რეფორმა – როგორც ტრადიციასთან დაბრუნება

 

 

მღვდელ-მონაზონი აბდუ ბადუი. 1960-იან წლებში ლიბანის მარონიტულ ეკლესიაში დაწყებული რეფორმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი

 

მამა აბდუ, სანამ შეკითხვებზე გადავალთ იქნებ საკუთარი თავი გაგვაცნოთ და მოგვიყვეთ მცირეოდენი თქვენს შესახებ.

-ჩემი სახელი აბდუ ბადუი გახლავთ. მე ვარ მონაზონი, მღდელი, პროფესორი, დოქტორი, თქვენ როგორც გნებავთ ისე მიუთითეთ, მაგრამ მე მიყვარს როდესაც უბრალოდ აბდუს მეძახიან. დავიბადე 1941 წელს ლიბანში სადაც ასევე გავიარე სწავლის ყველა საფეხური. მღვდლად კურთხევის შემდეგ მე გამგზავნეს რომში ხელოვნების ისტორიის შესასწავლად. სამი წლის შემდეგ რომშივე დავიცავი სამეცნიერო ხარისხი და დავბრუნდი უკან ლიბანში. ჩემი სამშობლოში დაბრუნება დაემთხვა პერიოდს, როდესაც ლიბანში საფუძველი ეყრებოდა დიდ ლიტურგიკულ რეფორმას. ჩვენ დავიწყეთ ლიბანური ლიგურგიკული ტექსტებიდან ლათინიზმების განდევნა. ეს საკმაოდ რთული სამუშაო გახლდათ. სამუშაო ჯგუფში ჩართული იყვნენ ხელოვნების თითქმის ყველა დარგის წარმომადგენლები. ჩვენ ვმუშაობდით არა მარტო საეკლესიო კულტურიდან ლათნიზმების განდევნაზე, არამედ ასევე მიზნად დავისახეთ სირიული ენის მოდერნიზება და უბრალო ხალხისათვის გასაგები ენით მიწოდება, ისე რომ არ დაგვეკარგა არც ტექსტთა პოეტური მხარე, არც მელოდიურობა და საერთო ჯამში შეგვენარჩუნებინა ავთენტური კულტურის ხაზი. საბოლოოდ ჩვენ ეს შევძელით.

 

-კონკრეტულად რომელ წლებიდან იწყება თქვენს მიერ ნახსენები რეფორმა?

რეფორმა 60-იანი წლებიდან იწყება, თუმცა ნაყოფიერი მოღვაწეობის დროის ათვლას უფრო 70-იან წლებს მივაკუთვნებდი.

 

-როგორი იყო რეფორმის პირველი ნაბიჯები? რის შეცვლას შეეცადეთ თავდაპირველად?

უპირველესად დავიწყეთ საზოგადო მსახურებათა ტექსტებზე მუშაობა. ითარგმნა უამრავი ტექსტი არაბულად. მთარგმნელობით სამუშაოში მეც ვიღებდი მონაწილეობას როგორც სირიულ ენათა სპეციალისტი. ჩვენ შევეცადეთ  ლიტურგიის ხანგრძლივი და დამღლელი ტექსტების შემცირებას. იმის ნაცვლად, რომ ერთი და იგივე საგალობელი 15-ჯერ განმეორებულიყო, ჩვენ მისი რაოდენობა დავიყვანეთ  4-ზე. ეს არ გახლდათ მხოლოდ სამუშაო ჯგუფის ახირება, ასეთ ცვლილებებს ჩენი ხალხის აქტუალური მდგომარეობა ითხოვდა. დრო შეიცვალა და ყველას აღარ შეეძლო ტაძარში საათობით დარჩენა, მათ აქვთ სამსახური, აქვთ უამრავი საქმე რომელიც დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ შევეცადეთ, რომ მსახურების სტილი მორწმუნეთათვის უფრო მოსახერხებელი გაგვეხადა.

