ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით

შესავალი

1918 წლის 26 მაისს, 100 წლის წინ, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომელიც შეიკრიბა თბილისში, მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომლის თანახმადაც გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამ აქტით განისაზღვრა ქართველთა სურვილი, თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი ბედ-იღბალი.

დღეს, ვსაუბრობთ რა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიული თარიღის შესახებ, ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა შევეხოთ თვით სახელმწიფოებრიობის არსს და მისი დამოუკიდებლობის მნიშვნელობას; წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარი დარჩება მისი მნიშვნელობა, რაც ქმნის მთავარ მოტივაციას მისი მოპოვებისა და შემდგომი შენარჩუნებისთვის.

შეუძლებელია 1918 წლის 26 მაისის თემაზე ისაუბრო ისე, რომ არ შეეხო იმ მოვლენებს (საკითხებს), რაც მას წინ უძღოდა; უძღოდა კი შემდეგი:

საქართველოსთვის ურთულეს ისტორიულ ვითარებაში, 1783 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება („გეორგიევსკის ტრაქტატი“), რომელსაც შვება უნდა მოეტანა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ქართველებისთვის მძიმე აღმოჩნდა მისი შედეგები.

ამ აქტზე ხელმოწერიდან 18 წლისთავზე, 1801 წელს, საქართველომ, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა, შეწყვიტა არსებობა და რუსეთის იმპერიის გუბერნიად, მის განაპირა რეგიონად იქცა. ბაგრატიონთა სამეფო სახლი, როგორც ქართული პოლიტიკური ცხოვრების სახე და გარანტი, დაეცა.

ამიერიდან დაიწყო რუსეთის იმპერიის ყოფა-ცხოვრებაში სამეფო ოჯახის წევრთა და თავად-აზნაურთა ინტეგრაციის სახიფათო პროცესი. ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს იყო ძალიან მძიმე ტვირთი. სხვადასხვა ადგილებში მოსახლეობის ჯგუფები შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ და წინ ეღობებოდნენ საიმპერატორო კარის მიერ ჩაფიქრებული მიზნების განხორციელებას; ამის პასუხად, აღნიშნული მოვლენების ლოგიკური გაგრძელება გახლდათ ქართველი ერის ჭირისუფლის, საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალობის გაუქმება რუსეთის მიერ.

ეს უკვე იყო ქართველთა ეროვნულ-კულტურული დასამარებისკენ მიმავალი გზა, რასაც წინ აღუდგნენ ერის გამორჩეული შვილები, როგორც საერონი, ისე სასულიერონი. მათი დიდი თავდადებისა და, თამამად შეიძლება ითქვას, მოწამეობის ფასად, 135 წლის შემდეგ, ქართველმა ხალხმა იზეიმა ქართული სახელმწიფოს აღდგენა და გამოაცხადა დამოუკიდებლობა; აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მოვლენის წინამორბედი გახლდათ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალობის აღდგენა 1917 წლის 25 მარტს, რასაც არა მხოლოდ სულიერი, არამედ უაღრესად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა სამომავლო ისტორიისთვის. დღეს ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც იყო სულის ჩამდგმელი და მედროშე ამ საბედისწერო ისტორიისა. ღმერთმა განანათლოს მათი უკვდავი სულები.

1918 წლის 26 მაისი გახდა ახალი ათვლის წერტილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ამ დღეს დაიბადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

 

სახელმწიფოებრიობის შესახებ

საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული დამოუკიდებლობის შესახებ საუბრისას, ვფიქრობთ, აუცილებლად და უპირველესად უნდა დავსვათ შემდეგი კითხვა:

-          რას ნიშნავს სახელმწიფოებრიობა, რა საჭიროა სახელმწიფო და მით უფრო, მისი დამოუკიდებლობა (სუვერენიტეტი)? ვის ან რას ვემიჯნებით და რატომ?

დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა საჭიროა იმისთვის, რომ უკეთ გავერკვეთ საკითხის არსში. რაოდენ ფართოდაც არ უნდა გავშალოთ ეს თემა ისტორიულ ჭრილში ან თუნდაც სხვადასხვა ასპექტებში განვიხილოთ იგი, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, სასურველი შედეგის მომცემი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა სწორად იქნება დანახული მთავარი ამოსავალი წერტილი, რადგან დაყენებული საკითხი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოებრიობის მთავარი ამოსავალი წერტილი არის (და უნდა იყოს) ადამიანი, ღმერთის ქმნილება, რომელიც შემოქმედისგან უხვად არის დაჯილდოვებული სხვადასხვა ნიჭით, უნარით, შესაძლებლობით; ხოლო რაც შეეხება თვით სახელმწიფოს, ანუ მმართველობის პოლიტიკურ სისტემას, მას ქმნიან ადამიანები იმისთვის, რომ იგი მოემსახუროს მისი მოქალაქეების ინტერესებს, მაგრამ არა მხოლოდ ზოგადი სახით, არამედ თითოეულ კონკრეტული ადამიანისთვის შექმნას გარემო-პირობები, სადაც თვითრეალიზაციის საშუალება მიეცემა მის ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, გვაროვნული წარმომავლობისა, კანის ფერისა, რელიგიური აღმსარებლობისა და .. ასეთი გარემო-პირობების სპექტრში ჩვენ მოვიაზრებთ განათლებას, მეცნიერებას, კულტურას, ეკონომიკას და განსაკუთრებით, უსაფრთხოებას, მის მრავალ ასპექტში.

ძალიან ხშირად, ქართულ სახელმწიფოებრიობის შესახებ საუბრისას, მის წარმატებულ მაგალითებად იხსენებენ ხოლმე ეპოქას, როცა საქართველო პოლიტიკურად და სამხედრო პოტენციალით იმდენად ძლიერი იყო, რომ მას შეეძლო როგორც თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ისე სხვათათვის მფარველობის გაწევა; როდესაც აყვავდა მწიგნობრობა, ხელოვნება, სულიერობა; შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებდა ქართული სასულიერო კერები უცხოეთში; როცა ჩვენი ქვეყანა შესაფერისად უმკლავდებოდა თანამედროვეობის გამოწვევებს.

 

ასეთ სახელმწიფოს შექმნას ესწრაფვოდნენ სახელმწიფოებრივნი კაცნი, რომელნიც სხვადასხვა დროს, მეტ-ნაკლები წარმატებით და სხვადასხვა ხანგრძლივობით ახერხებდნენ კიდეც ამას, თუმც მრავალი განსაცდელი ხვდებოდათ ამ გზაზე. ამ განსაცდელების ერთ-ერთი უახლოესი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს ახალგაზრდა დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და ქვეყნის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს.

 

 ტოტალიტარიზმის ეპოქა

საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დიდხანს ვერ შეძლო თავისი დამოუკიდებელი არსებობის შენარჩუნება და მხოლოდ სამ წელიწადს იარსება; ამ დროისთვის, რუსეთის იმპერიაში მიმდინარე პროცესებმა, თავისი პირველადი შიდა პოლიტიკური ამოცანები რომ გადაწყვიტა, მოიცალა მათთვის, ვინცხელიდან დაუსხლტადა, 1921 წლის 25 თებერვალს, ახლა უკვე სამხედრო ძალის გამოყენებით, კვლავ დაიპყრო საქართველო.

ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში მებრძოლი ათეიზმის სამოცდაათწლიანი პერიოდი დაიწყო. ეს იყო დრო, როცა ქართული საზოგადოების ცხოვრებაში, ისევე როგორც მთელს საბჭოეთში, დაიწყო ფუნდამენტური ხასიათის ცვლილებები. ბოლშევიკებმა მიზნად დაისახეს თვისებრივად ახალი საზოგადოების აშენება და, შესაბამისად, დაიწყეს რა ახალი (საბჭოთა) პარადიგმის განხორციელება, ტოტალური შეტევა მიიტანეს ადამიანის რელიგიურ ცნობიერებაზე, რაც ემსახურებოდა ადამიანის ახალი ტიპის (homo soveticus) შექმნას. ვინც ამ ცვლილებას არ ექვემდებარებოდა, ფიზიკურად სპობდნენ ან მრავალი წლით საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ, საიდანაც ადამიანი სულიერ-ხორციელად გატეხილი ბრუნდებოდა ან საერთოდაც ვერ ბრუნდებოდა. ამ პროცესებს ემსხვერპლნენ მრავალნი (მათ შორის ქართული საზოგადოების საერო და სასულიერო ელიტა); განსაკუთრებით მძიმე იყო ქართული სამღვდელოების ხვედრი - სწორედ ისინი აღმოჩნდნენ სრული განადგურების საფრთხის წინაშე.

ერთი სიტყვით, საბჭოთა იდეოლოგიამ მთელი საზოგადოების ცნობიერებას მძიმე დაღი დაასვა და უდიდესი ზიანი მიაყენა ეროვნული თავისთავადობის (იდენტობის) საფუძველმდებარე პრინციპებს.

