მსოფლიო პატრიარქის იერუსალიმში ვიზიტი

 მიმდინარე წლის 21 მარტს, ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, იერუსალიმის პატრიარქ უნეტარეს თეოფილე ΙΙΙ-ს მიწვევით გაემგზავრა იერუსალიმში, სადაც მონაწილეობა მიიღო მაცხოვრის საფლავზე აგებული სამლოცველოს რესტავრაციის დასრულებისადმი მიძღვნილ გახსნის ცერემონიაზე. ცერემონია გაიმართა 22 მარტს, აღდგომის ტაძარში და მას ესწრებოდნენ როგორც მართლმადიდებელი, ასევე რომის კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო ლიდერები.

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა. ყოვლადუწმინდესმა ისაუბრა აღნიშნული მონუმენტის უდიდეს  მნიშვნელობაზე, მან პირველ რიგში მადლობა გადაუხადა იერუსალიმის პატრიარქს და თითოეულ იმ ადამიანს ვისაც მცირე წვლილიც კი მიუძღვის მონუმენტის რესტავრაციაში. 

 

ცერემონიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქი სტუმრად ეწვია იერუსალიმის ყოფილ პატრიარქ ირინეოსს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკანასკნელი თერთმეტი წლის მანძილზე მათ პირველად მიეცათ პირადად საუბრის საშუალება

სამლოცველოს კურთხევის მომდევნო დღეს, წმინდა მიწიდან გამომგზავრებამდე მსოფლიო პატრიარქმა სამლოცველოს მამებთან ერთად დაათვალიერა ძველი ქალაქის ქუჩები და კიდევ ერთხელ მოილოცა აღდგომის ტაძარი, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა ამჯერად უკვე მშვიდ გარემოში ელოცა უდიდეს სიწმინდესთან

წყაროები:
https://goo.gl/oERz6O
https://goo.gl/sOvCqg

https://goo.gl/it9Oqb

 

მოამზადა იეროდიაკონმა სტეფანე თინიკაშვილმა