აღდგომის სახარება - ‘’და აღვიდა ცაში...’’

ი 

(ნაწყვეტი) 

პროტოპრესვიტერი , პროფესორი გიორგი ფლოროვსკი

 

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

 

ბერძნულ აზროვნებას ყოველთვის ძალიან სძულდა ხორცი: ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში უბრალო ბერძენის მოქმედებები პლატონური ან ორფული[1] იდეების ძლიერ გავლენას განიცდიდა. საერთო აზრის მიხედვით, სხეული იყო ‘’საპყრობილის’’ მსგავსი რამ, რაშიც დაცემული სული დაპატიმრებული და შემოსაზღვრული იყო: ბერძნები უფრო მეტად წარმოისახავდნენ სრულ და საბოლოო განუკაცებლობას (disincarnation). მომავალ აღდგომაზე ქრისტიანულ რწმენას ბერძნული აზროვნების მხოლოდ შეეცბუნება და შეშინება შეეძლო. ეს უბრალოდ ნიშნავდა, რომ საპყრობილე მუდმივი იქნებოდა, რომ დაპატიმრება ხელახლა და მუდმივად განახლდებოდა: სხეულებრივი აღდგომის მოლოდინი უფრო მეტად ადგებოდა კელსუსის[2] მლიქვნელურ მოსაზრებას, რომელიც საერთო აზრის სახელით დასცინოდა ამ სწავლებას. მან ქრისტიანებს შეარქვა ‘’φιλοσωμάτων γένος’’, ‘’სხეულისმოყვარული კრებული (ap. Origen, Contra Celsum, V:14 and VII:36).

ჩვენ ყველა აღვდგებით. მას შემდეგ (ქრისტეს აღდგომის, ..) ყველანაერი ხრწნილება დროებითია. ჯოჯოხეთის ბნელი შრე ცხოვრებისმომცემელი ჯვრის მადლით მოისპო. წმ. გრიგოლ ნოსელი [3] სპეციალურად უსმევს ხაზს ჯვრისა და აღდგომის ორგანულ ურთიერთკავშირს. ის განსაკუთრებით ორ ნიშნულზე ამახვილებს ყურადღებას: ღვთაებრივი ჰიპოსტასის ერთიანობა, რომელშიც ქრისტეს სული და სხეული ერთად შეკავშირებულნი არიან, თუნდაც მათი სასიკვდილო განშორებისას და ქრისტეს  სრულ უცოდველობას: ,,ღმერთსა უკუე ვიტყჳთ ორთავე აღძრვათა და ცვალებათა ბუნებისა ჩუენისათა მიმღებელად, - რომლისა მიერ სული ჴორცთა შეეზავების, და რომლისა მიერ კუალად სული ჴორცთაგან განიყოფვის, ხოლო ორკერძო რაჲ შეეყო ამათ ზემოჴსენებულთა მრჩობლთა საქმეთა (ხოლო ვიტყჳ უხილავსა და ხილულსა კაცობრივსა აგებულებასა გამოუთქმელისა, მის და მიუწდომელისა შეზავებისა მიერ აღსრულებულსა), ესე განაგო, რაჲთა ერთგზის შეყოფილნი იგი სული და ჴორცნი არ[ღა]რასადა დაიჴსნნენ ერთობისაგან... და ესე არს აღდგომაჲ- შეერთებულთაჲ შემდგომად განყოფისა და კუალადშეერთებაჲ და დაუჴსნელი ერთობაჲ, და რაჲთა პირველსავე მადლსა და უკუდავებასა კუალად-ეგოს კაცებაჲ ჩუენი და რაჲთა შერეული იგი ბაყლი ბუნებისა ჩუენისაჲ, რომელი მოეხჳა დაცემითა, განხრწნისა მიერ განიყაროს...