 

-როგორც მივხვდი, სამუშაო ჯგუფმა მოახდინა ძველ ტექსტთა განახლება და მოდრენიზება. რა ცვლილებები განხორციელდა საეკლესიო ხელოვნების სხვა დარგებში და შეიტანეთ თუ არა მათში თქვენი საკუთრივი წვლილი?

-დიახ, ჩვენი რეფორმა ასევ შეეხო საეკლესიო იკონოგრაფიას. მე თავად ხატმწერიც გახლავართ და ამ კუთხით ვცადე საეკლესიო იკონოგრაფიაში ჩემი მოკრძალებული სიტყვა მეთქვა. თავდაპირველად დავიწყე ლიტურგიკულ ტექსტთა გრაფიკაში (შავ-თეთრში) ილუსტრირება. რაც მთავარია შევუდექი ხატწერის თავისუფალ სტილს, ასე ვთქვათ საკუთარ ინსპირაციას მივეცი გასაქანი. სამუშაოს დასრულების შემდეგ საკუთარი მოღვაწეობა განვაგრძე რომში, სამხატვრო აკადემიაში. უკან დაბრუნების შემდეგ ახალი ძალით შევუდექი მხატვრობასა და საეკლესიო მუსიკაზე მუშაობას. მოვიძიე შუა საუკუნეებიდან მოყოლებული 30 000-მდე დოკუმენტი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იყო გაფანტული. ვცდილობდი მათ აღდგენას და მათთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას, თუმცა აქაც საკუთარი ინსპირაციის იმედად დავრჩი და დავიწყე გამორჩევის პრინციპით მუშაობა. ძველი არტეფაქტებიდან ვიღებდი მხოლოდ იმას, რაც გამოსადეგად მეჩვენებიდა  ხოლო გამოუსადეგარ დეტალებს ხელუხლებლად ვტოვებდი. რა თქმა უნდა ბიზანტიური და სლავური იკონოგრაფია ხელოვნების შესანიშნავი ნაყოფია, თუმცა ჩვენი ხალხისათვის ეს მეტად არქაული და გაუგებარი იყო. როდესაც მორწმუნე ხატს შესცქერის, მან უნდა შეძლოს მასში ჩადებული მესიჯის ამოკითხვა. ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ არ გავაგრძელებდით იმ პერიდში გაბატონებულ სამხატვრო სტილის   და შემოვიღებდით უფრო მარტივ ფორმას, ფორმას  რომელსაც უბრალო მორწმუნე ადვილად მიხვდებოდა. სირიული ტრადიციული ხატწერა არ იცნობს მძაფრ სიმბოლიზმსა და შესრულების რთულ ფორმებს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ გრაფიკა და ფერები ემოციათა და სინათლის გამოსახატავად. და მეც სწორედ ამ კუთხით შევეცადე ჩემი ტექნიკისა და სტილის განვითარებას.

 

-რამდენად მისაღები იყო თქვენ მიერ განხორციელებული რეფორმა მორწმუნეთათვის და სხვა კლერიკალებისათვის? როგორც წესი, როდესაც რაღაც ახალი იქმნება ან უბრალოდ კარგად დავიწყებული ძველის აღდგენის მცდელობა იჩენს თავს, ხალხის ძირითადი მასა ამის წინააღმდეგია. ეკლესიაში ყოველთვის არის რაღაც ახლის შიში. როგორი იყო ეს სიტუაცია თქვენს შემთხვევაში?

