ევროპული და რუსული ინკვიზიციის შესახებ

ავტორი- დიაკონი ანდრეი კურაევი

 

სიტყვა "ინკვიზიტორი" ნიშნავს გამომძიებელს, ხოლო "ინკვიზიცია" გამოძიებას. მართლმადიდებელი მქადაგებლები ხშირად დიდ სიხარულს გამოხატავენ, როცაა ევროპელ ინკვიზიტორთა დანაშაულის შესახებ რაიმე საშინელ ამბავს მოისმენენ  და ამბობენ, რომ  ეს მათთან ხდებოდა, ჩვენთან კი მსგავსი არაფერი არ ყოფილა. მართალია ასეთი მაშტაბებით არ ყოფილა, მაგრამ ჩვენთანაც იყო. რუსეთის იმპერიის შემთხვევაშიც არსებობდა ინკვიზიცია და მას სწორედ "რუსული ინკვიზიცია" ერქვა, რომელმაც 150 წელს გასტანა. რუსეთში ინკვიზიციას საფუძველი ჩაუყარა პეტრე პირველმა და პირველი კანონი, რომელიც ჯადოქრობის გამო ადამიანის ცეცხლზე დაწვას გულისხმობდა, სასჯელის სახით დამტკიცდა 1715 წელს. მაშასადამე რუსეთშიც არსებობდა ინკვიზიცია და თქმა იმისა რომ არ არსებობდა, არ შეიძლება.

ევროპულ ინკვიზიციას განაჩენი გამოჰქონდა ძალიან ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ, გავიხსენოთ ყველაზე ხანგრძლივი სასამართლო, სადაც განიხილებოდა ჯორდანო ბრუნოს საქმე, იგი 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინკვიზიცია მოწოდებული იყო, რომ რაც შეიძლება მეტი მტკიცებულება მოეპოვებინა. ერესში და ჯადოქრობაში ბრალდებული ადამიანის საქმე იმ შემთხვევაში განიხილებოდა, თუკი არსებობდა 2 ან მეტი მოწმე, რომელთაც ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს გაიგეს და დაინახეს ერთი და იგივე ქმედება. თუკი მცირეოდენი სხვადასხვაობა იქნებოდა ამ ორი ადამიანის ჩვენებაში, საქმე ჩაშლილად ცხადდებოდა და ბრალდებულს ათავისუფლებდნენ. ისტორიის მანძილზე, არც ერთ სასამართლოს არ გამოუტანია იმდენი გამამართლებელი განაჩენი, რამდენიც გამოიტანა ახალმა ევროპულმა ინკვიზიციამ. 1550 წლიდან 1800 წლის ჩათვლით, კათოლიკური ინკვიზიციის სასამართლოს წინაშე, რომელიც მოიცავდა ესპანეთს, პორტუგალიას, საფრანგეთს, გერმანიას და .. დაახლოებით 150 000 ადამიანი წარდგა და მათგან მხოლოდ 3 000 ადამიანს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. კონკრეტულად: 1580 წელს, მილანში წარმოიქმნა პანიკა, ჯადოქრობასთან დაკავშირებით, ბრალდება წაუყენეს 17 ქალს და ამ საქმით დაკავდა ინკვიზიცია. ჩვიდმეტი მათგანიდან ცხრა ქალბატონი სრულად გაამართლეს და ყველა ბრალდება მოუხსნეს. ამას მოყვა კიდევ 5 ადამიანის განთავისუფლება, რადგან მათ დაიფიცეს, რომ არასდროს არ მიუღიათ მონაწილეობა ჯადოქრობაში. ერთმა მათგანმა აღიარა, რომ დაკავებული იყო ჯადოქრობით და სრულად აღიარა თავისი დანაშაული, ხოლო დანარჩენმა ორმა აღიარა, რომ ჯადოქრობდნენ, მაგრამ ისიც დაამატეს, რომ ამას ადრე აკეთებდნენ. ეს უკანასკნელი სამი ადამიანი გადაურჩა სიკვდილით დასჯას, მაგრამ საეკლესიო სასჯელი (ეპიტიმია) მაინც განუკუთვნეს მათ. საბოლოოდ ყველა მათგანი გაანთავისუფლეს.   