                რამეთუ ვითარცა-იგი დასაბამი სიკუდილისაჲ ერთისა შორის იქმნა და მის მიერ ყოველსავე ზედა კაცთა ბუნებასა მიეფინა, ეგრეთვე სახედ დასაბამიცა აღდგომისაჲ, უფლისა მიერ დაწყებული, ყოველსა ზედა კაცთა ბუნებასა განეფინა... და ესე არს საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, სიკუდილისათჳს და მკუდრეთით აღდგომისა განგებული რაჲთა განეყოს ჴორცთაგან სული სიკუდილისა მიერ, და თანამდები და მიჴდა და წესი ბუნებისაჲ არა დაეყენოს. და კუალად, აღდგომისა მიერ ურთიერთას შეიერთნენ, და რაჲთა იგი თავადი იქმნას შუამდგომელ ორთავე - სიკუდილისა და ცხორებისა, რამეთუ თავისა მიერ თჳსისა დააყენა სიკუდილისა იგი განკუეთილი ბუნებაჲ და იგი მხოლოჲ იქმნა განყოფილთა მათ შეერთებისა დასაბამ.’’   (გრიგოლ ნოსელი, ,,დიდი კატექეტური სიტყვა’’, 16.4, 16.5)[4]

                სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტეს აღდგომა არის ადამიანური არსის სრულქმნა და განსრულება, კაცობრიობის ხელახალი შექმნა, ‘’ახალი შესაქმე’’. საყოველთაო აღდგომა არის ჩვენი უფლის აღდგომის სრულყოფა, სიკვდილზე და ხრწნილებაზე მისი გამარჯვების დასრულებაისტორიული დროის გვერდით იქნება მომავალი სამეფო, ,,მომავალი საუკუნო სიცოცხლე’’, შემდეგ, მთელი შესაქმის დასასრულს, ‘’კურთხეულ შაბათს’’, ‘’ბოლო დღე’’, ‘’შესაქმის შვიდი დღის მისტერია’’ სამუდამოდ იზეიმებსმოლოდინი დაწყებულია, წინდი დადებულია, ქრისტე აღდგომილია!

 

‘’და აღვიდა ცაში...’’

,,აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმერთისა ჩემისა და ღმერთისა თქუენისა.’’ (ინ. 20:17).

            ამ სიტყვებით, აღდგომილმა ქრისტემ მარიამ მაგდალინელს თავისი აღდგომის მისტერია აღუწერა, რაც მარიამს იესოს მოწაფეებისთვის უნდა ეუწყებინა ,,რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ.’’ (მარკ. 16:10). მოციქულებმა შიშითა და გაოცებით, ეჭვითა და უნდობლობით შეიტყვეს ეს სასიხარულო უწყება. თერთმეტეულს შორის თომას გარდა სხვებიც ორჭოფობდნენ. საპირისპიროდ, ჩანს, რომ მათგან ერთადერთი- წმ. იოანე, ,,იესოს საყვარელი მოწაფე’’ არ დაეჭვებულა. ცარიელი აკლდამის მისტერიას პირველი სწორედ იგი ჩაწვდა:  ,,იხილა და იწამა.’’  (ინ. 20. 8). საფლავი პეტრემაც კი გაკვირვებულმა დატოვა, ,,წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა.’’  (ლუკა 24.12).

            უფლის სხეული უბრალოდ ხელახლა შესამოსად არ აღდგომილა, არც ქადაგებებისა და სასწაულების მეშვეობით მოციქულებთან და ხალხთან ერთად რომ ეცხოვრა და ეურთიერთობა. ამიერიდან ის აღარასოდეს დარჩება მათთან, არამედ ორმოცი დღის მანძილზე მხოლოდ დროდადრო ‘’გამოჩნდება’’ ხოლმე, ყოველთვის სასწაულმოქმედი და საიდუმლო ხასიათით. ,,ხედავ, რომ ის ყოველდღიურად მათ გვერდით არ არის და არც ისე, როგორც ადრე, აღდგომამდე, ‘’ - [5] ამბობს წმ. იოანე ოქროპირი, ,,ის (იესო გ.ლ.) გამოჩნდა და დაიფარა, თუმცა, მიუძღვის მათ (მოციქულებს გ.ლ.) ზემორე ჭეშმარიტებისკენ. მომავალში ის (უფალი გ.ლ.) აღარ აძლევს მოციქულებს ურთიერთობის უწინდებურად გაგრძელების ნებას, მაგრამ ყურადღებას ამახვილებინებს ორ საკითხზე: რომ მისი (უფლის გ.ლ.) აღდგომის ფაქტი უნდა ირწმუნონ და რომ თავად, ამ აღმატებული განცხადების შემდეგაც, ღმერთკაცი მუდმივად იქნება! რაღაცა ახალი და უჩვეულო იყო მის (ქრისტეს გ.ლ.) პიროვნებაში (იხ. ინ. 21.1-14.), როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, ,,ეს არ იყო წარმოდგენა, არამედ მისი არსებობის ფაქტის ჭეშმარიტი დამოწმება.’’ ამის გამო, მოციქულები დაბნეულები და შეშინებულები იყვნენ. ქრისტე  იმგვარად არ აღდგომილა, როგორც სხვანი, რომლებიც იესომდე აღდგნენ.