 

საქართველო დღეს (გამოწვევები, საფრთხეები)

1991 წლის 9 აპრილს, სამოცდაათწლიანი საბჭოური ეპოქის შემდეგ, საქართველომ კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა. მანამდე კი ამას წინ უძღოდა 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის ნაწილების მიერ თბილისის მთავარ გამზირზე შეკრებილ მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია და სისხლის გუბეები; შემდეგ იყო ცხინვალის მოვლენები, სამოქალაქო ომი, სოხუმის დაცემა; 2008 წელს, უკვე ყოველგვარი შენიღბვის გარეშე, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანმა ომმა კიდევ უფრო გაამწვავა და გაამრავლა ჭრილობები ქართულ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ სხეულზე და, მიუხედავად იმისა, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, მუდმივად მიმდინარეობს საინფორმაციო-პოლიტიკური ომი საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგ.

ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში დგას ერთგვარი გარდატეხის მომენტი; დღევანდელობის უმთავრესი ამოცანაა საბჭოთა იდეოლოგების მიერ დანერგილი და დამკვიდრებული მავნე პარადიგმების შეცვლა; თუკი ეს არ მოხდა, მაშინ შეუძლებელი გახდება ჩვენი სახელმწიფოსა და ერის ცხოვრებაში რეალური ცვლილებების განხორციელება. კარგად მოგეხსენებათ, რომ სახელწიფოში არ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების თუნდაც ერთი სფერო, რომელიც საბჭოთა კავშირის იდეოლოგებს ხელშეუხებელი დარჩა. ამიტომაცაა, რომ დღეს, თავისუფალი დემოკრატიული საქართველოს პირობებშიც კი (უარყოფილი საბჭოთა იდეოლოგიისა და დეკლარირებული თავისუფლების პირობებში) ნებისმიერი ფასეულობა, სულიერი, ზნეობრივი, პოლიტიკური, რელიგიური და .., გინდა თუ არა, ჩვენს გონებაში ჩანერგილი ძველი იდეოლოგიური სტერეოტიპისა და პარადიგმების, ანუ იგივეძველი კაცისპრიზმაში გადის და ხშირად სასიკეთოდ ჩაფიქრებულსა და დაგეგმილ აზრსაც კი ამახინჯებს.

ძველი კაცის“, სულიერად დეფორმირებული საბჭოთა ადამიანის იდეოლოგიური ნარჩენები თვით რელიგიურ განაზრებებსაც კი შინაარსს უცვლის და ხშირად განადგურებით ემუქრება ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის ნორჩ ნაყოფს.

კვლავ გავიმეორებთ: დღეს ჩვენ ვდგავართ გარდაუვალი ცვლილებების აუცილებლობის წინაშე. ამისთვის მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი. ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენი საზოგადოების და თითოეული მისი წევრის პოლიტიკური, ეროვნული, სამოქალაქო და, თუნდაც, სულიერი თავისუფლება გარდატეხის ეტაპზეა; აუცილებელია სააზროვნო პარადიგმების შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე პროცესები სასურველ შედეგებს ვერ გამოიღებს; ხოლო ყოველი წარუმატებელი ან ნაკლებად წარმატებული რეფორმა კი არის და იქნება ქართული სახელმწიფოს და მისი დამოუკიდებლობის ფუნდამენტში ჩადებული ერთგვარი ნაღმი, რაც ძვირად დაუჯდება ქვეყანას და, შესაბამისად, თავისუფლების მოყვარე ქართველ ერს.

 

დასკვნა

ჩვენ გვჭირდება ჩვენს ისტორიულ გამოცდილებაში არსებული საუკეთესო სააზროვნო ტრადიციების აღორძინება და მათზე დაყრდნობით ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი სულიერების მტკიცე საფუძვლების განსაზღვრა. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეებში თვითცნობიერებისა და პატრიოტიზმის გრძნობის ამაღლება. მხოლოდ ამ სახით გვესახება ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის გაძლიერება. ერთი რამ კი აუცილებლად უნდა ვიცოდეთ: საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართული სახელმწიფოებრიობის ერთგული გუშაგი.

  

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი  გრიგოლი

---------------------------------------------------------------

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი,

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი.

  

ფოთი. 26 მაისი, 2018 წელი.

https://www.palamacentre.com

 

 

Download
მეუფე გრიგოლი- 26 მაისი.pdf
Adobe Acrobat Document 320.8 KB