 ესპანეთში, ამ დროის მანძილზე, ჯადოქრობის ბრალდებით დააპატიმრეს 12 ადამიანი, მათგან ექვსი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ექვსი, ციხეში აღესრულა. ვარაუდობენ, რომ XVI-XVII საუკუნეებში სასიკვდილო განაჩენის პროცენტი არასდროს სცილდებოდა ოთხს, ასი პროცენტიდან. მომდევნო წლებში 4 პროცენტი, ერთამდე დავიდა და ირკვევა, რომ მიზანი იყო არა სიკვდილი, არამედ შეგონება, მიმართვა. ტოლედოში ყოველ მესამე ბრალდებულს, ყოველგვარი სასჯელის გარეშე ანთავისუფლებდნენ, ხოლო ბრალდებულთა სასჯელები მეტწილად საეკლესიო ხასიათს ატარებდნენ (მძიმე მარხვა, ლოცვები, მეტანიები), ანუ საეკლესიო ეპიტიმიები. ბრალდებულთა გარკვეულ ნაწილს ადმინისტრაციული სახის სასჯელები განეკუთვნა და რა თქმა უნდა ზოგიერთს, სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს. ინკვიზიციისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გაერკვია ადამიანის ამა თუ იმ მოქმედების მოტივი, ამიტომაც ინკვიზიცია წამების მეთოდს ძალზედ იშვიათად მიმართავდა. ესპანეთში წამება არასდროს არ გაგრძელებულა 15 წუთზე მეტხანს და დაკავებულთაგან, მხოლოდ 2 პროცენტი ექვემდებარებოდა ტანჯვა-წამებას. ჯადოქრობაში ბრალდებულთ არ აწამებდნენ იმ მიზეზის გამო, რომ დაედგინათ, ნამდვილად ჯადოქრობდა თუ არა ადამიანი, არამედ მთვარი იყო გაერკვიათ მოტივი. მაგ: ბრალდებული არის ქალი ან კაცი, რომელიც ისედაც აღიარებდა, რომ ჯადოქრობდა, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი, იქნებ ეს უბრალოდ პროვინციელი სულელი ქალია, რომელსაც ბაზარში ერთ-ერთმა დედაბერმა უთხრა, რომ მათთან სოფელში აი ასე და ასე აკეთებენ. ან იქნებ ეს უბრალოდ სახალხო ტრადიცია იყო. ასეთ ჯადოქრობებს არ ეთმობოდა ყურადღება. საქმე იმაშია, რომ ამ დროს წარმოიშვა განხეთქილება ინტელექტუალურ წარმოდგენებსა და სახალხო წარმოდგენებს შორის, რომლებიც მაგიას შეეხებოდა. ამ დროს განვითარდა აზრი იმის შესახებ, რომ ყველაზე საუკეთესო მაგია ისაა, რომელიც სატანის მეშვეობით წარმოიქმნება, ამიტომაც პირველ რიგში ინკვიზიციას აინტერესებდა ბრალდებული სახალხო მაგიას იყენებდა (რაც ნაკლებად სახიფათო და მნიშვნელოვანი იყო), თუ ბრალდებულმა მიიღო მათი რწმენა, რადგან ინკვიზიტორებს სწამდათ, რომ მაგია დაკავშირებულია სატანასთან და აინტერესებდათ ბრალდებულმა გამოიძახა თუ არა სატანა. გასაგები, რომ იყოს ერთი კათოლიკე ინგლისელი მწერლის სიტყვებს მოვიყვან: ,,გასაგებია, რომ თანამედროვე საზოგადოებას არ სჯერა ჯადოქრობის, მაგრამ ერთი წუთით თქვენი თავი იმ ადამიანების ადგილას წარმოიდგინეთ რომლებიც იმ პერიოდში ცხოვრობდნენ, რომელშიც ჯადოქრობის რეალურად სჯეროდათ, სადაც მიმდინარეობდა ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ღმერთსა და სატანას შორის და ამ დროს რომელიღაც ადამიანი თავისი ნებით გადადის მტრის მხარეს, ნებისმიერი საბრძოლო კანონის თანახმად, ასეთი საქციელი ისჯება სიკვდილით და სწორედ ასეთი ლოგიკა ჰქონდათ ინკვიზიტორებს. ამიტომაც მათ აინტერესებდათ, თუ რატომ აღმოჩნდა ადამიანი :"გერმანულ მუნდირში", მხოლოდ იმიტომ, რომ მას უბრალოდ შესცივდა და სიცივის გამო ჩაიცვა ეს მუნდირი, თუ იგი შეგნებულად გადავიდა მტრის მხარეს? ამიტომაც ინკვიზიტორები ინტერესდებოდნენ მოტივით.’’ ამასთან დაკავშირებით ერთი ამერიკელი მკვლევარი წერის: "ინკვიზიციის კულტურა გახლავთ სირცხვილის, სინანულის კულტურა და არა წამების კულტურა".

 

P.S. ცალკე საუბრის თემაა რუსეთში ე.წ. ,,ძველმოწესეების'' წინააღმდეგ გატარებული უსასტიკესი ღონისძიებები, ამ საკითხზე ჩვენი ცენტრი მუშაობს და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ შესაბამის თემას.

 

 

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა იოანე შოშაშვილმა

მსგავსი სტატიები:

რატომ არის თეოლოგია მთელ მსოფლიოში მეცნიერება, ხოლო რუსეთში - არა

თომა კემპიელის „ქრისტეს მიბაძვა“ და ეგნატე ბრიანჩანინოვის „ასკეტური გამოცდილებანი“

რუსული მითები ბერძნული მართლმადიდებლობის შესახებ

რუსული მითები წმინდა სერაფიმე საროველის შესახებ 

,,თუკი ყველაფერი საზვერეებში ხდება, მაშინ ღვთის სამსჯავროს ადგილი აღარ რჩება’