ამაღლება მეორედ მოსვლის ნიშანი და მომასწავებელია. ‘’იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი.’’ (საქ. 1.11).

            ღმერთის შორსმჭვრეტელობის მისტერია აღდგომილი ქრისტეს დაბრუნებაში სრულიქმნება. ჟამის განსრულებისას ქრისტეს სამეუფეო ძლიერება მთელ მორწმუნე კაცობრიობაზე გამოჩნდება და მოეფინება. ქრისტე მთელ კაცობრიობას, სამეფოს უანდერძებს. ,,და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა სასუფეველი. რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში, და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი.’’ (ლკ. 22.29-30). მისი მოსვლისას ქრისტეს მიმდევრები მასთან ერთად კუთვნილ ტახტრევანებზე სწორუპოვრად დასხდებიან. ,,თქვენთვის წარმოიდგინეთ ტახტი, სამეფო ტახტრევანი, წარმოიდგინეთ წყალობის სიდიადე. რომელიც უფრო მეტად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე თავად ჯოჯოხეთი’’(იოანე ოქროპირი)

            ჩვენ მარადიულ სიბნელეზე მეტად იმ უხვ დიდებაზე უნდა ვთრთოდეთ, რომელიც გამოსყიდვაში გამოჩნდა. ’’იფიქრე ვის გვერდით ხარ შენ...საშინელი და გასაოცრად დიადია სამეფო ტახტრევანი. მის წინაშე ყველა ცოცხალი მდუმარედ, ძრძწოლვითა და ჟრჟოლვით დგას. ‘’მან დამცირების სიღრმით თავი განუზომლად დაიმდაბლა, ხოლო განდიდებით კი კაცი უმაღლეს ნიშნულთან აღამაღლა.’’

            ამის შემდეგ რა უნდა მოვიმოქმედოთ? ,,თუკი შენშია ქრისტე, იტვირთე ჯვარი, რომელიც მან იტვირთა.’’ (წმ. იოანე ოქროპირი).

 

წყაროები:  PAULUS-HELLAS-OIKUMENE, AN ECUMENICAL SYMPOSIUM, 1952, P.75

Saint Vladimir’s Seminary Quarterly, Vol. 2 # 3, 1954.

 

 