მართალს ბრძანებთ, ხალხი ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს. ჩვენს შემთხვევაში კი კლერიკალები წარმოადგენდნენ პრობლემას. იმ პერიოდში სამღვდელო დასი, და კონკრეტულად საეპისკოპოსო ეშელონები იეზუიტთა საძმოდან იყო დაკომპლექტებული. ისინი  კათოლიკური კულტურის შვილები იყვნენ და ვერ ღებულობდენენ ჩვენს ადგილობრივ, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებს. დასაწყისში დიდი ბრძოლები გამოვიარეთ. მაგალითად ბეირუთის ეპისკოპოსს არ სურდა სირიული ტრადიციული შესამოსლის ტარება, მეტიც, თუ კი ის ამგვარად შემოსილ მღვდელს თვალს მოჰკრავდა, აჩერებდა ლიტურგიას მანამ, სანამ ეს მღვდელი ლათინური შესამოსლით არ გამოცხადდებოდა საკურთხეველში. მაგრამ დრო გავიდა და სიტუაციაც შეიცვალა. საეპისკოპოსო ტახტზე დაიწყეს ასვლა იმ პიროვნებებმა, რომლებიც  ადრე ჩვენი მოსწავლეები იყვნენ და იზრდებოდნენ მშობლიურ კულტურაში. მოგვიანებით სინოდმაც სრულიად აღიარა ის ყველა ცვლილება, რაც კი ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა გასწია. არიან მხოლოდ მცირეოდენი გამონაკლისები, რომლებისთვისაც ახალი სტილი არაა მისაღები, მათ ეს უბრალოდ არ მოსწონთ. მე ღვთის შთაგონებით გავაკეთე ის რაც გავაკეთე და ჩემი ნამოქმედარის მიღება რა თქმა უნდა ყველას საკუთარი თავისუფალი ნებით შეუძლია. რაც შეეხება მორწმუნე საზოგადოებას, ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას გაუმართლა. უმრავლესობა მორწმუნეა და მსახურებისას ტაძრები ყოველთვის სავსეა. სიახლის მიღება კი მათ არ გასჭირვებიათ. როდესაც მორწმუნეებს ავუხსენით რომ სწორედ ეს არის ჩვენი ტრადიციული კულტურა, ეს არის ჩვენი ტრადიცია მაშინ მათ ყველა ეს ცვლილება მარტივად მიიღეს. სინამდვილეში ხომ ეკლესია ყველა ქვეყანაში ტრადიციასთანაა გადაჯაჭვული. მსახურების ყველა ფორმა მორწმუნისათვის მხოლოდ საკუთარ ენაზე და საკუთარი ტრადიციული სახითაა მეტად მისაღები და უკეთესად აღსაქმელი. აი მაგალითად ავიღოთ ღვთისმშობლის დასავლური სტილით შესრულებული ხატი, ეს ხომ უბრალოდ ლამაზი მანდილოსანია და მეტი არაფერი. ამგვარი იკონოგრაფია ცდილობს მხოლოდ ემოციებზე ითამაშოს. არა და სინამდვილეში ხატი ემოციაზე მეტად რაღაც თეოლოგიურს უნდა გეუბნებოდეს. ემოცია ადრე თუ გვიან გაქრება, თელოგიური გაშინაარსება კი ყოველთვის რჩება და რამდენჯერაც არ უნდა შევხედოთ ერთსა და იმავე ხატს მას ყოველთვის შეეძლება სხვა სამყაროში ჩვენი გადაყვანა. მე თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ დასავლეთმა დაასამარა იკონოგრაფია.

 

-დასასრულისათვის რა რჩევას მისცემდით დამწყებ თეოლოგებსა და სემინარისტებს?

-ალბათ სუბიექტურად და ბანალურად მოგეჩვენებათ, მაგრამ მე მივიჩნევ, რომ აუცილებელია ყველა თეოლოგმა ისწავლოს იკონოგრაფიის თეოლოგია. საეკლესიო ხელოვნება და უპირატესად იკონოგრაფია მჭიდროდაა დაკავშირებული ლიტურგიასთან, ლიტურგიის პრაქტიკულ აღსრულებასთან. თავად ლიტურგია კი არის ჩვენი შინაგანი რწმენის პრაქტიკული გამოხატულება. ლიტურგიაში მორწმუნე გამოააშკარავებს საკუთარ  თეორიულ ცოდნას და დამოკიდებულებას რწმენისადმი.

 

წყარო-  https://mikheilsite.wordpress.com

 

მოამზადა  აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა მიხეილ ნებიერიძემ 

Download
რეფორმა როგორც....pdf
Adobe Acrobat Document 268.9 KB