეოდოსის წერილი პატრიარქ ფოტიოსისადმი და სამოსატელი მიტროპოლიტის, აბრაამის წერილი ფოტისადმი.

 კრების მესამე სხდომა შედგა 19 ნოემბერს, ხუთშაბათ დღეს, წმ. სოფიის ტაძრის იმავე ადგილზე, სადაც მეორე სხდომა ჩატარდა. წაიკითხეს პაპ იოანეს კრებისადმი მიწერილი წერილი, ასევე იერუსალიმის პატრიარქ თეოდოსის წერილი მეფე ვასილისადმი. ასევე წაიკითხეს პაპ იოანეს კომონიტორია“, ანუ დირექტივა კონსტანტინოპოლში მის მიერ გაგზავნილი ლეგატების მიერ, რომელთაც კრებას გააცნეს პაპის პოზიცია. რომლის ანალიზსაც ცოტა ქვემოთ შემოგთავაზებთ.

 მეოთხე სხდომა შედგა ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ოთხშაბათ დღეს, საპატრიარქოს დიდ მისაღებ დარბაზში. ამ სხდომის დროს წაიკითხეს ანტიოქიის პატრიარქის მიერ ფოტიოსისადმი მიწერილი წერილი, იერუსალიმის ახალი პატრიარქის, ილიას წერილი პატრიარქ ფოტიოსისადმი. ამ სხდომაზე განიხილეს კომონიტორია და 869-870 წლების კრების გადაწყვეტილებები, რომელზეც პატრიარქი ფოტიოსი და მის მიერ ხელდახსმული ეპისკოპოსები ანათემირებულ იქნენ.

 კრების მეხუთე სხდომა 880 წლის 26 იანვარს შედგა; ხუთშაბათ დღეს, წმიდა სოფიას ტაძრის მარჯვენა მხარეს, რომელიც განკუთვნილი იყო კატეხიზაციისათვის. აქ გაუქმდა 869-870 წლებში შემდგარი კრების ოქმები და ამავე დროს დამტკიცდა VII მსოფლიო კრება. ასევე კრებამ შეიმუშავა მნიშვნელოვანი კანონები, რომლებიც ეხებოდა საეკლესიო საკითხებს, შეიტანეს საეკლესიო კანონიკურ სამართალში, როგორც კონსტანტინოპოლის კრების, წმიდა სოფიას ტაძარში მიღებული წმინდა კანონები.

 კრების მეექვსე სხდომა შედგა 3 მარტს, ხუთშაბათ დღეს, სასახლის მდიდრულ და მნიშვნელოვან დარბაზში, რომელსაც ესწრებოდნენ იმპერატორები: ვასილი, ლეონი და ალექსანდრე. კრების სხდომა სასახლეში შედგა, რადგან მეფემ, გლოვისა და მწუხარების მიზეზით, ვერ შეძლო ოფიციალურად მისულიყო კრებაზე, ამიტომ, რადგან მას ხელი უნდა მოეწერა კრების გადაწყვეტილებისათვის, ვინაიდან ეს კანონები უკვე სახემწიფო ძალას იძენდნენ, მონაწილეები იძულებული იყვნენ სასახლეში ჩაეტარებინათ სხდომა. ამ სხდომის დროს მეფემ ისაუბრა კრების მნიშვნელობაზე, რომ აუცილებელი იყო ამ კრების მოწვევა იმისათვის, რათა საეკლესიო ერთობა შენარჩუნებულიყო, მან კრებას შესთავაზა, რომ ბეჭდის, რომელსაც იმპერატორი ადებდა გადაწყვეტილებას, ამ ბეჭდის მაგივრად გამოეყენებინათ ეკლესიის ერთობის, ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო და ეკლესიაში მშვიდობის დამყარების ნიშნად. კრების გადაწყვეტილების შემდეგ, მეფემ და მისმა შვილებმა ხელი მოაწერეს კანონებს, რათა ამ კანონებს სახელმწიფო მნიშვნელობა მიეღოთ

 მეშვიდე, უკანასკნელი სხდომა შედგა 13 მარტს, კვირას, წმიდა სოფიას სახელობის ტაძრის მარჯვენა მხარეს. ამ სხდომის დროს წაიკითხეს კრებების ოქმების მოკლე რეზიუმე, რათა ისინი სხვა, ადრინდელ დადგენილებებთან ერთად მიეღით. მნიშვნელოვნად ითვლება ის, რომ კრების ყოველმა მონაწილემ პატრიარქ ფოტისადმი პატივისცემა გამოხატა. რა თქმა უნდა რომის პაპის ლეგატებმაც დიდი პატივი მიაგეს ფოტიოსს, იმ კეთილი რეპუტაციის გამო, რომელიც მას ჰქონდა არა მხოლოდ გალიაში ან იტალიაში, არამედ მთელს მსოფლიოში, ამას ქადაგებენ არა მხოლოდ ელადაში მყოფი ემიგრანტების ენაზე, არამედ ბარბაროსულზეც“. ეს სიტყვა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან პაპის ლეგატები ასეთი განსაზღვრებით იღებდნენ ფრანკებს, რომლებიც მოქმედებდნენ ბარბაროსული ენერგიით. ყველანი მოწმობდნენ ფოტიოსის შესახებ, პაპის ლეგატების სიტყვების თანახმად: რომ ვერავინ ვერ შეედრება მას სიბრძნეში და ცოდნაში, ვერც გულმოწყალებაში, ვერც სიკეთეში, ვერც თავმდაბლობაში და რომ მისი შრომები ყოველთვის შედგენილია ამ სიტყვებით“.

 კრება ასრულებს თავის საქმიანობას წმიდა ფოტიოს დიდის შექებით. პაპის წარგზავნილებმა და კარდინალმა პეტრემ ბრძანეს: ის, ვინც არ აღიარებს წმინდანად ამ პატრიარქს და არ ექნება მასთან კავშირი, ჩვენ არ ვაჭარბებთ, ასეთის ადგილი იუდასთან ერთადაა და იგი არ ჩაითვლება ქრისტიანად. კრებაზე მყოფმა ყველა წარმომადგენელმა ერთხმად ბრძანა: ჩვენ ყველა ასე ვაზროვნებთ და ვქადაგებთ და ის ვინც არ აღიარებს მას უფლის პატრიარქად, ასეთი ადამიანი ე.ი. ღმერთს არ ადიდებს. მაშ ასე, ჩვენ ვუსურვებთ ფოტიოსს მრავალჟამიერ მეუფებას.

  

წყარო: ჟურნალი Πειραϊκη Εκκλησία, τέυχος 221, Δεκέμβριος 2010, σ. 20-22

 

თარგმნა იოანე შოშიაშვილმა