[1] ორფიზმი- It. Orfismo მისტიკური ხასიათის ყველაზე დიდი რელიგიური ფენომენი ძველ საბერძნეთში. შესაძლოა, მისი შთამაგონებელი ყოფილიყო თრაკიელი პოეტი ორფევსი (VI საუკუნე ქრისტემდე). ეს იყო ეზოტერიკული და სახალხო რელიგია, რომელიც რიტუალურ და ასკეტურ წესთა მეშვეობით ესწრაფვოდა სულის განწმედას, რისი საბოლოო მიზანიც ღმრთაებრივი სიწმიდის მიღწევა იყო. თუკი მიზანი არ მიიღწეოდა, სამშვინველი იძულებული იყო, რეინკარნაცია გაევლო სხვა სხეულში. ორფეული თეოგონია ემყარებოდა პირველსაწყისი პრინციპისქრონოსის (დროის) აღიარებას, რომელიც დიონისემდე ყველა ღმრთაებრივი არსების მშობლად იყო მიჩნეული. იგი ტიტანებმა დაგლიჯეს და შეჭამეს; ამ უმოწყალო საქციელის გამო ზევსმა ისინი ფერფლად აქცია. ტიტანთა ფერფლიდან აღმოცენდა კაცთა მოდგმა, რომელიც ორ საწყისს მოიცავს: სამშვინველსზეციურ, დიონისურ ელემენტს, რომელიც ღმრთაებრიობასთანაა კავშირში, და სხეულსბნელ, ტიტანურსა და მატერიალურ ელემენტს. ორფიზმის მთავარი მნიშვნელობა ისაა, რომ მან ასკეტური ძალისხმევა დაუკავშირა ღმრთაებრივის წინაშე ადამიანის პასუხისმგებლობას და დაამკვიდრა სიკვდილის შემდეგ გასამრჯელოს არსებობის იდეა. ორფიზმიდან მომდინარე ეთიკური მუხტი ბერძნულმა ფილოსოფიამ გაითავისა, ხოლო მოხეტიალე ორფისტთა კულტის ორგიული ელემენტები და მაგიური რიტუალები უარყოფილ იქნა./ წყარო- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/ თბ. 2011 (მთარგმნ. შენიშვ)

[2] კელსუსი-Celsus (ბერძნ. Κέλσος. Kélsos), მეორე საუკუნეში მცხოვრები ბერძენი ფილოსოფოსი, რომელიც ქრისტიანებს ბევრ ასპექტში, განსაკუთრებით მათი ,,ასოციალურობის’’ გამო უპირისპირდებოდა და დასცინოდა. ცნობილია თავისი ნაშრომით- ,,ჭეშმარიტი სიტყვა (მოძღვრება)’’, (ბერძნ. Λόγος ληθής). მის ბრალდებებზე პასუხისგასაცემად ორიგენემ დაწერა- ,,კელსუსის წინააღმდეგ’’ (ბერძნ. Κατ Κέλσου, ლათ. Contra Celsum.) (მთარგმნ. შენიშვ.)

[3] გადავწყვიტეთ გრიგოლ ნისელად გვეთარგმნა ეკლესიის ცნობილი კაბადოკიელი ღვთისმეტყველისა და ბასილი დიდის ძმის სახელწოდება, რომელიც ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში ნოსელად ითარგმნებოდა. გადაწყვეტილება უპირველესად იმის გამო მივიღეთ, რომ აღნიშნული მამა მცირე აზიაში, კაპადოკიაში მდებარე დასახლების, ნისის (Νύσσα და არა ნოსას) ეპისკოპოსი იყო, ასევე იმიტომ, რომ ბერძნული, რუსული, ინგლისური და სხვაენოვანი საღვთისმეტყველო ტრადიცია, ამ მამას სწორედ ნისელად იცნობს და არა ნოსელად. იხ: ბერძნ. Γρηγόριος Νύσσης, ლათ. Gregorius Nyssenus;  რუს. Григо́рий Ни́сский. (მთარგმნ. შენიშვნა.)

[4] ამ ადგილას ფლოროვსკი ციტირებს წმ. გრიგოლი ნისელის დიდ კატექეტურ სიტყვას, რომელსაც წინამდებარე ნაშრომში მთაწმინდელისეული რედაქციით შემოგთავაზებთ. იხ. გრიგოლ ნოსელი, ,,დიდი კატექეტური სიტყვა’’, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, 1/2008, მთ. რედ.- ექვთიმე კოჭლამაზაშვილი გვ. 108-110. (მთარგმნ. შენიშვ.)

[5] მითითებული ციტირება მოყვანილია წიგნიდან: წმინდა იოანე ოქროპირი, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი/ განმარტება სახარებისათვის წმინდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი/ გამომცემლობა ,,ალილო’’, გვ. 496. (მთარგმნ. შენიშვ.)